გადაწყვეტილება №22305/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 30.04.2024
№ დოკუმენტი 22305/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№22305/2/2024

30 აპრილი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ი/მ ------- (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 19.04.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ ------- 16.02.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22305/2/2024).

 

დავის საგანი:

1. საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება;

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 8 დეკემბრის №047-43 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 24 იანვრის №952 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 32 954 ლარი.

მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - 23 744

ჯარიმა - 6 784

საურავი - 2 426

 

პროცედურული გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 4 დეკემბრის №30230 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 6 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 8 დეკემბრის №30862 ბრძანება და №047-43 საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 29 დეკემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 24 იანვრის №952 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, 30 აპრილი 2024 N 03/34934 ყოველმხრივ შეისწავლოს სადავო საკითხი და დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები, მათ შორის, განსახილველ საკითხთან დაკავშირებით საგამოძიებო სამსახურიდან გამოითხოვოს ინფორმაცია და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 24 იანვრის №952 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება

ფაქტების აღწერა

მომჩივანს 2022 წელს უფიქსირდება შპს „-------“-ზე (ს/ნ -------) სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდება. მიწოდებული პროდუქციის ღირებულებამ შეადგინა 339 190 ლარი. ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდება შესამოწმებელ პერიოდებში აღემატება 200 000 ლარს, შემოწმებით, საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მის მიერ მიღებული შემოსავალი დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. ასევე, ვინაიდან შემოწმებას არ მოეპოვება საქონლის შესყიდვის დოკუმენტაცია (სასაქონლო ზედნადები ან/და სხვა პირველადი დოკუმენტი) ხარჯების გაანგარიშებისთვის გამოყენებული იქნა შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული №0256 სიტუაციური სახელმძღვანელო და რეალიზებული საქონლის თვითღირებულება შეფასებული იქნა 25%-იანი რენტაბელობით. შედეგად, შემოწმებით, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 61-ე, 73-ე, 79-ე, მე-80, 81-ე, 82- ე, მე-100, 102-ე, 105-ე, 106-ე, 72-ე, 43-ე მუხლებზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე და შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე.

გადასახადის გადამხდელი წარდგენილ საჩივარში აღნიშნავს, რომ მის მიერ 2022 წლის განმავლობაში შპს „-------“-თვის მიწოდებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ღირებულება არ აღემატება 200 000 ლარს, შეადგენს 198 982 ლარს, დამადასტურებლად საჩივარს თან ერთვის ორმხრივად ხელმოწერილი შედარების აქტი. აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულების სრულად შემცირებას.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა მიერ წარდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აღნიშნული სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს სადავო საკითხი და დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები, მათ შორის, განსახილველ საკითხთან დაკავშირებით საგამოძიებო სამსახურიდან გამოითხოვოს ინფორმაცია და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შპს „-------“-სა და მეწარმეს შორის გაფორმებული შედარების აქტით მომჩივანს 2022 წელს შპს „-------“-ში შეტანილი აქვს 198 982 ლარის ღირებულების სოფლის მეურნეობის პროდუქცია და შეტანილი საქონლის ღირებულება სრულად აქვს მიღებული. რადგან „-------“-ზე 2022 წელს მიწოდებული საქონლის ღირებულება არ აღემატება 200 000 ლარს, მეწარმეს საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა არ ეკუთვნოდა.

შედარების აქტი შპს „-------“-ის ბეჭდით არის დამოწმებული და აუდიტორებს არ გააჩნიათ უფრო მაღალი ნდობის ხარისხის მქონე სხვა პირველადი დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ 2022 წელს კომპანიაზე მიწოდებული იქნა არა 198 982 ლარის ღირებულების, არამედ 339 190 ლარის ღირებულების სოფლის მეურნეობის პროდუქცია. ამიტომ, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) უნდა მოხდეს ყოველგვარი ახალი დათქმებისა და პირობების გარეშე და თუ რაიმე სხვაობაა „-------“-ის წარმომადგენლების მიერ მიწოდებულ ინფორმაციასა და მომჩივნის მიერ წარდგენილ შედარების აქტს შორის, ეს არ იძლევა შედარების აქტის მონაცემების ეჭვის ქვეშ დაყენების საფუძველს.

არასწორია აუდიტორების ის მიდგომა, რომლითაც მათ საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშება მოახდინეს. კერძოდ, სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდების 200 000 ლარზე გადაჭარბებისას დასაბეგრი თანხა გაანგარიშებულია სრული თანხიდან. ასეთი მიდგომით გამოდის, რომ თუ სოფლის მეურნეობის პროდუქციის წლიური მიწოდება იქნება 199 999 ლარი, მაშინ გადასახადის დარიცხვის საკითხი საერთოდ არ დგება, ხოლო 2 ლარით მეტზე, ანუ 200 001 ლარზე უნდა გაანგარიშდეს საშემოსავლო გადასახადი 8 000 ლარი და ჯარიმა 4 000 ლარი, რაც აბსოლუტური უსამართლობაა. ფაქტიურად უტრირებულად ხდება საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის გააზრება, რაც ეწინააღმდეგება საგადასახადო კოდექსით დადგენილ პრინციპებს. კერძოდ:

ა) გარკვეული კატეგორიის ფიზიკურ პირთა (მაგალითად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლების მონაწილეების) 6 000 ლარამდე წლიური შემოსავლები არ იბეგრება საშემოსავლო გადასახადით, რაც არ ნიშნავს, რომ შემოსავლების ამ თანხაზე გადაჭარბების შემთხვევაში, 6 000 ლარიც უნდა დაიბეგროს საშემოსავლო გადასახადით.

ბ) საგადასახადო კოდექსით იგივე მიდგომაა მცირე მეწარმეების შემთხვევაშიც. წლიური ბრუნვის 500 000 ლარზე გადაჭარბებისას 1%-ის ნაცვლად 3%-იანი განაკვეთი იბეგრება არა მთლიანი ბრუნვა, არამედ 500 000 ლარზე მეტი თანხა.

გ) იგივე პრინციპი მოქმედებს დამატებული ღირებულების გადასახადის შემთხვევაშიც. თუ უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში პირის დასაბეგრი ოპერაციები გადააჭარბებს 100 000 ლარს, დგება დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის და შემდგომში დღგ-ის გადახდის ვალდებულება, თუმცა ეს არ ნიშნავს უკვე განხორციელებული, 100 000 ლარამდე დასაბეგრი ოპერაციების დღგ-ით დაბეგვრას, მიუხედავად იმისა პირმა შეასრულა თუ არა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე და მსგავს შემთხვევაში საგადასახადო კოდექსის მიდგომის გათვალისწინებით, გადასახადი უნდა გაანგარიშებულიყო 200 000 ლარზე გადაჭარბებული თანხიდან. სხვა შემთხვევაში გამოდის, რომ თუ გლეხმა შემოდგომაზე 2-3 კილო ხორბალი ან ყურძენი ზედმეტი გაყიდა და მისმა წლიურმა შემოსავალმა გადააჭარბა 200 000 ლარს, ის ამისთვის უნდა დაისაჯოს სულ მცირე 12 000 ლარი გადასახადებით, რაც ეწინააღმდეგება ამ საგადასახადო შეღავათის არსს. ეს შეღავათი ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განვითარების წახალისებისთვის არის დადგენილი, თუმცა გამოდის, რომ ის პირიქით, ზღუდავს წარმოებას. ასეთი მიდგომის აბსურდულობა ნათლად ჩანს შემდეგი მაგალითითაც. საგადასახადო კოდექსით სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში დასაქმებული პირის მიერ გაცემული ხელფასი თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისაგან, თუ ამ პირის მიერ სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდებით მიღებული წლიური შემოსავალი 200 000 ლარს არ აღემატება. გამოდის, რომ თუ წლის ბოლოს პირის შემოსავალმა 200 000 ლარს გადააჭარბა, მან უკვე გაცემული ხელფასებიდან უნდა დააკავოს გადასახადი, ხოლო თუ ეს დაქირავებული ფიზიკური პირი მასთან აღარ მუშაობს, დამქირავებელი ვეღარ იქნება საგადასახადო აგენტი და გადასახადი თავისი შემოსავლებიდან უნდა გადაიხადოს, ანუ ყოფილ დაქირავებულ ფიზიკურ პირს წარმოეშვება სარგებელი, რადგან მისი გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი გადაიხადა ყოფილმა დამქირავებელმა. შესაბამისად, ეს სარგებელიც ექვემდებარება საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას და ა.შ. ფაქტიურად შევდივართ სპირალში, რომელიც სარგებლის განულებამდე არ დამთავრდება. თუნდაც ამ მაგალითიდან ნათლად ჩანს, რომ საშემოსავლო გადასახადით უნდა დაიბეგროს 200 000 ლარ წლიურ შემოსავალზე ნამეტი თანხა და ამ თანხაზე გადამეტების შემდეგ გაცემული ხელფასი.

გაუგებარია რატომ არ ჩათვალეს აუდიტორებმა შესაძლებლად მომჩივნის მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე გადამხდელად განხილვა და რატომ მიუყენეს დაბეგვრის ისეთი რეჟიმი, რომელიც ჩამოყალიბებულ ბიზნესმენობას გულისხმობს, ხარჯების და შესაბამისად სრული ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებით. გლეხისთვის (ფერმერისთვის) ყველაზე უფრო მარტივია მცირე ბიზნესის სტატუსით საქმიანობა და შესაბამისი გადასახადების გადახდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს დაევალოს აუდიტორებს აქტით დარიცხული გადასახადების გადაანგარიშება, მათი სრულად შემცირების მიზნით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება 2026 წლის 1 იანვრამდე სასოფლოსამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირის მიერ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდებით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, თუ კალენდარული წლის განმავლობაში ასეთი მიწოდებით მიღებული ერთობლივი შემოსავალი 200 000 ლარს არ აღემატება.

საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად:

1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.

2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საგადასახადო კოდექსის 106-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ერთობლივი შემოსავლიდან არ გამოიქვითება, ის ხარჯები, რომლებიც არ არის დაკავშირებული ეკონომიკურ საქმიანობასთან.

საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.

შემოწმებით დადგინდა, რომ მომჩივანს 2022 წელს უფიქსირდება შპს „-------“-ზე 339 190 ლარის ღირებულების სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდება. ვინაიდან საგადასახადო ორგანოს არ მოეპოვება საქონლის შესყიდვის დოკუმენტაცია, ხარჯების გაანგარიშებისთვის გამოყენებული იქნა შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული №0256 სიტუაციური სახელმძღვანელო და რეალიზებული საქონლის თვითღირებულება შეფასდა 25%-იანი რენტაბელობით. შედეგად, საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, განისაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები.

მომჩივანი აღნიშნავს, რომ შპს „-------“-სა და მეწარმეს შორის გაფორმებული შედარების აქტით მომჩივანს 2022 წელს შპს „-------“-ში შეტანილი აქვს 198 982 ლარის ღირებულების სოფლის მეურნეობის პროდუქცია. ვინაიდან „-------“-ზე 2022 წელს მიწოდებული საქონლის ღირებულება არ აღემატება 200 000 ლარს, მეწარმეს საშემოსავლო გადასახადი არ უნდა დარიცხვოდა.

მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს სადავო საკითხი და დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები, მათ შორის, განსახილველ საკითხთან დაკავშირებით საგამოძიებო სამსახურიდან გამოითხოვოს ინფორმაცია და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 8 დეკემბრის №047-43 საგადასახადო მოთხოვნის შესაბამისად, მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 32 954 ლარი. მათ შორის, გადასახადი - 23 744 ლარი, ჯარიმა - 6 784 ლარი და საურავი - 2 426 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

საჩივარი ამ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს ზუსტად ასეთ შემთხვევას და გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო კანონმდებლობა დაარღვია უცოდინრობის გამო, რაზედაც მიუთითებს შემდეგი გარემოებები:

ა) გლეხური (ფერმერული) მეურნეობა როგორც წესი გულისხმობს ოჯახის წევრების ჩართვას ასეთ საქმიანობაში. მომჩივანს შეეძლო სასოფლო-სამეურნეო საქონლის მიწოდების ნაწილი ოჯახის წევრებზე გადაენაწილებინა ისე, რომ თითოეული მათგანის წლიური მიწოდების თანხა არ გადაცილებოდა 200 000 ლარს. შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადის საკითხი საერთოდ არ დადგებოდა.

ბ) მომჩივანს შეეძლო დარეგისტრირებულიყო მცირე მეწარმედ და 200 000 ლარს გადაცილებული ბრუნვა დაშვებული ზედა ზღვრის გათვალისწინებით, დაებეგრა 1%-იანი განაკვეთით, რაც გაცილებით შეამცირებდა საგადასახადო ტვირთს.

ეს გარემოებები ნათლად მიუთითებენ, რომ მომჩივანმა საგადასახადო კანონმდებლობა დაარღვია უცოდინრობის გამო, ადგილი აქვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით განსაზღვრულ შემთხვევას და სანქციების უპირობოდ გაუქმება მაინც უნდა მომხდარიყო.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

დარიცხვის შინაარსიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

საბჭო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირის დაუდევარი ქმედება არ შეიძლება გახდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის მართლზომიერებას და ასევე ითხოვს დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 4 დეკემბრის №30230 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 29 დეკემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 24 იანვრის №952 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი.

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 24 იანვრის №952 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 82(ლ); 102(1-1); 105(1-2); 269(7)