გადაწყვეტილება №24865/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24865/2/2025
20 მარტი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: -- „-------“ (ს/ნ -------)
მოპასუხე: ვალის მართვის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 14.03.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება -- „-------“ 4.03.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24865/2/2025).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 4.06.2024 წლის №13157 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. ვალის მართვის დეპარტამენტის 20.09.2024 წლის №------- წერილი;
2. შემოსავლების სამსახურის 12.02.2025 წლის №2422 ბრძანება.
სადავო თანხა: 71 961.67 ლარი
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
29.09.2023 წელს №------- განცხადებით კომპანიის ლიკვიდატორმა მიმართა ვალის მართვის დეპარტამენტს, საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის“ 66-ე მუხლის საფუძვლით, საგადასახადო დავალიანების ჩამოწერაზე.
ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ განხილული იქნა წარდგენილი განცხადება თანდართული დოკუმენტაციითა და შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები, რასთან დაკავშირებითაც განმცხადებელს 16.10.2023 წლის №------- წერილით ეცნობა შემდეგი:
ა) საგადასახადო დავალიანების შესახებ ინფორმაცია - არ არის წარდგენილი.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის და მომსახურების დეპარტამენტის 10.10.2023 წლის №------- წერილის მიხედვით კომპანიის პირადი აღრიცხვის ბარათზე 9.10.2023 წლის მდგომარეობით რიცხული დავალიანება 41 773.58 ლარი შედგება: 15.06.2017 წლის სავადო თარიღით დარიცხული დღგ-ის 102 234.00 ლარის ნაწილობრივ გადახდისა და 17.12.2018 წლის სავადო თარიღით დარიცხული დღგ-ის 82.37 ლარის გადაუხდელობით, ასევე 27.06.2023 წლის ვადით დამატებით დარიცხული და გადაუხდელი ჯარიმის - 100 ლარის და გადაუხდელ დავალიანებაზე დარიცხული საურავისგან 30 088.09 ლარისგან (9.10.2023 წლის მდგომარეობით).
ბ) ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან - წარდგენილია 26.04.2023 წლის თარიღით მომზადებული №------- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომლის მიხედვით კომპანია რეგისტრირებულია 11.07.2016 წლიდან. წარდგენილ ამონაწერში აღნიშნულია, რომ კომპანიის სტატუსი არის დაშლილი საზოგადოება (მიმდინარეობს ლიკვიდაციის პროცესი). აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლით და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული წესით დაშლილი საზოგადოების (მიმდინარეობს ლიკვიდაციის პროცესი) სტატუსის მქონე გადასახადის გადამხდელის მიმართ რიცხული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის საკითხის განხილვა გათვალისწინებული არ არის.
გ) ამონაწერი მარეგისტრირებელი ორგანოებიდან პირის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ - წარდგენილია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 7.06.2023 წლის №------- წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული პროგრამის მონაცემებით კომპანიის საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის. ამავე წერილში ასევე აღნიშნულია, რომ საჯარო რეესტრის წარმოების წესი არ იძლევა პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის სრულყოფილად ძებნის საშუალებას მხოლოდ ამ პირის სახელის/სახელწოდების მიხედვით. ამის გამო, სასურველია წარდგენილ იქნეს უძრავი ნივთის სავარაუდო მისამართის ან საკადასტრო კოდის შესახებ ინფორმაცია ან/და უძრავი ნივთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის ელექტრონული ვერსია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 7.06.2023 წლის №------- წერილით ვერ დგინდება კომპანიის საკუთრების უფლების უძრავ ნივთზე რეგისტრაციის საკითხი. ასევე, წარდგენილია სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ცნობა სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელის სახელზე სატრანსპორტო საშუალებები რეგისტრირებული არ არის.
დ) პირის მიმართ გატარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია - 4.04.2017 წლის №081-5474 შეტყობინების საფუძველზე კომპანიის ქონების მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის შესაბამისად გავრცელებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება. ამასთან, 15.05.2017 წელს კომპანიის მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე გამოიცა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ №081- 453 ბრძანება და მასში შეტანილი 1.06.2017 წლის №081-453/1 ცვლილების ბრძანების საფუძველზე 1.06.2017 წელს შედგენილია ქონებაზე ყადაღის დადების აქტი, რომლის მიხედვით დაყადაღებულია 1 ცალი პრინტერი „ეფსონ L 1300“. 2.06.2020 წელს საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად კომპანიის საბანკო ანგარიშებზე წარდგენილია კორექტირებული საინკასო დავალებები.
ე) სხვა მტკიცებულებები, რითაც დასტურდება, რომ პირს არ გააჩნია ქონება და აქტივები - არ არის წარდგენილი სხვა მტკიცებულებები, რითაც დადასტურდებოდა, რომ კომპანიას არ გააჩნია ქონება და აქტივები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს ხსენებული წერილით ეცნობა, რომ ვალის მართვის დეპარტამენტი მოკლებულია შესაძლებლობას განიხილოს კომპანიის მიმართ რიცხული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის საკითხი.
ვალის მართვის დეპარტამენტის 16.10.2023 წლის №------- წერილი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 8.01.2024 წლის №49 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 28.03.2024 წლის №22047/2/2024 (რეგ. 16.05.2024წ. 03/37644) გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 8.01.2024 წლის №49 ბრძანება, საჩივარი დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
დაბრუნებული საჩივარი განიხილა შემოსავლების სამსახურმა, რომლის 4.06.2024 წლის №13157 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ვალის მართვის დეპარტამენტს დაევალა, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის“ 66-ე მუხლის საფუძვლით საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა, დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 4.06.2024 წლის №13157 ბრძანების აღსრულებაზე მომჩივანს გაეგზავნა ვალის მართვის დეპარტამენტის 20.09.2024 წლის №------- წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ:
„19.06.2024 წლის №21-17/47278 წერილით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოდან გამოთხოვილია ინფორმაცია კომპანიის ქონების უფლებრივი მდგომარეობის შესახებ. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 21.06.2024 წლის №134726 წერილით დგინდება, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული პროგრამის მონაცემებზე დაყრდნობით არსებული მდგომარეობით კომპანიის საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის/არ ყოფილა. ამასთან, უძრავ ნივთზე მოსარგებლედ (მოიჯარედ, დამქირავებლად, მონათხოვრედ და ა.შ) და იპოთეკარად რეგისტრირებული არ არის. ამასთანავე, წერილში აღნიშნულია, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში არსებული მონაცემები არ იძლევა პირის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ნივთის სრულყოფილად ძებნის საშუალებას მხოლოდ ამ პირის სახელის/სახელწოდების მიხედვით. ამის გამო, სასურველია წარდგენილ იქნეს უძრავი ნივთის სავარაუდო მისამართის ან საკადასტრო კოდის შესახებ ინფორმაცია, ან/და უძრავი ნივთის საკადასტრო დაგეგმვითი/აზომვითი ნახაზის ელექტრონული ვერსია.
გარდა ზემოაღნიშნულისა, ვალის მართვის დეპარტამენტის 4.07.2024 წლის №21-17/51297 წერილით კომპანიისგან გამოთხოვილია შემდეგი სახის ინფორმაცია:
1. ირიცხება თუ არა პირის საკუთრებაში რაიმე სახის ქონება (უძრავ/მოძრავი, ასევე წილი სხვა საწარმოში) და თუ ირიცხება მათი დაწვრილებითი დახასიათება;
2. იმ ქონების შესახებ, რომელიც ზემოაღნიშნულმა პირმა გაყიდა ან რაიმე გზით გადასცა სხვა მფლობელს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების გაუქმების გარეშე და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება კვლავ გავრცელდა ამ ქონებაზე მისი ახალი მფლობელის მიმართ;
3. აქვს თუ არა პირს სარგებლობაში (იჯარით, ქირით, თხოვებით და სხვა) სხვა პირის ქონება.
საპასუხოდ, გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის მიერ, წარმოდგენილი 2.08.2024 წლის (რეგ. №129917/21-17) წერილიდან ირკვევა, რომ კომპანიას საკუთრებაში არ გააჩნია უძრავ/მოძრავი ქონება, ასევე არც ინტელექტუალური საკუთრება. ამასთან იმ ქონებებთან დაკავშირებით, რომელზეც შესაძლებელია გადამხდელის მიერ გასხვისებული ყოფილიყო საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების გაუქმების გარეშე ან/და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება კვლავ გავრცელდა ახალ მფლობელზე, ასეთი სახის ქონებაზე ინფორმაცია ლიკვიდატორისათვის უცნობია, ისევე, როგორც სხვა პირის ქონების სარგებლობის (იჯარა, თხოვების და ა.შ) შესახებ. ხოლო რაც შეეხება საკადასტრო რუკების და ტექნიკური აღრიცხვის სამსახურში არსებული საინვენტარიზაციო გეგმის ასლების და სხვათა შესახებ ინფორმაციას/დოკუმენტაცია, ქონების არარსებობიდან გამომდინარე ვერ იქნება წარმოდგენილი.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის“ 66-ე მუხლის პირველი პუნქტზე, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, 67- ე უხლის მე-5 პუნქტზე და ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით ვალის მართვის დეპარტამენტს მიაჩნია, რომ არ არსებობს კომპანიისთვის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის საფუძველი. ამასთან, უდავოა რომ კანონმდებლობით მოწესრიგებულია საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის წესი და საფუძვლები. თუმცა აღნიშნული მუხლით განსაზღვრულია არა საგადასახადო ორგანოს უპირობო ვალდებულება საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის თაობაზე, არამედ იგი უნდა ეფუძნებოდეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის შედეგად დადგენილ ფაქტებს, როგორც კანონიერების, ისე საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის მიზანშეწონილობის შესწავლის შედეგებზე და მხოლოდ ამის საფუძველზე იქნეს მიღებული გადაწყვეტილება.
მოცემულ შემთხვევაში საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის მიზნებისთვის უნდა დადგენილიყო საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის კონკრეტული საფუძვლის არსებობა, რომ გადასახადის გადამხდელს არ აქვს ქონება ან/და აქტივები. აღნიშნულის გადამოწმების მიზნით ადმინისტრაციული ორგანოებისაგან კვლავ იქნა გამოთხოვილი ინფორმაცია ქონების თაობაზე. აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე, ცალსახად და უტყუარად ვერც ამჯერად დასტურდება ის ფაქტი, რომ გადასახადის გადამხდელს არ აქვს ქონება ან/და აქტივები, ვინაიდან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წერილებით საწარმოს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე სრულყოფილი ინფორმაციის წარმოდგენა არ დასტურდება. ასევე უცნობია, გააჩნია თუ არა გადასახადის გადამხდელს მოძრავი ქონება“.
აღნიშნული წერილი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 12.02.2025 წლის №2422 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს, რომ მოცემულ შემთხვევაში საგადასახადო დავალიანების ჩამოწერისთვის უნდა დადგენილიყო საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის კონკრეტული საფუძვლის არსებობა, რომ გადასახადის გადამხდელს არ აქვს ქონება ან/და აქტივები. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 4 ივნისის №13157 ბრძანების აღსრულების ფარგლებში, აღნიშნულის გადამოწმების მიზნით კვლავ იქნა ადმინისტრაციული ორგანოებისაგან გამოთხოვილი ინფორმაცია ქონების თაობაზე. აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე, ცალსახად და უტყუარად ვერც ამჯერად დადასტურდა ის ფაქტი, რომ გადასახადის გადამხდელს არ აქვს ქონება ან/და აქტივები, ვინაიდან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წერილებით საწარმოს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე სრულყოფილი ინფორმაციის წარმოდგენა არ დასტურდება. ასევე უცნობია, გააჩნია თუ არა გადასახადის გადამხდელს მოძრავი ქონება.
აღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 4.06.2024 წლის №13157 ბრძანების აღსრულების მიზნით და გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების შინაარსს. ამდენად, ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სრულყოფილად განხორციელდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურმა უკვე მესამედ არ გაითვალისწინა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 16.05.2024 წლის გადაწყვეტილება, რითაც საჩივარი უკან დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. ფაქტია, რომ არც ვალის მართვის დეპარტამენტს და არც შემოსავლების სამსახურს დამატებითი კვლევა არ ჩაუტარებია და ისევ დაეყრდნენ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 7.06.2023 წლის №------- წერილში მითითებულ გარემოებას, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში არსებული მონაცემები არ იძლევა პირის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ნივთის სრულყოფილად ძებნის საშუალებას. მხოლოდ საჯარო რეესტრის წერილზე დაყრდნობა არ უნდა ყოფილიყო საკმარისი ქონების მოძიებასთან დაკავშირებული გარემოებების სრულყოფილად შესასწავლად, მით უმეტეს, რომ საბჭოც მიუთითებდა საქმის იმ გარემოებაზე, რომ სადავო იყო სწორედ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, მათ შორის ქონების არსებობასთან დაკავშირებული გარემოება.
საქმის სწორად გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანოებისათვის საკმარისი არ უნდა ყოფილიყო იმაზე მითითება, რომ საჯარო რეესტრში ქონებების აღრიცხვასთან დაკავშირებით შესაძლო უზუსტობის გარკვეული ალბათობა არსებობს 1.01.2010 წლამდე წარმოებულ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრის ელექტრონულ მონაცემებში. შესაბამისად, მნიშვნელოვან გარემოებად ის კი არ უნდა მიჩნეულიყო, რომ ფილიალი რეგისტრირებულია 11.07.2016 წელს, არამედ იმაზე, ლიკვიდაციის პერიოდისათვის გააჩნდა თუ არა ფილიალს რაიმე ქონება. სამწუხაროდ, ფილიალის ლიკვიდაცია ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი იმ მიზეზით, რომ ადმინისტრაციული ორგანოები, მათ ხელთ არსებული ადმინისტრაციული რესურსისა და ინფორმაციაზე მაქსიმალურად წვდომის პირობებში ვერ ადგენენ ერთადერთ გარემოებას: გააჩნია თუ არა ფილიალს დაშლის მომენტისათვის რაიმე ქონება.
მისი როგორც ფილიალის ლიკვიდატორია მოთხოვნა ეფუძნება ორ ნორმატიულ აქტს - საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლის პირველ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტს და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებულ წესს.
მიუხედავად აღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებებისა, შემოსავლების სამსახურმა საჩივარი არ დააკმაყოფილა, რაც უკანონოა და უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს კანონმდებლობა ცალსახად აწესრიგებს მოცემულ სადავო ურთიერთობებს, კერძოდ საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლის პირველ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებულ წესს 66-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით საგადასახადო დავალიანება ჩამოიწერება აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ დადგენილია რომ პირს არ გააჩნია ქონება ან/და აქტივები.
მომჩივნის სამართლებრივი ფორმაა უცხოური საწარმოს ფილიალი, რომელიც რეგისტრირებულია ქართული სამართლის მიხედვით და გააჩნია შესაბამისი საიდენტიფიკაციო კოდი -------. საგადასახადო კოდექსის 30-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად იგი წარმოადგენს ორგანიზაციას, რომელიც საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-18 ნაწილის მიხედვით მიიჩნევა ასევე „პირად“. შესაბამისად, უცხოური საწარმოს ფილიალს, როგორც ორგანიზაციას და როგორც საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ პირს შეიძლება ჩამოეწეროს საგადასახადო დავალიანება. საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის ერთადერთი წინაპირობაა, რომ მას არ უნდა გააჩნდეს აქტივები/ქონება.
აღსანიშნია, რომ როგორც ლიკვიდატორს, შემოსავლების სამსახურში წარდგენილი ჰქონდა კანონით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი, რაც ადასტურებდა ფილიალის მიერ ქონებების არარსებობას, კერძოდ:
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 7.06.2023 წლის პასუხი (დოკუმენტი №-------) საიდანაც ირკვევა, რომ ფილიალი საქართველოში არ ფლობს რაიმე სახის უძრავ ქონებას და იგი არ არის რეგისტრირებული რომელიმე კომპანიის მეწილად ან პატრონად. ამდენად, საჯარო რეესტრმა ფილიალის საიდენტიფიკაციო კოდით და მისი სახელწოდებით ადვილად დაადგინა მისი, არც უძრავი ქონებისა და არც წილებსა თუ აქციებზე, საკუთრების უფლება.
2. შსს მომსახურების სააგენტოს 29.05.2023 წლის ცნობა №-------, საიდანაც ირკვევა, რომ ფილიალი საქართველოში არ ფლობს რაიმე სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებას.
3. სს თიბისი ბანკის 23.05.2023 წლის საბანკო ამონაწერები. მხოლოდ აღნიშნულ ბანკში ჰქონდა ფილიალს გახსნილი ანგარიში, საიდანაც ირკვევა, რომ ფილიალს ანგარიშზე თანხა არ გააჩნია. ბანკების შესახებ ინფორმაცია ცნობილი გახდა სწორედ შემოსავლების სამსახურის 11.05.2023 წლის №------- წერილიდან.
4. ვალის მართვის დეპარტამენტმა ფინანსთა სამინისტროს დავალებით თავადაც გამოითხოვა ინფორმაცია კომპანიის ქონების შესახებ და სწორედ სადავო აქტში აქვს მითითებული, რომ ქონება არ გააჩნია.
ამდენად, ზემოთ მითითებული დოკუმენტებით ცალსახად დასტურდებოდა, რომ ფილიალს, როგორც ორგანიზაციას და როგორც საგადასახადო სუბიექტს (პირს) საქართველოში არ გააჩნდა არანაირი მოძრავი თუ უძრავი ქონება, მათ შორის არც არამატერიალური ქონებრივი სიკეთეები.
შესაბამისად, შემოსავლების სამსახურს უნდა გაეთვალისწინებინა ეს გარემოება და უნდა ჩამოეწერა ფილიალისთვის საგადასახადო დავალიანება. აღსანიშნია, ის გარემოებაც, რომ შემოსავლების სამსახურის უარი დაფუძნებულია იმავე არგუმენტებზე, რომელი არგუმენტებითაც აქამდე იღებდა უარს ყველა სახელმწიფო ორგანოდან. კერძოდ, შემოსავლების სამსახურის ყურადღებას ამახვილებს, რომ მოცემულ შემთხვევაში საგადასახადო დავალიანების ჩამოწერისთვის უნდა დადგენილიყო საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის კონკრეტული საფუძვლის არსებობა, რომ გადასახადის გადამხდელს არ აქვს ქონება ან/და აქტივები. აღსრულების ფარგლებში აღნიშნულის გადამოწმების მიზნით კვლავ იქნა ადმინისტრაციული ორგანოებისგან გამოთხოვილი ინფორმაცია ქონების თაობაზე. გაურკვეველია რატომ და როგორ უჭირს საჯარო ორგანოს იმის დადგენა, სუბიექტს გააჩნია თუ არა ქონება, მით უმეტეს იმ პირობებში, რომ იგი ფლობს უზარმაზარ ადმინისტრაციულ რესურსს და ასევე, გააჩნია სრული წვდომა სახელმწიფო ბაზაში არსებულ მონაცემებთან. გასათვალისწინებელია, რომ კომპანიის ქონებების შესახებ ინფორმაციის მოძიება მოხდა არა მხოლოდ სახელწოდებით, არამედ მისი საიდენტიფიკაციო კოდითაც. შესაბამისად, თუკი კომპანიას რაიმე ქონება ექნებოდა აუცილებლად მოიძებნებოდა იგი საჯარო რეესტრში, გარდა ამისა, როგორც კომპანიის ლიკვიდატორმა, როგორ უკვე აღნიშნა მიაწოდა ინფორმაცია ქონებების არარსებობის შესახებ. ამასთან, გაუგებარია, როგორ უნდა მოიძებნოს ქონება საიდენტიფიკაციო კოდით (რასაც საჯარო რეესტრი უთითებს), თუკი კომპანიას არ გააჩნია ქონება. ასევე გასათვალისწინებელია, ის ფაქტიც, რომ კომპანია იმყოფება ლიკვიდაციის რეჟიმში (სწორედ ქონებების არარსებობის გამო) და სწორედ ამ მიზნით უნდა ჩამოაწეროს დავალიანება, რადგან იგი ვერ ასრულებს მის ფინანსური ვალდებულებებს ქონების არ არსებობის გამო, რაც მისი გაუქმების (ლიკვიდაციის) საფუძველია. ამდენად:
1. ფილიალის საგადასახადო დავალიანება მისთვის, როგორც ლიკვიდატორისთვის ცნობილი გახდა შემოსავლების სამსახურის 11.05.2023 წლის №------- წერილით, სადაც შემოსავლების სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ფილიალს ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება (დღგ) 71 861,76 ლარის ოდენობით.
საგადასახადო დავალიანების დეტალური ინფორმაცია წარდგენილია აგრეთვე, სსიპ შემოსავლების სამსახურის 22.05.2023 წლის №21-11/41679 წერილით. გარდა ამისა, მოგების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციის დაგვიანებით წარდგენის გამო, შემოსავლების სამსახურმა ფილიალს დაარიცხა სანქციის სახით 100 ლარი ამდენად, ფილიალის მთლიანი დავალიანება დღეის მდგომარეობით შეადგენს 71 961.67 ლარს. 2. რაც შეეხება ამონაწერს სამეწარმეო რეესტრიდან, იგი შემოსავლების სამსახურს წარედგინა დადგენილი წესით, როგორც ლიკვიდაციის პროცესში, ასევე 27.09.2023 წლის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერასთან დაკავშირებულ განცხადებასთან ერთად.
3. რაც შეეხება საგადასახადო ორგანოს ან/და აუდიტის დასკვნა პირის ქონების ღირებულების შესახებ, ქონების ღირებულების შეფასებას აზრი აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ საგადასახადო დავალიანების მქონე პირს გააჩნია ქონება. ამდენად, ასეთი დასკვნის საჭიროება ფილიალის ლიკვიდაციის პროცესში არ არსებობდა.
4. რაც შეეხება ამონაწერს მარეგისტრირებელი ორგანოებიდან პირის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, ასეთი ამონაწერები არ არსებობს, ვინაიდან ფილიალს არ გააჩნია ქონება მარეგისტრირებელ უწყებებში. სამაგიეროდ წარდგენილი აქვს შესაბამისი ცნობა საჯარო რეესტრიდან და შსს მომსახურების სააგენტოდან, რომლითაც დგინდება ფილიალის ქონების არარსებობა.
5. პირის მიმართ გატარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია (ყადაღა, საგადასახადო იპოთეკა/გირავნობა, საინკასო დავალება) მისთვის, როგორც ლიკვიდატორისთვის ცნობილი გახდა ვალის მართვის დეპარტამენტის 13.10.2023 წლის №21-17/80573 წერილით, რომლითაც გაირკვა, რომ ფილიალის მიმართ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები გატარდა ჯერ კიდევ 2017 წელს, შესაბამისად, ამის შესახებ ინფორმაცია სრულად გააჩნდა შემოსავლების სამსახურს.
6. რაც შეეხება სხვა მტკიცებულებებს, რითაც დასტურდება რომ პირს გააჩნია ქონება და აქტივები, ასეთი მტკიცებულებები არ არსებობს.
ამდენად, შემოსავლების სამსახურს გააჩნდა საკმარისი მტკიცებულებები, რათა განეხილა ფილიალის მიმართ რიცხული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის საკითხი (რაც დაავალა კიდეც ფინანსთა სამინისტრომ). შესაბამისად, მას ფილიალი უნდა მიეჩნია ქონების არმქონე პირად და გაეცა დადებითი დასკვნა საგადასახადო დავალიანების ჩამოსაწერად.
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა იყოს გამოკვლეული და დასაბუთებული. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის, 96-ე მუხლის, 97-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელოვანი ყველა გარემოება და მხოლოდ მას შემდეგ მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.
შემოსავლების სამსახურს წარედგინა ყველა საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რათა განეხილათ ფილიალისთვის დავალიანების ჩამოწერის საკითხი და გაეცათ დადებითი დასკვნა. მაგრამ თუ მაინც დავუშვებთ, რომ რაიმე დოკუმენტის წარდგენა არ მომხდარა, შემოსავლების სამსახურს შეეძლო და ვალდებულიც იყო მოეძია ყველა საჭირო დოკუმენტი, შესაბამისად გამოეკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და ამ მიზნით განეხორციელებინა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება.
ადმინისტრაციული ორგანოს დასაბუთებაში აუცილებელია აღინიშნოს შეხედულებები, მოსაზრებები და გარემოებები, რომლებსაც იგი დაეყრდნო გადაწყვეტილების მიღების დროს. გადაწყვეტილებიდან უნდა ირკვეოდეს, თუ როგორ შეაფასა ადმინისტრაციულმა ორგანომ ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, დასაბუთება უნდა იყოს დეტალური. მოცემულ შემთხვევაში ზემოაღნიშნული გარემოებები არაა სახეზე. შემოსავლების სამსახურის მიერ რაიმე დამატებითი გარემოებების კვლევა თუ მტკიცებულებათა შეფასება არ დგინდება და მან ასევე უარი განაცხადა დავალიანების ჩამოწერაზე იმ საფუძვლით, რომ უტყუარად არ დგინდება ქონების არ არსებობა, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება და დაევალოს ვალის მართვის დეპარტამენტს/შემოსავლების სამსახურს ჩამოწეროს კომპანიის საგადასახადო დავალიანება, რომელიც შეადგენს 71 961.67 ლარს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის 4.06.2024 წლის №13157 ბრძანებით ვალის მართვის დეპარტამენტს დაევალა, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის“ 66-ე მუხლის საფუძვლით საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა.
შემოსავლების სამსახურის 4.06.2024 წლის №13157 ბრძანების აღსრულებაზე მომჩივანს გაეგზავნა ვალის მართვის დეპარტამენტის 20.09.2024 წლის №------- წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ კომპანიის ქონების უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ ინფორმაციის გამოთხოვა განხორციელდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოდან და გადასახადის გადამხდელისგან და ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის მიზნებისთვის უნდა დადგენილიყო საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის კონკრეტული საფუძვლის არსებობა, რომ გადასახადის გადამხდელს არ აქვს ქონება ან/და აქტივები და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ცალსახად და უტყუარად ვერც ამჯერად დასტურდება ის ფაქტი, რომ გადასახადის გადამხდელს არ აქვს ქონება ან/და აქტივები, ვინაიდან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წერილებით საწარმოს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე სრულყოფილი ინფორმაციის წარმოდგენა არ დასტურდება. ასევე უცნობია, გააჩნია თუ არა გადასახადის გადამხდელს მოძრავი ქონება. ამგვარად, ვალის მართვის დეპარტამენტმა მიიჩნია, რომ არ არსებობს კომპანიისთვის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის საფუძველი.
მომჩივანი მიუთითებს, რომ აღსრულების ფარგლებში გადამოწმების მიზნით კვლავ იქნა ადმინისტრაციული ორგანოებისგან გამოთხოვილი ინფორმაცია ქონების თაობაზე. გაურკვეველია რატომ და როგორ უჭირს საჯარო ორგანოს იმის დადგენა, სუბიექტს გააჩნია თუ არა ქონება, მით უმეტეს იმ პირობებში, რომ იგი ფლობს უზარმაზარ ადმინისტრაციულ რესურსს და ასევე, გააჩნია სრული წვდომა სახელმწიფო ბაზაში არსებულ მონაცემებთან. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანოებისათვის საკმარისი არ უნდა ყოფილიყო იმაზე მითითება, რომ საჯარო რეესტრში ქონებების აღრიცხვასთან დაკავშირებით შესაძლო უზუსტობის გარკვეული ალბათობა არსებობს 1.01.2010 წლამდე წარმოებულ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრის ელექტრონულ მონაცემებში. შესაბამისად, მნიშვნელოვან გარემოებად ის კი არ უნდა მიჩნეულიყო, რომ ფილიალი რეგისტრირებულია 11.07.2016 წელს, არამედ იმაზე, ლიკვიდაციის პერიოდისათვის გააჩნდა თუ არა ფილიალს რაიმე ქონება. გასათვალისწინებელია, რომ კომპანიის ქონებების შესახებ ინფორმაციის მოძიება მოხდა არა მხოლოდ სახელწოდებით, არამედ მისი საიდენტიფიკაციო კოდითაც. შესაბამისად, თუკი კომპანიას რაიმე ქონება ექნებოდა აუცილებლად მოიძებნებოდა იგი საჯარო რეესტრში, გარდა ამისა, როგორც კომპანიის ლიკვიდატორმა, როგორ უკვე აღნიშნა მიაწოდა ინფორმაცია ქონებების არარსებობის შესახებ. ამასთან, გაუგებარია, როგორ უნდა მოიძებნოს ქონება საიდენტიფიკაციო კოდით (რასაც საჯარო რეესტრი უთითებს), თუკი კომპანიას არ გააჩნია ქონება. ასევე გასათვალისწინებელია, ის ფაქტიც, რომ კომპანია იმყოფება ლიკვიდაციის რეჟიმში (სწორედ ქონებების არარსებობის გამო) და სწორედ ამ მიზნით უნდა ჩამოაწეროს დავალიანება, რადგან იგი ვერ ასრულებს მის ფინანსური ვალდებულებებს ქონების არ არსებობის გამო, რაც მისი გაუქმების (ლიკვიდაციის) საფუძველია. ამდენად, შემოსავლების სამსახურს გააჩნდა საკმარისი მტკიცებულებები, რათა განეხილა ფილიალის მიმართ რიცხული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის საკითხი (რაც დაავალა კიდეც ფინანსთა სამინისტრომ). შესაბამისად, მას ფილიალი უნდა მიეჩნია ქონების არმქონე პირად და გაეცა დადებითი დასკვნა საგადასახადო დავალიანების ჩამოსაწერად.
ზემოთ აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭო მიუთითებს, იმ ფაქტზე რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წერილებით გადასახადის გადამხდელის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე სრულყოფილი ინფორმაციის წარმოდგენა არ დასტურდება.
საბჭო ასევე აღნიშნავს, რომ ფილიალი არ წარმოადგენს იურიდიულ პირს. ფილიალი განცალკევებული ტერიტორიული ქვედანაყოფია, რომლიც ძირითადი საწარმოსაგან ტერიტორიულად დაშორებულია, მას შესაძლოა გააჩნდეს ორგანიზაციული და ეკონომიკური დამოუკიდებლობა, თუმცა, იგი სამართლებრივად დამოკიდებულია ძირითად საწარმოზე. აღნიშნული სამართლებრივი მდგომარეობა არ იცვლება მაშინაც, როდესაც სამართალურთიერთობაში მონაწილე სუბიექტი უცხოური საწარმოს ფილიალია. უცხოური საწარმოს ფილიალის რეგისტრაცია არ ემსახურება სამეწარმეო სამართლებრივ კონტექსტში მის ცალკე სამეწარმეო სუბიექტად განხილვის მიზანს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის მიზნებისათვის, ცალსახად უნდა დგინდებოდეს, რომ გადასახადის გადამხდელს, მათ შორის იმ პირს, რომლის ფილიალსაც წარმოადგენს საქართველოში რეგისტრაციის მქონე უცხოური საწარმოს ფილიალი, არ უნდა ქონდეს ქონება ან/და აქტივები.
ამგვარად, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
შემოსავლების სამსახურის 4.06.2024 წლის №13157 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
კომპანიის ლიკვიდატორმა მიმართა ვალის მართვის დეპარტამენტს, საგადასახადო დავალიანების ჩამოწერაზე.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს, რომ მოცემულ შემთხვევაში საგადასახადო დავალიანების ჩამოწერისთვის უნდა დადგენილიყო საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის კონკრეტული საფუძვლის არსებობა, რომ გადასახადის გადამხდელს არ აქვს ქონება ან/და აქტივები. აღნიშნულის გადამოწმების მიზნით კვლავ იქნა ადმინისტრაციული ორგანოებისაგან გამოთხოვილი ინფორმაცია ქონების თაობაზე. აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე, ცალსახად და უტყუარად ვერც ამჯერად დადასტურდა ის ფაქტი, რომ გადასახადის გადამხდელს არ აქვს ქონება ან/და აქტივები, ვინაიდან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წერილებით საწარმოს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე სრულყოფილი ინფორმაციის წარმოდგენა არ დასტურდება. ასევე უცნობია, გააჩნია თუ არა გადასახადის გადამხდელს მოძრავი ქონება.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 252(1-ა)