N 70 - 11/03/2022 - „ავტორიზაციის წესის, ავტორიზაციის სერტიფიკატის გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 სექტემბრის №239 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ბრძანებაში ცვლილება 11.03.2022
№ დოკუმენტი 70
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №70

2022 წლის 11 მარტი

ქ. თბილისი

„ავტორიზაციის წესის, ავტორიზაციის სერტიფიკატის გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 სექტემბრის №239 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1

„ავტორიზაციის წესის, ავტორიზაციის სერტიფიკატის გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 სექტემბრის №239 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 01/10/2020, სარეგისტრაციო კოდი: 040170310.22.033.017375) დამტკიცებულ „ავტორიზაციის წესში, ავტორიზაციის სერტიფიკატის გაცემის წესსა და პირობებში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის:

ა) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ნებართვის მაძიებელი − „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი, რომელიც აპირებს, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების სფეროში განახორციელოს ნებისმიერი საქმიანობა, მათ შორის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდება;

ბ) ნებართვის მფლობელი − „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი, რომელიც აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების სფეროში ახორციელებს ნებისმიერ საქმიანობას, მათ შორის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდებას;“;

ბ) „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები:

„ი) არსებითი პროდუქციის/მომსახურების მიწოდება − ამ მუხლის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონლის (პროდუქციის)/მომსახურების მიწოდება/გაწევა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-16 მუხლის შესაბამისად;

კ) არსებითი პროდუქცია/მომსახურება − საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ისეთი პროდუქცია ან/და მომსახურება, რომელიც მოიცავს აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებს (მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობებს), შემთხვევითი რიცხვების გენერირების პლატფორმას (RNG), ჯეკპოტის პლატფორმას, სათამაშო პლატფორმას (მათ შორის, სერვერს/სერვერებს, რომელზედაც/რომლებზედაც უშუალოდ ხდება თამაშის შედეგის გამოვლენა), მოთამაშეთა ბაზას, ფინანსურ ბაზას/სისტემას, მენეჯმენტის სისტემას, სათამაშო აპარატებს ან/და ამ კანონით გათვალისწინებულ სხვა პროდუქციას ან/და მომსახურებას და რომელმაც შესაძლებელია გავლენა მოახდინოს ან/და რომელიც გავლენას ახდენს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების შედეგებზე აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებლის მონაწილეობით ან/და მისი მონაწილეობის გარეშე.“.

2. მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის მფლობელისთვის/მაძიებლისთვის მის მიერ გამოსაყენებელ/გამოყენებულ არსებით პროდუქციაზე/მომსახურებაზე ავტორიზაციის სერტიფიკატი გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული გამოსაყენებელი/გამოყენებული არსებითი პროდუქცია/მომსახურება აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის მფლობელისთვის/მაძიებლისთვის მიწოდებულია აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებლის მიერ.

შენიშვნა:

ამ პუნქტის მოქმედება არ ვცელდება:

ა) 2022 წლის 1 მარტამდე გაცემული ავტორიზაციის სერტიფიკატების მიმართ;

ბ) 2021 წლის 1 იანვრამდე აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის მფლობელის/მაძიებლის მიერ შეძენილი არსებითი პროდუქცია/მომსახურების მიმართ, თუ მისი შეძენისას გამოწერილია სასაქონლო ზედნადები, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, საგადასახადო დოკუმენტი ან/და შევსებულია საბაჟო დეკლარაცია.“.

 

მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრი

ლაშა ხუციშვილი

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე