დაუდეკლარირებელი მოგების გადასახადის ჩათვლა N 2652

2652 დაუდეკლარირებელი მოგების გადასახადის ჩათვლა 26.12.2017
№ დოკუმენტი 2652
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

დაუდეკლარირებელი მოგების გადასახადის ჩათვლა N 2652

ფაქტობრივი გარემოებები

· 2016 წელს რეგისტრირებულ კომპანიას, 2016 წლის წლიური და 2017 წლის ყოველთვიური მოგების გადასახადის დეკლარაციები წარმოდგენილი აქვს ნულოვანი ფორმით. ამასთან, 2016 წლის ფინანსური მოგება კომპანიას განაწილებული აქვს დამფუძნებელზე დივიდენდის სახით 2017 წლის იანვარ-აპრილის თვეებში და აღნიშნული დაბეგრილი და დეკლარირებული აქვს გადახდის წყაროსთან.

· საწარმოს სააღრიცხვო მონაცემებით, აგრეთვე შემოწმებით დადგენილია,რომ 2016 წლის საანგარიშო პერიოდზე ეკისრება 80 000 ლარის მოგების გადასახადის გადახდის ვალდებულება. ამასთან, საწარმოს სხვა საგადასახადო ვალდებულება არ დაკისრებია.

· საწარმოს პირადი აღრიცხვის ბარათზე 2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით უფიქსირდება ზედმეტად გადახდილი გადასახადის თანხა 80 000 ლარის ოდენობით.

შეფასება

· სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, 2017 წლის 1 იანვრიდან რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია მოგება, რომელიც მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება. სსკ-ის 309-ე მუხლის 92-ე ნაწილის მიხედვით, თუ რეზიდენტი საწარმო დივიდენდს გაანაწილებს 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან, მას უფლება აქვს, ჩაითვალოს ამ პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხა. სსკ-ის 63-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო გადამხდელის მიერ ზედმეტად გადახდილ თანხას შემდგომ დარიცხული და აღიარებული საგადასახადო დავალიანების დასაფარავად მიმართავს.

· აღნიშნულის გათვალისწინებით, საწარმოს მიერ 2017 წლის იანვარ-აპრილის თვეებში 2016 წლის წმინდა მოგებიდან გაცემული დივიდენდები ექვემდებარება მოგების გადასახადით დაბეგვრას. გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე რიცხული ზედმეტობა შესაძლებელია ჩაითვალოს 2016 წლის კუთვნილი მოგების გადასახადის გადახდად და განხილულ იქნეს 2017 წლის იანვარ-აპრილის თვეებში გაცემულ დივიდენდებზე დარიცხული მოგების გადასახადის თანხებში ჩათვლის მიღების საფუძვლად სსკ-ის 309-ე მუხლის 92-ე ნაწილით დადგენილი წესით.

ღონისძიებები

· გადასახადის გადამხდელს დაერიცხება 2016 წლის მოგების გადასახადი და 2017 წლის იანვარ-აპრილის თვეებში განაწილებულ დივიდენდზე კუთვნილი მოგების გადასახადი, ჩასათვლელი მოგების გადასახადის გათვალისწინებით. დეკლარაციებში გადასახადის თანხის შემცირების შემთხვევაში, გადამხდელს დაეკისრება ჯარიმა სსკ-ის 275-ე მუხლის შესაბამისად.

სიტუაციური სახელმძღვანელო ეხება შემთხვევას, როდესაც საწარმო მოგების გადასახადით იბეგრება სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით

სიტუაციური სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2017 წლის 12 დეკემბრისთვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით