ბრძანება N 12638

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 06.06.2023
№ დოკუმენტი 12638
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 12638

06.06.2023

შპს „--ის“ (ს/ნ ---)

( მის.: ---) 2023 წლის 6 იანვრის საჩივრი

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სალაროში არსებული ფულის ნაშთის დირექტორებზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 8 ივლისის №17904 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „---ის“ (ს/ნ ---) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვარიდან 2022 წლის 1 მაისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 24 ნოემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 29 ნოემბრის №29780 ბრძანება და ამავე თარიღის №007-322 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 389 075 ლარი, მათ შორის, გადასახადი 229 260 ლარი, ჯარიმა 114 630 ლარი და საურავი 45 185 ლარი.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

კომპანიის საქმიანობის ძირითად სახეს წარმოადგენს ქალაქ ---ში, საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა და ბინების რეალიზაცია. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ არ ხდება ხელფასის/დივიდენდის გაცემა. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებზე, გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაციაზე და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში არსებულ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, შემოწმების მიერ განხორციელდა თანხების მოძრაობის შესწავლა (მათ შორის ხანდაზმულ პერიოდზე). შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს სალაროში უნდა ჰქონოდა 650 800 ლარი. 2022 წლის 10 ივნისს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია სალარო და ნაღდი ფულის ნაშთი. შემოწმების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის გათვალისწინებით, აღნიშნული ფულის ნაშთი ჩაითვალა დირექტორებზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. საწარმოს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 491 მუხლის თანახმად:

1. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს ზოგადი ანალიტიკური პროცედურები.

2. ზოგადი ანალიტიკური პროცედურები გულისხმობს პირის შესახებ ინფორმაციის შეკრებას, ანალიზს და ამ ანალიზის საფუძველზე გადასახადების ადმინისტრირების ღონისძიებების დაგეგმვასა და ოპტიმიზაციას, მათ შორის, გადასახადით დასაბეგრი ობიექტის თაობაზე ინფორმაციის შეგროვებასა და ანალიზს, ასევე, საგადასახადო დავალიანებისა და ზედმეტობის წარმოშობის მიზეზების შესწავლას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო შემოწმების ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96– ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში მიუთითებს, რომ კომპანიის საქმიანობას წარმოადგენდა საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა და ბინების რეალიზაცია. აღნიშნული საქმიანობა გადამხდელმა დაიწყო 2016 წელს და დაასრულა 2018 წლის ბოლოს. მიუთითებს, რომ აუდიტორს არ გაუთვალისწინებია 2016 წელს შეძენილი მიწის ღირებულება, რომელიც შეადგენს 54 400 აშშ დოლარს. ასევე, არ არის გათვალისწინებული ის, რომ აღნიშნული თანხიდან ხდებოდა მუშებისთვის ხელზე ხელფასის გაცემა იმ პერიოდში, როდესაც მიმდინარეობდა აქტიური სამშენებლო სამუშაოები. საჩივარზე თანდართულია მიწის ნასყიდობის ხელშეკრულება. ასევე, გადასახადის გადამხდელმა საქმის ზეპირ განხილვაზე განაცხადა, რომ უკანონოა ხანდაზმულ პერიოდში მიღებული შემოსავლებით/გაწეული ხარჯებით სალაროს ნაშთის გაანგარიშება.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოს ვალდებულებაა შეისწავლოს, გაანალიზოს და გააკონტროლოს მათ შორის გადასახადების გამოანგარიშების სისწორე და სისრულე. ამ მიზნით იგი უფლებამოსილია ნებისმიერ (მათ შორის ხანდაზმულ) პერიოდზე ჩაატაროს ზოგადი ანალიტიკური პროცედურები ან/და გადასახადის გადამხდელისგან გამოითხოვოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია. ამასთან, აღნიშნული ინფორმაციის ანალიზის შედეგად, თუ გამოიკვეთა შეუსაბამობები, საგადასახადო ორგანო უნდა დაეყრდნოს მის მიერ დადგენილ მონაცემებს და აღნიშნულის საფუძველზე განსაზღვროს პირის მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებები.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 491 მუხლის საფუძველზე, ხანდაზმულ პერიოდში მიღებული შემოსავლების/გაწეული ხარჯების გათვალისწინებით გაანგარიშებული ფულის ნაშთი, გავლენას არ ახდენს შესამოწმებელ პერიოდში წარმოშობილ საგადასახადო ვალდებულებებზე და აღნიშნული საფუძვლით ფულის ნაშთის დირექტორებზე გაცემულ ხელფასად განხილვა დაუსაბუთებელია.

ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს სალაროს ნაშთის გაანგარიშების მიზნებისთვის არ გაითვალისწინოს ხანდაზმულ პერიოდში მიღებული შემოსავლები/გაწეული ხარჯები და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „----ს“ (ს/ნ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს სალაროს ნაშთის გაანგარიშების მიზნებისთვის არ გაითვალისწინოს ხანდაზმულ პერიოდში მიღებული შემოსავლები/გაწეული ხარჯები და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სალაროში არსებული ფულის ნაშთის დირექტორებზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების მიერ განხორციელდა თანხების მოძრაობის შესწავლა (მათ შორის ხანდაზმულ პერიოდზე). შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს სალაროში უნდა ჰქონოდა 650 800 ლარი. დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია სალარო და ნაღდი ფულის ნაშთი. შემოწმების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის გათვალისწინებით, აღნიშნული ფულის ნაშთი ჩაითვალა დირექტორებზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

 

გადაწყვეტილება

უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს სალაროს ნაშთის გაანგარიშების მიზნებისთვის არ გაითვალისწინოს ხანდაზმულ პერიოდში მიღებული შემოსავლები/გაწეული ხარჯები და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 101; 136; 491 ; 73 (4,9); 154