ბრძანება N 12195
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 12195
11 ივნისი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---“-ის (ს/ნ ---)
(ფაქტ. მის.: ---) 2025 წლის 27 მაისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 5 ივნისის სხდომაზე (ოქმი №46) განიხილა შპს „---“-ის (ს/ნ ---) 2025 წლის 27 მაისის №95901/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის პირველი მაისის №023-8 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას. განმარტავს, რომ კომპანია საქონლის შეძენა/შესყიდვას ახორციელებს როგორც ჩინეთიდან, ასევე ადგილობრივი ბაზრიდან, შესაბამისად, გადამხდელს მუდმივად ესაჭიროება ფულადი სახით საბრუნავი საშუალება სალაროში. აცხადებს, რომ შემოწმების პერიოდში თანხის ნაწილი განსაზღვრული ჰქონდა ჩინეთში საქონლის შესაძენად. მიუთითებს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტის გამოცემამდე საწარმოს დირექტორზე სალაროდან გაიცა 165 000 ლარი, რაც ასახულია იმავე პერიოდის დეკლარაციებში და შესაბამისი თანხა გადახდილია. აცხადებს, რომ ამჟამად ბუღალტრული და ფაქტობრივი მონაცემები ურთიერშესაბამისობაშია. შესაბამისად, ითხოვს დარიცხული თანხებისა და შეფარდებული ჯარიმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 7 თებერვლის №2011 და 24 აპრილის №7481 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „---“-ის (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 28 აპრილს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის პირველი მაისის №8285 ბრძანება და ამავე თარიღის №023-8 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 76 452 ლარი, მათ შორის, გადასახადი 50 099 ლარი, ჯარიმა 25 049 ლარი, საურავი 1 304 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
კომპანიის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საცალო ვაჭრობა არასპეციალიზებულ მაღაზიაში, კერძოდ, მაგიდა-სკამებითა და საფარდე ინვენტარით ვაჭრობა ---ს ბაზრობის ტერიტორიაზე. გადასახადის გადამხდელი საქონლის შეძენას ახორციელებს როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე ჩინეთში. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს ჩინეთიდან იმპორტირებული აქვს 581 992 ლარის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა, ხოლო ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი აქვს 435 316 ლარის საქონელი. გადასახადის გადამხდელს ფართები აღებული აქვს იჯარის ხელშეკრულებით.
შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელმა ბიუჯეტის მიმართ დაირიცხა 251 374 ლარი, შეიმცირა 72 726 ლარი, გადაიხადა 229 295 ლარი და უკან დაიბრუნა 50 190 ლარი. საწარმოს უფიქსირდება ერთი საკონტროლო-სალარო აპარატი, რომელიც რეგისტრირებულია ---ს ბაზრობის ტერიტორიაზე. შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელთან ჩატარდა სალაროს ინვენტარიზაცია, რომლის მიხედვით, 2025 წლის 19 თებერვლის მდგომარეობით, დაფიქსირდა სალაროს ნაშთი 960 ლარის ოდენობით.
გადასახადის გადამხდელმა შემოწმების პროცესში ითანამშრომლა შემოწმებასთან და წარმოადგინა სააღრიცხვო დოკუმენტაცია, მათ შორის, ბუღალტრული პროგრამა „orisi“, რომლის დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს სალაროს ნაშთი, ინვენტარიზაციის დღისთვის, უფიქსირდებოდა 218 406 ლარის ოდენობით. შესაბამისად, სხვაობა რეალურ ნაშთსა და პროგრამულ ნაშთს შორის ჩაითვალა დირექტორის მიერ მიღებულ ხელფასად. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, შემოწმების მიერ დადგენილი თანხა დაიბეგრა გადახდის წყაროსთან, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაქირავებით მუშაობად ითვლება ფიზიკური პირის მიერ საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელად (დირექტორად) ყოფნა ან ხელმძღვანელის (დირექტორის) მოვალეობის შესრულება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელი საქონლის შეძენას ახორციელებს როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე ჩინეთში. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს ჩინეთიდან იმპორტირებული აქვს 581 992 ლარის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა, ხოლო ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი აქვს 435 316 ლარის საქონელი. შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელთან ჩატარდა სალაროს ინვენტარიზაცია, რომლის მიხედვით, 2025 წლის 19 თებერვლის მდგომარეობით, დაფიქსირდა სალაროს ნაშთი 960 ლარის ოდენობით. გადასახადის გადამხდელმა შემოწმების პროცესში წარადგინა სააღრიცხვო დოკუმენტაცია, რომლის მიხედვით დადგინდა სალაროს ნაშთი 218 406 ლარის ოდენობით. შესაბამისად, სხვაობა რეალურ ნაშთსა და პროგრამულ ნაშთს შორის ჩაითვალა დირექტორის მიერ მიღებულ ხელფასად. იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელთან ჩატარებული სალაროს ინვენტარიზაციის შედეგად დადგინდა სალაროს ნაშთი 960 ლარის ოდენობით, ხოლო გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ბუღალტრული პროგრამის მიხედვით სალაროს ნაშთი შეადგენდა 218 406 ლარს, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ რეალურ ნაშთსა და პროგრამულ ნაშთს შორის სხვაობის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა და შესაბამისი ჯარიმის შეფარდება განხორციელდა მართლზომიერად.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები და შეფარდებული სანქცია განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „---“-ის (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას.
ფაქტობრივი გარემოებები
კომპანიის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საცალო ვაჭრობა არასპეციალიზებულ მაღაზიაში, კერძოდ, მაგიდა-სკამებითა და საფარდე ინვენტარით ბაზრობის ტერიტორიაზე. გადასახადის გადამხდელი საქონლის შეძენას ახორციელებს როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე ჩინეთში.
გადასახადის გადამხდელმა შემოწმების პროცესში ითანამშრომლა შემოწმებასთან და წარმოადგინა სააღრიცხვო დოკუმენტაცია, მათ შორის, ბუღალტრული პროგრამა „orisi“, რომლის დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს სალაროს ნაშთი, ინვენტარიზაციის დღისთვის, უფიქსირდებოდა 218 406 ლარის ოდენობით. შესაბამისად, სხვაობა რეალურ ნაშთსა და პროგრამულ ნაშთს შორის ჩაითვალა დირექტორის მიერ მიღებულ ხელფასად. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის საფუძველზე, შემოწმების მიერ დადგენილი თანხა დაიბეგრა გადახდის წყაროსთან, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები და შეფარდებული სანქცია განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4,9) ; 101; 154; 12.