ბრძანება N 27259

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 11.12.2025
№ დოკუმენტი 27259
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 27259

11 დეკემბერი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „------“-ის (ს/ნ --------------)

(ფაქტ. მის.: ----------------------;

იურ. მის.: -----------------------)

2025 წლის 20 ნოემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 27 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №98) განიხილა შპს „------“-ის (ს/ნ --------------) 2025 წლის 20 ნოემბრის №---/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 27 ოქტომბრის №024-71 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება იჯარის ხელშეკრულების პირობებში მიწაზე დარიცხულ ქონების გადასახადს. განმარტავს, რომ ---- გამგეობასთან 58ჰა მიწის ნაკვეთზე 2006 წელს გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულებით ევალებოდა მხოლოდ 1 972 ლარის წლიური საიჯარო გადასახადის გადახდა და ხელშეკრულებაში არავითარი მინიშნება არ არის სხვა გადასახადზე. ასევე აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურმა მიწაზე 2023 წლის ქონების გადასახადის გადახდა გაუწილვადა დამტკიცებული გრაფიკის მიხედვით, ხოლო პირველი შესატანი 415 ლარი გადაიხადა 2023 წლის 15 დეკემბერს, თუმცა შემდგომი გადახდა შეაჩერა მიწის ამჟამინდელი მესაკუთრის, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მიწის პრივატიზებაზე გადამხდელის მიერ დასმული საკითხის განხილვის პროცესში გამოვლენილი პოზიციის გამო. გადამხდელის განმარტებით, სააგენტო თვლის, რომ საიჯარო პერიოდში 2006 წლიდან დღემდე გადამხდელს უნდა გადაეხადა მხოლოდ საიჯარო გადასახადი და არა ქონების გადასახადი, რომელიც საიჯარო ქირას აღემატება 2,5-ჯერ. აცხადებს, რომ გადამხდელმა სააგენტოს შესთავაზა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან ერთად სათანადო პროცედურების დაწყება, რათა სახელმწიფო ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილი თანხებიდან დაფარულიყო სააგენტოს დაგვიანებული მოთხოვნა 17 წლის საიჯარო ქირის ანაზღაურებაზე. აღნიშნულის შესახებ ეცნობა შემოსავლების სამსახურსაც 2024 წლის 15 იანვრის წერილით. გადამხდელი მიიჩნევს, რომ იჯარის ხელშეკრულების პირობებში მიწაზე დარიცხული ქონების გადასახადის გადახდა/არგადახდის საკითხი უნდა დარეგულირდეს სააგენტოსთან ერთობლივი განხილვით „სახელშეკრულებო სამართლის“ ფუნდამენტური მოთხოვნებისა და სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით.

გადამხდელი ასევე აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტს გამორჩა 5 060 ლარის გადახდის ფაქტი 2022 წლის 14 ნოემბერს და ასევე გაწილვადების პირველადი შენატანის თანხა 415 ლარი 2023 წლის 15 დეკემბერს. გადამხდელი ასევე მიუთითებს საგადასახადო შემოწმების აქტის უზუსტობაზე გადასახადის და ჯარიმის დადგენისას. განმარტავს, რომ ქონების გადასახადი საგადასახადო შემოწმების აქტში მითითებულია 19 140 ლარი, ხოლო 2025 წლის 10 ოქტომბრისთვის გადასახადი შეადგენდა 4 785 * 3 = 14 355 ლარს. რაც შეეხება ჯარიმას, 2024-2025 წლებში წარუდგენელი დეკლარაციების გამო უნდა განხორციელებულიყო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 274-ე მუხლის მე-2 ნაწილით და არა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 17 ივნისის №12728 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა შპს „------“-ის (ს/ნ --------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2022 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 ივნისამდე საანგარიშო პერიოდის მიწაზე ქონების გადასახადის დაბეგვრის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 10 ოქტომბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 27 ოქტომბრის №23600 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №024-71 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 28 744 ლარი, მათ შორის, გადასახადი 14 355 ლარი, ჯარიმა 9 570 ლარი და საურავი 4 819 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში სარგებლობს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 549 104 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) მიწით, რომელიც მდებარეობს -----ს რაიონში, სოფელ ----ი (ს/კ -----). გადასახადის გადამხდელს 2022-2023 წლების ქონების (მიწის) გადასახადის ნულოვანი დეკლარაციები აქვს წარმოდგენილი, ხოლო 2024-2025 წლების დეკლარაციები არ წარმოუდგენია. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 204-ე მუხლის მიხედვით, -----ში, სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) მიწისთვის გადასახადის განაკვეთია 87 ლარი (1 ჰექტარზე).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე, 203- ე, 204-ე მუხლების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომლითაც სარგებლობს ან რომელსაც ფლობს იგი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 204-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასოფლოსამეურნეო დანიშნულებისა და ტყის მიწებზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთები დიფერენცირებულია ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებისა და მიწის კატეგორიების მიხედვით და დგინდება 1 ჰექტარზე გაანგარიშებით, ლარში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ - მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.

ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია მიწაზე ქონების გადასახადს იხდის არა უგვიანეს კალენდარული წლის 15 ნოემბრისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლიე მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, გადასახადის გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში სარგებლობს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწით, თუმცა ქონების (მიწის) გადასახადის დეკლარაციები 2022-2023 წლების წარდგენილი აქვს ნულოვანი ფორმით, ხოლო 2024-2025 წლების დეკლარაციები არ აქვს წარდგენილი.

საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს ვალდებულება ჰქონდა ქონების გადასახადის დეკლარირების საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომლითაც სარგებლობს იგი. ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ შემოწმებით დეკლარაციაში/გაანგარიშებაში ქონების გადასახადის თანხის შემცირებისთვის ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით განსაზღვრულია შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ პოზიციასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, გადამხდელი მიუთითებს 2025 წლის 10 ოქტომბრის თარიღისთვის საგადასახადო შემოწმების აქტის უზუსტობაზე ქონების გადასახადის განსაზღვრასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აცხადებს, რომ საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი მიწის შესახებ შეიტანება მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს 2025 წლის 1 აპრილის მდგომარეობით სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომლითაც სარგებლობს იგი, 2025 წლის არაუგვიანეს 1 აპრილისა ვალდებულება ჰქონდა დეკლარაციის წარდგენის, ხოლო გადახდის არა უგვიანეს კალენდარული წლის 15 ნოემბრისა.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწაზე ქონების გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად ჯარიმა განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „------“-ის (ს/ნ --------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება იჯარის ხელშეკრულების პირობებში მიწაზე დარიცხულ ქონების გადასახადს.რაც შეეხება ჯარიმას, 2024-2025 წლებში წარუდგენელი დეკლარაციების გამო უნდა განხორციელებულიყო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 274-ე მუხლის მე-2 ნაწილით და არა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №12728 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2022 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 ივნისამდე საანგარიშო პერიოდის მიწაზე ქონების გადასახადის დაბეგვრის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №23600 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და №024-71 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 28 744 ლარი, მათ შორის, გადასახადი 14 355 ლარი, ჯარიმა 9 570 ლარი და საურავი 4 819 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში სარგებლობს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 549 104 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) მიწით. გადასახადის გადამხდელს 2022-2023 წლების ქონების (მიწის) გადასახადის ნულოვანი დეკლარაციები აქვს წარმოდგენილი, ხოლო 2024-2025 წლების დეკლარაციები არ წარმოუდგენია. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 204-ე მუხლის მიხედვით სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) მიწისთვის გადასახადის განაკვეთია 87 ლარი (1 ჰექტარზე).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე, 203- ე, 204-ე მუხლების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.

 

გადაწყვეტილება

ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწაზე ქონების გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად ჯარიმა განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 203( „ბ“); 204(1); 205(2.7); 275(2);