ბრძანება N 9518

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 02.05.2023
№ დოკუმენტი 9518
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 9518

02.05.2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს ,,----------’’ (ს/ნ ----------)

(მის.: ----------, ----------)

2023 წლის 12 იანვრის და 7 თებერვლის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 13 აპრილის სხდომაზე (ოქმი №40) განიხილა შპს ,,----------’’ (ს/ნ ----------) №18638/2/2023, №78917/1/2023 და №78914/1/2023 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 14 დეკემბრის №006-558 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დამფუძნებლისთვის თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად გაწული სამშენებლო მომსახურების დღგ-ით და მოგების გადასახადით დაბეგვრას. აცხადებს, რომ 2021 წლის 15 თებერვალს დამფუძნებელმა საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი მასზე არსებული დაუმთავრებელი მშენებლობით შეიტანა საწარმოს საწესდებო კაპიტლაში. შესაბამისად, 2021 წლის 15 თებერვლამდე გაწეული სამუშაოები დაუმთავრებელი მშენებლობის სახით გახდა კომპანიის საკუთრება. შესაბამისად, რადგან შესამოწმებელი პერიოდის არცერთ ეტაპზე ადგილი არ ჰქონია სამუშაოების ეტაპობრივ მიწოდებას, ვერც თვითღირებულებაზე დაბალ ფასად მიწოდებას ვერ ექნებოდა ადგილი. აცახადებს, რომ ზემოაღნიშნული ქონების კაპიტალში შეტანამდე ბინების რეალიზაცია არ მომხდარა და მხოლოდ კომპანიის საკუთრებაში არსებობის პერიოდში გაფორმდა ბინებზე ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებები. ასევე მიუთითებს, რომ მშენებლობის პროცესში კორპუსმა განიცადა ცვლილებები, რომელიც დღემდე არ არის შეთანხმებული არქიტექტურის სამსახურთან. ასევე, არ არის სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით მოწყობილი სისტემები და არ არის შესრულებული პროექტით გათვალისწინებული გამწვანების სამუშაოები, რის გამოც კორპუსი დღემდე არაა მიღებული ექსპლუატაციაში. მიაჩნია, რომ იმ შემთხვევაში, თუ დამფუძნებელ ფიზიკურ პირზე სამშენებლო სამუშაოების შესრულება დაიბეგრება, ადგილი ექნება კომპანიის ორმაგ დაბეგვრას, როგორც ბინების მიწოდება საბოლოო მომხმარებელზე, ასევე იგივე ბინებზე გაწეული სამუშაოების მიწოდება დამფუძნებელ ფიზიკურ პირზე.

2. არ ეთანხმება ფიზიკური პირებისთვის 2022 წლის ივლისი-აგვისტოს თვეში მიწოდებული ბინების დღგ-ით დაბეგვრას. მიუთითებს, რომ ვინაიდან საწარმომ საცხოვრებელი ბინათმშენებლობიდან შემოსავლის მიღება დაიწყო 2021 წლიდან, იგი მთლიანად ექცევა ახალი რეგულაციების მოქმედების სფეროში. აცხადებს, რომ კორპუსმა მშენებლობის პროცესში განიცადა ცვლილებები, რომელიც დღემდე არ არის შეთანხმებული არქიტექტურის სამსახურთან და დღემდე არ არის მიღებული ექსპლუატაციაში. მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში უნდა გავრცელდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესი.

3. არ ეთანხმება 2019 წლის საანგარიშო პერიოდზე დღგ-ის (5189 ლარი) დარიცხვას. მიუთითებს, რომ აღნიშნულ დარიცხვასთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტში ინფორმაცია არ არის წარმოდგენილი. მიაჩნია, რომ აღნიშნული დარიცხვა წარმოადგენს მექანიკურ შეცდომას და ითხოვს დარიცხვის გაუქმებას.

 

ფაქტების აღწერა:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 17 ივნისის №15515 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს ,,----------’’ (ს/ნ ----------) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმებას დაექვემდებარა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 29 ნოემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 14 დეკემბრის №31468 ბრძანება და ამავე თარიღის №006-558 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 338 611 ლარი, მათ შორის: გადასახადი 216 989 ლარი, ჯარიმა 108 464 ლარი, საურავი 13 158 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტისა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, საჩივრებში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

· შპს ,----------’’ გადასახადის გადამხდელად დარეგისტრირდა 2018 წელს. საწარმოს დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელი არის ---------- (---------- მოქალაქე). 2021 წლის 15 თებერვლის პარტნიორთა კრების ოქმით დგინდება, რომ დამფუძნებელმა საწესდებო კაპიტალის გაზრდის მიზნით, საწარმოში შეიტანა 1000 კვ. მ (ს.კ ----------) მიწის ნაკვეთი, რომელზეც გაცემული იყო სამშენებლო პროექტის ნებართვა. კომპანიამ ბინების გარკვეულ ნაწილზე განახორციელა დამფუძნებლის სასარგებლოდ სამშენებლო მომსახურების გაწევა, კერძოდ, სამშენებლო მომსახურების ნაწილი თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად მიაწოდა მის დამფუძნებელს. შემოწმების მიერ აღნიშნული ოპერაცია დაკვალიფიცირდა კომპანიის მიერ ურთიერთდამოკიდებული პირისთვის გაწეულ სამშენებლო მომსახურებად და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრა მშენებლობის თვითღირებულებას დამატებული 10%, რომელიც წარმოადგენს სამშენებლო მომსახურების ფასნამატს. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის გათვალისწინებით, საწარმოს მიერ გაწეული სამშენებლო მომსახურება დაიბეგრა დღგ-ით. ასევე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის მე-4 ნაწილის გათვალისწინებით, ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის განხორციელებული ოპერაციის საბაზრო ფასსა და გარიგების ფასს შორის სხვაობა დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას. საწარმოს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

· შპს ,,----------’’ მშენებლობის პროცესში ახორციელებს ბინების რეალიზაციას ფიზიკურ პირებზე, რომლებიც ბინის ღირებულებას იხდიდნენ ხელშეკრულების მიხედვით ეტაპობრივად. ავანსად მიღებული თანხები დაბეგრილია დღგ-ით, ასევე საწარმომ დღგ-ით დაბეგრა 2022 წლის ივლისი-აგვისტოს თვეში ფიზიკური პირების მიერ გადასახდელი თანხის ნაწილი, რადგანაც ამ პერიოდში მოხდა ბინის მშენებლობის დასრულება. შესაბამისად, 2022 წლის აგვისტოში უნდა მომხდარიყო ფიზიკური პირებისგან მისაღები თანხების სრულად დაბეგვრა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 163-ე მუხლების გათვალისწინებით, შემოწმების მიერ ფიზიკური პირებისგან მისაღები თანხების დაუბეგრავი ნაწილი დაიბეგრა დღგ-ით. პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახდო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

· გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერისა და საბუღალტრო პროგრამის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიას 2019 წლის შემოსავალში არ აქვს აღიარებული ტურისტული საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი. აღნიშნული შემოსავალი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის გათვალისწინებით დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პირველ სადავო საკითხთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანხამად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“−„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დღგით დასაბეგრი თანხა არის საქონლის შესყიდვის ფასი ამ ან ანალოგიურ საქონელზე, ან თუ ასეთი არ არსებობს − მისი წარმოების ფასი, რომელიც შესაბამის შემთხვევებში დგინდება საქონლის გამოყენების, გასხვისების, დასაკუთრების (მფლობელობაში დარჩენის) ან დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების მომენტში.

ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის განხორციელებული დასაბეგრი ოპერაციის დროს დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი, დღგ-ის გარეშე, თუ:

ა) დასაბეგრი ოპერაციის ანაზღაურების თანხა დაბალია მის საბაზრო ფასზე და საქონლის/მომსახურების შემძენს ამ კოდექსის შესაბამისად, ამ ოპერაციაზე არ აქვს დღგ-ის სრულად ჩათვლის უფლება;

ბ) დასაბეგრი ოპერაციის ანაზღაურების თანხა დაბალია მის საბაზრო ფასზე და საქონლის/მომსახურების მიმწოდებელს ამ კოდექსის შესაბამისად, არ აქვს დღგ-ის სრულად ჩათვლის უფლება და მიწოდება გათავისუფლებულია დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე;

გ) დასაბეგრი ოპერაციის ანაზღაურების თანხა მაღალია მის საბაზრო ფასზე და საქონლის/მომსახურების მიმწოდებელს არ აქვს დღგ-ის სრულად ჩათვლის უფლება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება. ამავე კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის ,,ა.ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების განაწილებად ითვლება:

ა) საწარმოს მიერ ურთიერთდამოკიდებულ პირთან (რომელიც მოგების გადასახადით არ იბეგრება ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით) განხორციელებული ოპერაცია, თუ მათ შორის დადებული გარიგების ფასი განსხვავდება მისი საბაზრო ფასისაგან და მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას ახდენს გარიგების შედეგზე. ასეთ შემთხვევაში განაწილებული მოგების ოდენობა შეადგენს:

ა.ა) გარიგების საბაზრო ფასსა და მიღებულ/მისაღებ შემოსავალს შორის სხვაობას, თუ გარიგების საბაზრო ფასი აღემატება მიღებულ/მისაღებ შემოსავალს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენება გარიგებაში საქონლის/მომსახურების ფაქტობრივი ფასი, თუ ამ კოდექსით საბაზრო ფასის ან სხვა ღირებულების გამოყენება არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მე-11 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენოს საბაზრო ფასი, თუ გარიგება განხორციელდა ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ ახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი, მე-2 და მე-5 ნაწილების თანახმად:

1. ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.

2. განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც:

ა) პირები არიან ერთი საწარმოს დამფუძნებლები (მონაწილეები), თუ მათი ჯამური წილი არანაკლებ 20 პროცენტია;

ბ) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე პირ საწარმოში, თუ ასეთი მონაწილეობის წილი არანაკლებ 20 პროცენტია; გ) პირი ახორციელებს საწარმოს კონტროლს;

5. ამ მუხლის მიზნებისათვის კონტროლი გულისხმობს: სამეთვალყურეო საბჭოს წევრობას, დირექტორობას და ამ თანამდებობებზე პირების დანიშვნის უფლებას; ხმის უფლების მქონე წილის ან აქციების 20 პროცენტის ფლობას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, 2021 წლის 15 თებერვლის პარტნიორთა კრების ოქმის მიხედვით დამფუძნებელმა საწესდებო კაპიტალის გაზრდის მიზნით, საწარმოში შეიტანა 1000 კვ. მ მიწის ნაკვეთი, რომელზეც გაცემული იყო სამშენებლო პროექტის ნებართვა. კომპანიამ ბინების გარკვეულ ნაწილზე განახორციელა დამფუძნებლის სასარგებლოდ სამშენებლო მომსახურების გაწევა, კერძოდ, სამშენებლო მომსახურების ნაწილი თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად მიაწოდა მის დამფუძნებელს. შემოწმების მიერ აღნიშნული ოპერაცია დაკვალიფიცირდა კომპანიის მიერ ურთიერთდამოკიდებული პირისთვის გაწეულ სამშენებლო მომსახურებად და განესაზღვრა შესაბამისი საგადასახადო ვალდებულება დღგ-ის და მოგების გადასახადის ნაწილში. ამასთან, მომჩივანს დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტის დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებზე, რომლის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:

ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;

ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი, მე-2 ნაწილების და მე-6 ნაწილის ,,ბ’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტების თანხამად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

6. თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება:

ბ) გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.

დ) ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში − უძრავი ნივთის ექსპლუატაციაში მიღების მომენტში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით დგინდება, რომ შპს ,,----------’’ მშენებლობის პროცესში ახორციელებს ბინების რეალიზაციას ფიზიკურ პირებზე, რომლებიც ბინის ღირებულებას იხდიდნენ ხელშეკრულების მიხედვით ეტაპობრივად. ავანსად მიღებული თანხები დაბეგრილია დღგ-ით, ასევე საწარმომ დღგ-ით დაბეგრა 2022 წლის ივლისი-აგვისტოს თვეში ფიზიკური პირების მიერ გადასახდელი თანხის ნაწილი, რადგანაც ამ პერიოდში მოხდა ბინის მშენებლობის დასრულება. შესაბამისად, რადგან მშენებლობა დასრულდა 2022 წლის აგვისტოში, შემოწმებით ფიზიკური პირებისგან მისაღები თანხების დაუბეგრავი ნაწილი დაიბეგრა დღგ-ით. ამასთან, მომჩივანს დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტის დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-3 სადავო საკითხთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

ამავე კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია შესაბამის საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დღგ-ის დეკლარაცია ყოველ საანგარიშო პერიოდზე არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერისა და საბუღალტრო პროგრამის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიას 2019 წელს შემოსავალში არ აქვს ასახული ტურისტული საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი. შემოწმების შედეგად, აღნიშნული შემოსავალი დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს ,,----------’’ (ს/ნ ----------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დამფუძნებლისთვის თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად გაწული სამშენებლო მომსახურების დღგ-ით და მოგების გადასახადით დაბეგვრას; ფიზიკური პირებისთვის მიწოდებული ბინების დღგ-ით დაბეგვრას; 2019 წლის საანგარიშო პერიოდზე დღგ-ის დარიცხვას, მიუთითებს, რომ აღნიშნულ დარიცხვასთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტში ინფორმაცია არ არის წარმოდგენილილი და მიაჩნია, რომ აღნიშნული დარიცხვა წარმოადგენს მექანიკურ შეცდომას და ითხოვს დარიცხვის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

დამფუძნებელმა საწესდებო კაპიტალის გაზრდის მიზნით, საწარმოში შეიტანა 1000 კვ. მ მიწის ნაკვეთი, რომელზეც გაცემული იყო სამშენებლო პროექტის ნებართვა. კომპანიამ ბინების გარკვეულ ნაწილზე განახორციელა დამფუძნებლის სასარგებლოდ სამშენებლო მომსახურების გაწევა, კერძოდ, სამშენებლო მომსახურების ნაწილი თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად მიაწოდა მის დამფუძნებელს. შემოწმების მიერ აღნიშნული ოპერაცია დაკვალიფიცირდა კომპანიის მიერ ურთიერთდამოკიდებული პირისთვის გაწეულ სამშენებლო მომსახურებად, რაც დაიბეგრა დღგ-ით. ხოლო ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის განხორციელებული ოპერაციის საბაზრო ფასსა და გარიგების ფასს შორის სხვაობა დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას.

ფიზიკურ პირები, რომლებიც ბინის ღირებულებას იხდიდნენ ეტაპობრივად, ავანსად მიღებული თანხები დაბეგრილია დღგ-ით, 2022 წლის ივლისი-აგვისტოს თვეში მოხდა ბინის მშენებლობის დასრულება. შესაბამისად, 2022 წლის აგვისტოში უნდა მომხდარიყო ფიზიკური პირებისგან მისაღები თანხების დღგ-ით სრულად დაბეგვრა.

გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერისა და საბუღალტრო პროგრამის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიას 2019 წლის შემოსავალში არ აქვს აღიარებული ტურისტული საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი. აღნიშნული შემოსავალი დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას.

 

გადაწყვეტილება

ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 19(2,5); 981; 159; 160; 161 (2021 წლამდე მოქმედი); 163; 164; 275