საბაჟო დეკლარაციით დღგ-ის ჩათვლა დაიშვება მიუხედავად იმისა არის თუ არა გადახდილი N 1120
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
საბაჟო დეკლარაციით დღგ-ის ჩათვლა N 1120
ფაქტობრივი გარემოებები
• „ოქროს სიის" მონაწილე პირმა განახორციელა საქონლის დასაბეგრი იმპორტი
• მიუხედავად იმისა, რომ საანგარიშო თვის მიხედვით საბაჟო დეკლარაციით არ იყო გადახდილი დღგ-ის თანხა, პირმა მაინც განახორციელა დღგ-ის ჩათვლა
შეფასება
•სსკ-ის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა" ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით საქონლის იმპორტისას. შესაბამისად, საბაჟო დეკლარაციის მიხედვით დღგ-ის ჩათვლის უფლება არ არის დამოკიდებული, ამ დოკუმენტის შესაბამისად დღგ-ის თანხის გადახდის მომენტზე
•მიუხედავად იმისა, რომ „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 51-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად იმპორტის გადასახდელების გადახდა გადავადებულია, განსახილველ შემთხვევაში, პირს უფლება აქვს, ჩაითვალოს დღგ-ის თანხა
ღონისძიებები
•პირის ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება და დამატებითი საგადასახადო ვალდებულების დაკისრება არ ხდება
სიტუაციური სახელმძღვანელო ასევე ვრცელდება იმ პირებზე, რომლებსაც 2011 წლის 1 იანვრამდე მიენიჭათ საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილის სტატუსი
სიტუაციური სახელმძღვანელო არ ვრცელდება 2021 წლის შემდგომ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 2021 წლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე იხელმძღვანელეთ დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითებით