გადაწყვეტილება №19793/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19793/2/2023
22 ივნისი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: "------" (ს/ნ "------")
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება "------"-ის 25.05.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19793/2/2023).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 21.09.2022 წლის №24245 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 20.02.2023 წლის №035-3 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 19.04.2023 წლის №8569 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 73 762 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 35 065
დღგ - 16 610
საშემოსავლო გადასახადი - 18 455
ჯარიმა - 17 532
საურავი - 21 165
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 24.02.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 1.03.2022 წლის №035-2 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 21.09.2022 წლის №24245 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მათ შორის კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ უძრავ ქონებაზე გაწეული დანახარჯების განსაზღვრის თაობაზე. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები მათ შორის ზემოაღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე შედგენილი საექსპერტო დასკვნა, რომლითაც განსაზღვრული იქნება მომჩივნის მიერ უძრავ ქონებაზე გაწეული დანახარჯების ოდენობა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 21.09.2022 წლის №24245 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 3.02.2023 წლის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს შემოსავლების სამსახურის 21.09.2022 წლის №24245 ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში არ წარუდგენია დოკუმენტურად დადასტურებული არანაირი მტკიცებულებები, შესაბამისად შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას. აუდიტის დეპარტამენტის 3.02.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 20.02.2023 წლის №035-3 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 19.04.2023 წლის №8569 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურ მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. გადასახადის გადამხდელს განსაზღვრულ ვადაში არც შემოწმებისთვის და არც დავის წარმოების ეტაპზე არ წარმოუდგენია დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, რაც შემოწმებით დარიცხული თანხების გადაანგარიშების საფუძველი გახდებოდა. ამასთან, წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
ავტოგასამართი სადგურის რეალიზაცია არ უნდა დაიბეგროს დღგ-ით, რადგან მოხდა მთლიანი საწარმოს მიწოდება, რის შემდეგაც მომჩივანს შეჩერებული აქვს საქმიანობა და შესაბამისად განცხადებაც აქვს ელექტრონულად ატვირთული საქმიანობის შეჩერების შესახებ, ითხოვს გავრცელდეს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და ეს ოპერაცია არ იქნას განხილული, როგორც საქონლის მიწოდება. ამ ოპერაციაზე არ გამოწერილა ანგარიშ-ფაქტურა და ამის შედეგად მყიდველს არ აქვს ჩათვლა მიღებული. შემმოწმებელმა ეს ოპერაცია არ ჩათვალა საწარმოს მიწოდებად, რადგან მომჩივანმა არ მიმართა წერილობით საგადასახადო ორგანოს ამ ოპერაციის შესახებ. ეს კი გამოწვეულია მომჩივნის კანონების არცოდნიდან გამომდინარე.
ავტო გასამართი სადგურის რეალიზაციით მიღებულ შემოსავლად განსაზღვრულია 40 000 აშშ დოლარი, რასაც არ ეთანხმება.
მომჩივანმა საჯარო რეესტრიდან გამოითხოვა დოკუმენტაცია, სადაც უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებაში დაფიქსირებულია 50 000 ლარი, შესაბამისად მართებულად მიაჩნია შემოსავალში აღებული იყოს 50 000 ლარი და არა 40 000 აშშ დოლარი, ვინაიდან დოკუმენტურად დასტურდება სწორედ ის თანხა ანუ 50 000 ლარი.
ასევე უნდა მოხდეს მიწის და შენობის გამიჯვნა დღგ-ის გამოანგარიშებისას. ვინაიდან მიწა არ იბეგრება დღგ-ით. ასევე არ ხდებოდა უძრავ ქონებაზე ამორტიზაციის დარიცხვა და შესაბამისად უნდა მოხდეს წლიურ დეკლარაციაში მისი ასახვაც.
რაც შეეხება ერთობლივ შემოსავალში უძრავი ქონების (ავტო გასამართი სადგურის) მიღებული შემოსავლის ასახვას, იქ უნდა აისახოს მიღებულ შემოსავალს გამოკლებული საბალანსო ღირებულება (ნარჩენი ღირებულება), რადგან ამ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ხარჯის გათვალისწინება არსად არ ხდება, არც ცვეთის სახით და არც ნარჩენი ღირებულების სახით, რაც არასწორია.
ნარჩენი ღირებულების გამოანგარიშება შესაძლებელია შემდეგნაირად: თუ სარეალიზაციო ფასი არის 50 000 ლარი, უძრავი ქონების სარგებლობის ვადა 40 წელი, აქედან გასულია 20 წელი, მაშინ ერთობლივ შემოსავალში უნდა ავიღოთ 25 000 ლარი და არა 50 000 ლარი.
მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურმა სრულყოფილად არ გაითვალისწინა მის მიერ მითითებული გარემოებები და უკანონოდ არ დააკმაყოფილა მისი საჩივარი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვს გაუქმდეს აუდიტის დეპარტამენტის 20.02.2023 წლის №2985 ბრძანება, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე დასკვნა, აუდიტის დეპარტამენტის 20.02.2023 წლის №035-3 საგადასახადო მოთხოვნა და შემოსავლების სამსახურის 19.04.2023 წლის №8569 ბრძანება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება:
ა) საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები;
ბ) აქტივების რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავალი.
საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.
2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საგადასახადო კოდექსის 106-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივი შემოსავლიდან არ გამოიქვითება ის ხარჯები, რომლებიც არ არის დაკავშირებული ეკონომიკურ საქმიანობასთან.
შემოსავლების სამსახურის 21.09.2022 წლის №24245 ბრძანებით, ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მათ შორის კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ უძრავ ქონებაზე გაწეული დანახარჯების განსაზღვრის თაობაზე. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები მათ შორის ზემოაღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე შედგენილი საექსპერტო დასკვნა, რომლითაც განსაზღვრული იქნება მომჩივნის მიერ უძრავ ქონებაზე გაწეული დანახარჯების ოდენობა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტის 3.02.2023 წლის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს შემოსავლების სამსახურის 21.09.2022 წლის №24245 ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში არ წარუდგენია დოკუმენტურად დადასტურებული არანაირი მტკიცებულებები, შესაბამისად შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით მომჩივნის მიერ დამატებითი მტკიცებულება წარდგენილი არ არის, ამასთან აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლილია საგადასახადო დავის წარმოების ეტაპზე არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია სრულყოფილად და მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 3.02.2023 წლის დასკვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 21.09.2022 წლის №24245 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტებთან დაკავშირებით საბჭო მიუთითებს, რომ საბჭო ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხებზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 21.09.2022 წლის №24245 ბრძანების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს გასაჩივრებული აქტების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი არ ეთანხმება ავტოგასამართი სადგურის დღგ-ით დაბეგვრას. ითხოვს გავრცელდეს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და ეს ოპერაცია არ იქნას განხილული, როგორც საქონლის მიწოდება.
ავტო გასამართი სადგურის რეალიზაციით მიღებულ შემოსავლად განსაზღვრულია 40 000 აშშ დოლარი, რასაც არ ეთანხმება.
ასევე უნდა მოხდეს მიწის და შენობის გამიჯვნა დღგ-ის გამოანგარიშებისას.
მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურმა სრულყოფილად არ გაითვალისწინა მის მიერ მითითებული გარემოებები და უკანონოდ არ დააკმაყოფილა მისი საჩივარი.
მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს აუდიტის დეპარტამენტის 20.02.2023 წლის №2985 ბრძანება, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე დასკვნა, აუდიტის დეპარტამენტის 20.02.2023 წლის №035-3 საგადასახადო მოთხოვნა და შემოსავლების სამსახურის 19.04.2023 წლის №8569 ბრძანება.
ფაქტობრივი გარემოებები
ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მათ შორის კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ უძრავ ქონებაზე გაწეული დანახარჯების განსაზღვრის თაობაზე. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები მათ შორის ზემოაღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე შედგენილი საექსპერტო დასკვნა, რომლითაც განსაზღვრული იქნება მომჩივნის მიერ უძრავ ქონებაზე გაწეული დანახარჯების ოდენობა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შესაბამისად შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას.
გადაწყვეტილება
საბჭო მიუთითებს, რომ საბჭო ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხებზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 21.09.2022 წლის №24245 ბრძანების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს გასაჩივრებული აქტების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :100,102,105,106,136