გადაწყვეტილება №18307/2/2022
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18307/2/2022
02.02.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ "----------" (ს/ნ ----------)
მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 2.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ "----------"-ს 26.11.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18307/2/2022).
დავის საგანი:
საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრების მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 4.10.2022 წლის №CB1401803 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 16.11.2022 წლის №28819 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 100 ლარი.
ფაქტების აღწერა
„დაქირავებულ პირთა რეესტრში“ ასახული მონაცემების სისწორის შესწავლისას გამოვლინდა, რომ მომჩივანს დაქირავებულ პირთა რეესტრში არ ყავს შეყვანილი დაქირავებით მომუშავე ერთი პირი, რაც ჩაითვალა საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნების დარღვევად. აღნიშნულზე მომჩივანს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 4.10.2022 წლის №CB1401803 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 100 ლარის ოდენობით.
სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 16.11.2022 წლის №28819 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა მიუთითა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველ, მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის N994 ბრძანების 3719 მუხლის პირველ, მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტებზე, 269-ე 2 მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 291-ე მუხლზე და მიიჩნია, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურმა მიზანშეწონილად არ მიიჩნია.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივნის განმარტებით, "----------" შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე რეალიზატორად აყვანილი ჰყავდა 2022 წლის 1 ოქტომბრიდან, ერთი თვით გამოსაცდელი ვადით. ამიტომ საგადასახადო შემოწმების დროისათვის, 4 ოქტომბერს "----------" არ იყო შეყვანილი საგადასახადო დასაქმებულთა რეესტრში. მისთვის ცნობილი არ ყოფილა, რომ აუცილებლობას წარმოადგენდა დაქირავებული პირის გაფორმებისთანავე დაქირავებულ პირთა რეესტრში შეყვანა. არის მცირე მეწარმე და მუშაობს მცირე ფულადი რესურსით, არ ჰყავს ბუღალტერი, რომელიც სისტემატიურად მიაწოდებდა ინფორმაციას ქვეყანაში მიმდინარე ფინანსური რეფორმების, კერძოდ საგადასახადო კოდექსში მიღებულ ცვლილებებზე, რათა დროულად მოეგვარებინა ბიუჯეტთან ანგარიშგების საკითხები.
ვინაიდან, არის კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი, ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად ჯარიმის მოხსნას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კოდექსის და მათ შესაბამისად მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან.
ამავე კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „თ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით, ასევე შეასრულოს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი სხვა ვალდებულებები.
საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დაქირავებით მუშაობად ითვლება ფიზიკური პირის მიერ ვალდებულების შესრულება იმ ურთიერთობათა ფარგლებში, რომლებიც რეგულირდება საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის შრომის კანონმდებლობით. ამავე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაცია დამქირავებელმა უნდა ასახოს დაქირავებულ პირთა რეესტრში, რომელსაც აწარმოებს შემოსავლების სამსახური. დაქირავებულ პირთა რეესტრში ასასახი ინფორმაციის ნუსხა და ინფორმაციის ასახვის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 3719 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, „დაქირავებულ პირთა რეესტრში“ ასახული მონაცემების სისწორის შესწავლისას, თუ გამოვლინდა დაქირავებულ ფიზიკურ პირთა შესახებ არასწორი ინფორმაცია, აღნიშნული გამოიწვევს საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილ პასუხისმგებლობას.
საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის თანახმად, პირის მიერ ამ კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა, რისთვისაც ამავე კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, მაგრამ არ არის განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა იწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
ამგვარად, ვინაიდან საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია გადასახადის გადამხდელის ვალდებულება შეასრულოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებები, საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნათა შეუსრულებლობით, მომჩივანმა არ შეასრულა საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვალდებულება, რაზეც ამავე კოდექსის 291-ე მუხლით გათვალისწინებულია შესაბამისი სანქცია.
მომჩვნის განმარტებით, მისთვის ცნობილი არ ყოფილა, რომ აუცილებლობას წარმოადგენდა დაქირავებული პირის გაფორმებისთანავე დაქირავებულ პირთა რეესტრში შეყვანა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადასახდელის გადამხდელის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა წარმოადგენს პირველ შემთხვევას. ამასთან, წარმოდგენილია შრომითი ხელშეკრულება, რომელიც დადებულია 2022 წლის პირველ ოქტომბერს, ხოლო საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის №CB1401803 ოქმი შედგენილია 2022 წლის 4 ოქტომბერს.
საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 291-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევებისათვის (გარდა განმეორებით ჩადენილი ქმედებებისა) ფულადი ჯარიმის ნაცვლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით გათვალისწინებული ფულადი ჯარიმის ნაცვლად უნდა შეეფარდოს გაფრთხილება.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 16.11.2022 წლის №28819 ბრძანება;
3. ნაწილობრივ გაუქმდეს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 4.10.2022 წლის №CB1401803 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
4. მომჩივანს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით გათვალისწინებული ფულადი ჯარიმის ნაცვლად შეეფარდოს გაფრთხილება;
5. დაევალოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად;
6. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.