ბრძანება N 4813

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 18.03.2025
№ დოკუმენტი 4813
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 4813

18 მარტი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“-ის (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2025 წლის 24 იანვრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 20 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №15) განიხილა შპს „-------“-ის (ს/ნ -------) 2025 წლის 24 იანვრის №93896/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 25 დეკემბრის №007-306 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. გადამხდელი არ ეთანხმება საწარმოს თანამშრომლებისთვის კვებით უზრუნველყოფის მიზნით შეძენილი საქონლის მიწოდებად განხილვას.

2. გადამხდელი აღნიშნავს, რომ შემოწმებით შემცირებას დაექვემდებარა ხანდაზმული პერიოდის, ასევე ავანსის და საბოლოო შესრულების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით ჩათვლილი დღგ-ის თანხა. განმარტავს, რომ ჩათვლები განხორციელებულია მექანიკურად/შეცდომით. მიუთითებს კეთილსინდისიერებაზე, ხოლო საქმის ზეპირი განხილვისას მოითხოვა აღნიშნულ ნაწილში შემოწმებით დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლება.

3. არ ეთანხმება საწარმოს მიერ გაწეული ხარჯის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვას და მოგების გადასახადით დაბეგვრას.

4. გადამხდელი მიუთითებს, რომ საწარმოს მიერ არ დადეკლარირდა თანამშრომლებზე გაცემული ხელფასები, აღნიშნული გამოწვეულია იმ ფინანსური კრიზისით, რომელიც დაკავშირებულია პოსტკოვიდურ პერიოდთან. ითხოვს აღნიშნული დარიცხვის შემსუბუქებას და საშემოსავლო გადასახადში დეკლარირების შესაძლებლობას.

5. არ ეთანხმება ქონების გადასახადში განსაზღვრულ ვალდებულებებს. აცხადებს, რომ საწარმო მის ბალანსზე არსებულ ძირითადი საშუალებების ღირებულებას გამოიანგარიშებს ცვეთის წრფივი მეთოდით. შესაბამისად, ითხოვს შემოწმების მიერ განსაზღვრული ვალდებულებების აღნიშნული მეთოდის გამოყენებით გადაანგარიშებას.

6. გადამხდელი არ ეთანხმება საწარმოს განკარგვადი თანხების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრას და დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. აღნიშნავს, რომ საგადასახადო კოდექსში მოყვანილი არცერთი დებულება არ კმაყოფილდება აღნიშნული მეთოდის გამოყენებასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ შემოწმებისთვის მიწოდებული ბუღალტრული ჩანაწერების მიხედვით ნათლად ირკვევა საწარმოში ფულის მოძრაობა, სადაც აღრიცხულია ნაღდი ფულის მოძრაობის ნაკადები, მათი საწარმოში შემოსვლა და გასვლა. შემოწმებით გაანგარიშებაში ჩართულია დებიტორული დავალიანებები როგორც მიღებულ თანხებად, ხოლო კრედიტორული დავალიანებები გაცემულ თანხებად, ამასთან, ბუღალტრულ რეგისტრებში დებიტორების და კრედიტორების მოძრაობა ნათლად არის ასახული. შესაბამისად, სავაჭრო პრინციპებიდან გამომდინარე, დებიტორებისგან მიუღებელი თანხების მიღებულად ჩათვლა არ არის მართებული და დებიტორების და კრედიტორების ნაშთების გამოყენების შედეგად გამოთვლილი განკარგვადი ნაშთი არ შეესაბამება რეალურ სურათს.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის პირველი მაისის №10254 და პირველი ნოემბრის №23360 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის მიზნით 2024 წლის 19 აპრილის ჩათვლით პერიოდი. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 16 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 25 დეკემბრის №27186 ბრძანება და ამავე თარიღის №007-306 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა სულ 2 412 532 ლარი, მათ შორის გადასახადი 1 355 883 ლარი, ჯარიმა 668 638 ლარი და საურავი 388 011 ლარი.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

1. შემოწმების მიერ გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამის, ასევე შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის ანალიზის შედეგად დგინდება, რომ დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა განსხვავდება კომპანიის მიერ დეკლარირებული მონაცემებისგან. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს სრულად არ აქვს ასახული დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში დოკუმენტურად დადასტურებული რეალიზაციები, ასევე სრულყოფილად არ აქვს ასახული თანამშრომლებზე რეალიზაციები და კვების მიწოდებები. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 163-ე მუხლების გათვალისწინებით, შემოწმების მიერ დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები, გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

2. შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე მიღებული დღგ-ის ჩათვლის სისწორე და გამოვლინდა, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში ჩათვლილი აქვს ხანდაზმულ პერიოდში გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით დღგ-ის თანხა. ასევე გამოვლინდა ავანსის და საბოლოო შესრულების ფაქტურებით ჩათვლილი დღგ-ის თანხის დუბლირება. შემოწმების შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე, 175-ე და 178-ე მუხლების გათვალისწინებით დაკორექტირდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხები, რის საფუძველზეც, გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

3. შემოწმების პროცესში დამუშავებულ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (ბანკები, საბუღალტრო პროგრამა), რომლის ანალიზის შედეგადაც დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს გაწეული აქვს ისეთი ხარჯები, რომელიც არ არის დაკავშირებული ეკონომიკურ საქმიანობასთან. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე და 982 მუხლების შესაბამისად, ვინაიდან შემოწმების მიერ ვერ დადგინდა შესყიდული საქონლის ეკონომიკურ საქმიანობასთან კავშირი, აღნიშნულ ოპერაციებზე გაწეული ხარჯები დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას. გადამხდელს ასევე დარიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

4. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის ბუღალტრული ანგარიშგების, საბანკო ამონაწერებისა და დოკუმენტაციის დამუშავების შედეგად გამოვლინდა სხვაობა ფაქტობრივად გაცემულ ხელფასებსა და დეკლარირებულ მონაცემებს შორის. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154- ე მუხლების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

5. შემოწმების მიერ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის/ინფორმაციისა და შსს-ის მიერ მოწოდებული ინფორმაციის დამუშავების შედეგად გამოვლინდა სხვაობა შესამოწმებელ პერიოდში ქონების გადასახადით დასაბეგრ ფაქტობრივ და დეკლარირებულ ბაზებს შორის. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის შესაბამისად, შემოწმების მიერ დაკორექტირდა ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა, გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

6. გადამხდელის საქმიანობის სახეს წარმოადგენს ხორცპროდუქტების წარმოება და შემდგომ რეალიზაცია დისტრიბუციის მეშვეობით. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია/ინფორმაციით, ასევე შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, შემოწმების მიერ შესწავლილი იქნა საწარმოში ნაღდი ფულის მოძრაობა. შემოწმების შედეგად, შესამოწმებელ პერიოდში დადგენილი შემოსავლებისა და საწარმოს მიერ გაწეული ხარჯის შეპირისპირებით გამოვლინდა სხვაობა, ასევე გათვალისწინებული იქნა დადასტურებული დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებები. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, შემოწმებით გამოვლენილი განკარგვადი თანხა განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. პირს ასევე დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

 

პირველ და მე-4 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, მათ შორის, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაქირავებით მუშაობად ითვლება ფიზიკური პირის მიერ ვალდებულების შესრულება იმ ურთიერთობათა ფარგლებში, რომლებიც რეგულირდება საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის შრომის კანონმდებლობით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დაქირავებით მომუშავე ფიზიკური პირი ამ კოდექსის მიზნებისათვის იწოდება დაქირავებულად; პირი, რომელიც ანაზღაურებს ასეთი ფიზიკური პირის მიერ შესრულებულ სამუშაოს – დამქირავებლად, ხოლო ასეთი ანაზღაურება – ხელფასად.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის, დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქონლის/ მომსახურების მიწოდებისას ან კომპენსაციის გარეშე გადაცემისას, სარგებლის ღირებულებად ითვლება ასეთი საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი, რომელიც მცირდება დაქირავებულის მიერ ამ სარგებლის მიღებისას დამქირავებლისათვის გადახდილი თანხით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული თანხა მოიცავს აქციზს, დამატებული ღირებულების გადასახადს და სხვა გადასახადს, რომელიც უნდა გადაიხადოს დაქირავებულმა.

ამასთანავე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავალში არ შედის, დამქირავებლის მიერ დაქირავებულისთვის საცხოვრებლის სარგებლობაში გადაცემა ან/და კვების მომსახურების გაწევა ან/და ამავე მომსახურებებთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება, თუ კმაყოფილდება ყველა შემდეგი პირობა:

ვ.ა) საცხოვრებლით/საკვებით უზრუნველყოფა ხორციელდება დამქირავებლის საქმიანობის თავისებურებიდან გამომდინარე და წარმოადგენს დაქირავებული პირის მიერ შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებისთვის აუცილებელ პირობას ან/და დაქირავებული პირის საცხოვრებელი ადგილით/საკვებით უზრუნველყოფა, დამქირავებლის უზრუნველყოფის გარეშე, საჭიროებს დაქირავებულის მიერ არაგონივრული ხარჯების გაწევას ან/და არაგონივრული დროის ხარჯვას;

ვ.ბ) საცხოვრებლის სარგებლობაში გადაცემა ან/და კვების მომსახურების გაწევა ან/და ამავე მომსახურებებთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება არ წარმოადგენს დამქირავებელსა და დაქირავებულ პირებს შორის არსებული შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული შრომის ანაზღაურების ნაწილს.

ამდენად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული რეგულაციები წარმოადგენენ გამონაკლისს ამავე მუხლის პირველი ნაწილისგან, რომლის მიხედვითაც, ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი განიხილება ხელფასად.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მსგავსი სარგებელი შეიძლება არ იქნას განხილული ფიზიკური პირის შემოსავლად, თუ დაქირავებულთა კვებით/საცხოვრებლით უზრუნველყოფა ხორციელდება დამქირავებლის ეკონომიკური საქმიანობის ინტერესებიდან გამომდინარე და დაქირავებულთა კვებით/საცხოვრებლით უზრუნველყოფა არ წარმოადგენს დამქირავებელსა და დაქირავებულ პირებს შორის არსებული შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული შრომის ანაზღაურების ნაწილს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:

ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;

ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1601 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მომსახურების გაწევა არის ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევად ასევე განიხილება დასაბეგრი პირის მიერ მომსახურების უსასყიდლოდ გაწევა მისი დაქირავებული პირის პირადი სარგებლობისთვის ან საკუთარი საქმიანობის მიზნისგან განსხვავებული მიზნით. ამასთან, საქონლის მიწოდებას განმარტავს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლი.

ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ საგადასახადო კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, დღგ წარმოადგენს მოხმარებაზე დადგენილ გადასახადს, ამ გადასახადის გადახდის ვალდებულება შესაძლოა წარმოიშვას იმ შემთხვევებშიც, როდესაც ადგილი აქვს მომსახურების მოხმარებას დასაბეგრი პირის მიერვე. ასეთი შემთხვევები სახეზეა, როდესაც მომსახურება უსასყიდლოდ გაიწევა დასაბეგრი პირის საქმიანობის მიზნისგან განსხვავებული მიზნით ან საკუთარი ეკონომიკური საქმიანობისთვის განკუთვნილი აქტივები გამოიყენება პირადი დანიშნულებით, მათ შორის, დასაბეგრი პირის დაქირავებულის პირადი სარგებლობისთვის. შესაბამისად, მოცემული ნორმის მიზანს წარმოადგენს თანასწორი მიდგომის უზრუნველყოფა როგორც საბოლოო მომხმარებლის მიერ საქონლის/მომსახურების შეძენის შემთხვევაში, ასევე, იმ შემთხვევაში, როდესაც დასაბეგრი პირი ეკონომიკური საქმიანობისთვის განკუთვნილ აქტივებს იყენებს პირადი მიზნებისათვის და, შესაბამისად, ფაქტობრივად საბოლოო მომხმარებლად გვევლინება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით:

● შემოწმების შედეგად გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამის, ასევე შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის ანალიზით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს სრულად არ აქვს ასახული დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში დოკუმენტურად დადასტურებული რეალიზაციები, ასევე სრულყოფილად არ აქვს ასახული თანამშრომლებზე რეალიზაციები და კვების მიწოდებები. შედეგად, შემოწმების მიერ დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები და გადამხდელს დაერიცხა დღგ.

● ამასთან, შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის ბუღალტრული ანგარიშგების, საბანკო ამონაწერებისა და დოკუმენტაციის დამუშავების შედეგად გამოვლინდა სხვაობა ფაქტობრივად გაცემულ ხელფასებსა და დეკლარირებულ მონაცემებს შორის. შემოწმებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.

გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ კომპანია თანამშრომლების კვებას განიხილავს არა როგორც მიწოდებად, არამედ როგორც საწარმოო ხარჯს, რადგან ხორცპროდუქტების წარმოებაში ერთ- ერთ მთავარ კომპონენტს წარმოადგენს საწარმოო პროცესის უწყვეტობა, ამიტომ მნიშვნელოვანია საწარმოო პროცესში ჩართული მუშახელი არ მოცდეს საწარმოო პროცეს. რადგან საქმიანობა დაკავშირებულია კვების მრეწველობასთან, საწარმოო პროცესიც მოითხოვს საწარმოო გარემოს და საწარმოში დასაქმებული მუშახელის სტერილურობას, რაც დაკავშირებულია გარკვეულ დროით დანახარჯებთან. იმისათვის, რომ მუშახელი არ მოცდეს სასადილო შესვენებისას ხელახალი სტერილიზაციის პროცედურებით და არ დაიკარგოს დრო საწარმოო პროცესისათვის, საწარმო ახორციელებს თავისი მუშახელის კვებით უზრუნველყოფას ადგილზე, შესაბამისად, მუშახელის საკვებით უზრუნველყოფა არის არა მიწოდება არამედ არის საწამოო ხარჯი.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე, რომლის მიხედვითაც შემოწმებით რეალიზებულად ჩაითვალა საწარმოს თანამშრომლების კვების უზრუნველყოფისთვის შეძენილი საქონელი, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ საწარმოს საქმიანობა დაკავშირებულია კვების მრეწველობასთან და საწარმოო პროცესიც მოითხოვს საწარმოში დასაქმებული მუშახელის სტერილურობას, რაც ასევე დაკავშირებულია გარკვეულ დროით დანახარჯებთან, თანამშრომლების კვებით უზრუნველყოფა ხორციელდება კომპანიის საქმიანობის თავისებურებიდან გამომდინარე.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან და ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შპს „-------“-ის მიერ დაქირავებული პირების კვებით უზრუნველყოფა არ წარმოადგენს დაქირავებულების მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავალს, ხორციელდება კომპანიის საქმიანობის ინტერესებიდან გამომდინარე და წარმოადგენს საწარმოო პროცესის შეუფერხებელი მიმდინარეობისათვის აუცილებელ პირობას. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, ადგილი არ აქვს კომპანიის მიერ დაქირავებული პირის პირადი სარგებლობისთვის ან საკუთარი საქმიანობის მიზნისგან განსხვავებული მიზნით მომსახურების უსასყიდლოდ გაწევას. განსახილველ შემთხვევაში, შპს „-------“-ის მიერ დაქირავებული პირების კვებით უზრუნველყოფა არ წარმოადგენს ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევას და, შესაბამისად, კომპანიის მიერ არ ხორციელდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლით გათვალისწინებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაცია. ასევე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტისა და ამავე კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, აღნიშნულ ნაწილში არ წარმოეშობა საგადასახადო აგენტის ვალდებულება.

ამდენად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, კომპანიის მიერ თანამშრომელთა კვებით უზრუნველყოფის საფუძვლით დღგ-ის და საშემოსავლო გადსახადის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას.

ამასთან, საქმეში არსებული მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სხვა ნაწილში გამოვლენილი სხვაობები ფაქტობრივად გაცემულ ხელფასებსა და დეკლარირებულ მონაცემებს შორის, რამაც გამოიწვია საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა მართლზომიერია, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, კერძოდ, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში ჩათვლილი აქვს ხანდაზმულ პერიოდში გამოწერილი საგადასახადო-ანგარიშ-ფაქტურებით დღგ-ის თანხა, ასევე გამოვლინდა ავანსის და საბოლოო შესრულების ფაქტურებით ჩათვლილი დღგ-ის თანხის დუბლირება. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8-91 და 93 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია, გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

ამავე კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის მიწოდებული ინფორმაციის (ბანკები, საბუღალტრო პროგრამა) ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს გაწეული აქვს ისეთი ხარჯები, რომელიც არ არის დაკავშირებული ეკონომიკურ საქმიანობასთან. შედეგად, ვინაიდან შემოწმების მიერ ვერ დადგინდა შესყიდული საქონლის ეკონომიკურ საქმიანობასთან კავშირი, აღნიშნულ ოპერაციებზე გაწეული ხარჯები დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილი საჩივრით არ ეთანხმება საწარმოს მიერ გაწეული ხარჯის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვას და მოგების გადასახადით დაბეგვრას. მიუთითებს, რომ აღნიშნული ხარჯებიდან დიდი წილი დაახლოებით 66% გადახდილია საპატრულო და პარკირების ჯარიმებზე. განმარტავს, რომ საწარმო ახორციელებს მის მიერ წარმოებული ხორცპროდუქტების დისტრიბუციას ავტომობილების მეშვეობით, პროდუქციის მაღაზიამდე მიტანისას მძღოლების მიერ ხდება საგზაო და პარკირების წესების დარღვევა, რომელთან დაკავშირებითაც დაკისრებულ ჯარიმებს საწარმო იხდის დროულად, შესაბამისად, მას განიხილავს როგორც პროდუქციის მიწოდების თანმდევ ხარჯად. ამასთან, ხარჯის კლასიფიკაციიდან გამომდინარე განიხილავს ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულ ხარჯად. საქმის ზეპირი განხილვისას გადამხდელმა დააყენა საკითხი გარკვეულ ხარჯებზე, რომელიც ასევე დაკავშირებულია საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობასთან, თუმცა შემოწმების მიერ მაინც დაიბეგრა მოგების გადასახადით.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომლის მიხედვითაც, გადასახადის გადამხდელს გაწეული აქვს ისეთი ხარჯები, რომელიც არ არის დაკავშირებული ეკონომიკურ საქმიანობასთან, მათ შორის ხარჯები გაწეულია საპატრულო და პარკირების ჯარიმებზე (ოქმების გამოწერილია საწარმოს სახელზე).

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ვინაიდან საწარმო ახორციელებს მის მიერ წარმოებული ხორცპროდუქტების დისტრიბუციას ავტომობილების მეშვეობით, საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, საპატრულო და პარკირების ჯარიმებზე გადახდილი თანხების ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვა არამართლზომიერია. ამდენად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საწარმოს სახელზე გადახდილი ადმინისტრაციული ჯარიმების ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას.

ამასთან, სხვა ხარჯებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. ქონების გადასახადის საგადასახადო პერიოდად ითვლება კალენდარული წელი.

2. საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.

3. საწარმო/ორგანიზაცია ქონებაზე გადასახადს იხდის მიმდინარე გადასახდელის სახით, გასული საგადასახადო წლის წლიური გადასახადის ოდენობით, არა უგვიანეს საგადასახადო წლის 15 ივნისისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ შემოწმების მიერ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის/ინფორმაციისა და შსს-ის მიერ მიწოდებული ინფორმაციის დამუშავების შედეგად გამოვლინდა სხვაობა შესამოწმებელ პერიოდში ქონების გადასახადით დასაბეგრ ფაქტობრივ და დეკლარირებულ ბაზებს შორის, რის საფუძველზეც, დაკორექტირდა ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა და გადამხდელს დაერიცხა გადასახადი.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მომჩივნის პოზიციის დამადასტურებელი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებული მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები შემოწმების მიერ განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მე-6 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოწმებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილი დოკუმენტაცია/ინფორმაციით, ასევე შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, შემოწმების მიერ შესწავლილი იქნა საწარმოში ნაღდი ფულის მოძრაობა. შემოწმების შედეგად, შესამოწმებელ პერიოდში დადგენილი შემოსავლებისა და საწარმოს მიერ გაწეული ხარჯის შეპირისპირებით გამოვლინდა სხვაობა, ასევე გათვალისწინებული იქნა დადასტურებული დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებები. შედეგად, შემოწმებით გამოვლენილი განკარგვადი თანხა განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებულ არგუმენტაციაზე, რომ შემოწმებით გაანგარიშებაში ჩართულია დებიტორული დავალიანებები როგორც მიღებულ თანხებად, ხოლო კრედიტორული დავალიანებები გაცემულ თანხებად, ამასთან, ბუღალტრულ რეგისტრებში დებიტორების და კრედიტორების მოძრაობა ნათლად არის ასახული. შესაბამისად, სავაჭრო პრინციპებიდან გამომდინარე, დებიტორებისგან მიუღებელი თანხების მიღებულად ჩათვლა არ არის მართებული და დებიტორების და კრედიტორების ნაშთების გამოყენების შედეგად გამოთვლილი განკარგვადი ნაშთი არ შეესაბამება რეალურ სურათს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ფული ნაშთის ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (დებიტორ/კრედიტორების შესახებ). თავის მხრივ, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ და მე-4 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საწარმოს მიერ თანამშრომელთა კვებით უზრუნველყოფის საფუძვლით დღგ-ის და საშემოსავლო გადსახადის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას;

3. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, მოგების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:

ა) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საწარმოს სახელზე გადახდილი ადმინისტრაციული ჯარიმების ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას;

ბ) სხვა ხარჯებთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

გ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. მე-6 სადავო საკითხთან დაკავშირებით, ფულის ნაშთის ხელფასად განხილვის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (დებიტორ/კრედიტორების შესახებ);

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

6. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

1. საწარმოს თანამშრომლებისთვის კვებით უზრუნველყოფის მიზნით შეძენილი საქონლის მიწოდებად განხილვა.

2. შემცირებას დაქვემდებარებული ხანდაზმული პერიოდის, ასევე ავანსის და საბოლოო შესრულების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით ჩათვლილი დღგ-ის თანხა.

3. საწარმოს მიერ გაწეული ხარჯის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვა და მოგების გადასახადით დაბეგვრა.

4. ითხოვს აღნიშნული დარიცხვის შემსუბუქებას და საშემოსავლო გადასახადში დეკლარირების შესაძლებლობას.

5. ქონების გადასახადში განსაზღვრული ვალდებულებები.

6. საწარმოს განკარგვადი თანხების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრა და დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. შემოწმებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს სრულად არ აქვს ასახული დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში დოკუმენტურად დადასტურებული რეალიზაციები, ასევე სრულყოფილად არ აქვს ასახული თანამშრომლებზე რეალიზაციები და კვების მიწოდებები. შემოწმების მიერ დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები.

2. გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში ჩათვლილი აქვს ხანდაზმულ პერიოდში გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით დღგ-ის თანხა. ასევე გამოვლინდა ავანსის და საბოლოო შესრულების ფაქტურებით ჩათვლილი დღგ-ის თანხის დუბლირება. შემოწმების შედეგად, დაკორექტირდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხები (დაერიცხა დღგ).

3. გადასახადის გადამხდელს გაწეული აქვს ისეთი ხარჯები, რომელიც არ არის დაკავშირებული ეკონომიკურ საქმიანობასთან. აღნიშნულ ოპერაციებზე გაწეული ხარჯები დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას.

4. გამოვლინდა სხვაობა ფაქტობრივად გაცემულ ხელფასებსა და დეკლარირებულ მონაცემებს შორის. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.

5. გამოვლინდა სხვაობა ქონების გადასახადით დასაბეგრ ფაქტობრივ და დეკლარირებულ ბაზებს შორის. შესაბამისად, დაკორექტირდა ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა (დაერიცხა გადასახადი).

6. შემოწმების მიერ შესწავლილი იქნა საწარმოში ნაღდი ფულის მოძრაობა, გამოვლინდა სხვაობა. შემოწმებით გამოვლენილი განკარგვადი თანხა განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.

გადამხდელს ასევე დარიცხა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

პირველ და მე-4 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საწარმოს მიერ თანამშრომელთა კვებით უზრუნველყოფის საფუძვლით დღგ-ის და საშემოსავლო გადსახადის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას; მე-3 სადავო საკითხან დაკავშირებით, მოგების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით - საწარმოს სახელზე გადახდილი ადმინისტრაციული ჯარიმების ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას;

3. მე-3 სადავო საკითხთან - სხვა ხარჯებთან დაკავშირებით და მე-6 სადავო საკითხთან - ფულის ნაშთის ხელფასად განხილვის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით გადამხდელს მიეცეს წინადადება წარმოადგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები; აუდიტის დეპარტამენტმა სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9); 982(1); 101; 154; 159; 163; 174; 175; 201; 269(7)