ბრძანება N 33108

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 27.12.2023
№ დოკუმენტი 33108
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 33108

27 დეკემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ --------)

(მის.: --------)

2023 წლის 5 აპრილის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 7 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №127) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 9 ნოემბრის №20402/2/2023 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „-------“ (ს/ნ ----------) 2023 წლის 5 აპრილის №19327/2/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 თებერვლის №006-78 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს და ოქროს ნაშთის რეალიზებულად განხილვის საფუძვლით დარიცხულ თანხებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ბუღალტრულ პროგრამაში თავიდანვე არასწორად მოხდა დასაკუთრებული ნივთების წონის დაფიქსირება და ნაცვლად 30 353 გრამი მეტალის წონისა დაფიქსირდა 40 422 გრამი ნივთის (ნაკეთობის) წონა, რამაც შემდგომში საბუღალტრო პროგრამაში აღრიცხვის კუთხით გამოიწვია უზუსტობები, ვინაიდან ძვირფასი ლითონების შემდგომი რეალიზაცია ხდებოდა მეტალის წონის და არა ნივთის/ნაკეთობის გრამაჟის მიხედვით. სწორედ აღნიშნულმა გარემოებამ განაპირობა ბუღალტრულ ჩანაწერებში 806 303 ლარის ნაშთის არსებობა.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 15 ოქტომბრის №31080 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2020 წლის 31 იანვრის საჩივარი, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „----------“ (ს/ნ --------) 2020 წლის 31 იანვრის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები.

ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, შეისწავლოს წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

3. მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, უზრუნველყოს კომპანიის ყოფილი დირექტორის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებული თანხების ხელფასის სახით განაცემად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხების შემცირება;

4. მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, კომპანიის მიერ ფიზიკური პირებისთვის ფულადი გზავნილის მომსახურების გაწევის და აღნიშნული ფიზიკური პირების მიერ გადახდილი სრული საკომისიო თანხის შპს „-------“ შემოსავლად განხილვის, ხოლო ამ მომსახურების გაწევისთვის გადამხდელის მიერ არარეზიდენტ კომპანიებზე გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან დაკავების შედეგად დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას;

5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 15 ოქტომბრის №31080 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 24 თებერვლის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 69 266 ლარი, მათ შორის, გადასახადი 47 720 ლარი და ჯარიმა 21 546 ლარი. აღნიშნულზე გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 28 თებერვლის №006-78 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2023 წლის 7 ივნისის №12655 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2023 წლის 9 ნოემბრის №20402/2/2023 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 7 ივნისის №12655 ბრძანება და საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი: „საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 15 ოქტომბრის №31080 ბრძანების მართლზომიერად აღსრულების საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, სადავო შემთხვევაში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზე, წარმოადგენდა თუ არა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების სათანადო საფუძველს მომჩივნის მიერ წარმოდგენილ საჩივარში დაფიქსირებული არგუმენტები/მითითებული საკანონმდებლო ნორმები. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

 შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 15 ოქტომბრის №31080 ბრძანების აღსრულების მიზნით, გადამხდელმა დამატებით წარმოადგინა კომპანიის შიდა აღრიცხვის პროგრამული უზრუნველყოფის ჩანაწერები. წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, არ დასტურდება გადამხდელის არგუმენტაცია იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ბუღალტრულ ჩანაწერებში დასაკუთრებული ოქროს საწყისი ნაშთი განსაზღვრული იყო არასწორად, კერძოდ, საწყის ნაშთად ასახული იყო ნივთის (ნაკეთობის) წონა ნაცვლად ძვირფასი ლითონის რეალური წონისა. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული მონაცემები აღნიშნულ ნაწილში დარჩა უცვლელი;

 დირექტორის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებული თანხების ხელფასის სახით განაცემად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას;

 კომპანიის მიერ ფიზიკური პირებისთვის ფულადი გზავნილის მომსახურების გაწევის და აღნიშნული ფიზიკური პირების მიერ გადახდილი სრული საკომისიო თანხის შპს „--------“ შემოსავლად განხილვის, ხოლო ამ მომსახურების გაწევისთვის გადამხდელის მიერ არარეზიდენტ კომპანიებზე გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან დაკავების შედეგად დარიცხული თანხები დაუქვემდებარა შემცირებას.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

ამავე კოდექსის 161-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.

ამავე კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია შესაბამის საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დღგ-ის დეკლარაცია ყოველ საანგარიშო პერიოდზე არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, კომპანიის ბუღალტრულ ჩანაწერებში ნაშთად ფიქსირდება დასაკუთრებული ოქრო 806 303 ლარის ოდენობით. ბუღალტრულ ჩანაწერებში არსებული ოქროს მოცულობა, რომელიც რეალურად აღარ არსებობდა, შემოწმებით ჩაითვალა მიწოდებად (აქტივების გადაცემის საანგარიშო პერიოდში, ვინაიდან ბუღალტრულად არსებული ოქროს ნაშთის არარსებობა ამავე პერიოდში დასტურდება) და დაიბეგრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის შესაბამისად, ხოლო მისაღები თანხები ჩაითვალა ანგარიშვალდებული პირის მიერ მიღებულ შემოსავლად. ვინაიდან კომპანიის მიერ ლიკვიდაციის პროცესში აუქციონის წესით სრულად არ იქნა გადაცემული ოქრო სს „თიბისი“ ბანკისთვის, აღნიშნული დაკვალიფიცირდა როგორც ხელფასის სახით განაცემი ანგარიშვალდებულ პირზე.

მომჩივნის განმარტებით, კომპანია მონაცემების აღრიცხვისათვის იყენებდა ორ ერთმანეთისაგან დამოუკიდებელ პროგრამას: ძვირფასი ლითონებით უზრუნველყოფით გაცემული სესხების აღრიცხვის პროგრამა (DOM) და ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა (FMG), აღნიშნული პროგრამები ერთმანეთთან ინტეგრირებული არ იყო, რის გამოც დასაკუთრებული ძვირფასეულობის აღრიცხვა შესაბამისი სესხის ხელშეკრულების (რომელიც მოიცავს ნივთის შეფასებასაც) საფუძველზე მიმდინარეობდა მხოლოდ სესხების პროგრამაში. აუდიტის დეპარტამენტის 16.12.2016 წლის საგადასახადო შემოწმების ფარგლებში, განხორციელდა დასაკუთრებული ოქროს ინვენტარიზაცია, რომლის შედეგები აისახა ბუღალტრულ პროგრამაშიც. 2016 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის ძვირფასი ლითონების ინვენტარიზაციის რეესტრის სესხების აღრიცხვის პროგრამასთან შედარებით ირკვევა, რომ ძირითად შემთხვევებში, ძვირფასეულობის გრამაჟში ძვირფასი ლითონის წონის ნაცვლად დაფიქსირებულია ნივთის (ნაკეთობის) წონა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბუღალტრულ პროგრამაში თავიდანვე არასწორად მოხდა დასაკუთრებული ნივთების წონის დაფიქსირება და ნაცვლად 30 353 გრამი მეტალის წონისა დაფიქსირდა 40 422 გრამი (21.12.2016 წლის საგადასახადო შემოწმების აქტი) ნივთის წონა, რამაც შემდგომში საბუღალტრო პროგრამაში აღრიცხვის კუთხით გამოიწვია უზუსტობები, ვინაიდან ძვირფასი ლითონების შემდგომი რეალიზაცია ხდებოდა მეტალის წონის (ჯართად) და არა ნივთის/ნაკეთობის გრამაჟის მიხედვით. სწორედ აღნიშნულმა გარემოებამ განაპირობა ბუღალტრულ ჩანაწერებში 806 303 ლარის ნაშთის არსებობა. ამრიგად, შემოწმების აქტის თანახმად, კომპანიის ბუღალტრულ ჩანაწერებში ზემოთ აღნიშნული მიზეზის გამო ნაშთად დაფიქსირებული დასაკუთრებული ოქრო 806 303 ლარის ოდენობით ჩათვლილ იქნა რეალიზებულად, ხოლო მისაღები თანხა დაკვალიფიცირებულ იქნა ანგარიშვალდებულ პირზე ხელფასის სახით განაცემად. გადამხდელი აღნიშნავს, რომ დაუსაბუთებელია და კანონსაწინააღმდეგოა აუდიტორის გადაწყვეტილება, რეალიზებულად განხილული ოქროდან მისაღები თანხის ხელფასად განხილვასთან და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრასთან დაკავშირებით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების, კერძოდ, ოქროს საწყისი ნაშთის განსაზღვრის მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ხოლო აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, შეისწავლოს წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) ოქროს საწყისი ნაშთის განსაზღვრის მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 15 ოქტომბრის №31080 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. №31080 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 24 თებერვლის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა. აღნიშნულზე გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 28 თებერვლის კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა. მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2023 წლის 7 ივნისის №12655 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2023 წლის 9 ნოემბრის №20402/2/2023 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 7 ივნისის №12655 ბრძანება და საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

 

გადაწყვეტილება

საქმეზე არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების, კერძოდ, ოქროს საწყისი ნაშთის განსაზღვრის მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ხოლო აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, შეისწავლოს წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 161.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი: 96.