გადაწყვეტილება №19942/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 15.08.2023
№ დოკუმენტი 19942/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 19942/2/2023

15 აგვისტო 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 14.07.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----------- 12.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19942/2/2023).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 23.12.2021 წლის №40381 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 6.04.2023 წლის №083-7 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 7.06.2023 წლის №12687 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 686 091,7 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 331 779

აქციზის გადასახადი - 5 913

დღგ - 3 971

მოგების გადასახადი - 313 878

საშემოსავლო გადასახადი - 8 017

ჯარიმა - 180 790

საურავი - 173 522,7

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების 30.06.2021 წლის აქტით შემოწმებულია 1.01.2018 წლიდან 1.05.2021 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 12.07.2021 წლის №083-49 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 23.12.2021 წლის №40381 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს მესამე პირების საკრედიტო ვალდებულებების რეფინანსირების და უსასყიდლო მიწოდების შედეგად განსაზღვრულ მოგების გადასახადის ნაწილში სადავო საკითხები, გამოიკვლიოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 23.12.2021 წლის №40381 ბრძანების აღსრულების შედეგად გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 22.03.2023 წლის დასკვნის მიხედვით, მესამე პირების საკრედიტო ვალდებულებების რეფინანსირების საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარდგენილი სათანადო არგუმენტები ან/და მტკიცებულებები, შესაბამისად საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას.

მოგების გადასახადით დაბეგრილი უსასყიდლოდ მიწოდების ოპერაციები განხორციელებულია საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის მე-7 ნაწილში ცვლილებამდე, შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში დამატებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას.

აუდიტის დეპარტამენტის 22.03.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 6.04.2023 წლის №083-7 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 7.06.2023 წლის №12687 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების დასკვნიდან ირკვევა, რომ შპს ---------- მიერ მესამე პირების სასარგებლოდ სესხის და მასზე დარიცხული პროცენტისთვის გადახდილი თანხის არაეკონომიკურ ხარჯად განხილვასთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს არ წარმოუდგენია სათანადო არგუმენტები ან/და მტკიცებულებები და შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დარჩა უცვლელი. ამასთან, უსასყიდლოდ მიწოდებული სმფების მოგების გადასახადით დასაბეგრ ბაზის განსაზღვრასთან დაკავშირებით მითითებულია, რომ აღნიშნული ოპერაციები განხორციელდა საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის მე-7 ნაწილში ცვლილების განხორციელებამდე. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში დამატებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურის 23.12.2021 წლის №40381 ბრძანების აღსრულებასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ ბრძანებით გადასახადის გადამხდელს არ დავალებია მტკიცებულებების დამატებით წარდგენა, გადასახადის გადამხდელმა აუდიტის დეპარტამენტში დამატებით წარადგინა როგორც შესაბამისი განმარტება (განცხადება), ისე დამატებითი მტკიცებულებები. ბრძანების აღსრულების მიზნით საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე დასკვნის შედგენისას გადამხდელმა, წარდგენილი განცხადების თანახმად, აუცილებლად მიიჩნია გათვალისწინებულიყო შპს ----------- (ს/ნ -----------) მიმართ 13.12.2016 წელს შედგენილი საგადასახადო შემოწმების აქტით (დღგ საკითხი №6) დადგენილი გარემოებები. კერძოდ, მითითებული აქტის თანახმად, შპს ---------- დაკვეთით შპს --------- (ს/ნ---------), 20.09.2014 წელს დადებული ხელშეკრულების შესაბამისად, შეასრულა გაზმომარაგების სამუშაოები ----------- (------------) მდებარე ავტოგაზგასამართ სადგურზე, რომლის მესაკუთრე საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით არის შპს ---------- (ს/ნ -----------). შესრულებულ სამუშაოებზე 2016 წლის იანვრის პერიოდით გამოწერილია ფორმა №2 და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. ამის გარდა, შპს ---------- სახელზე 2014-2015 წწ. გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებში 114 903 ლარის საქონელზე ტრანსპორტირების დასრულების ადგილად მითითებულია ქ. ------------. ამავე პერიოდში შპს -------- ---------- (ს/ნ -----------) მიერ დაფარულია შპს ----------- საბანკო კრედიტი 743 340 ლარი.

შემოწმების მიერ შპს ----------- სახელზე მითითებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით და სასაქონლო ზედნადებებით გამოწერილი და შპს ------------------------ კუთვნილ ობიექტზე (ქ. ------------) გაწეული მომსახურება და მიწოდებული საქონელი ჩაითვალა შპს ------------ მიერ მიწოდებულად და დაიბეგრა დღგ-ით. 13.12.2016 წლის საგადასახადო შემოწმების აქტით, შესაბამისად, დადგინდა, რომ შპს ---------- იყიდა მომსახურება და საქონელი, რომელიც შპს ------------- მიაწოდა. ამასთან, შპს ----------- საბანკო კრედიტი რეფინანსირების კრედიტით დაფარა შპს -----------. 30.06.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, თავის მხრივ, შპს ----------- საბანკო კრედიტი დაფარა შპს ----------- (ასევე რეფინანსირების კრედიტით). შესაბამისად, შპს ----------- სესხის დაფარვის ნაწილში შპს ----------- მიღებული მომსახურებისა და საქონლის ღირებულება. მითითებული გარემოებები, დასტურდება 13.12.2016 წლის შემოწმების აქტით, სესხის ხელშეკრულებებით, მომსახურების ხელშეკრულებით, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით და საჯარო რეესტრის ამონაწერით. აღნიშნულიდან გამომდინარე, აუდიტის დეპარტამენტს წარედგინა დამატებითი მტკიცებულებები შემოსავლების სამსახურის 23.12.2021 წლის №40381 ბრძანების საფუძველზე საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით.

მითითებული დამატებითი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ, შემოსავლების სამსახურის 23.12.2021 წლის №40381 ბრძანების შესაბამისად, შემმოწმებელსა და გადამხდელის წარმომადგენელს შორის შედგა შეხვედრა, რომელზეც განხილულ იქნა მითითებული არგუმენტაცია, რომელთან დაკავშირებითაც შემმოწმებელმა მოითხოვა უშუალოდ გადასახადის გადამხდელისაგან ყოფილიყო წარმოდგენილი შესაბამისი ახსნა-განმარტება. გადასახადის გადამხდელის მიერ როგორც ავტორიზებული ვებგვერდის, ისე ელექტრონული ფოსტის მეშვეობით წარდგენილ იქნა ახსნა-განმარტება (დანართი), რომლის თანახმად, შემოსავლების სამსახურის 23.12.2021 წლის №40381 ბრძანების აღსრულებასთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტში დამატებით წარდგენილ იქნა მტკიცებულებები შესაბამის განცხადებასთან ერთად. ამასთან, იმ ოპერაციებთან მიმართებაში, რომელთა კვალიფიკაციის საკითხის დამატებით შესწავლა დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, წარმოდგენილია დამატებითი/დაზუსტებული ახსნა-განმარტება ამ ოპერაციების მიხედვით:

1. 24.05.2019 წელს მიღებული 311 633 აშშ დოლარი (ექვივალენტი ლარში - 866 308 ლარი) კრედიტით მოხდა შპს ----------- (ს/ნ -----------) კრედიტის გადაფარვა (რეფინანსირება). თავის მხრივ, შპს ----------- მანამდე დაფარული (რეფინანსირებული) ჰქონდა შპს ----------- სესხი, რომელიც მოხმარდა შპს ----------- საკუთრებაში არსებულ ობიექტზე მშენებლობის განხორციელებას, რის გამოც შპს ----------- საგადასახადო შემოწმებით ჩაითვალა, რომ შპს ----------- მომსახურება გაუწია/საქონელი მიაწოდა შპს ----------- და ოპერაცია დაიბეგრა დღგ-ით (13.12.2016 წლის საგადასახადო შემოწმების აქტი). აქედან გამომდინარე, შპს ----------- სესხის დაფარვის მიზანი იყო შპს ----------- წინაშე წარმოშობილი დავალიანების დაფარვა და საკუთარი ქონების იპოთეკისგან გათავისუფლება (ყველა სესხი გაცემული იყო შპს ----------- არსებული გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში, რომლის უზრუნველსაყოფად იპოთეკით იყო დატვირთული შპს ----------- საკუთრება).

2. 27.11.2020 წელს მიღებული 209 000 აშშ დოლარი (ექვივალენტი ლარში - 692 563 ლარი) კრედიტით განხორციელდა შპს ----------- (ს/ნ -----------) კრედიტის გადაფარვა (რეფინანსირება). შპს ----------- სესხი გაცემული იყო შპს ----------- არსებული გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში, რომლის უზრუნველსაყოფად იპოთეკით იყო დატვირთული შპს ----------- საკუთრება. შპს ----------- იმ მიზნით, რომ მის საკუთრებაში არსებულ და იპოთეკით დატვირთულ ქონებას არ შექმნოდა საფრთხე, შპს -----------რეფინანსირების წესით უსასყიდლოდ დაუფარა საბანკო სესხი ანუ მას შესაბამისი თანხა უსასყიდლოდ გადასცა (აჩუქა).

შემოსავლების სამსახურის 23.12.2021 წლის №40381 ბრძანების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტში შედგა 22.03.2023 წლის №450/8 დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის საფუძველზე გამოცემულ იქნა 6.04.2023 წლის №7560 ბრძანება შემოწმების აქტით დამატებით დარიცხული თანხების არშემცირების შესახებ და გადასახადის გადამხდელისათვის წარდგენილ იქნა 6.04.2023 წლის №083-7 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც მხოლოდ საურავის კორექტირება განხორციელდა (კერძოდ, დარიცხული საურავი გაიზარდა 87 635 ლარიდან 173 523 ლარამდე). დასკვნის თანახმად, „გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი სათანადო არგუმენტები ან/და მტკიცებულებები, შესაბამისად, შემოწმების აქტით დამატებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას“.

აუდიტის დეპარტამენტის 22.03.2023 წლის №---------- დასკვნაზე (საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე), 6.04.2023 წ. №7560 ბრძანებაზე (შემოწმების აქტით დამატებით დარიცხული თანხების არშემცირების შესახებ) და 6.04.2023 წლის №083-7 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნაზე შემოსავლების სამსახურში გადასახადის გადამხდელის მიერ შეტანილ იქნა საჩივარი, რომელშიც ზემოაღნიშნულთან ერთად დამატებით მითითებულ იქნა შემდეგი:

შემოსავლების სამსახურის 23.12.2021 წლის №40381 ბრძანების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების დასაბუთება, როგორც ვხედავთ, მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითებით შემოიფარგლა, რომ თითქოს „გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი სათანადო არგუმენტები ან/და მტკიცებულებები“. ამ საფუძვლით აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე უარის თქმა, ცხადია, მართლზომიერია იმ შემთხვევაში, როდესაც დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილებით შემოწმების შედეგების გადაანგარიშება დამოკიდებულია გადასახადის გადამხდელის მიერ გადაანგარიშების ეტაპზე წარდგენილ არგუმენტაციაზე ან/და გაანგარიშებაზე ან/და მტკიცებულებებზე. განსახილველ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილებით გადასახადის გადამხდელს არ დავალებია დამატებითი არგუმენტაციის, გაანგარიშებისა თუ მტკიცებულებების წარდგენა, გადასახადის გადამხდელმა წარადგინა დამატებითი წერილობითი არგუმენტაცია (განცხადება) და მტკიცებულებები, შემდეგ შემმოწმებელს ზეპირი სახით გააცნო თავისი არგუმენტაცია და ბოლოს, კვლავ წარადგინა წერილობითი ახსნა-განმარტება. დასკვნაში კი შეფასებული არ არის გადასახადის გადამხდელის არცერთი არგუმენტი, განმარტება და მტკიცებულება. შესაბამისად, დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე საერთოდ არ არის დასაბუთებული და არ არის დამყარებული საქმის გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების ჯეროვან გამოკვლევა-შეფასებაზე. შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ აღსრულდა დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება.

მომჩივანი მხარე კატეგორიულად მიუთითებს, რომ 2019 წლის ოპერაცია გადამხდელის მიერ განხორციელებულია, ერთი მხრივ, თავის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული ქონების ბანკის მხრიდან იძულებითი გადახდევინებისაგან არიდების მიზნით და მეორე მხრივ, თავის საკუთრებაში არსებული ქონების გაუმჯობესებისათვის მესამე პირის მიერ გაწეული ხარჯების დასაფარავად. ორივე თვალსაზრისით, ხარჯი გაწეულია მოგების (შემოსავლის) მიღების მიზნით, ვინაიდან სწორედ მითითებული ქონება არის მისი შემოსავლების მიღების წყარო. შესაბამისად თითოეული ფაქტორი ცალკე აღებული საკმარისია იმ დასკვნის გასაკეთებლად, რომ ხარჯი დაბეგვრას არ ექვემდებარება. 2020 წლის ოპერაციაც გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებულია თავის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული ქონების ბანკის მხრიდან იძულებითი გადახდევინებისაგან არიდების მიზნით და შესაბამისად, მოგების (შემოსავლის) მიღების მიზნით. ამასთან, ოპერაცია უსასყიდლო ფინანსურ მომსახურებად რომც ჩათვლილიყო, იგი საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში განხორციელებულად ჩაითვლებოდა. ამის გარდა, მოცემული ოპერაცია არ დაიბეგრებოდა საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

აუდიტის დეპარტამენტის 22.03.2023 წლის №450/8 დასკვნაზე, 6.04.2023 წლის №7560 ბრძანებაზე და 6.04.2023 წლის №083-7 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნაზე შემოსავლების სამსახურში შეტანილი საჩივარი შემოსავლების სამსახურის 7.06.2023 წლის №12687 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის ბრძანება მთლიანად გასაჩივრებულ დასკვნას ეყრდნობა. ბრძანებაში დასკვნის ტექსტი („შპს ----------- მიერ მესამე პირების სასარგებლოდ სესხის და მასზე დარიცხული პროცენტისთვის გადახდილი თანხის არაეკონომიკურ ხარჯად განხილვასთან დაკავშირებით გადამხდელს არ წარმოუდგენია სათანადო არგუმენტები ან/და მტკიცებულებები და შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დარჩა უცვლელი“) 2-ჯერ არის გამეორებული, თუმცა არ არის მითითებული აუდიტის დეპარტამენტიდან გამოთხოვილი ინფორმაციის შესახებ ან შემმოწმებლის განმარტების შესახებ. ამის გარდა, მიუხედავად იმისა, რომ მომჩივანი სპეციალურად შუამდგომლობდა სხდომაზე მოწვევის შესახებ, საჩივარი განხილულ იქნა მისი მონაწილეობის გარეშე იმ მოტივით, რომ „საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები“.

თითქოს, შემოსავლების სამსახურმა საქმე (საჩივრისათვის დართული) მასალები ძირფესვიანად გამოიკვლია და მისთვის ამ გამოკვლევით საქმეზე ყველა ფაქტობრივი გარემოება ცხადი გახდა. თუმცა გაუგებარია, ბრძანებაში რატომ არ უთითებს შემოსავლების სამსახური იმ გარემოებებზე, რომლებიც საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რატომ არ აფასებს იმ მტკიცებულებებს, რომლებიც საჩივარს ჰქონდა დართული, რატომ არ აქარწყლებს იმ ახსნა-განმარტებასა და არგუმენტაციას, რომელიც საჩივარშია მითითებული. შესაბამისად, ბრძანებიდან აბსოლუტურად გაუგებარია, რით გააქარწყლა ჯერ აუდიტის დეპარტამენტმა და შემდეგ შემოსავლების სამსახურმა მომჩივნის მიერ წარდგენილი არგუმენტაცია, ახსნა-განმარტება და მტკიცებულებები. ცხადია, თვითმიზანი არ არის მომჩივნის მონაწილეობა საბჭოს სხდომაზე, მაგრამ სხდომაზე არმოწვევა, არგუმენტაციაზე პასუხგაუცემლობა და მტკიცებულებების შეუფასებლობა ერთობლიობაში ავლენენ შემოსავლების სამსახურის დამოკიდებულებას მოცემული გადასახადის გადამხდელისადმი.

შემოსავლების სამსახურმა, პრაქტიკულად, არა მხოლოდ უარი თქვა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევასა და გადასახადის გადამხდელის მოსმენაზე, არამედ არ განმარტა აუდიტის დეპარტამენტის მიერ გადასახადის გადამხდელისათვის თანხების დარიცხვის საფუძვლად მითითებული ნორმა - „ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება:ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება“ (საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი). ფაქტობრივად, შემოსავლების სამსახური ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტს, რომ ხარჯი, რომელსაც პირდაპირი კავშირი არ აქვს მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღებასთან, ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულ ხარჯს არ მიეკუთვნება, მაგრამ მოცემული მიდგომა სამართლებრივად დაუსაბუთებელია, ვინაიდან როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს, „ხარჯის შემოსავალთან ურთიერთკავშირის ხასიათი შესაძლოა იყოს პირდაპირი ან არაპირდაპირი, რაც თავის მხრივ გულისხმობს, რომ ხარჯის გამოქვითვისთვის აუცილებელი არ არის, იგი გამოყენებული იყოს უშუალოდ შემოსავლის გამომუშავების პროცესში“ (22.04.2021 წ. ---------).

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების 1.01.2022 წლამდე მოქმედი რედაქციით, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია:

ბ) გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის;

გ) უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.

საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება.

საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა, რომლის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება, უსასყიდლოდ მიწოდებად ითვლება.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით არ იბეგრება უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა იმ პირისთვის, რომელიც მოგების გადასახადით იბეგრება ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს:

ა) მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა;

ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

საქმის გარემოებებით დგინდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს აღებული აქვს სესხები, 24.05.2019 წელს 311 633 აშშ დოლარი (ექვივალენტი ლარში - 866 308 ლარი) და 27.11.2020 წელს 209 000 აშშ დოლარი (ექვივალენტი ლარში - 692 563 ლარი). გადასახადის გადამხდელის ახსნა-განმარტების და საბანკო ხელშეკრულებების საფუძველზე ირკვევა, რომ აღნიშნული სესხები აღებული იქნა სხვა კომპანიების (შპს ----------- (ს/ნ -----------) და შპს ----------- (ს/ნ ----------- )) სესხის გადასაფარად, რადგან აღნიშნულ კომპანიებს აღებული ჰქონდათ სესხი, რომლის უზრუნველსაყოფად ჩადებული იყო შპს ----------- ქონება. შემოწმებით საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მიხედვით აღნიშნული სესხის და მასზე დარიცხული პროცენტების გადახდა მიჩნეული იქნა ხარჯად, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება.

საბჭო მიუთითებს, რომ „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 14.07.2020 წლის №6817-რს საქართველოს კანონის პირველი მუხლის 29-ე ნაწილის ამოქმედებამდე საანგარიშო პერიოდებში მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტს წარმოადგენს საწარმოს მიერ საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა ისე, რომ ამ ოპერაციის განხორციელებისას საწარმოს მიზანს არ წარმოადგენს მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება. ამრიგად, განსახილველ დაბეგვრის ობიექტს წარმოშობს საწარმოს მიერ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ნებისმიერი სხვა მიზნით, გარდა აღნიშნულისა, მათ შორის, როდესაც საწარმოს თავიდანვე განზრახული აქვს ოპერაციის განხორციელება კომპენსაციის გარეშე და არ იკვეთება ამ ოპერაციის კავშირი საწარმოს მიერ მომავალში მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღების შესაძლებლობის წარმოშობასთან.

ამდენად, იმ პირობებში, როდესაც განხორციელებულია კომპანიის მიერ სესხის გადაფარვა ეკონომიკური საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე, რომელიც ემსახურება ერთიანი ბიზნეს ჯგუფის განვითარებას მომავალში ჯგუფში შემავალი თითოეული კომპანიის მისაღები შემოსავლისა და მოგების ზრდას, საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის მიზნებისთვის კომპანიის მიერ სესხის გადაფარვა არ ჩაითვლება არაეკონომიკურ ხარჯად და, შესაბამისად, კომპანიისთვის არ წარმოშობს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტს.

„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 14.07.2020 წლის №6817-რს საქართველოს კანონის პირველი მუხლის 29-ე ნაწილის ამოქმედებიდან საანგარიშო პერიოდებში, ზემოთ აღნიშნული პირობების და საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით მაშინ, როდესაც კომპანიები მოგების გადასახადით იბეგრებიან საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით, კომპანიის მიერ სესხის გადაფარვა არ წარმოშობს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტს.

საბჭო მიუთითებს მხარეთა არგუმენტაციაზე, საქმის გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის 23.12.2021 წლის №40381 ბრძანების აღსრულების საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 7.06.2023 წლის №12687 ბრძანება;

3. საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 23.12.2021 წლის №40381 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს აღებული აქვს სესხები.ირკვევა, რომ აღნიშნული სესხები აღებული იქნა სხვა კომპანიების სესხის გადასაფარად,რადგან აღნიშნულ კომპანიებს აღებული ჰქონდათ სესხი, რომლის უზრუნველსაყოფად ჩადებული იყო მომჩივანის ქონება.აღნიშნული სესხის და მასზე დარიცხული პროცენტების გადახდა მიჩნეული იქნა ხარჯად, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;97(1);982(1);983(1);73(9);97(9);