თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში შეტანილი საქონლის რეალიზაცია N 2664
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში შეტანილი საქონლის რეალიზაცია N 2664
ფაქტობრივი გარემოებები
· თიზ-ში რეგისტრირებული საწარმო ახორციელებს საქონლის შეძენას საქართველოს ფარგლებს გარეთ, ასაწყობებს შეძენილ საქონელს თიზ-ის ტერიტორიაზე და შემდეგ ახდენს ამ საქონლის რეალიზაციას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საქართველოს ფარგლებს გარეთ
· თიზ-ის საწარმო მოგებას იღებს მხოლოდ აღნიშნული საქმიანობიდან, ამ საქმიანობას თვლის თიზ-ის საწარმოს მიერ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ნებადართულ საქმიანობად და მიღებული მოგების განაწილებაზე სარგებლობს მოგების გადასახადში საგადასახადო შეღავათით
შეფასება
· "თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თავისუფალი ინდუსტრიული ზონა არის საქართველოს ტერიტორიის ნაწილი განსაზღვრული საზღვრებითა და კანონით მინიჭებული სპეციალური სტატუსით. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში დასაშვებია ნებისმიერი საქონლის წარმოება, გადამუშავება ან მომსახურების გაწევა, გარდა ამ კანონის მე-12 მუხლით განსაზღვრული საქმიანობისა. სსკ-ის 25-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით, თიზ-ის საწარმოს ეკრძალება: - საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული პირისაგან (გარდა თიზ-ის საწარმოსი) მომსახურების შეძენა (გარდა ამავე პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა); - საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული პირისათვის (გარდა თიზ-ის საწარმოსი) მომსახურების გაწევა. სსკ-ის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოგების გადასახადისაგან თავისუფლდება თიზის საწარმოს მიერ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ნებადართული საქმიანობიდან მიღებული მოგების განაწილება
· ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, თიზ-ის საწარმოს მიერ საქართველოს ფარგლებს გარეთ შეძენილი საქონლის, თიზ-ის ტერიტორიაზე დასაწყობება და შემდგომი რეალიზაცია ჩაითვლება თიზ-ის საწარმოს მიერ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ნებადართულ საქმიანობად, ამ საქმიანობიდან მიღებული მოგების განაწილება - თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ნებადართული საქმიანობიდან მიღებული მოგების განაწილებად და მასზე გავრცელდება სსკ-ის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტით დადგენილი შეღავათი
ღონისძიებები
· პირის ქმედებაში სამართალდარღვევა არ იკვეთება და დამატებითი საგადასახადო ვალდებულების დაკისრება არ მოხდება
სიტუაციური სახელმძღვანელო არ არეგულირებს თიზ-ის საწარმოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული პირისათვის (გარდა თიზ-ის საწარმოსი) საქონლის მიწოდების შემთხვევაში საქონლის მიწოდებით მიღებული/მისაღები შემოსავლის 4 %-ის გადახდის ვალდებულების საკითხს