ბრძანება N 21634

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 08.10.2025
№ დოკუმენტი 21634
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 21634

08 ოქტომბერი 2025

ბრძანება

შპს „--------“-ის (ს/ნ „--------“)

(მის.: „--------“)

2025 წლის 29 ივლისის და 26 აგვისტოს საჩივრების

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 27 აგვისტოს და 18 სექტემბრის სხდომებზე (ოქმი №71 და №78) განიხილა შპს „--------“-ის (ს/ნ „--------“) 2025 წლის 29 ივლისის №119856/21-14 და 26 აგვისტოს №134778/21-14 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 30 ივნისის №006-203 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1.გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ფიზიკურ პირებზე გადარიცხული თანხების მოგების გადასახადით დაბეგვრას. მიუთითებს, რომ გადარიცხული თანხები შესაბამისობაშია შესყიდვის აქტებთან, რომელიც შედგენილ იქნა კომპანიის დირექტორსა და მომწოდებელ ფიზიკურ პირებს შორის. აღნიშნული ფიზიკური პირებიდან შესყიდულ იქნა მეორადი ტექნიკის სარემონტოდ სათადარიგო ნაწილები შესყიდვის აქტების გაფორმებით. შესაბამისად, მიიჩნევს, რომ დარიცხული თანხები ექვემდებარება გაუქმებას.

2.გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ფულის ნაშთის ნაწილში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ დარღვევები განპირობებული იყო არაკვალიფიციური მართვით. კერძოდ, ხარჯების სათანადოდ ვერ აღრიცხვით, რამაც ფულადი დანაკლისი განაპირობა. საწარმოს საქმიანობიდან გამომდინარე ხდებოდა მეორადი და ხშირ შემთხვევაში დაზიანებული ტექნიკის შემოტანა, აღნიშნული ტექნიკა შემდგომი რეალიზაციისთვის საჭიროებდა შეკეთებას, რისთვისაც კომპანიის დირექტორის მიერ დაქირავებულ იქნა ხელოსნები-შემკეთებლები. გადამხდელი აცხადებს, რომ საჩივარს თან ერთვის შესყიდვის აქტები, რომლებიც ადასტურებენ შპს „--------“-ის მიერ ფიზიკური და იურიდიული პირებისგან საჭირო ტექნიკის შესყიდვის ფაქტს.

3.შემოწმების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით დაჯარიმებასთან დაკაშირებით, გადამხდელი მიუთითებს ამერიკელი გამყიდველებისგან ნივთების რაოდენობრივი კლების შემთხვევაზე. მაგალითად, შეკვეთილი 50 ლეპტოპიდან ჩამოდის 48, მსგავსი შემთხვევები, თუნდაც მცირე ოდენობით პირდაპირპროპორციულად აისახება კომპანიის წლიურ ბრუნვაზე. აღნიშნული ამანათები საქართველოში მოზიდულია ფორვარდინგ კომპანიების მეშვეობით, რის გამოც დამკარგავ მხარეზე პასუხისმგებლობის დაკისრება გართულებულია. უცხოელ მომწოდებელთა (სელერების) პოზიცია ძირითადად იმაში გამოიხატება, რომ პასუხისმგებლობა ეკისრება ფორვარდინგ კომპანიებს, ხოლო ფორვარდინგ კომპანიები პასუხისმგებლობას სელერებს აკისრებენ. გარდა ამისა, აღსანიშნავია ამანათების დაკარგვის შემთხვევებიც, როდესაც საქონელი უშუალოდ იკარგება ტრანსპორტირების პროცესში. აღნიშნულ შემთხვევებშიც, მომხმარებლისთვის ზიანის ანაზღაურების მექანიზმები წარმოადგენს პრობლემურ საკითხს, ხოლო თანხის დაბრუნების პრაქტიკული შესაძლებლობა უმეტეს შემთხვევაში მინიმალურია სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი მექანიზმების არარსებობის გამო.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 18 მარტის №4614 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“-ის (ს/ნ „--------“) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2024 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 25 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 30 ივნისის №14062 ბრძანება და ამავე თარიღის №006-203 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 196 192 ლარი, მათ შორის გადასახადი 121 953 ლარი, ჯარიმა 65 175 ლარი და საურავი 9 064 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:

1. გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში რამდენიმე ფიზიკურ პირზე გადარიცხული აქვს თანხები. სანაცვლოდ კი საქონელი ან მომსახურება მიღებული არ აქვს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის თანახმად მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა. შედეგად საწარმოს დაერიცხა მოგების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

2. შპს „--------“ გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2022 წლის 04 ოქტომბერს. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2023 წლის 07 იანვარს. საქმიანობის სფეროს წარმოადგენს მეორადი და ახალი ტექნიკის შეძენა და მისი ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაცია. მეორადი ტექნიკის შეძენას ახორციელებს ამერკიდან. საწარმოს მიერ ბუღალტრული აღრიცხვა ნაწარმოებია ელექტრონულ ბუღალტრულ პროგრამა „1C“. მიმდინარე შემოწმების ფარგლებში შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში კომპანიის შესახებ არსებული ყველა ინფორმაცია/დოკუმენტაცია, კომპანიის მიერ მოწოდებული საბანკო ოპერაციების ამსახველი ამონაწერები და საბუღალტრო პროგრამაში ასახული ინფორმაცია, საიდანაც დგინდება საბუღალტრო პროგრამის სანდოობა. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება ანგარიშვალდებულ პირზე, დირექტორზე საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების ნაშთი 518 751 ლარი. საგადასახადო მონიტირნგის დეპარტამენტის მიერ 2025 წლის 28 აპრილის NB7707 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს "-------"-ს სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არსებულ სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი განესაზღვრა 0 ლარით. გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმების პროცესში წარმოდგენილ იქნა დამატებითი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რაც შემოწმებით გათვალისწინებულ იქნა და დარჩენილი სხვაობის თანხა განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად, საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ამავე კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

3. შპს „--------"-ის კუთვნილ ობიექტებში 2025 წლის 28 აპრილის N7712 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა. შემოწმებით გამოვლინდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საბაზრო ფასებით 41 990 ლარი. შემოწმებით აღნიშნული დანაკლისი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით მიწოდებად, ამასთან, პირი დამატებით დაჯარიმა ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის 4 199 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.

ამავე კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი:

ა) ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია ამ კოდექსის შესაბამისად.

ბ) ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის პოზიციაზე, რომლის თანახმად, არ ეთანხმება ფიზიკურ პირებზე გადარიცხული თანხების მოგების გადასახადით დაბეგვრას და მიუთითებს, რომ გადარიცხული თანხები შესაბამისობაშია შესყიდვის აქტებთან, რომელიც შედგენილ იქნა კომპანიის დირექტორსა და მომწოდებელ ფიზიკურ პირებს შორის. აღნიშნული ფიზიკური პირებიდან შესყიდულია მეორადი ტექნიკის სარემონტოდ სათადარიგო ნაწილები. შესაბამისად, მიიჩნევს, რომ დარიცხული თანხები ექვემდებარება გაუქმებას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, შესყიდვის აქტები და ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია). თავის მხრივ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტზე, რომლის თანახმად, საწარმოს საქმიანობიდან გამომდინარე ხდებოდა მეორადი და ხშირ შემთხვევაში დაზიანებული ტექნიკის შემოტანა, აღნიშნული ტექნიკა შემდგომი რეალიზაციისთვის საჭიროებდა შეკეთებას, რისთვისაც კომპანიის დირექტორის მიერ დაქირავებულ იქნა ხელოსნები-შემკეთებლები. შესაბამისად, სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად საჭირო ხდებოდა სათადარიგო ნაწილების მოძიება და შესყიდვა, როგორც იურიდიული, ისე ფიზიკური პირებისგან. კომპანიის მიერ წარმოდგენილ საბუღალტრო ბაზაში ასახული იყო მხოლოდ ამერიკიდან და ადგილობრივ ბაზარზე ელექტრონულად შესყიდული ტექნიკა და სათადარიგო ნაწილები, რომელიც ესაჭიროებოდა ამერიკიდან შემოტანილი მეორადი ტექნიკის შეკეთებას, ამავდროულად საბუღალტრო პროგრამაში არ იყო ასახული წარმოების პროცესი, რომელიც სრულიად სხვაგვარად დაადასტურებდა სამეურნეო ოპერაციების შინაარსს. მეორადი ნაწილების შესყიდვა ხდებოდა ფიზიკური პირებიდან შესყიდვის აქტით, რომელიც გაფორმებული იყო კომპანიის დირექტორსა და და ფიზიკურ პირს შორის, თანხის გადახდა კი ხდებოდა დირექტორის პირადი აწგარიშიდან (ეს ყველაფერი გამოწვეული იყო იმით, რომ ბუღალტერმა სათანადოდ არ მოინდომა ოპერაციების შესწავლა და შესაბამისად სათადარიგო ნაწილების შესყიდვის ასახვა და ასევე თანხის გადარიცხვა კომპანიის ანგარიშიდან). ამასთან, მეორად და აღდგენილ ტექნიკას, ხშირად სჭირდება რიგი სერვისები როგორიცაა: ტექნიკური განახლება, პროგრამული განახლება და ამერიკული ქსელის ოპერატორის კოდის მოხსნა. აღნიშნული სერვისების ხარჯების გაღება უმეტესწილად ხდებოდა ნაღდი ანგარიშსწორების გზით, რაც არ იქნა გათვალისწინებული კომპანიის შემოწმებისას. ასევე, სირთულეებთან იყო დაკავშირებული გარკვეული ხარჯების აღრიცხვა, მაგალითად: კომპანიის დირექტორი კომპანიას ემსახურებოდა საკუთარი ავტომობილით, შესაბამისად ვერ ხდებოდა საწვავის ხარჯებისა და ავტომობილის შეკეთების ხარჯების ზუსტი აღრიცხვა. ამასთან, მსგავსი ტიპის ხარჯებს განეკუთვნება: თანამშრომელთა კვება თვითმომსახურებით, საქონლის განყუთვა-შეფუთვისთვის გაწეული ხარჯები, ჰიგიენური საშუალებები, ფრილენსერებზე გაწეული ხარჯები კომპანიის რეკლამირებისთვის და სხვა. გადამხდელი აცხადებს, რომ საჩივარს თან ერთვის შესყიდვის აქტები, რომლებიც ადასტურებენ შპს „--------“-ის მიერ ფიზიკური და იურიდიული პირებისგან საჭირო ტექნიკის შესყიდვის ფაქტს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, შესყიდვის აქტები და ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია). თავის მხრივ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ, გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, განახორციელონ საგადასახადო მონიტორინგი, ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს პირს მოსთხოვოს მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და მის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის (მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის) წარდგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა. ისეთი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიმართ, რომელთა დასაწყობება ფიზიკურად შეუძლებელია (ელექტრო- და თბოენერგია, გაზი და წყალი), დანაკლისად ითვლება სხვაობა შეძენილ (შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით) და რეალიზებულ (გადასახადის გადამხდელისგან ფაქტობრივად გასულ) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა შორის, თუ ვერ დგინდება დებიტორი (ამნაზღაურებელი) ან/და მიმთვისებელი. ამასთანავე, უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია დაადგინოს დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა. ასეთ შემთხვევაში დანაკლისად ჩაითვლება ამ ოდენობაზე მეტი დანაკარგი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, შპს „--------"-ის კუთვნილ ობიექტებში 2025 წლის 28 აპრილის N7712 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. შემოწმებით გამოვლინდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საბაზრო ფასებით 41 990 ლარი. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა 4 199 ლარის ოდენობით.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მომჩივნის პოზიციის დამადასტურებელი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოწმების შედეგად საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრება შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მათი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „--------“-ის (ს/ნ „--------“) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, შესყიდვის აქტები და ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია);

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.გადამხდელი არ ეთანხმება ფიზიკურ პირებზე გადარიცხული თანხების მოგების გადასახადით დაბეგვრას.

2.მომჩივანი არ ეთანხმება ფულის ნაშთის ნაწილში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

3.გადამხდელი არ ეთანხმება მიღებულ გადაწყვეტილებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში რამდენიმე ფიზიკურ პირზე გადარიცხული აქვს თანხები. სანაცვლოდ კი საქონელი ან მომსახურება მიღებული არ აქვს.სსკ-ის 97-ე მუხლის თანახმად მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა. შედეგად საწარმოს დაერიცხა მოგების გადასახადი და ჯარიმა.

2.გადამხდელს არსებულ სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი განესაზღვრა 0 ლარით. გადამხდელის მიერ შემოწმების პროცესში წარმოდგენილ იქნა დამატებითი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რაც შემოწმებით გათვალისწინებულ იქნა და დარჩენილი სხვაობის თანხა განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. სსკ-ის 154-ე მუხლის შესაბამისად, საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

3.შემოწმებით გამოვლინდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საბაზრო ფასებით 41 990 ლარი. შემოწმებით აღნიშნული დანაკლისი სსკ-ის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით მიწოდებად, ამასთან, პირი დამატებით დაჯარიმა ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის 4 199 ლარის ოდენობით.

 

გადაწყვეტილება

1.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები.თავის მხრივ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

2.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები.თავის მხრივ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

3.შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოწმების შედეგად საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრება შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მათი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

73(9),982,286(9).