ბრძანება N 17652
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 17652
20 ივლისი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „----------“-ის (ს/ნ ----------)
(მის.: ----------)
2023 წლის 25 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 15 ივნისის და 13 ივლისის სხდომებზე (ოქმი №65, ოქმი №74) განიხილა შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) 2023 წლის 25 იანვრის №78489/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 28 დეკემბრის №054-16 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. გადამხდელი არ ეთანხმება საწარმოს მიერ გაცემულ დივიდენდზე კვალიფიკაციის შეცვლას და ხელფასად განხილვას. მიუთითებს, რომ სატენდერო დოკუმენტებში არსებული მონაცემები ხშირ შემთხვევაში განსხვავებულია რეალური სახელფასო ფონდისგან, რიგ სატენდერო დოკუმენტაციაში სახელფასო ფონდი არ არის გამოცალკევებული მასალების ღირებულებებისგან და შემსრულებელს თავად ეძლევა საშუალება მისი კომერციული მიზნების შესაბამისად თავად განსაზღვროს და გაანაწილოს სახელფასო ფონდი. ზემოაღნიშნული არ წარმოადგენს სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევას პროექტის ღირებულების ფარგლებში. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი ითხოვს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული საშემოსავლო გადასახადის გადაანგარიშებას.
2. გადამხდელი ითხოვს ჯარიმა/საურავისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 21 აპრილის №10340 და 27 დეკემბრის №33119 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის მიზნებისთვის-2022 წლის 21 აპრილის ჩათვლით. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 28 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 28 დეკემბრის №33416 ბრძანება და ამავე თარიღის №054-16 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 361 038 ლარი, მათ შორის, გადასახადი 195 126 ლარი, ჯარიმა 100 550 ლარი, საურავი 65 362 ლარი.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის და საბანკო ამონაწერების შესწავლის შედეგად გამოვლინდა სხვაობები საწარმოს მიერ წარდგენილ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებსა და შემოწმების შედეგებს შორის. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს საბანკო ამონაწერის მიხედვით უფიქსირდება სახელფასო განაცემები, რომლებიც დაბეგრილი არ არის გადახდის წყაროსთან. შემოწმებამ იხელმძღვანელა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე, 101-ე, 142-ე და 154-ე მუხლების მიხედვით და დაკორექტირდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი განაცემები. საწარმოს სატენდერო დოკუმენტაციის (ხელშეკრულებები, ფორმა №2 და ა.შ) შესაბამისად განსაზღვრულია ხელფასის სახით განაცემების ფიქსირებული ოდენობა (შრომითი დანახარჯი კაც/სთების ოდენობების შესაბამისად). ასევე, შესამოწმებელ პერიოდში გაცემულია დივიდენდი (2008-2017 საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან და დაბეგრილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 92-ე ნაწილის გათვალისწინებით). შემოწმების მხრიდან განხორციელდა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი, რომლის შედეგადაც ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელს სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად განსაზღვრული ხელფასის სახით განაცემები გატანილი აქვს დივიდენდის დანიშნულებით. შემოწმების მიერ აღნიშნული თანხა განხილულ იქნა ხელფასის სახით განაცემად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან 20%-იანი განაკვეთით, ხოლო ყოველთვიური მოგების გადასახადში დეკლარირებული ჩასათვლელი თანხები შეუმცირდა. შედეგად, პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო ამ მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, ასევე აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს საბანკო ამონაწერის მიხედვით უფიქსირდება სახელფასო განაცემები, რომლებიც დაბეგრილი არ არის გადახდის წყაროსთან. ამასთან, საწარმოს სატენდერო დოკუმენტაციის (ხელშეკრულებები, ფორმა №2 და ა.შ) შესაბამისად განსაზღვრულია ხელფასის სახით განაცემების ფიქსირებული ოდენობა (შრომითი დანახარჯი კაც/სთ-ების ოდენობების შესაბამისად). ასევე, შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს დივიდენდის სახით გაცემული აქვს 482 474 ლარი, ხოლო ჩათვლილი მოგების გადასახადი შეადგენს 75 613 ლარს. შემოწმების მხრიდან განხორციელდა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი, რომლის შედეგადაც ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელს სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად განსაზღვრული ხელფასის სახით განაცემები გატანილი აქვს დივიდენდის დანიშნულებით. ამასთან, შემოწმებით დადგინდა, რომ 482 474 ლარის ნაცვლად დივიდენდად გასაცემი თანხა შეადგენს 70 486 ლარს, რომლის შესაბამისი მოგების გადასახადის ჩათვლაც გათვალისწინებულია შემოწმების მიერ. სხვაობის თანხა განხილულ იქნა ხელფასის სახით განაცემად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით, ხოლო ყოველთვიური მოგების გადასახადში დეკლარირებული ჩასათვლელი თანხები შემცირდა.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი რაიმე არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში, ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია, საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადამხდელი არ ეთანხმება საწარმოს მიერ გაცემულ დივიდენდზე კვალიფიკაციის შეცვლას და ხელფასად განხილვას.
2. გადამხდელი ითხოვს ჯარიმა/საურავისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით.
ფაქტობრივი გარემოებები
1. გადასახადის გადამხდელს საბანკო ამონაწერის მიხედვით უფიქსირდება სახელფასო განაცემები, რომლებიც დაბეგრილი არ არის გადახდის წყაროსთან. ამასთან, საწარმოს სატენდერო დოკუმენტაციის (ხელშეკრულებები, ფორმა №2 და ა.შ) შესაბამისად განსაზღვრულია ხელფასის სახით განაცემების ფიქსირებული ოდენობა (შრომითი დანახარჯი კაც/სთ-ების ოდენობების შესაბამისად). ასევე, შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს დივიდენდის სახით გაცემული აქვს 482 474 ლარი, ხოლო ჩათვლილი მოგების გადასახადი შეადგენს 75 613 ლარს. შემოწმების მხრიდან განხორციელდა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი, რომლის შედეგადაც ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელს სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად განსაზღვრული ხელფასის სახით განაცემები გატანილი აქვს დივიდენდის დანიშნულებით. ამასთან, შემოწმებით დადგინდა, რომ 482 474 ლარის ნაცვლად დივიდენდად გასაცემი თანხა შეადგენს 70 486 ლარს, რომლის შესაბამისი მოგების გადასახადის ჩათვლაც გათვალისწინებულია შემოწმების მიერ. სხვაობის თანხა განხილულ იქნა ხელფასის სახით განაცემად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით, ხოლო ყოველთვიური მოგების გადასახადში დეკლარირებული ჩასათვლელი თანხები შემცირდა.
2. გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში, ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია, საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101(1); 142; 154(1„ა“); 275.