გადაწყვეტილება №22464/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 13.08.2024
№ დოკუმენტი 22464/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№22464/2/2024

13 აგვისტო 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ი/მ "-------" (ს/ნ "-------")

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 19.07.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ "-------"-ის 4.03.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22464/2/2024).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 3.04.2023 წლის №7153 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 25.10.2023 წლის №002-255 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 28.12.2023 წლის №33511 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 573 810 ლარი.

მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - 179 402

ჯარიმა - 89 160

საურავი - 305 248

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ, საქართველოს ეროვნული ბანკის 4.07.2013 წლის №"--------" წერილის საფუძველზე, ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2008 წლიდან 1.07.2013 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება, შემოწმების შედეგები აისახა 10.12.2014 წლის შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელს, გარდა ვალუტის გადამცვლელ პუნქტში განხორციელებული ოპერაციებისა, აღენიშნება სალაროს კონვერტაციის ოპერაციები საქართველოში მოქმედ ლიცენზირებულ კომერციულ ბანკებში. აღნიშნული ოპერაციების ფარგლებში შეძენილი უცხოური ვალუტის საერთო ოდენობამ (ოპერაციების განხორციელების დღეს არსებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსით) შეადგინა: 2008 წელს 12 504 220 ლარი, 2009 წელს 31 405 842 ლარი, 2010 წელს 26 342 326 ლარი, 2011 წელს 84 878 714 ლარი, 2012 წელს 15 048 156 ლარი. ხოლო, უნაღდო კონვერტაციებით შეადგინა: 2008 წელს 1 411 395 ლარი, 2009 წელს 5 778 716 ლარი, 2010 წელს 3 360 049 ლარი, 2011 წელს 2 128 403 ლარი.

შემოწმების მიერ მოხდა სავალუტო პროგრამის საშუალებით განსაზღვრული შეძენილი ვალუტის საერთო ოდენობიდან, შემოსავლის წილის პროპორციით, სალაროს კონვერტაციებით მისაღები შემოსავლის გაანგარიშება. ასევე, ერთობლივ შემოსავალში ჩაირთო გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული საიჯარო ქირის თანხა, გათვალისწინებულ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 12.12.2014 წლის №51938 ბრძანება და №002-200 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 28.01.2015 წლის №1890 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს გაანგარიშება (გაშიფვრა) მის მიერ საბანკო დაწესებულებაში განხორციელებული ტრანზაქციებიდან მიღებული სარგებლის (ზარალის) შესახებ, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი ინფორმაციის შესწავლა და შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 28.01.2015 წლის №1890 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 8.01.2016 წლის №9683/2/15 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის №3/805-16 გადაწყვეტილებით, გადასახადის გადამხდელის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

- სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 12.12.2014 წლის №51938 ბრძანება და №002-200 საგადასახადო მოთხოვნა, შემოსავლების სამსახურის 28.01.2015 წლის №1890 ბრძანება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 8.01.2016 წლის №9683/2/15 გადაწყვეტილება და შემოსავლების სამსახურს დაევალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის №3/805-16 გადაწყვეტილება ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 18 დეკემბრის №3ბ/879-18 და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 10 ოქტომბრის №ბს-567(2კ-19) განჩინებებით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის №3/805-16 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, შემოწმებით დარიცხული თანხები არ შემცირდა, რაზეც შედგა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 12 ოქტომბრის დასკვნა, მის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 21.10.2022 წლის №002-179 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 3.04.2023 წლის №7153 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის №3/805-16 გადაწყვეტილების შესაბამისად, სადავო საკითხის შესწავლა/გამოკვლევა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 3 აპრილის №7153 ბრძანების აღსრულების შედეგად, შემოწმებით დარიცხული თანხები კვლავ არ დაექვემდებარა შემცირებას, აღნიშნულზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 სექტემბრის დასკვნა, მის საფუძველზე 25.10.2023 წლის №002-255 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 28.12.2023 წლის №33511 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის შინაარსზე, ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში აღნიშნულ ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტების ხანდაზმულ პერიოდზე გამოცემასთან დაკავშირებით, მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მე-11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადები არ გამოიყენება საგადასახადო ორგანოს მიერ სასამართლოს/დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების აღსრულების პერიოდში, მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად, ასევე, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას არ ეთანხმება, ვინაიდან სს "------" ბანკის ყველა ანგარიშის ამონაწერი წარდგენილი იქნა აუდიტის დეპარტამენტისათვის და აღნიშნული მტკიცდება 2014 წლის 10 დეკემბრის შემოწმების აქტში დაფიქსირებული ანგარიშების მითითებით, საჩივარს თან ერთვის 2014 წლის 10 დეკემბრის აქტი და 50-ე გვერდზე არის ჩამონათვალი ყველა საბანკო ანგარიშის, მათ შორის სს "------" ბანკის, რომლის ამონაწერები წარდგენილი იყო აუდიტის დეპარტამენტში. აუდიტის დეპარტამენტი დასკვნაში არ აფიქსირებს სიმართლეს და ამით თითქოსდა მძიმდება მეწარმის საგადასახადო ვალდებულება. უზენაესი სასამართლოს მიერ 2020 წელს იქნა საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული და ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება. 2020 წლის ივლისის თვეში განცხადებით მიმართეს აუდიტის დეპარტამენტს და მოითხოვეს ადმინისტრაციული წარმოების დაწყება, მაგრამ აუდიტის დეპარტამენტმა პასუხი გასცა 30 თვის შემდეგ. ვინაიდან, დარღვეული იქნა ადმინისტრაციული წარმოების წესის გონივრული ვადა, ადმინისტრაციული წარმოება კანონით განსაზღვრული ვადაა 30 დღე და არა 30 თვე, დარღვეულია ადმინისტრაციული წარმოების ყველა გონივრული ვადა, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტები წარმოადგენს ხანდაზმულ პერიოდზე გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტებს და აღნიშნულის საფუძველზე ექვემდებარება გაუქმებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის №3/805-16 გადაწყვეტილების აღსრულების საფუძველზე, შემოწმებით დარიცხული თანხები არ შემცირდა, ხოლო საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული 2022 წლის 12 ოქტომბრის დასკვნის მიხედვით ირკვევა შემდეგი:

საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრისას შემოწმება დაეყრდნო გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციას/ინფორმაციას (მათ შორის სს "------" ბანკის ამონაწერსა და სალაროს კონვერტაციის ამონაწერებს). კერძოდ, 2013 წლის 6 აგვისტოს წერილით, გადასახადის გადამხდელმა შემოწმებას წარუდგინა საბანკო ამონაწერი სს "------" ბანკში განხორციელებულ ტრანზაქციებზე, ხოლო 2014 წლის 10 აპრილის წერილით, შემოწმებამ გადასახადის გადამხდელისგან გამოითხოვა ინფორმაცია/დოკუმენტაცია, 2008 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 1 ივლისამდე პერიოდში, განხორციელებულ სალაროს კონვერტაციის ოპერაციების შესახებ (სალაროს კონვერტაციის ამონაწერი ყოველ ოპერაციაზე) ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში, საქართველოში ლიცენზირებულ მოქმედ ყველა ბანკში (მათ შორის "------" ბანკში) და ვალუტის გადამცვლელებად დასახელებულ ფიზიკურ პირებთან (დანართის შესაბამისად). ხოლო, აღნიშნულის არ არსებობის შემთხვევაში, დაევალა წარედგინა ცნობა, რომ აღნიშნულ ბანკში/ვალუტის გადამცვლელ პუნქტში კონვერტაციის ოპერაცია არ განუხორციელებია. გადასახადის გადამხდელის მიერ, შემოწმების პროცესში წარდგენილი იქნა გამოთხოვილი დოკუმენტაცია და შესაბამისად, შემოწმების მიერ მოხდა მათი გათვალისწინება საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრისას. შედეგად, გადაანგარიშების ეტაპზე დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის №3/805-16 გადაწყვეტილება არ არის აღსრულებული და 3.04.2023 წლის №7153 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის №3/805-16 გადაწყვეტილების შესაბამისად, სადავო საკითხის შესწავლა/გამოკვლევა და შედეგების გათვალისწინებით საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახურის 3.04.2023 წლის №7153 ბრძანების აღსრულების შედეგად, შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები კვლავ არ დაექვემდებარა შემცირებას, ხოლო საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული 2023 წლის 28 სექტემბრის დასკვნაში აღნიშნულია შემდეგი:

შემოწმების მიერ, შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების მიზნით, 2023 წლის 19 ივნისის №"------" წერილით, შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტიდან გათხოვილი იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის №3/805-16 გადაწყვეტილებით განსაზღვრული სს "------" ბანკის მიერ გაცემული ცნობა და შესაბამისი ინფორმაცია, მეწარმის მიერ 2008 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 18 ნოემბრის ჩათვლით განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ, რაც გადასახადის გადამხდელის განმარტებით, საგადასახადო შემოწმებისა და ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობისას წარდგენილი არ ყოფილა, თუმცა მნიშვნელოვანია არაპირდაპირი მეთოდით გამოყენებული გაანგარიშების მაქსიმალურად ზუსტად და გადასახადის გადამხდელის ინტერესების გათვალისწინებით განსაზღვრისთვის და წარდგენილია სასამართლო დავის მიმდინარეობისას. მიღებული დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ აღნიშნული ინფორმაცია პირის მიერ საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობისას არ იყო წარმოდგენილი და მისი გათვალისწინება, საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, გამოიწვევს საგადასახადო ვალდებულების დამძიმებას.

მომჩივანი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს, აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და აღნიშნავს, რომ ყველა საბანკო ანგარიშის, მათ შორის სს "------" ბანკის, ამონაწერი წარდგენილი იქნა აუდიტის დეპარტამენტისათვის და აღნიშნული მტკიცდება 2014 წლის 10 დეკემბრის შემოწმების აქტში დაფიქსირებული ანგარიშების მითითებით, აუდიტის დეპარტამენტი დასკვნაში არ აფიქსირებს სიმართლეს და ამით თითქოსდა მძიმდება გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება. აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემული ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტები წარმოადგენს ხანდაზმულ პერიოდზე გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტებს და ექვემდებარება გაუქმებას.

საბჭო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ საჩივარი განხილული იქნა მომჩივნის მონაწილეობის გარეშე და გადაწყვეტილება მიღებული იქნა მომჩივნის პოზიციების მოსმენის გარეშე.

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა.

საბჭო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

საქმესთან არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 28.12.2023 წლის №33511 ბრძანება;

3. საჩივარი, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას არ ეთანხმება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელს, გარდა ვალუტის გადამცვლელ პუნქტში განხორციელებული ოპერაციებისა, აღენიშნება სალაროს კონვერტაციის ოპერაციები საქართველოში მოქმედ ლიცენზირებულ კომერციულ ბანკებში.შემოწმების მიერ მოხდა სავალუტო პროგრამის საშუალებით განსაზღვრული შეძენილი ვალუტის საერთო ოდენობიდან, შემოსავლის წილის პროპორციით, სალაროს კონვერტაციებით მისაღები შემოსავლის გაანგარიშება. ასევე, ერთობლივ შემოსავალში ჩაირთო გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული საიჯარო ქირის თანხა, გათვალისწინებულ იქნა გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

საქმესთან არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

298(2),302(6).