გადაწყვეტილება №19326/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 20.07.2023
№ დოკუმენტი 19326/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19326/2/2023

20.07.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „------ ---------ი“ (ს/ნ ---------------)

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 8.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------ ---------ის“ 3.04.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19326/2/2023).

 

დავის საგანი:

საბაჟო საწყობის საქმიანობის სანებართვო პირობების დარღვევა, ჩადენილი განმეორებით.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 4.02.2023 წლის №EL199226 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

2. საბაჟო დეპარტამენტის 4.02.2023 წლის №EL199228 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

3. საბაჟო დეპარტამენტის 4.02.2023 წლის №EL199229 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

4. საბაჟო დეპარტამენტის 4.02.2023 წლის №EL199232 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

5. საბაჟო დეპარტამენტის 4.02.2023 წლის №EL199235 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

6. საბაჟო დეპარტამენტის 4.02.2023 წლის №EL199237 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

7. შემოსავლების სამსახურის 20.03.2023 წლის №5278 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 36 000 ლარი.

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გაფორმების ეკონომიკური ზონა „--ის“ მიერ 21.01.2023 წელს გამოწერილი №D2648, №D2649, №D2650, №D2679, №D2682, №D2683 საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობებით გადაადგილებული №------/----------, №------/---------- და №------/---------- სატრანსპორტო საშუალებებში განთავსებული საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონელი (სპილენძის კონცენტრატი) განთავსდა შპს ქეისიბი ალიანსის საბაჟო საწყობში, რაც დასტურდება საბაჟო საწყობის მიერ მოწმობის უკანა გვერდზე გაკეთებული აღნიშვნით (დამღა, ხელმოწერა, თარიღი და დრო).

ვინაიდან შპს „------ ---------ის“ მიერ ზემოაღნიშნული მოწმობების დამოწმებიდან არაუგვიანეს 24 საათისა, „eCustoms“-ში ელექტრონულად არ დადასტურებულა გამოცხადება, სანებართვო პირობების დარღვევისთვის, ჩადენილი განმეორებით, 4.02.2023 წელს შედგენილ იქნა №EL199226, №EL199228, №EL199229, №EL199232, №EL199235, №EL199237 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები, რომლებითაც შპს „------ ---------სს“ დაეკისრა პასუხისმგებლობა საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა ჯამში 36 000 ლარის ოდენობით.

აღნიშნული ოქმები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 20.03.2023 წლის №5278 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, საბაჟო კოდექსის 127-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 16.09.2019 წლის №455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის პირველ მუხლზე, მე-8 მუხლის „გ“, „დ“ და „ქ“ პუნქტებზე, მე-17 მუხლის პირველ პუნქტზე, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 176-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე.

დადგენილია, რომ მომჩივნის მიერ აღრიცხვის მოწმობების დამოწმებიდან არაუგვიანეს 24 საათისა, „eCustoms”-ში ელექტრონულად არ დადასტურებულა გამოცხადება, რითაც დარღვეულ იქნა „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 16.09.2019 წლის №455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის „გ“, „დ“ და „ქ“ პუნქტებით განსაზღვრული სანებართვო პირობები. საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვით გათვალისწინებული სანებართვო პირობის დარღვევა კი არის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საბაჟო კოდექსით (176-ე მუხლი) გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ვინაიდან აღნიშნული ქმედება საბაჟო საწყობის საქმიანობის მფლობელის მიერ ჩადენილია განმეორებით, მომჩივნისთვის სადავო ოქმებით საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად ჯარიმების დაკისრება მართლზომიერია.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოშობს საფუძველს იმის დასადასტურებლად, რომ საბაჟო საწყობის საქმიანობის სანებართვო პირობის დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

მომჩივნის მოთხოვნაზე, დაკისრებული სანქციების პატიებასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილზე, რომლის მიხედვით, საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.

საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილი პირის საბაჟო სანქციისაგან გათავისუფლებას ითვალისწინებს იმ პირობებში, როცა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმის საფუძველს, რომ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩამდენი პირი ცდება, ან არ არის მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. კანონმდებლის მიზანია, საბაჟო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ მომჩივანი ვერ უთითებს ისეთ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ პირი მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში და შესაბამისად, მიზანშეწონილად არ მიაჩნია საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის გამოყენება. ამდენად, სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საბაჟო დეპარტამენტის 4.02.2023 წლის №EL199226, №EL199228, №EL199229, №EL199232, №EL199235, №EL199237 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმების საფუძველზე, შპს „------ ---------სს“ ჯარიმის სახით დაეკისრა 36 000 ლარი, საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის (6-ჯერ 6 ათას ლარიანი ჯარიმა). კომპანია ნაწილობრივ ეთანხმება ზემოაღნიშნულ ადმინისტრაციულ აქტებს და მათში მოყვანილ ფაქტობრივ გარემოებებს.

საწარმოს საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე 21.01.2023 -----დან ტრანზიტით შემოსულ იქნა 9 ერთეული სპილენძის კონცენტრატით დატვირთული კონტეინერი. აღნიშნული 9 ერთეული კონტეინერის ნავსადგურის ტერიტორიიდან საბაჟო საწყობში ტრანსპორტირებისათვის გამოყენებულ იქნა 3 ერთეული სხვისი კუთვნილი სატვირთო ავტომანქანა. პირველ სამ კონტეინერზე სამივე ავტომანქანის მიერ რეისის შესრულებისას საბაჟო ორგანოს მიერ შედგენილი საქონლის და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის 3 მოწმობა საბაჟო საწყობის მიერ დამოწმდა საბაჟო საწყობში შესვლისას და დამოწმებიდან 24 საათის ვადაში ელექტრონულად არ იქნა დადასტურებული სატრანსპორტო საშუალების და ტვირთის საბაჟო საწყობში გამოცხადება, ოპერატორის გულმავიწყობის გამო.

ამის შემდეგ, იმავე მებაჟის მიერ კიდევ 3 კონტეინერზე იგივე სამ სატრანსპორტო საშუალებაზე გაიცა ახალი 3 აღრიცხვის მოწმობა. ისე, რომ მებაჟე ოფიცერმა არ გადაამოწმა ის ფაქტი, რომ წინა 3 აღრიცხვის მოწმობის საბაჟო საწყობში გამოცხადებაზე ელექტრონული დასტური არ იყო ატვირთული სისტემაში, ანუ არ იყო გამოცხადებული. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ პირველი 3 აღრიცხვის მოწმობის გამოსაცხადებლად, ანუ ელექტრონულად დადასტურებისათვის დაწესებული იყო 24 საათიანი ვადა, ამავე 24 საათიანი ვადის გასვლამდე თავად საბაჟო ორგანოს მის მიერვე დადგენილი წესით იმავე სატრანსპორტო საშუალებებზე, რომელიც არ იყო გამოცხადებული წინა აღრიცხვის მოწმობები, ანუ წინა კონტეინერების საბაჟო საწყობში ჩაბარების შესახებ ინფორმაცია არ იყო ატვირთული საბაჟო სისტემაში ახალი აღრიცხვის მოწმობის გაცემამდე, ახალი აღრიცხვის მოწმობების გაცემა არ უნდა მომხდარიყო მანამდე, სანამ არ მოხდებოდა წინა 3 აღრიცხვის მოწმობის ელექტრონული დადასტურება.

ამის შემდეგ, საბაჟო ორგანოს მიერ იმავე სამ სატრანსპორტო საშუალებაზე გაიცა 3 ახალი აღრიცხვის მოწმობა ისე, რომ წინა აღრიცხვის მოწმობები გამოცხადებული არ იყო. ეს 3 ახალი აღრიცხვის მოწმობა ასევე დამოწმებული იქნა საბაჟო საწყობის მიერ კონტეინერების საბაჟო საწყობში შემოსვლის მომენტში, ხოლო 24 საათის ვადაში ელექტრონულად ისევე დადასტურებული არ იქნა ოპერატორის გულმავიწყობის გამო, მის მიერ არაშეგნებულად დაშვებული შეცდომის შედეგად. ამის შემდეგ, იმავე მებაჟის მიერ დარჩენილ 3 კონტეინერზე იმავე სამ სატრანსპორტო გაიცა კიდევ 3 ახალი აღრიცხვის მოწმობა ისე, რომ ამჟამად მებაჟე ოფიცერმა ისევ არ გადაამოწმა ის ფაქტი, რომ წინა 3 აღრიცხვის მოწმობის ანალოგიურად, შემდეგ სამ მოწმობაზეც საბაჟო საწყობში გამოცხადებაზე ელექტრონული ატვირთული არ იყო სისტემაში ანუ არ იყო გამოცხადებული. შესაბამისად, იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებზეც არ იყო გამოცხადებული წინა აღრიცხვის მოწმობები, ახალი აღრიცხვის მოწმობები არ უნდა ყოფილიყო გაცემული. ბოლო 3 აღრიცხვის მოწმობა საბაჟო საწყობში დამოწმების შემდეგ ელექტრონულად იქნა დადასტურებული უკვე საწყობის ახალი ცვლის ოპერატორის მიერ.

გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, ცალსახაა ის ფაქტი, რომ აღნიშნული უზუსტობა განპირობებულია არა მარტო ოპერატორის გულმავიწყობის გამო დაშვებული არაშეგნებული შეცდომით, ასევე უშუალოდ მებაჟე ოფიცრის მიერ დაშვებული შეცდომითაც.

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, კომპანიას უნდა ეპატიოს გულმავიწყობის გამო არაშეგნებულად დაშვებული შეცდომის საფუძველზე დარიცხული ჯარიმების თანხებიდან, ან/და აღნიშნული 6 ჯარიმის თანხა შეიცვალოს მხოლოდ ერთი 6 000 ლარიანი ჯარიმის თანხით, ასევე გათვალისწინებული უნდა იქნას ის გარემოებაც, რომ იმ ოპერატორის სახელფასო განაკვეთი, რომელმაც არაშეგნებულად დაუშვა აღნიშნული შეცდომა, შეადგენს მხოლოდ 950 ლარს და მასზე ჯარიმის თანხების თუნდაც სოლიდარულად დარიცხვის და გადახდის არანაირი, მ/შორის მორალური საშუალება არ არსებობს მისი ოჯახური და ფინანსური მდგომარეობის გათვალიწინებით.

ასევე გათვალიწინებული უნდა იქნას ის გარემოებაც, რომ კომპანია მხოლოდ 3 წელია რაც ოპერირებს ამ კუთხით და ასეთი სახის შეცდომები არ ყოფილა დაშვებული და სისტემურ ხასიათს არ ატარებს და საკითხი უნდა გადაწყდეს გულისხმიერად.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს ყველა ფაქტისა და გარემოების სრულად გამოკვლევისა და ურთიერთ შეჯერების საფუძველზე. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის, თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებსა და ფაქტებზე მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული ან შესწავლილი. სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებს ქონდათ სრული ინფორმაცია, რომ საბაჟო საწყობში შემოსულ სატრანსპორტო საშუალებებზე გაიცა ახალი აღრიცხვის მოწმობები ისე, რომ წინა მოწმობები გამოცხადებული არ იყო ელექტრონულად.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. სწორედ, ბრალი არის ადმინისტრაციული გადაცდომის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი კომპონენტი. მოცემულ შემთხვევებში კი სახეზე არ არის არც გადაცდომების შემადგენლობა და არც კომპანიის ბრალეულობა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სწორად, სრულად და ობიექტურად უნდა შეფასდეს ფაქტობრივი გარემოებები, გაუქმდეს შემოსავლების სამსახური 20.03.2023 წლის №5278 ბრძანება და როგორც კეთილსინდისიერ გადამხდელს ეპატიოს არაშეგნებულად დაშვებული შეცდომის გამო საბაჟო დეპარტამენტის სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმების საფუძველზე დარიცხული ჯარიმის თანხები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საბაჟო კოდექსის 127-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საბაჟო საწყობის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვით გათვალისწინებული სანებართვო პირობები.

საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის თანახმად:

1. საბაჟო საწყობის საქმიანობისან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა – იწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება (იმავე სანებართვო პირობის დარღვევა), ჩადენილი განმეორებით, – იწვევს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის გასამმაგებას.

საქართველოს მთავრობის 16.09.2019 წლის №455 დადგენილებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ ინსტრუქციის მე-8 მუხლის „გ“ და „ქ“ ქვეპუნქტების თანახმად, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია:

გ) ხელი არ შეუშალოს საბაჟო კონტროლის განხორციელებას;

ქ) უზრუნველყოს საქართველოს საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების ჯეროვნად შესრულება.

ამავე ინსტრუქციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს საბაჟო კოდექსით, საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და ამ ინსტრუქციით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა ან მათი არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას და გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დანიშნულების ადგილზე საქონლის წარდგენა დასტურდება საბაჟო საწყობის, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის, „ოქროს სიის“ მონაწილის საწყობის, საქართველოს საბაჟო კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ავტორიზაციის მფლობელი ეკონომიკური ოპერატორის საწყობის (კუთვნილი საქონლის შემთხვევაში) ან შენახვის სხვა ადგილის მფლობელის მიერ – მოწმობის უკანა გვერდზე გაკეთებული აღნიშვნით (დამღა, ხელმოწერა, თარიღი და დრო). საბაჟო საწყობი, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტი, „ოქროს სიის“ მონაწილე, ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია, მოწმობის დამოწმებიდან არაუგვიანეს 24 საათისა, „eCustoms”-ში ელექტრონულად დაადასტუროს გამოცხადება.

დადგენილია და სადავო არ არის, რომ გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთის“ მიერ 21.01.2023 წელს გამოწერილი №D2648, №D2649, №D2650, №D2679, №D2682, №D2683 საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობებით გადაადგილებულ სატრანსპორტო საშუალებებში განთავსებული იყო საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონელი, რაც განთავსდა მომჩივნის საბაჟო საწყობში. აღნიშნული დასტურდება საბაჟო საწყობის მიერ მოწმობის უკანა გვერდზე გაკეთებული აღნიშვნით (დამღა, ხელმოწერა, თარიღი და დრო).

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიუთითებს, რომ ვინაიდან მომჩივნის მიერ საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობების დამოწმებიდან არაუგვიანეს 24 საათისა, „eCustoms“-ში ელექტრონულად არ დადასტურებულა გამოცხადება, მომჩივანს საბაჟო სამართალდარღვევებისთვის სანქციები შეეფარდა კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.

საბჭო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ მომჩივნის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით, ან არ იყო მისთვის ცნობილი ის გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სადავო სამართალდარღვევის ოქმებით დაკისრებული სანქციებისგან მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საბაჟო საწყობის საქმიანობის სანებართვო პირობების დარღვევა, ჩადენილი განმეორებით.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გაფორმების ეკონომიკური ზონს მიერ გამოწერილი საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობებით გადაადგილებული სატრანსპორტო საშუალებებში განთავსებული საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონელი (სპილენძის კონცენტრატი) განთავსდა მომჩივანის საბაჟო საწყობში, რაც დასტურდება საბაჟო საწყობის მიერ მოწმობის უკანა გვერდზე გაკეთებული აღნიშვნით .

ვინაიდან მომჩივანის მიერ ზემოაღნიშნული მოწმობების დამოწმებიდან არაუგვიანეს 24 საათისა, „eCustoms“-ში ელექტრონულად არ დადასტურებულა გამოცხადება, სანებართვო პირობების დარღვევისთვის,ჩადენილი განმეორებით, შედგენილ იქნა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები, რომლებითაც მომჩივანს დაეკისრა პასუხისმგებლობა საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა.

აღნიშნული ოქმები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის №5278 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ მომჩივნის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით, ან არ იყო მისთვის ცნობილი ის გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სადავო სამართალდარღვევის ოქმებით დაკისრებული სანქციებისგან მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(1 „გ“);

ასევე საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს:127(3);163(1,11);176(1. 2 );

შემოსავლების სამსახური მიუთითებს „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) მე-10 (1 „ა“ ) ;

„საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 16.09.2019 წლის №455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის 1; 8 ( „გ“, „დ“ „ქ“ );17 (1);

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი; 53(5);

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლი;