საგადასახადო შეღავათი ფიზიკური პირის მიერ ჩუქებით მიღებულ ქონებაზე N 1512

1512 საგადასახადო შეღავათი ფიზიკური პირის მიერ ჩუქებით მიღებულ ქონებაზე 23.10.2020
№ დოკუმენტი 1512
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

საგადასახადო შეღავათი ფიზიკური პირის მიერ ჩუქებით მიღებულ ქონებაზე N 1512

ფაქტობრივი გარემოებები

· ფიზიკურმა პირმა ჩუქებით მიიღო 160 000 ლარის ღირებულების ქონება.

· I ვარიანტი: მჩუქებელი არის ბებია და დასაჩუქრებული - შვილიშვილი.

· II ვარიანტი: მჩუქებელი არის შვილიშვილი და დასაჩუქრებული - ბებია.

· ორივე ვარიანტში: ფიზიკურმა პირმა ჩუქებით მიღებული ქონების ღირებულება ჩათვალა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლებულ შემოსავლად, არ განახორციელა საგადასახადო ანგარიშგება და არ გადაიხადა საშემოსავლო გადასახადი.

შეფასება

· სსკ-ის 82-ე მუხლის (1.(ზ;ი)) შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება: - საგადასახადო წლის განმავლობაში I და II რიგის მემკვიდრეების მიერ ჩუქებით ან მემკვიდრეობით მიღებული ქონების ღირებულება; - საგადასახადო წლის განმავლობაში III და IV რიგის მემკვიდრეების მიერ 150 000 ლარამდე ღირებულების, ჩუქებით ან მემკვიდრეობით მიღებული ქონების ღირებულება. ამავე მუხლის მე-4 (გ) ნაწილის თანახმად, ქონების ჩუქებისას ან/და ანდერძით მემკვიდრეობისას I, II, III და IV რიგის მემკვიდრეებად ითვლებიან შემდეგი პირები: - I რიგის მემკვიდრეებად − მეუღლე, შვილი, ნაშვილები, შვილიშვილი, შვილიშვილის შვილი და მისი შვილი, მშობელი და მშვილებელი; - II რიგის მემკვიდრეებად − და, ძმა, დისწული, ძმისწული და მათი შვილები; - III რიგის მემკვიდრეებად − ბებია და პაპა, ბებიის დედ-მამა და პაპის დედ-მამა, როგორც დედის, ისე მამის მხრიდან; - IV რიგის მემკვიდრეებად − ბიძა (დედის ძმა და მამის ძმა), დეიდა და მამიდა.

· I ვარიანტში: იმის გათვალისწინებით, რომ: - სსკ-ის 82-ე მუხლი ადგენს საშემოსავლო გადასახადისაგან გათავისუფლებას შემოსავლის მიმღებ ფიზიკურ პირთა მიმართ; -განსახილველ შემთვევაში შემოსავლის მიმღებ ფიზიკურ პირს წარმოადგენს შვილიშვილი; - სსკ-ის 82-ე მუხლის დებულებების გათვალისწინებით, ქონების ჩუქებისას შვილიშვილი ითვლება I რიგის მემკვიდრედ, ამავე მუხლის პირველი ნაწილის "ზ" ქვეპუნქტის საფუძველზე, ფიზიკური პირის მიერ ბებიისგან ჩუქებით მიღებული ქონების ღირებულება სრულად თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან.

· II ვარიანტში: იმის გათვალისწინებით, რომ: - სსკ-ის 82-ე მუხლი ადგენს საშემოსავლო გადასახადისაგან გათავისუფლებას შემოსავლის მიმღებ ფიზიკურ პირთა მიმართ; - განსახილველ შემთხვევაში შემოსავლის მიმღებ ფიზიკურ პირს წარმოადგენს ბებია; - სსკ-ის 82-ე მუხლის დებულებების გათვალისწინებით, ქონების ჩუქებისას ბებია ითვლება III რიგის მემკვიდრედ, ამავე მუხლის პირველი ნაწილის "ი" ქვეპუნქტის საფუძველზე, ფიზიკური პირის მიერ შვილიშვილისგან ჩუქებით მიღებული 150 000 ლარამდე ქონების ღირებულება თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან. შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას ექვემდებარება მიღებული შემოსავალი შეღავათის გათვალისწინებით -10 000 ლარი.

ღონისძიებები

· I ვარიანტში: ფიზიკური პირის მიმართ სამართარღვევა არ იკვეთება და მის მიმართ დამატებითი საგადასახადო ვალდებულების დაკისრება არ მოხდება.

· II ვარიანტში: ფიზიკურ პირს დაერიცხება კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი და დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირების შემთხვევაში დაჯარიმდება სსკის 275-ე მუხლით.