გადაწყვეტილება №22694/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22694/2/2024
09 სექტემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ---------ი (ს/ნ -------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 26.07.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -------ის 27.03.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22694/2/2024).
დავის საგანი:
მოგების გადასახადის დარიცხვა ჩათვლის შემცირების შედეგად.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2023 წლის №094-95 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 11.03.2024 წლის №5199 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 95 684 ლარი.
მათ შორის:
მოგების გადასახადი - 45 353
ჯარიმა - 22 677
საურავი - 27 654
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 2008 წლის პირველი იანვრიდან 2017 წლის პირველ იანვრამდე მიღებული წმინდა მოგებიდან დივიდენდის განაწილებისას ამავე საანგარიშო პერიოდების მიხედვით 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდებში დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის ჩათვლის სისწორის განსაზღვრის მიზნით, კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 20.12.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების დამუშავების საფუძველზე გაირკვა, რომ კომპანიას 2020 წლის იანვარ-თებერვლის საანგარიშო პერიოდებში განაწილებული აქვს დივიდენდი 2008-2017 წლებში მიღებული წმინდა მოგებიდან. შესაბამისად, აღნიშნულ დივიდენდზე დარიცხული მოგების გადასახადი გადამხდელს ჩათვლაშიც აქვს გათვალისწინებული შესაბამისი პერიოდების მიხედვით. გადამხდელის მიერ წარდგენილ ფინანსურ ანგარიშგებებში ასახული მონაცემებით გაირკვა, რომ კომპანიას 2017 წლის საწყისად, გაუნაწილებელი მოგების ნაშთი არ აქვს. კერძოდ, უფიქსირდება სალდირებული ზარალი 4 320 442 ლარის ოდენობით. ამასთან გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარმოდგენილი მონაცემებით კომპანიის 2008-2016 წლების ფინანსური მოგება შეადგენს 5 900 271 ლარს (ზარალის გათვალისწინებით), ხოლო კომპანიის მიერ ამავე პერიოდში განაწილებული დივიდენდი შეადგენს 10 953 194 ლარს, მათ შორის 2017 წლამდე განაწილებული, მაგრამ გაუცემელი დივიდენდი შეადგენს 3 920 684 ლარს. რეზიდენტი საწარმო მოგების გადასახადის ჩათვლის უფლებას იღებს 2008 წლის პირველი იანვრიდან 2017 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან (მათ შორის, უარყოფითი ფინანსური შედეგის (ზარალის) გათვალისწინებით) დივიდენდის განაწილებისას, შესაბამისად, რომელიმე კონკრეტული წლის/წლების საანგარიშო პერიოდის/პერიოდების მოგების განაწილება, 2017 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდების ჯამური ფინანსური შედეგების გაუთვალისწინებლად, მოგების გადასახადის ჩასათვლელი თანხის განსაზღვრის მიზნებისთვის, არ გამომდინარეობს საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებიდან. შესაბამისად, კომპანიის მიერ დარიცხული მოგების გადასახადის ჩათვლა არამართლზომიერია და დაექვემდებარა შემცირებას. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2023 წლის №32859 ბრძანება და №094-95 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 11.03.2024 წლის №5199 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 981 მუხლის პირველი ნაწილით, 309-ე მუხლის 92-ე ნაწილით, ამავე მუხლის 93-ე ნაწილით, მე-8 მუხლის მე-12 ნაწილით, ამავე მუხლის 43-ე ნაწილით, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების 401 მუხლის მე-6 პუნქტით, შესაბამის პერიოდში მოქმედი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით და 52-ე მუხლის პირველი პუნქტით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი საფუძვლებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით შემოსავლების სამსახურმა გაიზიარა აუდიტის დეპარტამენტის პოზიცია და აღნიშნა, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
უნდა აღნიშნოს შემდეგი სამწუხარო გარემოება: მიუხედავად იმისა, რომ შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვა ფორმალურად შედგა (რომელსაც მისი წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ), ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ საჩივარი არსობრივად არ განხილულა და მის არგუმენტაციაზე მსჯელობა ჯეროვნად არ გამართულა (განხილვისას ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ საჩივარი საბჭოს წევრების უმეტესობას წაკითხული არც ჰქონდათ). შესაბამისად, საჩივარზე უარის თქმის გადაწყვეტილებაში, არ არის მის მიერ მოყვანილი არგუმენტების არცერთი კონტრარგუმენტაცია და მხოლოდ და მხოლოდ გამეორებულია საგადასახადო შემოწმების აქტში მოყვანილი შემმოწმებლების პოზიცია.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ არც საგადასახადო შემოწმების აქტში და არც შემოსავლების სამსახურ საჩივრის განხილვისას, საგადასახადო შემმოწმებლებს მკაფიოდ არ ჩამოუყალიბებიათ, საგადასახადო კანონმდებლობის კონკრეტულად რომელი მუხლის დარღვევაში ედავებიან, მიუხედავად მის მიერ პირდაპირ დასმული შეკითხვისა.
მიუხედავად იმისა, რომ საჩივარში (იხ. დანართი, შპს „-------ის“ წინა საჩივარი), რომელიც წარედგინა სსიპ „შემოსავლების სამსახურს“, დეტალურად უკვე არის განხილული გადამხდელის პოზიცია, წინამდებარე საჩივარში კვლავ იმეორებს დავის უმთავრეს დეტალებს და ასევე რამდენიმე საყურადღებო საკითხს გამოყოფს, რომლებიც უმნიშვნელოვანესია დავის სამართლიანად გადაწყვეტისთვის.
ფაქტობრივი გარემოებები:
1) დავის სამართლიანად გადაწყვეტისთვის აუცილებელია დადგინდეს, თუ როდის მოხდა სადავო მოგების განაწილება და გასაცემი დივიდენდის გამოცხადება. წარმოდგენილი განმარტებების, აგრეთვე აუდიტირებული და გასაჯაროვებული ბუღალტრული მონაცემებით დასტურდება, რომ დივიდენდების განაწილებაზე გადაწყვეტილების მიღება მოხდა ახალი, ე.წ. „ესტონური მოდელის“ ამოქმედებამდე, კერძოდ, 2015 წლის თებერვალში (იხ. თანდართული შპს „------ის“ 100% წლის მფლობელი პარტნიორის გადაწყვეტილება დივიდენდის განაწილების შესახებ). საწარმოს პარტნიორის ზემოხსენებული გადაწყვეტილებით, 2013 წლამდე ჩათვლით პერიოდებში მიღებული ფინანსური მოგებიდან (სულ 10 965 059 ლარი) განაწილდა მისი ნაწილი - 5 105 000 ლარი, რისი უფლებაც ჰქონდა, რადგან გაუნაწილებელი მოგების ნაშთი (ფინანსური მოგება ადრე გაცემული დივიდნდების გამოკლებით) შეადგენდა 5 116 866 ლარს.
ამასთანავე, თავად გასაჩივრებული ბრძანების ავტორები ფაქტობრივი გარემოებების ნაწილში (მე-2- მე-3 გვერდები) აღნიშნავენ, რომ გადამხდელის მიერ 2017 წლამდე განაწილებული, მაგრამ გაუცემელი აქვს დივიდენდი 3 920 684 ლარის ოდენობით.
ამდენად, ცალსახად დასტურდება, რომ დივიდენდის განაწილება (გაუნაწილებელი წმინდა მოგების გასაცემ დივიდენდად/ვალდებულებად გამოცხადება) მოხდა 2017 წლამდე და მათი ნაწილი ფაქტობრივად გაიცა კიდევაც, ხოლო საგადასახადო შემოწმების აქტით მოცულ პერიოდში ხდებოდა დივიდენდის დარჩენილი ნაწილის გაცემა.
2) ხაზი უნდა გაუსვას შემდეგს: როგორც ზემოთ აღინიშნა, საწარმოს ერთადერთი პარტნიორის (წილის 100%-ის მფლობელის) გადაწყვეტილებით, 2010-2013 წლებში მიღებული და ნაშთად დარჩენილი გაუნაწილებელი ფინანსური მოგების განაწილება ანუ გასაცემი დივიდენდის გამოცხადება მოხდა 2015 წლის თებერვალში; კომპანიის პარტნიორმა არ მოითხოვა განაწილებული მოგებიდან დივიდენდის დაუყოვნებლივ გადახდა, არამედ - კომპანიის დირექტორს მიანდო ამ ვალდებულების შესრულება იმ მოცულობით და მომენტში, როდესაც საზოგადოებას ამის ფინანსური შესაძლებლობა ექნებოდა. ეს ბუნებრივია, რადგან საწარმოს პარტნიორს, მოგების დივიდენდად გამოცხადებისთანავე კომპანიისგან რომ მოეთხოვა დივიდენდის გადახდაც - ასეთ შემთხვევაში კომპანიას ან სესხი უნდა აეღო და გადაეხადა დივიდენდი ან გადასახდელი დივიდენდის ვალდებულება „დაეკონვერტირებინა“ პარტნიორის მიმართ სესხში. ამ თეორიულ მსჯელობას თუ გაყვება, კომპანიას 2015 წელშივე, რომ გადაეხადა განაწილებული მოგება, 2017 წელს ამოქმედებული ცვლილებების შემდეგ რა რეალობას მიიღებდა?
2015 წელს წმინდა მოგების განაწილებით, მაგრამ მისი დაუყოვნებლივ არ გადახდის დაშვებით საწარმომ და მისმა პარტნიორმა სწორედ ის მოდელი დანერგეს, რომლის შესაძლებლობა კანონმდებლობამ 2017 წლიდან გააჩინა. ბუნებრივია, საკუთარი ბიზნესიდან ფულის ფაქტობრივად ერთბაშად ამოღებას, რომელმაც შესაძლოა საქმე დააზარალოს, ნებისმიერი საღად მოაზროვნე დამფუძნებელი მოერიდება.
3) შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საჩივარშიც აღნიშნა და ეს კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 17 ნოემბრის №30848 ბრძანების თანახმად, ერთხელ უკვე განხორციელდა საწარმოს გასვლითი საგადასახადო შემოწმება, რომელიც მოიცავდა 2014 წლის 21 ივლისიდან 2017 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდს (იხ. ბრძანება №30848). ამ საგადასახადო შემოწმება სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავდა მოგების გადასახადსაც. იმის გათვალისწინებით, რომ საგადახადო კოდექსის XIII თავის (მოგების გადასახადი) ახალი რედაქცია ძალაში შევიდა 2017 წლის 1 იანვრიდან, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლები მაშინაც დაინტერესდნენ 2017 წლის 1 იანვრიდან გაცემული დივიდენდების ახლად ამოქმედებულ კანონთან შესაბამისობით. ხაზგასასმელია, რომ სწორედ ამ შემოწმების დროს უკვე დამდგარი და გაცხადებული იყო 2014, 2015 და 2016 წლების ზარალები, მაგრამ მიუხედავად ამისა, გაცემული დივიდენდები სარევიზიო ჯგუფის მიერ არ ყოფილა მიჩნეული კანონდარღვევად და შესაბამისი დაბეგვრაც (მათ შორის ჩასათვლელი მოგების გადასახადის ოდენობის გაანგარიშება, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 93-ე ნაწილით გათვალისწინებული ფორმულის მიხედვით) შეფასებული იქნა, როგორც კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში მყოფი! ამასთან, სარევიზიო ჯგუფის მოთხოვნით წარდგენილი აქვს ცნობა დივიდენდების გაცემაზე შესაბამისი თარიღების და თანხის ოდენობის მითითებით (ცნობაში მითითებული იყო, რომ 2017 წლის განმავლობაში კომპანიის მიერ 2012 წლის მოგებიდან გაცემული იყო დივიდენდი 1 912 958 ლარის ოდენობით), რაც ასაბუთებს ამ საკითხზე ღრმა მსჯელობის არსებობას (იხ. 2018 წლის 27 თებერვლის განმარტება). აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა შეისწავლეს შესაბამისი ინფორმაცია, კომპანიის მიერ გაკეთებული განმარტებები და როგორც ზემოთ აღნიშნა, მოგების გადასახადის ნაწილში ვერანაირი დარღვევა ვერ დაადგინეს. შესაბამისად, 2018 წლის 17 მაისის №11751 ბრძანების საფუძველზე კომპანიას წარედგინა მოთხოვნა მხოლოდ სხვა გადასახადების ნაწილში (იხ. საგადასახადო მოთხოვნა №094-70), მოგების გადასახადში - არა!
გაუგებარია, რატომ არ იმსჯელა შემოსავლების სამსახურის დავების განმხილველმა ორგანომ ამ გარემოებაზე; მეტიც, გასაჩივრებულ ბრძანებაში აღნიშნულია, რომ „დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებსო“… (?!) გულწრფელად უკვირს, რატომ არ მიიჩნევს მტკიცებულებად შემოსავლების სამსახურის დავების განმხილველი ორგანო იმავე შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის გასვლითი შემოწმების შედეგებს?!
4) გასაჩივრებულ ბრძანებაში (მე-4 გვერდის ბოლო აბზაცი) აღნიშნულია შემდეგი:
„გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ფინანსურ ანგარიშში ასახული მონაცემებით ირკვევა, რომ კომპანიას 2017 წლის საწყისად, გაუნაწილებელი მოგების ნაშთი არ აქვს. კერძოდ უფიქსირდება სალდირებული ზარალი 4 320 442 ლარის ოდენობით. ამასთან გადამხდელის მიერ შემოწმებისათვის წარმოდგენილი მონაცემებით კომპანიის 2008-2016 წლების ფინანსური მოგება შეადგენს 5 900 271 ლარს (ზარალის გათვალისწინებით), ხოლო კომპანიის მიერ ამავე პერიოდში განაწილებული დივიდენდი შეადგენს 10 953 194 ლარს, მათ შორის 2017 წლამდე განაწილებული, მაგრამ გაუცემელი დივიდენდი შეადგენს 3 920 684 ლარს“.
აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტავს, რომ:
შემოსავლების სამსახურის მიერ არასწორადაა შეფასებული ის გარემოება, რომ 2017 წლის საწყისად კომპანიას არ ჰქონდა გაუნაწილებელი მოგების ნაშთი, აქედან გაკეთებულია არასწორი დასკვნა, რომ სალდირებული ფინანსური მოგება არ არსებობდა (აღრეულია ცნებები „მიღებული წმინდა მოგება“ და „გაუნაწილებელი მოგების ნაშთი“). კერძოდ, ფინანსურ ანგარიშგებაში თვალნათლივ ჩანს, რომ 2017 წლამდე კომპანიას ჰქონდა სალდირებული ფინანსური წმინდა მოგება, მაგრამ ეს მოგებები, საწარმოს პარტნიორის 2015 წლის თებერვლის გადაწყვეტილების გათვალისწინებით, უკვე განაწილებული და ნაწილობრივ გაცემული იყო (თავის მხრივ, ასახული იყო ვალდებულებების სხვადასხვა გრაფებში). კერძოდ, საწარმომ 2017 წლამდე მიიღო შემდეგი ოდენობის წმინდა მოგება: 2008-2013 წლებში 10 232 378 ლარი; გარდა ამისა, კომპანიას ჰქონდა 2008 წლამდე დაგროვილი წმინდა მოგება 732 681 ლარი (ანუ ჯამში 2017 წლის საწყისისათვის კომპანიის სალდირებული მოგება იყო 10 965 059 ლარი), რაც შეეხება 2017 წლის 1 იანვრამდე მიღებულ ზარალს, ის 2014-2016 წლებში იყო - 4 332 108 ლარი. შესაბამისად, ჯერ აუდიტის დეპარტამენტი და შემდგომ შემოსავლების სამსახურის არ უთითებს სწორ ფაქტობრივ გარემოებაზე (მიღებული წმინდა ფინანსური მოგებების ჯამი) და არასწორ ფაქტობრივ გარემოებაზე (გაუნაწილებელი მოგების ნაშთი) აფუძნებს თავის მსჯელობას და გადაწყვეტილებას. თუმცა, ამ ფონზეც კი, სრულიად გაუგებარია, რომელ კომპონენტში არ ეთანხმება ის საწარმოს სსკ-ის 309-ე მუხლით გათვალისწინებული მოგების გადასახადის ჩასათვლელი თანხის გაანგარიშებაში: A-ში, B-ში თუ С-ში? ეს არც საგადასახადო შემოწმების აქტში უწერიათ და არც შემოსავლების სამსახურში ჩატარებული განხილვის დროს დასმულ კითხვაზე უპასუხიათ! არადა, მის მიერ ჩათვლილი მოგების გადასახადი სწორედ ამ ფორმულის (ანუ, მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით) არის დათვლილი.
ასევე, შემმოწმებლები საერთოდ დუმან იმ ფრიად საყურადღებო გარემოებაზე, რომ 2008-2013 წლებში მიღებული ფინანსური მოგებიდან 10 232 378 ლარიდან (2014-2016 წლებში, როგორც აღნიშნა, ზარალი იყო) კომპანიას დეკლარირებული და ბიუჯეტში გადახდილი აქვს მოგების გადასახადი 1 957 106 ლარი, რაც 15%-ს ბევრად აღემატება! რა არის მოსადავებელი, არ ესმის ნამდვილად.
სამართლებრივი გარემოებები:
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტს დარიცხვის საფუძვლად მითითებული აქვს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 92-ე ნაწილი. გასათვალისწინებელია, რომ ზემოხსენებული ნორმა ძალაში შევიდა 2017 წლის 1 იანვრიდან და შესაბამისად მოქმედებს 2017 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. ნორმის თანახმად, „თუ რეზიდენტი საწარმო დივიდენდს გაანაწილებს 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან, მას უფლება აქვს, ჩაითვალოს ამ პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხა, მაგრამ არაუმეტეს ამ კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტის მიხედვით გადასახდელი თანხისა“. შესაბამისად, ამ ნორმის გამოყენებისათვის აუცილებელი წინაპირობებია:
ა) დივიდენდის განაწილება;
ბ) განაწილება უნდა მოხდეს 2017 წლის 1 იანვრის შემდეგ.
როგორც უკვე აღინიშნა, 2017 წლის 1 იანვრის შემდეგ არ მომხდარა დივიდენდის განაწილება. არამედ მოხდა განაწილებული/გასაცემ დივიდენდად გამოცხადებული წმინდა მოგების გაცემა, რაც ფუნდამენტურად განსხვავებული სამართლებრივი მოცემულობებია. ერთ შემთხვევაში (წმინდა მოგების დივიდენდად განაწილებისას) ხდება ვალდებულების წარმოშობა, ხოლო მეორე შემთხვევაში (დივიდენდის გადახდისას) - ვალდებულების შესრულება.
მნიშვნელოვანია გაანალიზდეს კანონმდებლის ნება, თუ რა მიზანს ემსახურებოდა ზემოხსენებული ნორმის შემოღება. მოგების გადასახადით ორჯერ დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით დადგენილი იქნა სსკ-ის 309-ე მუხლის 92-ე-93-ე ნაწილები. ამასთან, ცხადია, ნორმის მიზანი იყო იმ ვალდებულებების საგადასახადო რეჟიმში მოქცევა, რომელიც ახალი ნორმის ამოქმედების შემდეგ წარმოიშვებოდა. ახალი ნორმა უკუქცევითი ძალით ვერ გავრცელდებოდა იმ ვალდებულებებზე, რომლებიც უკვე არსებობდა ახალი ნორმის წარმოშობამდე. შესაბამისად, 2017 წლის 1 იანვრიდან ამოქმედებული ნორმა ვერ უგულვებელყოფდა 2015 წელს საწარმოს პარტნიორის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლითაც წარმოიშვა დივიდენდის გადახდის ვალდებულება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოთხოვნაა, რომ სრულად გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარატმენტის მიერ ჩატარებული საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული გადასახადები და შესაბამისი სანქციები.
უნდა აღნიშნოს, რომ წინამდებარე საჩივარში წარდგენილი ფაქტები და არგუმენტები ცალსახად ადასტურებს, რომ საწარმოს არ ჰქონია გადასახადების დამალვის მცდელობა! ამასთან, კიდევ ერთხელ ხაზგასასმელია, რომ კომპანიის მიერ 2017 წლამდე მიღებული მოგების 01.01.2017 წლის შემდგომ პერიოდში დივიდენდად გაცემის საკითხი ერთხელ უკვე (თავად ახალი ე.წ. „ესტონური მოდელის“ ძალაში შესვლის შემდგომ) იყო შემოწმებული შემოსავლების სამსახურის გასვლითი საგადასახადო შემოწმების დროს და რაიმე კანონდარღვევა ან თუნდაც სარეკომენდაციო მითითება არ გაკეთებულა!
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.
საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.
საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.
საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 92-ე ნაწილის თანახმად, თუ რეზიდენტი საწარმო დივიდენდს გაანაწილებს 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან, მას უფლება აქვს, ჩაითვალოს ამ პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხა, მაგრამ არაუმეტეს ამ კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტის მიხედვით გადასახდელი თანხისა.
ამავე მუხლის 93-ე ნაწილის თანახმად, ამ მუხლის 92-ე ნაწილით გათვალისწინებული ჩასათვლელი თანხა გამოიანგარიშება ფორმულით − A×B / (C-D), სადაც: A არის დივიდენდის სახით გასანაწილებელი თანხის ოდენობა; B არის 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხა; C არის 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგების ოდენობა; D არის 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგების ხარჯზე დივიდენდის სანაცვლოდ საწარმოს მიერ პარტნიორისთვის გადაცემული ამ საწარმოს აქციების/წილის ღირებულება.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების 401 მუხლი არეგულირებს მოგების გადასახადის დეკლარაციის შევსების წესს. აღნიშნული მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, დეკლარაციის მე-3 ნაწილის დანართი №1, რომელიც განსაზღვრავს 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე მიღებული წმინდა მოგებიდან დივიდენდის განაწილებისას ამავე საანგარიშო პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის ჩასათვლელ თანხას, ივსება შემდეგნაირად:
ა) პირველ სტრიქონში მიეთითება საანგარიშო პერიოდში დივიდენდის სახით განაწილებული თანხის ოდენობა, რომელიც ექვემდებარება დაბეგვრას;
ბ) მე-2 სტრიქონში მიეთითება 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხა;
გ) მე-3 სტრიქონში მიეთითება 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგების ოდენობა ჯამურად (მათ შორის, უარყოფითი ფინანსური შედეგის (ზარალი) გათვალისწინებით);
დ) მე-4 სტრიქონში მიეთითება 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგების ხარჯზე დივიდენდის სანაცვლოდ საწარმოს მიერ პარტნიორისთვის გადაცემული ამ საწარმოს აქციების/წილის ღირებულება;
ე) მე-5 სტრიქონში მიეთითება საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 93-ე ნაწილის მიხედვით ჩასათვლელი თანხა, რომელიც წარმოადგენს 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან დივიდენდის განაწილებისას ამავე საანგარიშო პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხას. აღნიშნული თანხის ოდენობა იანგარიშება პირველი და მე-2 სტრიქონების ნამრავლის გაყოფით მე-3 და მე-4 სტრიქონების სხვაობაზე.
საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილიგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე. ამავე მუხლის 43-ე ნაწილის თანახმად, წმინდა მოგება არის მოგება, რომელიც შესაძლებელია განაწილდეს დივიდენდის სახით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ სამეურნეო ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5- პროცენტიანი განაკვეთით.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს.
შესაბამის პერიოდში მოქმედი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებასა და სააქციო საზოგადოებაში შესაბამისად პარტნიორთა საერთო კრების ან აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილებით შეიძლება დადგინდეს წლიური მოგებისა და შუალედური მოგების დივიდენდების სახით განაწილება.
შესაბამის პერიოდში მოქმედი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დივიდენდის ოდენობა და მიღების წესი განისაზღვრება ამ კანონის მე-8 მუხლითა და საწარმოს წესდებით.
შემოწმებისას დადგინდა, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების დამუშავების საფუძველზე ირკვევა, რომ კომპანიას 2020 წლის იანვარ-თებერვლის საანგარიშო პერიოდებში განაწილებული აქვს დივიდენდი 2008-2017 წლებში მიღებული წმინდა მოგებიდან. შესაბამისად, აღნიშნულ დივიდენდზე დარიცხული მოგების გადასახადი გადამხდელს ჩათვლაშიც აქვს გათვალისწინებული შესაბამისი პერიოდების მიხედვით. გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ფინანსურ ანგარიშგებებში ასახული მონაცემებით ირკვევა რომ კომპანიას 2017 წლის საწყისად, გაუნაწილებელი მოგების ნაშთი არ აქვს. კერძოდ, უფიქსირდება სალდირებული ზარალი 4 320 442 ლარის ოდენობით. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარმოდგენილი მონაცემებით, კომპანიის 2008-2016 წლების ფინანსური მოგება შეადგენს 5 900 271 ლარს (ზარალის გათვალისწინებით), ხოლო კომპანიის მიერ ამავე პერიოდში განაწილებული დივიდენდი შეადგენს 10 953 194 ლარს, მათ შორის 2017 წლამდე განაწილებული, მაგრამ გაუცემელი დივიდენდი შეადგენს 3 920 684 ლარს. რეზიდენტი საწარმო მოგების გადასახადის ჩათვლის უფლებას იღებს 2008 წლის პირველი იანვრიდან 2017 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან (მათ შორის, უარყოფითი ფინანსური შედეგის (ზარალის) გათვალისწინებით) დივიდენდის განაწილებისას, შესაბამისად, რომელიმე კონკრეტული წლის/წლების საანგარიშო პერიოდის/პერიოდების მოგების განაწილება, 2017 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდების ჯამური ფინანსური შედეგების გაუთვალისწინებლად, მოგების გადასახადის ჩასათვლელი თანხის განსაზღვრის მიზნებისთვის, არ გამომდინარეობს საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებიდან. შესაბამისად, კომპანიის მიერ დარიცხული მოგების გადასახადის ჩათვლა დაექვემდებარა შემცირებას.
მომჩივნის განმარტებით, ბუღალტრული მონაცემებით დასტურდება, რომ დივიდენდების განაწილებაზე გადაწყვეტილების მიღება მოხდა ახალი, ე.წ. „ესტონური მოდელის“ ამოქმედებამდე, კერძოდ, 2015 წლის თებერვალში, 2013 წლამდე ჩათვლით პერიოდებში მიღებული ფინანსური მოგებიდან (სულ 10 965 059 ლარი) განაწილდა მისი ნაწილი - 5 105 000 ლარი, რისი უფლებაც ჰქონდა, რადგან გაუნაწილებელი მოგების ნაშთი (ფინანსური მოგება ადრე გაცემული დივიდენდების გამოკლებით) შეადგენდა 5 116 866 ლარს. გასაჩივრებული ბრძანების ავტორები ფაქტობრივი გარემოებების ნაწილში აღნიშნავენ, რომ გადამხდელის მიერ 2017 წლამდე განაწილებული, მაგრამ გაუცემელი აქვს დივიდენდი 3 920 684 ლარის ოდენობით. ამდენად, ცალსახად დასტურდება, რომ დივიდენდის განაწილება (გაუნაწილებელი წმინდა მოგების გასაცემ დივიდენდად/ვალდებულებად გამოცხადება) მოხდა 2017 წლამდე და მათი ნაწილი ფაქტობრივად გაიცა კიდევაც, ხოლო საგადასახადო შემოწმების აქტით მოცულ პერიოდში ხდებოდა დივიდენდის დარჩენილი ნაწილის გაცემა. გარდა ამისა, აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 17 ნოემბრის №30848 ბრძანების თანახმად, განხორციელდა საწარმოს გასვლითი საგადასახადო შემოწმება, რომელიც მოიცავდა 2014 წლის 21 ივლისიდან 2017 წლის 1 ოქტომბრამდე საანგარიშო პერიოდებს (იხ. ბრძანება №30848). ეს საგადასახადო შემოწმება სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავდა მოგების გადასახადსაც. იმის გათვალისწინებით, რომ საგადახადო კოდექსის XIII თავის (მოგების გადასახადი) ახალი რედაქცია ძალაში შევიდა 2017 წლის 1 იანვრიდან, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლები მაშინაც დაინტერესდნენ 2017 წლის 1 იანვრიდან გაცემული დივიდენდების ახლად ამოქმედებულ კანონთან შესაბამისობით, მათ შორის მოგების გადასახადის ჩათვლის ნაწილიც. მოგების გადასახადში ვერანაირი დარღვევა ვერ დაადგინეს, შესაბამისად, ამ ნაწილში დარიცხვა არ განხორციელებულა. საწარმოს 2008-2013 წლებში მიღებული ფინანსური მოგებიდან კომპანიას დეკლარირებული და ბიუჯეტში გადახდილი აქვს მოგების გადასახადი 1 957 106 ლარი, გამოდის, რომ კომპანიამ 2012-2013 წლებში მოგების გადასახადით დაბეგრილი თანხა, ხელმეორედ იბეგრება და ერთი და იმავე გადასახადის ორჯერ გადახდა უწევს.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
- კომპანიას მოგების განაწილების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული აქვს 1.01.2017 წლამდე (2015 წლის თებერვალში, 2013 წლამდე ჩათვლით პერიოდებში მიღებული ფინანსური მოგებიდან);
- დივიდენდის განაწილება (გაუნაწილებელი წმინდა მოგების გასაცემ დივიდენდად/ვალდებულებად გამოცხადება) მოხდა 2017 წლამდე და მათი ნაწილი ფაქტობრივად გაიცა კიდევაც, ხოლო საგადასახადო შემოწმების აქტით მოცულ პერიოდში ხდებოდა დივიდენდის დარჩენილი ნაწილის გაცემა; - საწარმოს 2008-2013 წლებში მიღებული მოგებიდან დეკლარირებული და ბიუჯეტში გადახდილი აქვს მოგების გადასახადი;
- საწარმოს 2017 წლის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, კომპანიას მოგება განაწილებული აქვს 1.01.2017 წლამდე, რაც ასევე დასტურდება აუდიტის დეპარტამენტის 8.05.2018 წლის გასვლითი საგადასახადო შემოწმების აქტით.
საბჭო განმარტავს, რომ 2017 წლიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის მიხედით, მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია - განაწილებული მოგება, ხოლო, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 93-ე ნაწილით გათვალისწინებული ჩასათვლელი თანხის ფორმულა ეხება 1.01.2017 წლის შემდეგ 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან მოგების განაწილების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას. ამდენად, სადავო საკითხზე შესამოწმებელ პერიოდში მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტის არსებობა და ხსენებული ფორმულის გავრცელების არეალი საჭიროებს დამატებით შესწავლას.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საბჭო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი, რის გამოც საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 11.03.2024 წლის №5199 ბრძანება;
3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მოგების გადასახადის დარიცხვა ჩათვლის შემცირების შედეგად.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 2008 წლის პირველი იანვრიდან 2017 წლის პირველ იანვრამდე მიღებული წმინდა მოგებიდან დივიდენდის განაწილებისას ამავე საანგარიშო პერიოდების მიხედვით 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდებში დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის ჩათვლის სისწორის განსაზღვრის მიზნით, კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 20.12.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების დამუშავების საფუძველზე გაირკვა, რომ კომპანიას 2020 წლის იანვარ-თებერვლის საანგარიშო პერიოდებში განაწილებული აქვს დივიდენდი 2008-2017 წლებში მიღებული წმინდა მოგებიდან. შესაბამისად, აღნიშნულ დივიდენდზე დარიცხული მოგების გადასახადი გადამხდელს ჩათვლაშიც აქვს გათვალისწინებული შესაბამისი პერიოდების მიხედვით. გადამხდელის მიერ წარდგენილ ფინანსურ ანგარიშგებებში ასახული მონაცემებით გაირკვა, რომ კომპანიას 2017 წლის საწყისად, გაუნაწილებელი მოგების ნაშთი არ აქვს. კერძოდ, უფიქსირდება სალდირებული ზარალი 4 320 442 ლარის ოდენობით. ამასთან გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარმოდგენილი მონაცემებით კომპანიის 2008-2016 წლების ფინანსური მოგება შეადგენს 5 900 271 ლარს (ზარალის გათვალისწინებით), ხოლო კომპანიის მიერ ამავე პერიოდში განაწილებული დივიდენდი შეადგენს 10 953 194 ლარს, მათ შორის 2017 წლამდე განაწილებული, მაგრამ გაუცემელი დივიდენდი შეადგენს 3 920 684 ლარს. რეზიდენტი საწარმო მოგების გადასახადის ჩათვლის უფლებას იღებს 2008 წლის პირველი იანვრიდან 2017 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან (მათ შორის, უარყოფითი ფინანსური შედეგის (ზარალის) გათვალისწინებით) დივიდენდის განაწილებისას, შესაბამისად, რომელიმე კონკრეტული წლის/წლების საანგარიშო პერიოდის/პერიოდების მოგების განაწილება, 2017 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდების ჯამური ფინანსური შედეგების გაუთვალისწინებლად, მოგების გადასახადის ჩასათვლელი თანხის განსაზღვრის მიზნებისთვის, არ გამომდინარეობს საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებიდან. შესაბამისად, კომპანიის მიერ დარიცხული მოგების გადასახადის ჩათვლა არამართლზომიერია და დაექვემდებარა შემცირებას. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №32859 ბრძანება და №094-95 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის №5199 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი, რის გამოც საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9 „ბ“); 981(1); 130(1); 154(1 „ზ“);