ბრძანება N 4560
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 4560
10.03.2023
შპს „----------“ (ს/ნ ----------)
(ფაქტ. მის: ---------- ;
იურ. მის.: ----------)
2022 წლის 29 დეკემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 24 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №18) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) №238234/21 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2022 წლის 29 ნოემბრის №EL192659 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე ჩატარებულ იქნა შესაბამისი მოკვლევა, რომლის შედეგების შესაბამისად, შეგროვებული მტკიცებულებებისა და დოკუმენტების, ასევე ვიდეო მასალის მიხედვით, მათ მიერ ვერ იქნა დადგენილი ავტომობილის დასამუხტი საშუალების მოპარვის ფაქტი. მომჩივანი ასევე მიუთითებს, რომ ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით, არ აღძრულა სისისხლის სამართლის საქმე და ასევე არ დაფიქსირებულა რაიმე სახის პრეტენზია ავტომობილის მესაკუთრის მიერ. საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ არ იკვეთება კომპანიის ბრალეულობა სადავო ოქმში მითითებულ ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით და მიჩნია, რომ საბაჟო საწყობი ვერ იქნება აღნიშნულზე პასუხისმგებელი და ვერც სამართალდარღვევის სუბიექტი. მომჩივნის მოსაზრებით, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე მსგავსი ბრალდების წაყენება არის ცილისწამება და აზიანებს კომპანიის საქმიან რეპუტაციას და იმ შემთხვევაში თუ შემოსავლების სამსახური იგივე პოზიციაზე დარჩება, საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ მიმართავს სხვა სამართლებრივ გზებს.
აღნიშნულზე მითითებით, ითხოვს სადავო საბაჟო სამართალდარღვვევის ოქმის ბათილად ცნობას და დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2022 წლის 23 სექტემბერს, შპს „----------“ (ს/ნ ----------) წარმომადგენელმა "----------"-მ მიმართა გაფორმების ეკონომიკური ზონა „----------“ უფლებამოსილ პირს და ზეპირსიტყვიერად აცნობა, რომ 2022 წლის 22 სექტემბერს შპს „----------“ (ს/ნ ----------) საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე გაიხსნა კონტეინერი №----------, რომელშიც განთავსებული იყო შპს „----------“ კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებები. აღნიშნული ავტომობილების კონტეინერიდან გადმოტვირთვის შემდეგ, საქონლის იდენტიფიცირების და შესაძლო დაზიანებების გამოვლენის მიზნით, "----------"-ს მიერ დასურათებულ იქნა ყველა სატრანსპორტო საშუალება. მისივე განცხადებით ერთ-ერთი სატრანსპორტო საშუალების (შასის №----------) უკანა სავარძელზე განთავსებული იყო ავტომობილის დასამუხტი მოწყობილობა, რაც დაფიქსირებული იქნა მის მიერ ფოტოს გადაღებით, ხოლო მეორე დღეს – 2022 წლის 23 სექტემბერს, მითითებული სატრანსპორტო საშუალების საბაჟო კონტროლის ზონიდან გაყვანის დროს, დასამუხტი მოწყობილობა აღარ აღმოჩნდა ავტომობილში. აღნიშნულის შესახებ "----------"მ ასევე აცნობა შპს „----------“ უფლებამოსილ თანამშრომელს.
ზემოაღნიშნული განცხადების საფუძველზე, გაფორმების ეკონომიკური ზონა „----------“ უფლებამოსილი პირის მიერ, მოთხოვნილ იქნა ფოტოსურათი, რომლითაც დასტურდებოდა სატრანსპორტო საშუალებაში დასამუხტი მოწყობილობის არსებობა, რაც მიწოდებული იქნა "----------"-ს მიერ. ამასთან, საბაჟო ორგანომ №---------- (06.10.2022) წერილით მიმართა შპს „----------“ და გამოითხოვა სატრანსპორტო საშუალების (შასის №----------) კონტეინერიდან გადმოტვირთვისა და სადგომზე განთავსების უწყვეტი ვიდეოჩანაწერი. აღნიშნული ვიდეო-ჩანაწერი წარმოდგენილ იქნა №---------- (18.10.2022) წერილით.
საბაჟო საწყობის მიერ წარმოდგენილი ვიდეო-ჩანაწერის შესწავლის შედეგად აღმოჩნდა, რომ 2022 წლის 22 სექტემბერს, საღამოს 21:37 საათზე, საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე გადაადგილდება ფიზიკური პირი (შპს „----------“ განცხადებით კერძო დაცვის სამსახურის თანამშრომელი – "----------"), რომელიც მიდის საბაჟო საწყობის სადგომზე განთავსებულ ზემოაღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებასთან, ათვალიერებს ავტომობილის შიდა სალონს, აღებს უკანა კარს და შედის იმ სავარძელთან, სადაც გადაღებული ფოტოსურათის მიხედვით განთავსებული იყო დასამუხტი მოწყობილობა, რის შემდეგაც ხურავს ავტომობილის კარს და აგრძელებს სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალების დათვალიერებას, მაშინ, როცა კერძო დაცვის სამსახურის თანამშრომლის ფუნქცია-მოვალეობაში არ შედის საბაჟო საწყობის სადგომზე განთავსებული სატრანსპორტო საშუალებების არც ვიზუალური დათვალიერება და არც ავტომობილის სალონში განთავსებული საქონლის ან რაიმე სახის დოკუმენტის შემოწმება.
საბაჟო საწყობის კერძო დაცვის სამსახურიდან "----------" დათხოვნილ იქნა აღნიშნული ფაქტიდან მალევე – 2022 წლის 28 სექტემბერს.
ვინაიდან, შპს „----------“ (ს/ნ ----------) ვერ გამორიცხა საბაჟო საწყობში შენახული, საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის უკანონო განკარგვა, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ 2022 წლის 29 ნოემბერს შედგენილ იქნა №EL192659 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც შპს „----------“ (ს/ნ ----------) დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და საბაჟო სანქციის სახით განესაზღვრა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
„საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქცია შემუშავებულია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს საბაჟო კოდექსითა და საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად და განსაზღვრავს საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებს, ნებართვების ფორმებსა და სანებართვო პირობებს.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 127-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამსიად, საბაჟო საწყობის მფლობელი ვალდებულია არ დაუშვას საბაჟო საწყობში მოთავსებული საქონლის საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებლად. მე-3 ნაწილის მიხედვით კი, საბაჟო საწყობის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვით გათვალისწინებული სანებართვო პირობები.
ზემოხსენებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის „რ“ ქვეპუნქტების თანახმად, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია გამორიცხოს საბაჟო საწყობში შენახული, საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება.
ამავე ინსტრუქციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს საბაჟო კოდექსით, საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და ამ ინსტრუქციით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა ან მათი არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას და გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
ამავე კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე საკანონმდებლო აქტის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა - იწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
დადგენილია, რომ საბაჟო საწყობმა ვერ გამორიცხა საბაჟო საწყობში შენახული, საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის უკანონო განკარგვა, რაც პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. სამართალდარღვევის ფაქტის არსებობა გამყარებულია საქმეზე არსებული დადგენილი გარემოებითა და მტკიცებულებით (მათ შორის ფოტო და ვიდეო მასალით). ამდენად, მომჩივნისთვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმა მართლზომიერია.
რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამინტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
რაც შეეხება მომჩივნის პოზიციას, რომ საბაჟო საწყობი ვერ იქნება სადავო ოქმში დაფიქსირებული ქურდობის ფაქტზე პასუხისმგებელი და ვერც სამართალდარღვევის სუბიექტი, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანი არის საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მფლობელი, რომელიც ამ ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია გამორიცხოს საბაჟო საწყობში შენახული, საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება. იგი ვალდებულია არ დაუშვას საბაჟო საწყობში მოთავსებული საქონლის საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებლად. საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა ან მათი არაჯეროვნად შესრულება კი, წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას, რაც თავისმხრივ გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.