გადაწყვეტილება N19817/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 08.08.2023
№ დოკუმენტი 19817/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

19817/2/2023

08 აგვისტო 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: სს ,,---“ (ს/ნ ----)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, მ. ბარათაშვილის (სხდომის თავმჯდომარე), 22.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება სს ---ის 29.05.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19817/2/2023).

 

დავის საგანი:

ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრა უძრავი ქონების საბაზრო ფასის მიხედვით.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2022 წლის №081-328 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 11.05.2023 წლის №10583 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 28.12.2022 წლის №081-328 საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია გადასახდელად დარიცხული გადასახადი, რომლის გადახდის ვადა მოთხოვნის გამოცემის თარიღისთვის არ დამდგარა - 71 019 ლარი.

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

მომჩივნის საქმიანობაა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იჯარით გაცემა. აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 3.12.2019 წლიდან 1.06.2022 წლამდე პერიოდი.

შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

2021 წელს სს ---ის კაპიტალში სს --- ს შეტანილი აქვს უძრავი ქონება (ქ. ----), 30 აპარტამენტი და კომერციული ფართი 1 550,3 კვ. მ. აღნიშნული კომერციული ფართი სს ---ის ბუღალტრულ ბალანსზე აღრიცხულია თვითღირებულებით 746 778,48 ლარად, ქონების გადასახადის დეკლარაციაც წარდგენილია შესაბამის თანხაზე.

8.04.2021 წლის იჯარის ხელშეკრულების მიხედვით, აღნიშნული ქონების, მოიჯარის მიერ გამოსყიდვის ფასი შეადგენს 2 500 აშშ დოლარს, დღგ-ის გარეშე, 1 კვ. მ-ზე, რომელიც შემოწმების მიერ გამოყენებულ იქნა საბაზრო ფასის განსაზღვრისათვის. შედეგად, ქონების საბაზრო ფასსა და დეკლარირებულ მონაცემებს შორის სხვაობით გაიზარდა 2021 წლის ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა. ამასთან, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 115-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ქონების გადასახადისგან, რომლის დეკლარირება ამ კოდექსით 2020 ან 2021 წელსაა გათვალისწინებული, გათავისუფლებულია „ეკონომიკური საქმიანობის სახეების საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის“ (სეკ 006-2016):

ა) 55.1 კოდით (სასტუმროები და განთავსების მსგავსი საშუალებები) ან/და 55.2 კოდით (დასასვენებელი და სხვა მოკლევადიანი განთავსების საშუალებები) გათვალისწინებულ საქმიანობაში გამოყენებული ქონება“.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდის მიხედვით, აღნიშნულ ფართებზე მითითებულია „აპარტამენტი“, გათავისუფლებულია ქონების გადასახადისგან, გადამხდელს აპარტამენტებზე გადახდილი ჰქონდა ქონების გადასახადი, რომელიც შემოწმების შედეგად შეუმცირდა.

საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 41 ნაწილის გათვალისწინებით, გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2022 წლის №081-328 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 11.05.2023 წლის №10583 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტზე, 202-ე მუხლის პირველ და 41 ნაწილებზე, 205-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებზე და „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 921 მუხლის პირველი-მე-3 პუნქტებზე.

შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ შესამოწმებელ პერიოდში (2021 წელს) გადამხდელის კაპიტალში სს ---ს შეტანილი აქვს უძრავი ქონება (----), 30 აპარტამენტი და კომერციული ფართი 1 550,3 კვ. მ. აღნიშნული კომერციული ფართი სს---ს ბუღალტრულ ბალანსზე აღრიცხულია თვითღირებულებით 746 778,48 ლარად და ქონების გადასახადის დეკლარაცია წარდგენილია შესაბამის თანხაზე.

გადამხდელის არგუმენტთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც ირკვევა, რომ 8.04.2021 წელს სს ---ის მიერ გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების მიხედვით ქონების (აპარტამენტების და კომერციული ფართის) მოიჯარის მიერ გამოსყიდვის შემთხვევაში 1მ2 -ის ფასი შეადგენს 2 500 აშშ დოლარს, დღგ-ის გარეშე. აღნიშნული გამოსყიდვის ფასი, რომელიც მომჩივნის მიერ იყო ფიქსირებული იჯარის ხელშეკრულებაში, შემოწმების მიერ გამოყენებულ იქნა საბაზრო ფასის განსაზღვრისათვის. შედეგად ქონების საბაზრო ფასსა და დეკლარირებულ მონაცემებს შორის სხვაობით გაიზარდა 2021 წლის ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა. ამასთან, ქონების ნაწილზე (აპარტამენტები) გავრცელდა საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 115-ე ნაწილით დადგენილი შეღავათი.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები ქონების გადასახადში განსაზღვრულია მართლზომიერად. ამასთან, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები/დოკუმენტაცია, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

როგორც შემმოწმებელი საგადასახადო შემოწმების აქტში მიუთითებს, მათ მიერ განხორციელდა საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 41 ნაწილის თანახმად ქონების ღირებულების შეფასება, თუმცა საგადასახადო შემოწმების აქტი არ შეიცავს არგუმენტირებულ დასაბუთებას აღნიშნული ქონების შეფასების ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების თაობაზე. მოქმედი კანონმდებლობით საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილება ენიჭება გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმებისას დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით მხოლოდ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ხოლო „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 921 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრულია, რომ ამ თავით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც საგადასახადო ორგანოს წარმოეშვა უფლებამოსილება გადასახადის გადამხდელს დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით, საგადასახადო შემოწმებისას საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრება საბაზრო ფასით, თუ:

ა) დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას;

ბ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აფასების შედეგად გამოანგარიშებული დასაბეგრი ქონების ღირებულება აღემატება ამ ქონების საბაზრო ფასს.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში საბაზრო ფასი არ გამოიყენება, თუ:

ა) დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი არაუმეტეს 19%-ით აღემატება მის საბალანსო ღირებულებას;

ბ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აფასების შედეგად გამოანგარიშებული დასაბეგრი ქონების ღირებულება არაუმეტეს 10%-ით აღემატება ამ ქონების საბაზრო ფასს.

კომპანიის საკუთრებაში არსებულ აქტივთან დაკავშირებით, ნამდვილად იქნა საიჯარო ხელშეკრულება გაფორმებული 8.04.2022 წელს შპს ---თან. საყურადღებოა შემმოწმებლის მიერ აქტში მითითებულ გამოსყიდვის ფასთან დაკავშირებით ხელშეკრულებაში ასახული გარემოებები. ხელშეკრულებით განხორციელდა სს ---ს მიერ იჯარით აღებული ფართების ქვეიჯარით გაცემა შპს ---ზე, მათ შორის მოხდა სს ---ის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობის ქვეიჯარით გაცემა.

საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შეფასებისთვის საყურადღებოა ხელშეკრულების საგანი, რომელიც მჭიდროდ დაკავშირებულია სადავო საკითხთან.

ხელშეკრულების 1.1 პუნქტით განსაზღვრულია ხელშეკრულების საგანი:

1.1 წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, მეიჯარე იჯარითა და ქვე იჯარით დროებით სარგებლობაში გადასცემს მოიჯარეს წინამდებარე ხელშეკრულების პრეამბულაში მითითებულ უძრავ ქონებას (შემდგომში საერთო ფართი) შემდეგი სახით/პირობებით:

1.1.1 – 40 203,8 კვ. მ. კეთილმოწყობილი, გარემონტებული ფართი; ყოველგვარი ინვენტარის ჩათვლით; A კორპუსის კომერციული ფართი 1 სართული, A კორპუსის სასტუმრო აპარტამენტები 3-6 სართულებზე, C კორპუსში მდებარე სასტუმრო აპარტამენტები 2-6 სართულებზე, ტექნიკური დანიშნულების გარე ფართი, B კორპუსში სასტუმროს 1-7 სართულები, B კორპუსში მე-3 სართულზე საკონფერენციო დარბაზი, B კორპუსში მე-4 სართულზე რესტორანი, B კორპუსში მე-5 სართულზე ტექნიკური დანიშნულების ფართი, B კორპუსში მე-6 სართულზე სპა, D კორპუსში პირველ სართულზე კომერციული ფართი, B კორპუსის 27-ე სართულზე არსებული ლუქსი, სრულიად უნდა მოეწყოს და აღიჭურვოს საჭირო ინვენტარით არა უგვიანეს 15.04.2021 წლისა წერილობითი დოკუმენტის (ინვენტარის სია ლუქსისათვის) შესაბამისად, რომელიც მეიჯარის მიერ მოიჯარისთვის წარდგენილი იქნება 15.04.2021 წლიდან 30.04.2021 წლამდე.

1.1.2 – 2 527,1 კვ. მ. არაკეთილმოწყობილი კომერციული ფართი, რომელიც მდებარეობს A კორპუსის კომერციული ფართის პირველ სართულზე, C კორპუსის კომერციული ფართის 1 სართულზე, B კორპუსის არაკეთილმოწყობილი ფართი მე-5 სართულზე.

ამავე ხელშეკრულების მე-3 პუნქტით განსაზღვრულია იჯარის ვადა და ოფცია, რომლის 3.2 ქვეპუნქტში მითითებულია შემდეგი: მოიჯარეს ცალმხრივად აქვს უფლება/არჩევანი შეიძინოს წინამდებარე ხელშეკრულების 1.1 მუხლითა და პრეამბულით განსაზღვრული ქონება ამ ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 3 წლის განმავლობაში წინამდებარე მუხლში მითითებულ ფასად და იმ პირობით, რომ შესაძენი ქონება უფლებრივად უნაკლოა. მოიჯარემ შესყიდვის ოფციის გამოყენების შესახებ წერილობითი ფორმით უნდა აცნობოს მეიჯარეს, რა დროსაც შეძენის ფასი განისაზღვრება შემდეგნაირად: 1.1.3 და 1.1.4 ქვეპუნქტებით განსაზღვრული ქონება - 1 800 (ათას რვაასი) აშშ დოლარი (დღგ-ის გარეშე) ერთ კვ. მ-ზე, ხოლო 1.1.1 და 1.1.2 ქვეპუნქტებით განსაზღვრული ქონება - 2 500 (ორი ათას ხუთასი) აშშ დოლარი (დღგ-ის გარეშე) ერთ კვ. მ-ზე. წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისად გადახდილი დეპოზიტი და საიჯარო ქირის საერთო ჯამი გამოიქვითება ნასყიდობის საფასურიდან.

ამავე ხელშეკრულების მე-5 მუხლით განსაზღვრულია საიჯარო ქირის ღირებულება, კერძოდ სს ---ის ქონებასთან დაკავშირებით მითითებულია:

5.1.3 ამ ხელშეკრულების 1.1.2 ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქონების ქირა შეადგენს 11 (თერთმეტი) აშშ დოლარს, დღგ-ის გარეშე; ქირის გადახდა დაწყებული უნდა იქნას 2022 წლის 01 დეკემბერს.

აღნიშნული ხელშეკრულება წარმოდგენილია დანართის სახით.

ამდენად, იჯარის ხელშეკრულებიდან სადავო საკითხის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებების მითითება წარმოადგენს არსებითი მნიშვნელობის ფაქტებს, რომლებიც ადასტურებს საგადასახადო შემოწმების შედეგების უსაფუძვლობას. სს ---ის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობა მდებარეობს B კორპუსის მე-5 სართულზე. როგორც ხელშეკრულების 1.1.2 პუნქტით დგინდება აღნიშნული ფართი იჯარით გადაცემულია არაკეთილმოწყობილ მდგომარეობაში. ხოლო, ხელშეკრულების 3.2 პუნქტის მიხედვით იჯარის საგნის/ქონების გამოსყიდვის უფლების გამოყენების შემთხვევაში, მოიჯარეს გაუჩნდა შესაძლებლობა იჯარის ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 3 წლის განმავლობაში გამოისყიდოს 1.1.1 პუნქტითა და 1.1.2 პუნქტებით განსაზღვრული ქონება ღირებულებით 2 500 აშშ დოლარი და გამოსყიდვის უფლების გამოყენების შემთხვევაში ნასყიდობის ღირებულებას დააკლდება შესაბამის პერიოდში გადახდილი საიჯარო ქირა. როგორც ხელშეკრულებით დგინდება ასევე, იჯარის თანხა სს ---ის საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობაზე განისაზღვრა 11 აშშ დოლარით დღგ-ის გარეშე. შესაბამისად, მოიჯარეს რომ განეხორციელებინა აღნიშნული იჯარის საგნის გამოყენება და 3 წლის შემდეგ ესარგებლა ხელშეკრულებით განსაზღვრული გამოსყიდვის უფლებით, ერთის მხრივ 1 კვ. მ-ის ღირებულებად განესაზღვრებოდა 2 500 აშშ დოლარი, ხოლო მეორეს მხრივ აღნიშნულს გამოაკლდებოდა ნასყიდობის საგანზე გადახდილი იჯარის თანხა, კერძოდ გამოსაკლები იჯარის თანხა პოტენციურად იქნებოდა 1 კვ. მ-ზე 396 აშშ დოლარი (ფართი გამრავლებული თვიურ საიჯარო ქირის ოდენობაზე და გამრავლებული 3 წელზე და შემდეგ აღნიშნული გადანაწილებული 1 კვ. მის ღირებულებაზე, ანუ 1 550*11*36/1 550=396 აშშ დოლარს, იგივე შედეგია თუ თვიურ საიჯარო ქირას გავამრავლებთ გამოსყიდვის უფლების პერიოდზე 11*36=396). აღნიშნულის შესაბამისად, წარმოუდგენელია ერთი კვადრატული მეტრისთვის განსაზღვრული გამოსყიდვის ღირებულება განსაზღვროს შემმოწმებელმა 2 500 აშშ დოლარით და უგულვებელყოს ამავე ხელშეკრულების ამავე მუხლში მითითებული ჩანაწერი, რომ ნასყიდობის შემთხვევაში გამოსყიდვის ღირებულება შემცირდება საიჯარო თანხებით.

ზემოაღნიშნულის შესაბამისად, მართებულიც რომ ყოფილიყო შემმოწმებლის მიერ ხელშეკრულებაში მითითებული გამოსყიდვის ღირებულების გამოყენება ქონების საბაზრო ღირებულების შეფასებისთვის, მინიმუმ არასწორია შემმოწმებლის მიერ ხელშეკრულების იმავე პუნქტში მითითებული გარემოების უგულვებელყოფა გამოსყიდვის ღირებულების შემცირების თაობაზე გადახდილი საიჯარო ქირით და იმ დაშვებითაც, რომ მართებული ყოფილიყო აღნიშნული ღირებულების გამოყენება, გამოსყიდვის ღირებულება უნდა განსაზღვრულიყო 2 500 აშშ დოლარს - 396 აშშ დოლარით, ანუ 2 104 აშშ დოლარით, რაც არსებითად შეცვლიდა შემმოწმებლისვე არამართებულად განსაზღვრულ ქონების ღირებულებასაც.

მნიშვნელოვანია ხელშეკრულების 1.1.1 პუნქტში მითითებული გარემოება, რომლის მიხედვით იჯარის საგანს წარმოადგენს 40 203,8 კვ. მ. კეთილმოწყობილი, გარემონტებული ფართი, ყოველგვარი ინვენტარის ჩათვლით, ასევე ხელშეკრულების 1.1.2 პუნქტით განსაზღვრულ იჯარის საგანზე, რომელიც მოიცავს სს ---ის საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობასაც, 2 527,1 კვ.მ არაკეთილმოწყობილი კომერციული ფართი. ხოლო, ამავე ხელშეკრულების 3.2 მუხლით განსაზღვრულია, რომ მოიჯარის მიერ გამოსყიდვის უფლების გამოყენების შემთხვევაში ხელშეკრულების 1.1.1 და 1.1.2 ქვეპუნქტებით განსაზღვრული ქონების გამოსყიდვის ღირებულება განისაზღვრება - 2 500 (ორი ათას ხუთასი) აშშ დოლარი (დღგ-ის გარეშე) ერთ კვ. მ-ზე. შესაბამისად, აღნიშნული გამოსყიდვის ღირებულება განისაზღვრა როგორც კეთილმოწყობილი 40 203,8 კვადრატის და 2 527,1 არაკეთილმოწყობილი კომერციული ფართის შემთხვევაში. შესაბამისად, აღნიშნული ღირებულების განსაზღვრის ნაწილში არსებით გავლენას მოახდენდა 40 203,8 კვადრატის კეთილმოწყობის ფაქტი და იმ გარემოების გამო, რომ სს ---ის საკუთრებაში არსებული 1 550 კვ. მ. ფართი ტერიტორიულად დაკავშირებულია 1.1.1 პუნქტში მითითებულ ფართებთან, მყიდველის ინტერესს წარმოადგენდა აღნიშნული ფართის შესყიდვა, თუმცა ეს არ ნიშნავს უტყუარ გარემოებას, რომ სს ---ის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობის საბაზრო ფასი განისაზღვრება იგივე ღირებულებით, რაც განისაზღვრა ხელშეკრულებით გამოსყიდვის უფლების გამოყენების შემთხვევაში.

თუმცა ზემოთ მითითებულ გარემოებებთან ერთად სადავო საკითხის ირგვლივ ყველაზე არსებითი გარემოება უგულვებელყო შემმოწმებელმა, კერძოდ აღნიშნული საიჯარო ხელშეკრულება გაფორმებული იყო 15 წლის ვადით, თუმცა ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან რამდენიმე თვეში, 7.11.2021 წელს შეწყდა ხელშეკრულება და მხარეებს შორის მიმდინარეობს სასამართლო დავა. შესაბამისად, იმ ხელშეკრულებაში მითითებული გარემოების გამოყენება, რომელიც შესამოწმებელ პერიოდშივე იქნა მოშლილი და აღნიშნულით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა სცილდება ყოველგვარ სამართლებრივ საფუძვლებს.

გარდა ზემოაღნიშნულისა, განსახილველ ნაწილში საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმებთან. საყურადღებოა, რომ იჯარის ხელშეკრულებაში მითითებულია ოფცია, მოიჯარის მიერ გამოსყიდვის უფლებით სარგებლობის შემთხვევაში. ოფციის გათანაბრება საბაზრო ფასთან მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ საფუძვლებს, რამდენადაც საბაზრო ფასის განსაზღვრის პრინციპებს ასევე ადგენს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლი, რომლის პირველი ნაწილით ცალსახად განსაზღვრულია, რომ გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენება გარიგებაში საქონლის/მომსახურების ფაქტობრივი ფასი, თუ ამ კოდექსით საბაზრო ფასის ან სხვა ღირებულების გამოყენება არ არის გათვალისწინებული.

ხოლო, იმ შემთხვევისათვის, როდესაც კანონმდებლობა ითვალისწინებს საბაზრო ფასის გამოყენების შესაძლებლობას, ამავე მუხლით განისაზღვრება რა შემთხვევაში დგინდება საბაზრო ფასი.

საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი განმარტებულია, რომ საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასად ითვლება ფასი, რომელიც ყალიბდება საქონლის/მომსახურების ბაზარზე იდენტური (ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში - მსგავსი) საქონლის/მომსახურების მოთხოვნისა და მიწოდების ურთიერთზემოქმედების შედეგად და შესაბამის ბაზარზე იმ პირებს შორის დადებული გარიგების საფუძველზე, რომლებიც ამ კოდექსის მე-19 მუხლის მიხედვით არ არიან ურთიერთდამოკიდებული პირები. ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის გარიგება მხედველობაში მიიღება მხოლოდ იმ პირობით, რომ მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ მოახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე.

ხოლო, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი განისაზღვრება ბაზარზე ამ საქონლის/მომსახურების მიწოდების მომენტისათვის (ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში - რეალიზაციის მომენტის უახლოესი კალენდარული დღისათვის, რომელიც არა უმეტეს 30 კალენდარული დღით უსწრებს ან მოჰყვება ასეთი საქონლის/მომსახურების რეალიზაციის მომენტს) იდენტურ (მსგავს) საქონელზე/მომსახურებაზე დადებული გარიგების შესახებ, მათ შორის, საერთაშორისო და სხვა ბირჟებზე დაფიქსირებული ფასების შესახებ, ინფორმაციის საფუძველზე.

განსახილველ შემთხვევაში კი შემმოწმებლების მიერ ასევე უგულვებელყოფილი იქნა საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით საბაზრო ფასის განსაზღვრისთვის დადგენილი ნორმები, არ გამოკვლეულა იდენტური ან მსგავსი ქონების საბაზრო ღირებულების თაობაზე ინფორმაცია და ასევე არ განხორციელებულა ქონების საბაზრო ღირებულების შეფასების თაობაზე კვალიფიციური ექსპერტიზის ჩატარება.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97- ე მუხლის საფუძველზე მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები. აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ განხორციელებულა არც ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარება, რომელიც აღიარებული იქნებოდა საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით და განისაზღვრებოდა კომპანიის საკუთრებაში არსებული აქტივის რეალური ღირებულება. შესაბამისად, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ შემმოწმებლებს არ შეუსწავლიათ საკითხი და მათი მიზანი არ იყო კომპანიის საგადასახადო ვალდებულებების სწორად განსაზღვრა და საიჯარო ხელშეკრულებაში მითითებული გამოსყიდვის უფლების გამოყენების შემთხვევაში მითითებულ ფასზე დაყრდნობით ისე, რომ ამავე ხელშეკრულებითა და პუნქტით გათვალისწინებული პირობების სრულად გათვალისწინებაც არ განხორციელებულა, ასევე არ იქნა გათვალისწინებული ის გარემოება, რომ აღნიშნული საიჯარო ხელშეკრულება რამდენიმე თვეში შეწყდა და აღნიშნული უფლების გამოყენება შეუძლებელი გახდა, ისე მოხდა კომპანიისთვის ვალდებულებების დაკისრება. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის მიერ უგულვებელყოფილი იქნა საჩივარში მოყვანილი გარემოებები და საჩივარზე თანდართული მტკიცებულებები, ასევე საჩივრის განხილვა განხორციელდა კომპანიის უშუალო წარმომადგენლის მონაწილოების გარეშე და კომპანიას არ მიეცა მტკიცებულებებისა და არგუმენტაციის წარდგენის შესაძლებლობა. შემმოწმებლის მიერ ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების გარეშე იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები, დარიცხული თანხები უნდა გაუქმდეს სრულად.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.

საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი, მე-2 და 41 ნაწილების თანახმად:

1. საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით).

2. დასაბეგრი ქონების ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აფასება არ ვრცელდება:

ა) საწარმოზე, თუ იგი მის ბალანსზე რიცხულ უძრავ ქონებას გადაფასების მეთოდის გამოყენებით აღრიცხავს და აქვს აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება. ამასთანავე, აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ 4 წლის ვადით;

ბ) საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ სახელმწიფო საწარმოებზე.

4 1 . საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმებისას დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით. აღნიშნული ნორმა არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებზე. თუ დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას:

ა) პირს დასაბეგრი ქონების ღირებულების სხვაობაზე დაერიცხება ქონების გადასახადის ძირითადი თანხა. ამასთანავე, აღნიშნულ თანხაზე საურავი დაეკისრება მხოლოდ საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარების დღის შემდეგ 30-ე დღიდან, ხოლო აღნიშნული სხვაობა გადასახადის შემცირებად არ ჩაითვლება;

ბ) პირი ვალდებულია შესაბამისი დასაბეგრი ქონების მიმართ აღნიშნული საბაზრო ფასი გამოიყენოს შემდგომი 3 საგადასახადო წლის განმავლობაში.

შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ სს ---ის კაპიტალში სს ---ს მიერ შეტანილი უძრავი ქონება მომჩივანს ბუღალტრულ ბალანსზე აღრიცხული აქვს თვითღირებულებით და ქონების გადასახადის დეკლარაციაც წარდგენილია შესაბამის თანხაზე. 8.04.2021 წლის იჯარის ხელშეკრულების მიხედვით, აღნიშნული ქონების, მოიჯარის მიერ გამოსყიდვის ფასი შეადგენს 2 500 აშშ დოლარს, დღგ-ის გარეშე, 1 კვ. მ-ზე, რომელიც შემოწმების მიერ გამოყენებულ იქნა საბაზრო ფასის განსაზღვრისათვის. მომჩივნის წარმომადგენლის განმარტებით, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ განხორციელებულია კომპანიის ქონების შეფასება. შედგენილია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, რომლითაც ქონების საბაზრო ღირებულება იმაზე ნაკლებია, რასაც იყენებს აუდიტის დეპარტამენტი საგადასახადო შემოწმების დროს. შემოწმების აქტის შედგენის დროს უკვე არსებობდა ეს დასკვნა.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის მიზნით, საგადასახადო შემოწმებისას გამოყენებულ იქნა იჯარის ხელშეკრულების მიხედვით, მოიჯარის 7 მიერ გამოსყიდვის ფასი (2 500 აშშ დოლარი), ხოლო მომჩივანი მიუთითებს, რომ საგადასახადო ორგანოს მოთხოვნით კომპანიის ქონების შეფასება განხორციელებულია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ.

აღნიშნულის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 11.05.2023 წლის №10583 ბრძანება;

3. საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრა უძრავი ქონების საბაზრო ფასის მიხედვით.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2022 წლის №081-328 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 11.05.2023 წლის №10583 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის მიზნით, საგადასახადო შემოწმებისას გამოყენებულ იქნა იჯარის ხელშეკრულების მიხედვით, მოიჯარის 7 მიერ გამოსყიდვის ფასი (2 500 აშშ დოლარი), ხოლო მომჩივანი მიუთითებს, რომ საგადასახადო ორგანოს მოთხოვნით კომპანიის ქონების შეფასება განხორციელებულია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ.

აღნიშნულის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 201; 202 ( 2, 41).