გადაწყვეტილება №25031/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25031/2/2025
05 მაისი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ „--------“)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,1.05.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „--------“-ის 7.04.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25031/2/2025).
დავის საგანი:
დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 27 დეკემბრის №249-35 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 18 მარტის №4784 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 64 397.07 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 36 618
ჯარიმა - 18 235.80
საურავი - 9 543.27
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 9 დეკემბრის №25764 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების და საბაჟო დეკლარაციების 2022 წლის ივლისის, 2023 წლის თებერვლისა და ოქტომბრის საანგარიშო პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგები აისახა 2024 წლის 27 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდზე არასწორად ჰქონდა წარდგენილი 2022 წლის ივლისის და 2023 წლის თებერვლისა და ოქტომბრის საანგარიშო პერიოდების დღგ-ის დეკლარაციები. შემოწმების შედეგად, საწარმოს აღნიშნულ პერიოდებზე უფიქსირდებოდა 607 215 ლარზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები/სასაქონლო ზედნადებები. საგადასახადო კოდექსის 159-ე, 163-ე, 164-ე და 166-ე მუხლების გათვალისწინებით, მომჩივანს განესაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. საწარმოს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 27 დეკემბრის №27591 ბრძანება და №249-35 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 64 397.07 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2025 წლის 7 თებერვალს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2025 წლის 18 მარტის №4784 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 61-ე, 158-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 168-ე, 179-ე, 43-ე მუხლებზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბერის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 733 მუხლზე და ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდზე არასწორად ჰქონდა წარდგენილი 2022 წლის ივლისის და 2023 წლის თებერვლისა და ოქტომბრის საანგარიშო პერიოდების დღგ-ის დეკლარაციები. შემოწმების მიერ გაიზარდა საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.
მომჩივანმა საჩივრის ზეპირი განხილვისას განმარტა, რომ ვინაიდან კომპანიამ წინა პერიოდში უკან დაბრუნების ზედნადებზე ვერ შეძლო კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა, რომელსაც მეორე მხარე დაადასტურებდა და შეიმცირებდა ზედმეტად დარიცხულ გადასახადს, გადასახადის გადამხდელმა ხელოვნურად შეიმცირა მომდევნო პერიოდის, კერძოდ, 2022 წლის ივლისის თვის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.
იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს დღგ-ის საანგარიშო პერიოდზე არასრულად ჰქონდა დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და ამასთან, არ იყო გამოწერილი კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომლითაც დადასტურდებოდა დასაბეგრი ოპერაციის კორექტირება, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმებით, კომპანიის მიერ საქონლის მიწოდებაზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესაბამისად მიღებული შემოსავლის დღგ-ით დაბეგვრა მართლზომიერია. ამასთან, საგადასახადო დავის ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ წარდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
საგადასახადო შემოწმებასთან დაკავშირებით შემმოწმებელს 2024 წლის 17 დეკემბერს წერილობით ეცნობა გადასახადის გადამხდელის პოზიცია. ასევე, სატელეფონო ზარის მეშვეობით მიეწოდა ზეპირსიტყვიერი განმარტებები და მიმოხილვა შესაძლო დარიცხვებთან დაკავშირებით.
საწარმოს შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 2 ივნისის №1229 ბრძანებით დაერიცხა დღგ 2022 წლის თებერვლის თვის საანგარიშო პერიოდზე. აღნიშნულთან დაკავშირებით შემმოწმებელს წარედგინა პოზიცია, რომლის მიხედვითაც 2022 წლის 15 თებერვლის №"-------" სასაქონლო ზედნადებით შპს „N1-სგან“ (ს/ნ "-------") მოჩივანმა უკან დაიბრუნა წინა პერიოდში მიწოდებული 269 529.06 ლარის ღირებულების პროდუქცია, ხოლო 2022 წლის 15 თებერვლის №"-------"სასაქონლო ზედნადებით აღნიშნული უკან დაბრუნებული პროდუქცია რეალიზებული იქნა შპს „N2-ზე“ (ს/ნ "-------"). ტექნიკური პრობლემის გამო უკან დაბრუნების ზედნადებზე ვერ მოხდა შესაბამისი დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა და შესაბამისად ვერ მოხდა გადახდილი დღგ-ის ჩათვლა. ამის გათვალისწინებით, არც უკან დაბრუნების და არც რეალიზაციის ოპერაცია არ გაითვალისწინა 2022 წლის თებერვლის დეკლარაციაში. თუმცა, მომჩივნისთვის ცნობილი იყო ის ფაქტი, რომ შემდგომ პერიოდში აღნიშნული ფაქტი შესაძლოა გამხდარიყო საგადასახადო შემოწმების განხილვის მიზეზი. შემოსავლების სამსახურმა გაითვალისწინა გადასახადის გადამხდელის პოზიცია და მისცა საშუალება წარედგინა ანგარიშ-ფაქტურა და მის საფუძველზე მოხდებოდა ზედმეტად დარიცხული თანხების შემცირება. ელ. პორტალზე შეიქმნა ფაქტურა (ეა-"-------") და გადაიგზავნა შემსყიდველთან, თუმცა ფაქტურა არ დადასტურდა, ხოლო შემოსავლების სამსახურმა არ მოახდინა თანხების კორექტირება. ვინაიდან დარიცხვა იყო უსაფუძვლო, გადასახადის გადამხდელის ბარათზე თანხების შემცირების მიზნით, დაკორექტირდა შემდგომი პერიოდის (2022 წლის ივლისი) დღგ-ის დეკლარაცია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს დარიცხვასთან დაკავშირებული ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა, არსებული დოკუმენტების საფუძველზე შემმოწმებელმა მოახდინოს ზედმეტად დარიცხული თანხების კორექტირება/შემცირება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა. საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.
საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 ნაწილების თანახმად:
1. დღგ-ით დასაბეგრი თანხა და, შესაბამისად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა კორექტირდება, თუ შეიცვალა ის გარემოებები/ფაქტორები, რომელთა საფუძველზეც დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი თანხა.
2. დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირება ხორციელდება კორექტირების გამომწვევი გარემოების დადგომის საანგარიშო პერიოდში.
4. დღგ-ით დასაბეგრი თანხის კორექტირების შემთხვევებს, აგრეთვე დოკუმენტის გამოწერისა და წარდგენის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბერის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 733 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება დასაბეგრი ოპერაციის კორექტირება.
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდზე არასწორად ჰქონდა წარდგენილი 2022 წლის ივლისის და 2023 წლის თებერვლისა და ოქტომბრის საანგარიშო პერიოდების დღგ-ის დეკლარაციები. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 159-ე, 163-ე, 164-ე და 166-ე მუხლების გათვალისწინებით, მომჩივანს დაერიცხა დღგ.
გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ 2022 წლის თებერვლის თვეში შპს „N1-სთვის“ მიწოდებული საქონელი, რომელიც დაბეგრილი იქნა წინა საგადასახადო შემოწმების მიერ, რეალურად იყო უკან დაბრუნებული, რაზეც გამოიწერა იმავე პერიოდში სასაქონლო ზედნადები. ტექნიკური პრობლემის გამო უკან დაბრუნების ზედნადებზე ვერ მოხდა შესაბამისი დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა და შესაბამისად ვერ მოხდა დღგ-ის ჩათვლა. უკან დაბრუნებული საქონელი, რომლის ჩათვლაც ვერ მოახერხა, მიყიდა შპს „N2-ს“-ს და აღნიშნული თანხის კომპენსაციისთვის მოცემული ოპერაცია დღგ-ით არ დაბეგრა. მომჩივანი ითხოვს არსებული დოკუმენტების საფუძველზე შემმოწმებელმა მოახდინოს ზედმეტად გადახდილი თანხების შემცირება.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მიმდინარე შემოწმების ეტაპზე შემოწმებულ იქნა 2022 წლის ივლისის თვის და 2023 წლის თებერვლისა და ოქტომბრის თვის საანგარიშო პერიოდები. შემოწმების ეტაპზე მოხდა 2022 წლის ივლისის თვეში შპს „N2“-ზე რეალიზებული პროდუქციის დღგ-ით დაბეგვრა. ვინაიდან ეს ორი ოპერაცია არ არის ერთმანეთთან დაკავშირებული და არის ორი დამოუკიდებელი მიწოდება, არ მოხდა გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს დარიცხვასთან დაკავშირებული ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდზე არასწორად ჰქონდა წარდგენილი 2022 წლის ივლისის და 2023 წლის თებერვლისა და ოქტომბრის საანგარიშო პერიოდების დღგ-ის დეკლარაციები. შემოწმების შედეგად, საწარმოს აღნიშნულ პერიოდებზე უფიქსირდებოდა 607 215 ლარზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები/სასაქონლო ზედნადებები.მომჩივანს განესაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. საწარმოს დაერიცხა დღგ და დაეკისრა სსკ-ის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 27 დეკემბრის №27591 ბრძანება და №249-35 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 64 397.07 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2025 წლის 7 თებერვალს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2025 წლის 18 მარტის №4784 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
158,159,164,168,179.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბერის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქცია: 733 მუხლი.