ბრძანება N 1805
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 1805
03.02.2023
შპს „------“-ის (ს/ნ -----)
(მის.: -----)
2022 წლის 29 აპრილის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 27 იანვრის სხდომაზე (ოქმი №7) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 27 ოქტომბრის №16795/2/2022 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „----------“-ის (ს/ნ ----) №70397/1/2022 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2022 წლის 27 აპრილის №EL161693 და №EL161690 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორის განმარტებით კომპანიის საბაჟო საწყობში განთავსდა შპს „-----“ კუთვნილი აქციზური საქონელი სატრანსპორტო ზედდებულში მითითებული ადგილების შესაბამისად (3 ადგილი), რაც შესაბამისობაში იყო ფაქტობრივად დასაწყობებული ტვირთისა და არ არსებობდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ მომხდარიყო შეფუთული ადგილების (3 შეფუთული პალეტი) დაშლა და შიგთავსის რაოდენობების გადათვლა. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ ექსპორტიორი კომპანიის მიერ არასწორად იქნა ტვირთი გამოგზავნილი, კერძოდ 2 ცალი 20 ლიტრიანი ლუდის კასრი შეცდომით, ზედმეტად იქნა გამოგზავნილი, ხოლო ინვოისში მითითებული 5 ცალი 12 ბოთლიანი ყუთის ნაცვლად გამოიგზავნა 3 ცალი 12 ბოთლიანი ყუთი. შესაბამისად, 60 ბოთლი ლუდის ნაცვლად აღმოჩნდა 36 ცალი ლუდის ბოთლი.
აღნიშნულზე მითითებით, ითხოვს სადავო ადმინისტრაციული აქტებით დაკისრებლი პასუხისმგებლობის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, 2022 წლის 21 აპრილს, შპს „-----“ (ს/ნ -----) მიერ შპს „-----“ (ს/ნ -----) კუთვნილ საბაჟო საწყობში (-----) №----- საბაჟო დეკლარაციით საწყობის პროცედურაში მოექცა სხვადასხვა დასახელების ----- ლუდი (საბაჟო ღირებულება - 22318,55 ლარი). აღნიშნული საქონელი, საბაჟო საწყობის პროცედურიდან (№------ 21/04/2022) 2022 წლის 26 აპრილს, შპს „------“ (ს/ნ -----) მიერ №----- საბაჟო დეკლარაციით მოექცა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში, რა დროსაც საბაჟო დეკლარაციის (№-----) მიმართ მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა „eCustoms“-ის მიერ განისაზღვრა „წითელი დერეფანი“.
2022 წლის 26 აპრილს გაფორმების ეკონომიკური ზონა „------“ უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ განხორციელდა საბაჟო დეკლარაციის კამერალური შემოწმება და საქონლის ვიზუალური დათვალიერება, რის შედეგადაც გამოვლინდა დეკლარირებული საქონლის ნაკლებობა და არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ დეკლარირებული ----- ლუდი კასრებში (-----) 10 კასრის ნაცვლად საბაჟო საწყობში აღმოჩნდა 12 კასრი, ხოლო ------ ლუდი ბოთლებში (-----) ნაცვლად 60 ბოთლისა აღმოჩნდა 36 ბოთლი.
ვინაიდან, ადგილი ჰქონდა საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელ ქმედებას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, გაფორმების ეკონომიკური ზონა „-----“ უფლებამოსილი პირის მიერ 2022 წლის 27 აპრილს შედგენილ იქნა №EL161687 და №EL161690 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები, რომლებითაც შპს „-----“ (ს/ნ-----) და შპს „-----“ (ს/ნ ----- ) სოლიდარულად დაეკისრათ საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდათ ჯარიმა 55.51 ლარის ოდენობით. ამასთან, გამოიცა №EL11111/39 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც შპს „-------“ (ს/ნ -----) უკანონოდ განკარგულ საქონელზე დაერიცხა შესაბამისი იმპორტის გადასახდელები – 55.51 ლარის (დღგ - 29,77 ლარი, აქციზის გადასახადი - 8,74 ლარი, იმპორტის გადასახადი - 17 ლარი) ოდენობით.
ამასთან, შპს „-----“ (ს/ნ-----) საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილების მე-8 მუხლის „რ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების განმეორებით (საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი №EL149356 (01.12.2021)) შეუსრულებლობისთვის დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა, რაზეც 2022 წლის 27 აპრილს შედგენილ იქნა №EL161693 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და სამართალდამრღვევს სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 6 000 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 23 მაისის №12725 ბრძანებით შპს „-----“-ის (ს/ნ ----) №70397/1/2022 საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გადამხდელმა გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭომ გადაწყვეტილებაში მიუთითა, მომჩივნის განმარტებაზე, რომლის მიხედვით, ექსპორტიორი კომპანიის მიერ არასწორად იყო გამოგზავნილი ტვირთი რასაც მომწოდებელი ადასტურებს წერილობით და განმარტავს, რომ მოხდა ლუდის სახეობების არევა კერძოდ, 2 შეკვრა ლუდის ნაცვლად გამოგზავნილ იქნა 2 ბალონი ლუდი. აღნიშნულზე მითითებით მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურს არ უმსჯელია აღნიშნულ წერილზე, გააუქმა შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 23 მაისის №12725 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ამავე სამსახურს.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს“. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით „საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე რჩება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება“.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი №3) პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ ინსტრუქციის მე-8 მუხლის „რ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია გამორიცხოს საბაჟო საწყობში შენახული, საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება.
ამავე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საქონლის დაკარგვის ან დანაკლისის (რომელიც აღემატება საქონლის ბუნებრივი ცვეთით, ტრანსპორტირებით ან შენახვის ნორმალურ პირობებში დანაკარგებით დაშვებულ ნორმებს) აღმოჩენის შემთხვევაში, დანაკლისის შესახებ საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ დადასტურებული აქტის შესაბამისად, გადაიხადოს იმპორტის გადასახდელი იმ ოდენობით, რა ოდენობითაც გადაიხდებოდა იმპორტის გადასახდელი ამ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევისას.
ამავე ინსტრუქციის მე-17 მუხლის პირველი ნაწილი კი ადგენს, რომ საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს საბაჟო კოდექსით, საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და ამ ინსტრუქციით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა ან მათი არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას და გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. მე-7 ნაწილის მიხედვით კი, რამდენიმე საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენისას საბაჟო სანქცია თითოეული საბაჟო სამართალდარღვევისთვის ცალკე გამოიყენება. ამასთანავე, უფრო მკაცრი საბაჟო სანქცია არ შთანთქავს ნაკლებად მკაცრ საბაჟო სანქციას.
ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელი ქმედება ან საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევა, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, – იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
ამავე საკანონმდებლო აქტის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა - იწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება (იმავე სანებართვო პირობის დარღვევა), ჩადენილი განმეორებით – იწვევს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის გასამმაგებას.
დადგენილია, რომ საბაჟო დეკლარაციის კამერალური შემოწმებისას, საქონლის ვიზუალური დათვალიერების შედეგად, გამოვლინდა დეკლარირებული საქონლის ნაკლებობა და არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ დეკლარირებული ---- ლუდი კასრებში (----) 10 კასრის ნაცვლად საბაჟო საწყობში აღმოჩნდა 12 კასრი, ხოლო ----- ლუდი ბოთლებში (-----) ნაცვლად 60 ბოთლისა აღმოჩნდა 36 ბოთლი.
ასევე დადგენილია, რომ 2022 წლის 27 აპრილის №EL161687 და №EL161690 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით შპს „----------“ (ს/ნ ----------) და შპს „--“ (ს/ნ ------) სოლიდარულად დაეკისრათ საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდათ ჯარიმა 55.51 ლარის ოდენობით. ამასთან, გამოიცა №EL11111/39 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც შპს „-----“ (ს/ნ ----) უკანონოდ განკარგულ საქონელზე დაერიცხა შესაბამისი იმპორტის გადასახდელები – 55.51 ლარის (დღგ - 29,77 ლარი, აქციზის გადასახადი - 8,74 ლარი, იმპორტის გადასახადი - 17 ლარი) ოდენობით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
ამავე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილით კი დადგენილია, რომ დაინტერესებული მხარე ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით ითანამშრომლოს ადმინისტრაციულ ორგანოსთან ადმინისტრაციული წარმოებისას. ამასთან, დაინტერესებული მხარე ვალდებულია გამოცხადდეს ადმინისტრაციულ ორგანოში და მისცეს ახსნა-განმარტება მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში.
ამავე კოდექსის 97-ე მუხლის მიხედვით, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს და სხვა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 27 ოქტომბრის №16795/2/2022 გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოება და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში განახორციელოს 2022 წლის 27 აპრილის №EL161693 და №EL161690 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმების შესაბამისი კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----“-ის (ს/ნ-----) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოება და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში განახორციელოს 2022 წლის 27 აპრილის №EL161693 და №EL161690 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
3. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით განახორციელოს შესაბამისი კორექტირება მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საჩივრის ავტორი ითხოვს სადავო ადმინისტრაციული აქტებით დაკისრებლი პასუხისმგებლობის გაუქმებას
ფაქტობრივი გარემოებები
გაფორმების ეკონომიკური ზონის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ განხორციელდა საბაჟო დეკლარაციის კამერალური შემოწმება და საქონლის ვიზუალური დათვალიერება, რის შედეგადაც გამოვლინდა დეკლარირებული საქონლის ნაკლებობა და არადეკლარირებული საქონელი. ვინაიდან, ადგილი ჰქონდა საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელ ქმედებას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილ იქნა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები.
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 23 მაისის №12725 ბრძანებით გადასახადის გადამხდელის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გადამხდელმა გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში. საბჭომ გადაწყვეტილებაში მიუთითა, მომჩივნის განმარტებაზე, რომლის მიხედვით, ექსპორტიორი კომპანიის მიერ არასწორად იყო გამოგზავნილი ტვირთი რასაც მომწოდებელი ადასტურებს წერილობით და განმარტავს, რომ მოხდა ლუდის სახეობების არევა კერძოდ, 2 შეკვრა ლუდის ნაცვლად გამოგზავნილ იქნა 2 ბალონი ლუდი. აღნიშნულზე მითითებით მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურს არ უმსჯელია აღნიშნულ წერილზე, გააუქმა შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 23 მაისის №12725 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ამავე სამსახურს
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 27 ოქტომბრის №16795/2/2022 გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოება და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმების შესაბამისი კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
70 (1; 2); 172(1); 176(2);