გადაწყვეტილება №22041/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22041/2/2024
04 აპრილი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.03.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---ის“ 23.01.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22041/2/2024).
დავის საგანი:
ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებაზე უარის თქმის მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 20 დეკემბრის ID:--- შესაგებელი;
2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 16 იანვრის №497 ბრძანება.
სადავო თანხა: 145 000 ლარი.
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის მიერ, „ბიუჯეტის შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად, განხორციელდა მომჩივნის მიერ წარდგენილი 2023 წლის 29 ნოემბრის გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის შესწავლა, რომლის მიხედვითაც მომჩივანი ითხოვს წარმოშობილი ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას. გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ ზედმეტობა გამოწვეულია შემდეგი გარემოებით: ეწევა მეორადი შერეული საქონლის იმპორტს და ახდენს მის რეალიზაციას. იმპორტირებულ საქონელზე მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლა. მოცემული მოთხოვნის (ID: ---) საპასუხოდ, აუდიტის დეპარტამენტის მიერ გადასახადის გადამხდელს დაუდგინდა ხარვეზი. კერძოდ, მოთხოვნაში განმარტებას ექვემდებარებოდა დეტალური ინფორმაცია საწარმოს ეკონომიკური საქმიანობის შესახებ, ანგარიშსწორების ფორმა (ნაღდი თუ უნაღდო); წარსადგენია იჯარის ხელშეკრულებები სრულად; 2023 წლის აგვისტოს თვის დღგ-ის დეკლარაციით ჩათვლილია ავანსის საფ-ი ავ-----, რომელიც არ არის განაშთული საბოლოო საფ-ით, დაზუსტებას ექვემდებარება შესაბამისი თვის დღგ-ის დეკლარაცია; წარდგენას ექვემდებარება ინფორმაცია სმფ-ების ნაშთის და დასაწყობების ადგილის შესახებ, ფასნამატის შესახებ, სმფ-ების მოძრაობის და ნაღდი ფულის მოძრაობის შესახებ, 2020 წლიდან საანგარიშო პერიოდის დეტალური ამონაწერები ყველა საბანკო ანგარიშიდან.
ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით, მომჩივანმა წარადგინა დაზუსტებული მოთხოვნა (ID: ---), რომლის საპასუხოდ 2023 წლის 20 დეკემბერს „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტებში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის VI1 თავის 135 მუხლის მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გაეგზავნა შესაგებელი (ID ---). კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უარი ეთქვა ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებაზე დადგენილ ვადაში ხარვეზის სრულად გამოუსწორებლობის გამო. კერძოდ, საწარმოს მიერ არ იყო განაშთული 2023 წლის აგვისტოს თვის დღგ-ის დეკლარაციით ჩათვლილი ავანსის საფ ავ----- საბოლოო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით.
აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 20 დეკემბრის ID:--- შესაგებელი 2023 წლის 27 დეკემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 16 იანვრის №497 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 63-ე, 65-ე მუხლებზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური, თვითმმართველი ერთეულების, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირების და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების შემოსულობათა აღრიცხვა-ანგარიშგება და ანგარიშსწორების შესახებ“ ინსტრუქციაზე და აღნიშნავს, რომ ხარვეზის აღმოსაფხვრელად პირს განესაზღვრა 5 სამუშაო დღე, რაც დადგენილ ვადაში მის მიერ სრულად არ იქნა გამოსწორებული.
აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ ინსტრუქციის 135 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი. შესაბამისად, მართლზომიერია წარდგენილ მოთხოვნაზე უარის თქმა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო შესაგებელი აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
გადასახადი გადამხდელმა მიმართა შემოსავლების სამსახურს №--- განცხადებით და მოითხოვა მის საგადასახადო ბარათზე არსებული ზედმეტობის თანხიდან - 170 500,53 ლარიდან 145 000 ლარის დაბრუნება, რომელიც წარმოქმნილია საწარმოს მიერ იმპორტირებული საქონლის განბაჟების დროს გადახდილი დღგ-ით. აუდიტის დეპარტამენტის მიერ კომპანიის განცხადებაზე დამატებით მოთხოვნილ იქნა: დამატებითი დოკუმენტაცია და დეტალური ინფორმაცია საწარმოს საქმიანობის შესახებ, რომელიც მომჩივანმა სრულად წარადგინა იმ ფორმით, რა ფორმითაც იყო მოთხოვნილი. ასევე, ახსნა-განმარტებას საჭიროებდა 2023 წლის აგვისტოს თვის დღგ-ის დეკლარაციით ჩათვლილი ავანსის ა/ფაქტურა ---, რომელიც არ არის განაშთული, რის ახსნა-განმარტებაც მიეწოდა აუდიტის დეპარტამენტს იმის თაობაზე, რომ ზ/აღნიშნული ა/ფაქტურა ----1.08.2023 წლის იჯარის ხელშეკრულების მიხედვით, რომელიც დადებულია კომპანიასა და სს ---ს (ს/კ: ---) შორის, უნდა გაინაშთოს და დაწყვილდეს 2024 წლის ივლისის თვეში, რადგან ისევ და ისევ იჯარის ხელშეკრულების მიხედვით გადახდილი იქნა იჯარის პირველი და ბოლო თვეების ღირებულება.
მიუხედავად იმისა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი იქნა აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოთხოვნილი იჯარის ხელშეკრულება დადებული საწარმოსა და შპს ---ს შორის, აუდიტის დეპარტამენტს არ ჰქონდა მოთხოვნილი იჯარის ხელშეკრულება დადებული კომპანიასა და სს ---ს, მომჩივნის მიერ მაინც იქნა წარდგენილი. ასევე, რაც იქნა მოთხოვნილი, გადასახადის გადამხდელის მიერ ყველაფერი იქნა წარდგენილი და მაინც აუდიტის დეპარტამენტმა არ გაიზიარა მომჩივნის პოზიცია და უარი უთხრა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე 2023 წლის 20 დეკემბრის შესაგებლით. აღნიშნული შესაგებელი გასაჩივრებული იქნა შემოსავლების სამსახურში, ვინაიდან ჩათალეს, რომ აღნიშნული შესაგებელი არის უკანონო, არღვევს კომპანიის კანონიერ ინტერესს და პირდაპირ და უშუალოდ (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს და ითხოვეს მისი ბათილად ცნობა, თუმცა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 16 იანვრის №497 ბრძანებით სრულად იქნა გაზიარებული შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის პოზიცია და უარი ეთქვათ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
მომჩივანს მიაჩნია, რომ ისევე როგორც 2023 წლის 20 დეკემბრის შესაგებელი, ასევე 2024 წლის 16 იანვრის №497 ბრძანება არის უკანონო, მათი მომზადების და გამოცემის დროს დარღვეულია კანონმდებლობის მთელი რიგი მოთხოვნები, საწარმოს ამ აქტებით ადგება პირდაპირი და უშუალო (ინდივიდუალური) ზიანი და უნდა იქნას ცნობილი ბათილად შემდეგ გარემოებათა გამო: კომპანიამ ფუნქციონირება დაიწყო 2023 წლის მაისის თვიდან და დღევანდლამდე მოუწიათ არაერთი ახსნა-განმარტების გაკეთება და არაერთი დოკუმენტაციის წარდგენა. ერთერთი ახსნაგანმარტების დროს, ასევე წარადგინეს ზ/აღნიშნული იჯარის ხელშეკრულება და შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის ბაზაში ეს ხელშეკრულება ინახება. და თუკი საწარმოს მოთხოვნის დაკმაყოფილების უარის მთქმელს, განცხადების დაკმაყოფილებამდე უარის თქმაზე რომ მოეძია, წაეკითხა, გაცნობოდა და შეესწავლა ხელშეკრულება და თუ ვერ მოიძიებდა მომჩივნისთვის მოეთხოვა, ფიქრობენ, რომ მიღებული იქნებოდა სხვა გადაწყვეტილება და კომპანიის მოთხოვნა დაკმაყოფილდებოდა. როგორც საჯარო სამსახურის და აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომელს ჰქონდა შესაძლებლობა დაკავშირებოდა სს ----ს (ს/ნ ----) და მასთანაც გაერკვია ან/და მოეძია ა/ფაქტურა --- შესახებ ინფორმაცია, რადგან კომპანია ვერ ხედავს და არ აქვს წვდომა თუ რა დეკლარაციებს აგზავნის ესა თუ ის კომპანია. აღმოჩნდა, რომ სს ---ს ჰქონდა 2023 წლის სექტემბრის თვეში არასწორად განაშთული და დაწყვილებული ა/ფაქტურა ---, რის თაობაზეც 21.12.2023 წელს სს----მ უკვე მიმართა განცხადებით შემოსავლების სამსახურს 2023 წლის სექტემბრის თვის დღგ-ის დეკლარაციის დანართებში ცვლილების განხორციელებისთვის, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მომჩივნის მიერ კანონმდებლობის დაურღვევლობას.
რა გამოვიდა, სხვისი შეცდომის გამო ისჯება უსაფუძვლოდ გადასახადის გადამხდელი და რატომ უნდა დაისაჯოს ან რატომ უნდა ეთქვას უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე? აღსანიშნავია, რომ მომჩივნის განცხადებაზე 19.12.2023 წელს დამატებით წარადგინეს ყველა მოთხოვნილი დოკუმენტი, რაც შეადგენდა 1 240 ფურცელს და 20.12.2023 წელს უკვე ეთქვათ უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. იბადება კითხვა, ერთ სამუშაო დღეში როგორ შეამოწმა ამდენი ფურცელი აუდიტის დეპარტამენტმა ან როგორ დაიმახსოვრა ამ მოკლე დროში თითოეული ფურცლის შინაარსი? და თუ კი შეამოწმა და უარის თქმის მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ ერთი ანგარიშ/ფაქტურა იყო, თუ შემოსავლების სამსახურის ბაზაში ვერ მოიძია ზ/აღნიშნული იჯარის ხელშეკრულება, რატომ არ დაუხარვეზეს და რატომ არ იქნა დამატებით მოთხოვნილი სს ---ს და საწარმოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების წარდგენა მომჩივნის მიერ. რომ მოეთხოვათ ეს ხელშეკრულება, მომჩივანი წარადგენდა და რომ გაცნობოდნენ და შეესწავლათ სრულყოფილად მიხვდებოდნენ, რომ კომპანიას ბრალეულობა არ გააჩნია და მიღებული იქნებოდა გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდებოდა საწარმოს მოთხოვნა. რჩებათ განცდა, რომ აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომელმა მიზანმიმართულად არ დააკმაყოფილა საწარმოს განცხადება, რაც ეკონომიკურ საქმიანობის განხორციელებაში ხელშეშლაა. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულყოფილად გამოიკვლიოს, შეისწავლოს, ურთიერთ შეაჯეროს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტი, გარემოება, მტკიცებულება და ისე მიიღოს გადაწყვეტილება.
ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არ აქვს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით მიიღოს გადაწყვეტილება. შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომელს თავადაც შეეძლო მოეძიებინა იჯარის ხელშეკრულება და შეესწავლა.
მომჩივანი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 96-ე, 97-ე 601 მუხლებზე და აღნიშნავს, რომ არა აღნიშნული დარღვევები, მიღებული იქნებოდა სხვა გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდებოდა საწარმოს მოთხოვნა და მას დაუბრუნდებოდა მის მიერ მოთხოვნილი თანხა. შემოსავლების სამსახურის 20.12.2023 წლის შესაგებელი კომპანიას აყენებს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს. კერძოდ, საფრთხე ემუქრება მის მიერ სამომავლოდ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებას და კუთვნილი ქონების, ამ შემთხვევაში ფულადი სახსრების დაკარგვას. საკუთრების უფლება ირღვევა, ვინაიდან უკან არ უბრუნდება თავისი კუთვნილი ქონება და ხელი ეშლება ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებაში. ამასთან, 20.12.2023 წლის შესაგებლის მომზადების და გამოცემის დროს დარღვეული იქნა კანონმდებლობის ზ/აღნიშნული მოთხოვნები. კერძოდ: არ იქნა შესწავლილი გამოკვლეული ურთიერთ შეჯერებული საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტები, გარემოებები, მტკიცებულებები, რის გამოც შემოსავლების სამსახურის 20.12.2023 წლის შესაგებელი უნდა იქნას ბათილად ცნობილი და საწარმოს მოთხოვნა დაკმაყოფილდეს - დაუბრუნდეს კომპანიას მის საგადასახადო ბარათზე არსებული ზედმეტობის თანხიდან - 170 500,53 ლარიდან 145 000 ლარი.
გადასახადის გადამხდელმა ყველა მოთხოვნილი დოკუმენტაცია წარადგინა. ასევე, მოთხოვნილი იყო 2023 წლის აგვისტოს თვის დღგ-ის დეკლარაციით ჩათვლილი ავანსის საფ-ი ავ---- განაშთვა საბოლოო საფ-ის ანგარიშ-ფაქტურით, რაც ფიზიკურად ვერ მოხდებოდა, რადგან საბოლოო საფ-ის ანგარიშ-ფაქტურა ჯერ არ არის გამოწერილი, რადგან სს --- და საწარმოს შორის 1.08.2023 წელს დადებული იჯარის ხელშეკრულების თანახმად საბოლოო საფ-ის ანგარიშ-ფაქტურა უნდა გამოიწეროს 2024 წლის ივლისში, რადგან ისევ და ისევ საიჯარო ხელშეკრულების თანახმად გადახდილია იჯარის გადასახადის პირველი და ბოლო თვის გადასახადი და იქედან გამომდინარე, რომ იჯარის ხელშეკრულება არის ერთი წლის ვადით, ბოლო თვის იჯარის ღირებულება ეკუთვნის 2024 წლის ივლისის თვის, შესაბამისად, 2023 წლის აგვისტოს თვის დღგ-ის დეკლარაციით ჩათვლილია ავანსის საფ-ი ავ----, რომელიც უნდა გაინაშთოს 2024 წლის ივლისის თვის იჯარის ღირებულების საფ-ის ანგარიშ-ფაქტურით, რომელიც უნდა გამოიწეროს 2024 წლის ივლისის თვის დასრულებისას და რომელსაც ფიზიკურად ეხლა ვერ განაშთავენ, შესაბამისად, განაშთვაც მოხდება 2024 წლის ივლისის დღგ-ის დეკლარაციით. აქედან გამომდინარე, თუ მხოლოდ ეს იყო მიზეზი მოთხოვნაზე უარის თქმისა, მომჩივანმა დეტალურად და დოკუმენტალურად წარადგინა მტკიცებულებები: საიჯარო ხელშეკრულება და სს --- 21.12.2023 წლის განცხადება შემოსავლების სამსახურში 2023 წლის სექტემბერის დღგ-ის დეკლარაციის დანართებში ცვლილების განსახორციელებლად, რაც ნიშნავს იმას, რომ სს ---მ თავისი შეცდომა გამოასწორა და თუნდაც არ გამოესწორებინა, ეს გადასახადის გადამხდელის შეცდომას არ ნიშნავდა.
შემოსავლების სამსახური უნდა დაკავშირებოდა სს ---ს და დაევალდებულებინა შეცდომის გამოსწორება. დღეის მდგომარეობით, სს ---მ გამოასწორა მისი შეცდომა, რომელიც ნამდვილად არ იყო მომჩივნის შეცდომა და დღეის მდგომარეობით ავანსის საფ-ი ავ---- განაშთული არ არის და არც დაწყვილებული, მაშინ რაღატომ ეთქვათ უარი საჩივრის დაკმაყოფილებაზე? რა გამოდის, შემოსავლების სამსახური ეუბნებათ, რომ არასწორად დააკორექტირონ დღგ-ის დეკლარაცია და ამოიღონ ჩათვლიდან ავანსის საფ-ი ავ-----? მაშინ ხელშეკრულების აზრი რა არის ან საგადასახადო კანონმდებლობის აზრი რა არის? რა გამოდის, შემოსავლების სამსახური თავისი გადაწყვეტილებით ადენინებს შეცდომას? როგორ წარმოუდგენია შემოსავლების სამსახურს, რომ არ იყონ მართლები არ დააკორექტირებდნენ დღგ-ის დეკლარაციას და არ ამოიღებდნენ ჩათვლიდან ავანსის საფი ავ----, რომლის ჩათვლილი დღგ-ის თანხა შეადგენს 388,80 ლარს. დღგ-ის დეკლარაციის დაკორექტირება და --- ლარის ჩათვლიდან ამოღება ძალიან მარტივია, მაგრამ ამ შემთხვევაში სწორი არ იქნება. და გამოდის, შემოსავლების სამსახურს უნდა, რომ შეცდომა ჩაადენინოთ.
მომჩივანი რომ მართალი არ იყოს, 388,80 ლარს ამოიღებდა ჩათვლიდან და 145 000 ლარი დაუბრუნდა უკან მაგ მიდგომით. მაშინ ჩნდება კითხვა, შემოსავლების სამსახურის მოთხოვნით დააკორექტირონ დეკლარაცია და დააწყვილონ ავანსის საფ-ი ავ---- და რომელ ანგარიშ-ფაქტურასთან დავაწყვილოთ?
2024 წლის 5 ივლისის ანგარიშ-ფაქტურა ჯერ არ გამოწერილა და ჯერ არც უნდა გამოიწეროს ზუსტადაც საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად. მიუხედავად მომჩივნის მიერ წარდგენილი დოკუმენტებისა და დეტალური ახსნა-განმარტებისა: სს --- და საწარმოს შორის 1.08.2023 წელს დადებული იჯარის ხელშეკრულება და სს --- 21.12.2023 წლის განცხადება შემოსავლების სამსახურში 2023 წლის სექტემბერის დღგ-ის დეკლარაციის დანართებში ცვლილების განსახორციელებლად, რომლითაც დგინდება გადასახადის გადამხდელის უდანაშაულობა, მაგრამ მაინც ეთქვათ უარი 2023 წლის 27 დეკემბრის საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
შემოსავლების სამსახურის მიერ, როგორც ბრძანებაში წერია, საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, საჩივარი განხილულია მომჩივნის გარეშე. რჩებათ განცდა, რომ საჩივარი შეგნებულად განიხილეს მათ გარეშე, რადგან ისინი რომ დასწრებოდნენ განხილვას, დაამტკიცებდნენ თავის უდანაშაულობას და შემდგომი გასაჩივრება აღარ მოუწევდათ და ბიუროკრატიული პროცედურების გავლაც არ იქნებოდა საჭირო, რაც თავისთავად საბჭოს და მომჩივნის დროსაც ზედმეტად არ წაიღებდა. ამ შემთხვევაში კი ისევ დამატებით გასაჩივრება მოიცავს დროის ხარგრძლივობასაც, რაც თავისთავად არ მუშაობს კომპანიის სასარგებლოდ. არა და 2024 წლის 16 იანვრის ბრძანება №497 იქნებოდა კომპანიის სასარგებლოდ, რადგან თუ საჩივარზე უარის მთქმელმა წაიკითხა და სწორი შინაარსი ვერ გამოიტანა საწარმოსა და სს---- შორის დადებული საიჯარო ხელშეკრულებიდან, მომჩივანი წაუკითხავდა და განუმარტავდა.
აქვე ჩნდება კითხვები, თუ რატომ ექმნება უსამართლო და ხელოვნური პრობლემები კომპანიას:
1. თუ საწარმოს საგადასახადო ბარათზე არსებული თანხა კომპანიას არ ეკუთვნის, რატომ აჭრის შემოსავლების სამსახური ყოველ თვე თანხას მათ მიერ წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციების შესაბამისად?
2. და თუ ზედმეტობაში არსებული თანხა ეკუთვნის საწარმოს, მაშინ რატომ არ უბრუნეს შემოსავლების სამსახური მათ კუთვნილ ზედმეტობაში არსებულ თანხას? ვინაიდან 15.01.2024 წელს იქნა წარდგენილი 2023 წლის დეკემბრის დეკლარაციები გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ბარათზე, ზედმეტობის თანხა შემცირდა დეკლარირებული თანხებით, ამიტომ დღეის მდგომარეობით მათ საგადასახადო ბარათზე ირიცხება 144 523,65 ლარი, საიდანაც ითხოვენ დაუბრუნდეთ 100 000 ლარი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახდო კოდექსის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხა აღემატება დარიცხული გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას, საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის საფუძველზე, ამ მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 1 თვისა უბრუნებს გადასახადის გადამხდელს ზედმეტად გადახდილ თანხას.
საგადასახადო კოდექსის 65-ე მუხლის შესაბამისად:
1. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არის პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი მოთხოვნა გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების შესახებ, რომლის შესრულებაც სავალდებულოა საგადასახადო ორგანოსათვის ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
2. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის საფუძველია გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) ზედმეტად გადახდილი თანხა.
3. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა შესრულებულად ითვლება მოთხოვნილი თანხის გადახდის მომენტიდან.
4. თუ საგადასახადო ორგანო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უსაფუძვლოა, იგი ვალდებულია მოთხოვნის მიღებიდან 20 დღის ვადაში გადასახადის გადამხდელს წარუდგინოს დასაბუთებული შესაგებელი.
5. პირს უფლება აქვს, საგადასახადო ორგანოს შესაგებელი გაასაჩივროს ამ კოდექსით დადგენილი წესით.
„ბიუჯეტის შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის VI1 თავით დადგენილია ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნების დამატებითი პროცედურები და „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნაზე“ წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა. ამავე ინსტრუქციის 131 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნების მიზნით გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია მიმართოს საგადასახადო ორგანოს და წარადგინოს „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა“ (შემდგომში - „მოთხოვნა“), რომელსაც უნდა დაურთოს ამ თავით გათვალისწინებული დოკუმენტები.
ამავე ინსტრუქციის 134 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხაზე „მოთხოვნის“ რეგისტრაციის მომდევნო დღიდან 11 კალენდარული დღის ვადაში, მოთხოვნის რეგისტრაციის თარიღიდან წინა პერიოდზე, ხანდაზმულობის ვადის გათვალისწინებით (გარდა იმ პერიოდისა, რომელიც უკვე შემოწმებულია შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ან/და შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ ან ის პერიოდი, რომელიც უკვე გადამოწმებულია ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებისას) მოწმდება „მოთხოვნის“ შევსების და მასზე თანდართული დოკუმენტების სისრულე.
ამავე ინსტრუქციის 135 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, „მოთხოვნაზე“ უარის თქმის საფუძველია, თუ გადასახადის გადამხდელმა ხარვეზი არ გამოასწორა საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში. აუდიტის დეპარტამენტის 1.02.2024 წლის №8703-21-14 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, „ბიუჯეტის შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად განხორციელდა კომპანიის 2023 წლის 29 ნოემბრის „მოთხოვნის“ შესწავლა, რომლის მიხედვითაც გადასახადის გადამხდელი ითხოვდა პირადი აღრიცხვის ბარათზე წარმოშობილი ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას. საწარმოს პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული ზედმეტობა გამოიწვია საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქონლის (მეორადი ტანსაცმელი) იმპორტისას გადახდილი დღგ-ის შესაბამისი ოდენობის თანხის ჩათვლამ.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით დადგინდა, რომ მომჩივნის მიერ 2023 წლის აგვისტოს თვის დღგ-ის დეკლარაციით ჩათვლილია ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ავ-----, რომელიც არ არის განაშთული საბოლოო ანგარიშ-ფაქტურით და ადგილი აქვს დღგ-ის თანხის ორმაგად ჩათვლას. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს 2023 წლის 11 დეკემბერს განესაზღვრა ხარვეზი საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტში შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ ინსტრუქციის VI1 თავის შესაბამისად.
ასევე, მოთხოვნილ იქნა ინფორმაცია საზოგადოების ეკონომიკური საქმიანობის შესახებ, სასაქონლომატერიალურ ფასეულობათა ნაშთის, საქონლის ფასნამატის შესახებ, ბუღალტრული პროგრამა/ჩანაწერები სასაქონლო- მატერიალური ფასეულობების მოძრაობის და ნაღდი ფულის მოძრაობის შესახებ, ამონაწერები კომპანიის სახელზე გახსნილი საბანკო ანგარიშებიდან. დადგენილი ხარვეზის აღმოსაფხვრელად განისაზღვრა ვადა 5 სამუშაო დღე.
მომჩივნის მიერ 2023 წლის 19 დეკემბერს აუდიტის დეპარტამენტში წარდგენილ იქნა მოთხოვნილი ინფორმაცია (განცხადება ID ---), ასევე ახსნა-განმარტება, სადაც განმარტავდა, რომ ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ავ---- არ ექვემდებარებოდა განაშთვას ამ ეტაპზე, ვინაიდან ავანსად გადახდილი იყო იჯარის ღირებულების პირველი და ბოლო თვის საფასური ხელშეკრულების პირობების შესაბამისად და გამომწერის, სს „---“-ს (---) მიერ ანგარიშ-ფაქტურა არასწორად იყო განაშთული, თუმცა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით ზემოაღნიშნული არ დასტურდებოდა.
ამასთან, საწარმოს მიერ იჯარის ხელშეკრულება არ იყო წარდგენილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანს, 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტში შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ ინსტრუქციის VI1 თავის შესაბამისად, მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი და გაეგზავნა შესაგებელი (ID ---). გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ წარდგენილია საიჯარო ხელშეკრულება და სს „----ს“ 21.12.2023 წლის განცხადება 2023 წლის სექტემბერის დღგ-ის დეკლარაციის დანართებში ცვლილების განსახორციელებლად, რაც ნიშნავს იმას, რომ სს „---მ“ თავისი შეცდომა გამოასწორა.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე დაადასტურა, რომ მეორე მხარემ წარადგინა განცხადება და დღეის მდგომარეობით არსებული ხარვეზი აღმოფხვრილია. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს ზედმეტად გადახდილი თანხის მომჩივნისთვის დაბრუნება.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 16 იანვრის №497 ბრძანება;
3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს ზედმეტად გადახდილი თანხის მომჩივნისთვის დაბრუნება;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებაზე უარის თქმის მართლზომიერება.
ფაქტობრივი გარემოებები
ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით, მომჩივანმა წარადგინა დაზუსტებული მოთხოვნა , რომლის საპასუხოდ 2023 წლის 20 დეკემბერს „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტებში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის VI1 თავის 135 მუხლის მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გაეგზავნა შესაგებელი . კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უარი ეთქვა ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებაზე დადგენილ ვადაში ხარვეზის სრულად გამოუსწორებლობის გამო. კერძოდ, საწარმოს მიერ არ იყო განაშთული 2023 წლის აგვისტოს თვის დღგ-ის დეკლარაციით ჩათვლილი ავანსის საფ საბოლოო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით.
აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 20 დეკემბრის შესაგებელი 2023 წლის 27 დეკემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 16 იანვრის №497 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 63; 65.