გადაწყვეტილება №24990/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 15.05.2025
№ დოკუმენტი 24990/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№24990/2/2025

15 მაისი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,1.05.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ს 29.03.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24990/2/2025).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 22.07.2024 წლის №17212 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 24.12.2024 წლის №006-536 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 10.03.2025 წლის №4043 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 338 760,86 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 111 903

დღგ - 302

მოგების გადასახადი - 108 444

საშემოსავლო გადასახადი - 3 157

ჯარიმა - 111 903

საურავი - 114 954,86

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 30.05.2024 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2021 წლიდან 1.01.2024 წლამდე პერიოდი. საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 5.06.2024 წლის №021-116 საგადასახადო მოთხოვნა.

აუდიტის დეპარტამენტის გასვლითი საგადასახადო შემოწმების 2024 წლის 14 მარტის №5553 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ 2024 წლის 28 მაისის №12391 ბრძანება, კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ 2024 წლის 28 მაისის №12387 ბრძანება და 2024 წლის 5 ივნისის №005- 75 საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 22.07.2024 წლის №17212 ბრძანებით, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნის რეზიდენტისთვის ავანსის და/ან სესხის სახით გადარიცხული თანხების მოგების გადასახადით დაბეგვრის საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). არარეზიდენტი კომპანიის მიერ გაწეულ სატრანსპორტო მომსახურებაზე გადახდილი თანხის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 22.07.2024 წლის №17212 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 28.11.2024 წლის №23627/2/2024 გადაწყვტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 22.07.2024 წლის №17212 ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 27.11.2024 წლის დასკვნის მიხედვით, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნის რეზიდენტისთვის ავანსის და/ან სესხის სახით გადარიცხული თანხების მოგების გადასახადით დაბეგვრის საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილ იქნა საგადასახდო ვალდებულებებთან დაკავშირებული გაანგარიშებები და დოკუმენტაცია. შემოწმების მიერ გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შესწავლილ იქნა საგადასახდო ვალდებულებების გამომწვევი გარემოებები და საგადასახადო ვალდებულებების დაკორექტირების მიზნით გადასახადის გადამხდელისგან შემოწმებისთვის წარდგენილი ინფორმაცია. წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე საგადასახადო ვალდებულებები კორექტირებას (შემცირებას) არ დაექვემდებარა. არარეზიდენტი კომპანიის მიერ გაწეულ სატრანსპორტო მომსახურებაზე გადახდილი თანხის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა დამატებითი დოკუმენტაცია (ცნობები "------" LTD-ის რეზიდენტობის თაობაზე), აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დაექვემდებარა კორექტირებას.

აუდიტის დეპარტამენტის 27.11.2024 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 24.12.2024 წლის №006-536 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. კერძოდ, არ ეთანხმება შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნის რეზიდენტისთვის ავანსის ან/და სესხის სახით გადარიცხული თანხების მოგების გადასახადით დაბეგვრას.

შემოსავლების სამსახურის 10.03.2025 წლის №4043 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა საგადასახადო ორგანოში ჩანიშნული იყო მიმდინარე წლის 27 თებერვალს 14:40 საათზე, გადამხდელის მონაწილეობით, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა დავაზე, ხოლო განცხადება საჩივრის განხილვის გადადების მოთხოვნით არ ყოფილა წარმოდგენილი.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე არარეზიდენტი კომპანიის მიერ გაწეულ სატრანსპორტო მომსახურებაზე გადახდილი თანხის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრასთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი რეზიდენტობის ცნობის გათვალისწინებით, შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაექვემდებარა კორექტირებას. რაც შეეხება შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნის რეზიდენტისთვის ავანსის ან/და სესხის სახით გადარიცხული თანხების მოგების გადასახადით დაბეგვრის საკითხს, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე აღნიშნული სადავო საკითხი შესწავლილ იქნა გადამხდელის მონაწილეობით წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის გათვალისწინებით, თუმცა სათანადო საფუძვლების არარსებობის გამო, ამ ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დარჩა უცვლელი.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ დავის ეტაპზეც არ არის წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომელიც სადავო საკითხის ნაწილში შემოწმებით დარიცხული თანხების გადაანგარიშების საფუძველი გახდება.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი მიუთითებს, რომ არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 10 მარტის №4043 ბრძანებას და საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს და წარმოადგენს არგუმენტაციას. როგორც შემოწმების აქტშია აღნიშნული შპს „-------“-ს საქონლის შესყიდვას ახორციელებს არარეზიდენტი იურიდიული პირისგან, რომელიც რეგისტრირებულია ბელიზში. განსახილველ ნაწილში შემოწმების მიერ სადავოდ იქნა მიჩნეული შპს „-------“-ს მიერ მომწოდებლისთვის საქონლის შეძენის მიზნით გადახდილი ავანსის თანხები.

მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებზე და აღნიშნავს, რომ მათ მიერ გაანალიზებულ იქნა საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული ვალდებულებები, რაც არსებითად განსხვავდება ფაქტობრივად არსებული გარემოებებისგან. კერძოდ, შემოწმებამ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას ერთის მხრივ გაითვალისწინა და საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა 2021 წლის 1 იანვრისთვის არსებული თანხის ნაშთზე, ხოლო მეორეს მხრივ ერთი და იგივე თანხა დაბეგვრა როგორც ავანსის თანხის გაცემის ნაწილში, ასევე შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული პირისთვის გაცემული სესხის ნაწილში.

სრულიად გაუგებარია შემოწმების მიერ სესხის გაცემის ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის საკითხი, რადგანაც კომპანიას არ გააჩნია არარეზიდენტზე გაცემული სესხი, არამედ პირიქით, ფიქსირდება არარეზიდენტისგან სესხის მიღება და განხორციელებულია აღნიშნული სესხის უკან დაბრუნება. შესაბამისად, რა ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით განსაზღვრა შემოწმებამ აღნიშნულ ნაწილში ვალდებულებები სრულიად უცნობია და კატეგორიულად მიუღებელია, რამდენადაც, არ არსებობს სესხის გაცემის ფაქტი და შესაბამისად აღნიშნული ვერ დაექვემდებარებოდა დაბეგვრას. მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ შემოწმების მიერ საბოლოო შედეგით საგადასახადო ვალდებულებები გადასახადის ნაწილში არ იქნა განსაზღვრული მის მიერვე სესხის გაცემად კვალიფიცირებული თანხების ნაწილში, რომელიც რეალურად წარმოადგენდა სესხის მიღებას და აღნიშნული დასტურდება ასევე საბუღალტრო ჩანაწერებითაც, აღნიშნული სესხი ასახულია 4140 ანგარიშზე და 4140 ანგარიშის საკრედიტო ბრუნვა, ანუ არარეზიდენტისგან თანხის/სესხის მიღება შემმოწმებელმა დააკვალიფიცირა პირიქით, სესხის გაცემად, თუმცა აღნიშნულ ნაწილში შემმოწმებლის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა ჯარიმის ნაწილში.

შესამოწმებელ პერიოდში სესხის თანხა სრულად დაბრუნებულია და აღნიშნულის მიხედვით კომპანიას დამატებითი საგადასახადო ვალდებულებები არც შემოწმების მიერ აქვს განსაზღვრული გადასახადის ნაწილში, თუმცა შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული პირისთვის ავანსის გაცემისას გადასახადის ნაწილში შემოწმების შედეგად არსებითი უზუსტობით იქნა ციფრები განსაზღვრული, რამაც კომპანიისთვის გამოიწვია დამატებითი საგადასახადო ტვირთის დამძიმება და

შემოწმების მიერ ავანსის გაცემის ნაწილში არასწორად განსაზღვრული დასაბეგრი თანხების გამო კომპანიას მოგების გადასახადის ნაწილში ზედმეტად აქვს დარიცხული 48 628 ლარი.

არ ეთანხმება შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით გამოყენებულ მონაცემებს, რამდენადაც არსებული საბუღალტრო ჩანაწერებით და საბანკო ამონაწერების მიხედვით, კომპანიის მიერ საქონლის შესყიდვის მიზნობრიობით გაცემული თანხების ჯამი შეადგენს 4 559 668 ლარს, ხოლო აღნიშნულის საფუძველზე კომპანიას შესამოწმებელ პერიოდშივე მიღებული აქვს 4 222 075 ლარის ღირებულების საქონელი. შესაბამისად, შემოწმების მიერ გადასახადის ნაწილში საგადასახადო ვალდებულებები, რომელიც ჩათვლას ვერ დაექვემდებარებოდა უნდა იყოს 59 575 ((4 559 668-4 222 075)/0,85*15%) ლარი. შემოწმების შედეგად კი, გაურკვეველ ციფრებზე დაყრდნობით იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.

სავარაუდოდ, შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისთვის გამოყენებულ იქნა სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ბარათი 1610, ნაცვლად მომწოდებელთან ანგარიშსწორების ბარათისა 3110 და სწორედ აღნიშნული გარემოების გამო განისაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები არასწორად.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების ეტაპზე, შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება არ განხორციელდა გაურკვეველი გარემოებების გამო, მიუხედავად იმისა რომ ჩვენს მიერ წარდგენილი იქნა როგორც საბუღალტრო ჩანაწერები, ასევე გაანგარიშებები და შემოწმების შედეგები ექვემდებარებოდა არსებით კორექტირებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ ეთანხმება განსახილველი სადავო საკითხის მიხედვით საგადასახადო შემოწმების კორექტირების შედეგებს და აღნიშნულზე მიღებულ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 10 მარტის N4043 ბრძანებას, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია არსებითი უზუსტობით და ითხოვს დარიცხული თანხების კორექტირებას.

ზემოაღნიშნულთან ერთად, საბჭოს მიმართავს თხოვნით გაითვალისწინოს საგადასახადო შემოწმების ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები ძირითადი გადასახადის ნაწილში განისაზღვრა სულ 111 903 ლარით, საიდანაც სადავო თემის მიხედვით მოგების გადასახადში განსაზღვრული გადასახადის ოდენობა შეადგენს 108 444 ლარს.

შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა იმ საფუძვლით, რომ კომპანიის მიერ საქონლის შესყიდვისთვის გადარიცხულია ავანსები შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში და შესაბამისად, კომპანიას დაერიცხა მოგების გადასახადი. არსებული კანონმდებლობით, საქონლის მიღების საანგარიშო პერიოდში ადრე დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადი ექვემდებარება ჩათვლას. კომპანიის მიერ გადარიცხული ავანსის საფუძველზე მიღებულია საქონელი და აღნიშნული დასტურდება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ჩანაწერებითაც, რამდენადაც კომპანიის მიერ შემოტანილია საქონელი და აღნიშნული საქონელი გაშვებულია თავისუფალ მიმოქცევაში და ამასთან, კომპანიის მიერ რეალიზებულია უკვე. შესაბამისად, კომპანიას წარმოშობილი აქვს საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული მოგების გადასახადის ჩათვლის უფლება, თუმცა შემოწმების შედეგად კომპანიას ასევე განესაზღვრა სანქციები ჯარიმის და საურავის სახით, რომელიც წარმოადგენს მძიმე ტვირთს და კომპანიას აყენებს მძიმე ეკონომიკურ პირობებში. ამდენად, საბჭოს მიმართავს თხოვნით გამოიყენოს მისთვის საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილება და იმსჯელოს შპს „-------“-ს საგადასახადო შემოწმების შედეგებით დარიცხული სანქციებისგან გათავისუფლების თაობაზე.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის 1.12.2024 წლამდე მოქმედი რედაქციით, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება:

გ) შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული პირისათვის, აგრეთვე ამ კოდექსის შესაბამისად მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებული პირისათვის (გარდა საბიუჯეტო ორგანიზაციისა, საჯარო სამართლის იურიდიული პირისა – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოსი და საქართველოს ეროვნული ბანკისა) ავანსის გადახდა;

დ) შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული პირისთვის, აგრეთვე ამ კოდექსის შესაბამისად მოგების გადასახადისგან გათავისუფლებული პირისთვის (გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირისა – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოსი და საქართველოს ეროვნული ბანკისა) სესხის გაცემა ან/და ამ პირის მიმართ არსებული მოთხოვნის შესაძენად განხორციელებული გადახდა. ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება საბანკო დაწესებულების, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ ამ კოდექსის შესაბამისად მოგების გადასახადისგან გათავისუფლებულ პირთან განხორციელებულ ოპერაციებზე.

საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-5, მე-6 და მე-8 ნაწილების თანახმად:

შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნად ითვლება ქვეყანა ან/და ქვეყნის ცალკეული ტერიტორიები, რომლის/რომელთა საგადასახადო კანონმდებლობით: ა) იურიდიული პირი თავისუფლდება მოგების გადასახადისგან;

ბ) იურიდიული პირის მიერ მიღებულ ან/და განაწილებულ მოგებაზე დაწესებული არ არის მოგების გადასახადი ან მოგების გადასახადის განაკვეთი საქართველოში არსებული მოგების გადასახადის განაკვეთის 1/3-ს არ აღემატება.

6. თუ, უცხო ქვეყნის ან უცხო ქვეყნის ცალკეული ტერიტორიების საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, რომელიმე იურიდიული პირის მიმართ ადგილი აქვს ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ ერთ-ერთ შემთხვევას, აღნიშნული ქვეყანა ან/და ქვეყნის ცალკეული ტერიტორიები ამ ნაწილში ითვლება შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნად.

8. თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.

შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ მომჩივანი საქონელს ყიდულობს „ნიუ ატლას სტრატეჯი ეიჯენსი კო ლტდ“-დან, რომელიც რეგისტრირებულია ბელიზში. შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას უფიქსირდება მომწოდებელზე ავანსად და/ან სესხის სახით გადარიცხული თანხები.

შემოსავლების სამსახურში 26.06.2024 წელს წარდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი მიუთითებდა და შემოსავლების სამსახურის მიერ ყურადღება გამახვილდა შემდეგ არგუმენტებზე:

- საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას, ერთი მხრივ, გათვალისწინებულია და საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია 2021 წლის პირველი იანვრისთვის არსებული თანხის ნაშთზე, ხოლო, მეორე მხრივ, ერთი და იგივე თანხა დაიბეგრა როგორც ავანსის თანხის გაცემის ნაწილში, ასევე, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული პირისთვის გაცემული სესხის ნაწილში.

- გაუგებარია შემოწმების მიერ სესხის გაცემის ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის საკითხი, რადგან კომპანიას არ გააჩნია არარეზიდენტზე გაცემული სესხი, არამედ პირიქით, ფიქსირდება არარეზიდენტისგან სესხის მიღება და განხორციელებულია აღნიშნული სესხის უკან დაბრუნება. აღნიშნული სესხი ასახულია 4140 ანგარიშზე და 4140 ანგარიშის საკრედიტო ბრუნვა, ანუ არარეზიდენტისგან თანხის/სესხის მიღება, შემმოწმებელმა დააკვალიფიცირა პირიქით, სესხის გაცემად, მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ შემოწმების მიერ საბოლოო შედეგით საგადასახადო ვალდებულებები გადასახადის ნაწილში არ იქნა განსაზღვრული მის მიერვე სესხის გაცემად კვალიფიცირებული თანხების ნაწილში, შემმოწმებლის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა ჯარიმის ნაწილში.

- ამასთან, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული პირისთვის ავანსის გაცემისას გადასახადის ნაწილში შემოწმების შედეგად არსებითი უზუსტობით იქნა ციფრები განსაზღვრული, რამაც კომპანიისთვის გამოიწვია დამატებითი საგადასახადო ტვირთის დამძიმება და კომპანიას მოგების გადასახადის ნაწილში ზედმეტად აქვს დარიცხული 48 628 ლარი.

- შემოწმების საანგარიშო პერიოდის დასაწყისისთვის ავანსის საწყისი ნაშთის მიმდინარე საანგარიშო პერიოდში დაბეგვრა სრულად ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას, რამდენადაც სადავო არ არის, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსი მოგების გადასახადის გადახდას ითვალისწინებს და ამ გადასახადით დაბეგვრის ვალდებულება წარმოიშვება არაეკონომიკური ხარჯის ფაქტობრივად გაწევის მომენტში - ავანსის გაცემის საანგარიშო პერიოდში. შესაბამისად, შეღავათიანი დაბეგვრის ქვეყანაში რეგისტრირებული პირისთვის ავანსის გაცემის მოგების გადასახადით დაბეგვრის დრო უკავშირდება ავანსის გაცემის მომენტს, რომელიც მიმდინარე საგადასახადო შემოწმებისთვის წარმოადგენს ხანდაზმულ პერიოდს და ყოველგვარ სამართლებრივ საფუძვლებს სცდება ქმედება ხანდაზმული პერიოდის საგადასახადო ვალდებულებების დარიცხვის თაობაზე.

- არასწორი მონაცემებით არის განსაზღვრული ასევე საგადასახადო ვალდებულებები, რამდენადაც არსებული საბუღალტრო ჩანაწერებით და საბანკო ამონაწერების მიხედვით, კომპანიის მიერ საქონლის შესყიდვის მიზნობრიობით გაცემული თანხების ჯამი შეადგენს 4 559 668 ლარს, ხოლო აღნიშნულის საფუძველზე კომპანიას შესამოწმებელ პერიოდშივე მიღებული აქვს 4 222 075 ლარის ღირებულების საქონელი. შესაბამისად, შემოწმების მიერ გადასახადის ნაწილში საგადასახადო ვალდებულებები, რომელიც ჩათვლას ვერ დაექვემდებარებოდა უნდა იყოს 59 575 ((4559668-4222075)/0,85*15%) ლარი. შემოწმების შედეგად კი, გაურკვეველ ციფრებზე დაყრდნობით იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები. სავარაუდოდ, შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისთვის გამოყენებულ იქნა სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ბარათი 1610, ნაცვლად მომწოდებელთან ანგარიშსწორების ბარათისა 3110 და სწორედ აღნიშნული გარემოების გამო განისაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები არასწორად.

შემოსავლების სამსახურის 22.07.2024 წლის №17212 ბრძანებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

აუდიტის დეპარტამენტის 27.11.2024 წლის დასკვნის მიხედვით, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნის რეზიდენტისთვის ავანსის და/ან სესხის სახით გადარიცხული თანხების მოგების გადასახადით დაბეგვრის საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილ იქნა საგადასახდო ვალდებულებებთან დაკავშირებული გაანგარიშებები და დოკუმენტაცია. შემოწმების მიერ გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შესწავლილ იქნა საგადასახდო ვალდებულებების გამომწვევი გარემოებები და საგადასახადო ვალდებულებების დაკორექტირების მიზნით გადასახადის გადამხდელისგან შემოწმებისთვის წარდგენილი ინფორმაცია. წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე საგადასახადო ვალდებულებები კორექტირებას (შემცირებას) არ დაექვემდებარა.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას მომჩივნის მიერ წარდგენილი ინფორმაციით არ დგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები და აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 27.11.2024 წლის დასკვნით სადავო საკითხი შესწავლილია შემოსავლების სამსახურის 22.07.2024 წლის №17212 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

მომჩივანი ითხოვს სანქციებისაგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე. საბჭო მიუთითებს, რომ ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 22.07.2024 წლის №17212 ბრძანების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი მიუთითებს, რომ არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 10 მარტის №4043 ბრძანებას და საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს.ასევე,მომჩივანი ითხოვს სსკ-ის 269-ე მუხლის საფუძველზე დარიცხული სანქციებისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

კომპანიის საქმიანობის სახეს წარმოადგენს არასპეციალიზებული საბითუმო ვაჭრობა, კერძოდ, მონაწილეობას იღებს სახელმწიფო ტენდერებში და ახდენს ფეხსაცმლის მიწოდებას. შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას უფიქსირდება შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში ავანსად და/ან სესხის სახით გადარიცხული თანხები. შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, ავანსად გადარიცხული თანხა დაიბეგრა მოგების გადასახადით, ხოლო უკან დაბრუნების და/ან საქონლის მიწოდების შემდგომ დაექვემდებარა ჩათვლას.

დადგინდა, რომ გადამხდელს სატრანსპორტო მომსახურებას უწევს არარეზიდენტი კომპანია, რომლის მიერ გაწეული მომსახურებაც დაბეგრილი არ აქვს გადახდის წყაროსთან. შემოწმების მიერ, პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას მომჩივნის მიერ წარდგენილი ინფორმაციით არ დგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები და აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 27.11.2024 წლის დასკვნით სადავო საკითხი შესწავლილია შემოსავლების სამსახურის 22.07.2024 წლის №17212 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი. მომჩივანი ითხოვს სანქციებისაგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე. საბჭო მიუთითებს, რომ ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა შემოსავლების სამსახურის 22.07.2024 წლის №17212 ბრძანების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

982(5,6),269(7).