გადაწყვეტილება №18037/2/2022
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18037/2/2022
8.12.2022
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ------------ (ს/ნ -------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 8.12.2022 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ----------------- 19.10.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18037/2/2022).
დავის საგანი:
1. შესამოწმებელი პერიოდის განსაზღვრის მართლზომიერება;
2. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით;
3. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 20.07.2022 წლის №002-139 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 11.10.2022 წლის №25822 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 183 894 ლარი.
მათ შორის: გადასახადი - 98 815
დღგ - 64 346
საშემოსავლო გადასახადი - 34 469
ჯარიმა - 50 835
საურავი - 34 244
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა კიბის საფეხურების, მოზაიკის მაგიდების, ბეტონის მოსაპირკეთებელი ფილების, მათ შორის: იატაკის, კედლის, პლინტუსების და ფანჯრის რაფების წარმოება. შესამოწმებელ პერიოდში პირი ასევე ახდენდა ცემენტის საცალოდ რეალიზაციას და იატაკის მოზაიკით მოჭიმვას/დაგებას. აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2018 წლიდან 1.01.2022 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 30.06.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 20.07.2022 წლის №19357 ბრძანება და ამავე თარიღის №002-139 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 20.08.2022 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 11.10.2022 წლის №25822 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. შესამოწმებელი პერიოდის განსაზღვრის მართლზომიერება
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 11.02.2022 წლის №3376 ბრძანებით დაინიშნა ი/მ ---------- საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 1.01.2018 წლიდან 1.01.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 და 263-ე მუხლებზე, ასევე შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ 2022 წლის 11 თებერვლის №3376 ბრძანებაზე, რომლითაც შესამოწმებელ პერიოდად განსაზღვრულია 2018 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდები.
სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ 2022 წლის 11 თებერვლის №3376 ბრძანება გამოცემულია კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციულ კოდექსის 96-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 ნაწილებზე, 97-ე მუხლის პირველ ნაწილზე და მოცემული საკანონმდებლო ნორმებიდან გამომდინარე ყურადღებას ამახვილებს შემდგომ გარემოებებზე:
აუდიტის დეპარტამენტის 11.02.2022 წლის №3376 ბრძანების ფარგლებში შემოწმდა 2018 წლის საანგარიშო პერიოდი (იგულისხმება საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია, დღგ-ის ყოველთვიური დეკლარაციები და სხვა). აღნიშნული გამომდინარეობს იმ გარემოებიდან, რომ გადასახადის გადამხდელს დაზუსტებული აქვს 2018 წლის სექტემბრის თვის დღგ-ის დეკლარაცია 23.06.2021 წელს.
საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის, მე-7 ნაწილის გათვალისწინებით მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის შემოწმების ბრძანება შესამოწმებელი პერიოდის განსაზღვრის ნაწილში არ შეესაბამება საგადასახადო კანონმდებლობას და ამ ბრძანების შესრულება კი სხვა დეკლარაციების და გადასახადების ნაწილში გარდა დაზუსტებული დეკლარაციისა - შესაბამისად უკანონოა, ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტი უფლებამოსილი იყო შეემოწმებინა მხოლოდ 2018 წლის სექტემბრის თვის დღგ-ის დეკლარაცია (რაც დაზუსტდა) და არა მთლიანი 2018 წლის დღგ-ის ყოველთვიური დეკლარაციები და წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი - მე-7 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელისათვის გადასახადის თანხის დარიცხვისა და საგადასახადო ვალდებულების შესახებ საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადა აითვლება შესაბამისი საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან.
3. გადასახადის გადამხდელისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციის (გარდა საურავისა) დაკისრებისა და შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული ვადა აითვლება:
ა) საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის კალენდარული წლის დასრულებიდან, გარდა ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ბ) საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან, თუ ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციის თანხის გაანგარიშება უკავშირდება საგადასახადო ვალდებულების თანხის ოდენობას.
5. გადასახადის გადამხდელის საგადასახადო შემოწმების ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული ვადა აითვლება შესამოწმებელი პერიოდის შესაბამისი კალენდარული წლის დასრულებიდან.
7. ამ მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადები გრძელდება 1 წლით, თუ ამ ვადების გასვლამდე დარჩენილია 1 წელზე ნაკლები და გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო ორგანოში წარადგინა შესაბამისი პერიოდის საგადასახადო დეკლარაცია (მათ შორის, შესწორებული დეკლარაცია) ან გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა.
ამავე კოდექსის 263-ე მუხლის მიხედვით:
1. კამერალური საგადასახადო შემოწმება ტარდება საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის ბრძანების საფუძველზე, ამ ბრძანებით განსაზღვრულ კონკრეტულ საკითხზე.
2. კამერალური საგადასახადო შემოწმების ჩატარებისას საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით მოითხოვოს სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენა.
3. კამერალური საგადასახადო შემოწმება ტარდება პირის საქმიანობის ადგილზე გაუსვლელად, საგადასახადო ორგანოში არსებული პირის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის, აგრეთვე გადასახადის გადამხდელისაგან მიღებული ახსნა-განმარტებისა და სააღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე.
4. თუ კამერალური საგადასახადო შემოწმების შედეგად გამოვლენილი შეცდომები იწვევს გადასახადის თანხის ცვლილებას, კამერალური საგადასახადო შემოწმების განმახორციელებელი უფლებამოსილი პირი ადგენს საგადასახადო შემოწმების აქტს.
მომჩივანმა საბჭოს სხდომაზე განმარტა, რომ გადასახადის გადამხდელს დაზუსტებული აქვს 2018 წლის სექტემბრის თვის დღგ-ის დეკლარაცია 23.06.2021 წელს. აუდიტის დეპარტამენტი უფლებამოსილი იყო შეემოწმებინა მხოლოდ 2018 წლის სექტემბრის თვის დღგ-ის დეკლარაცია (რაც დაზუსტდა) და არა მთლიანად 2018 წლის დღგ-ის ყოველთვიური დეკლარაციები და წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია.
საბჭო იზიარებს მოპასუხე ორგანოების პოზიციას და მიაჩნია, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელს 23.06.2021 წელს დაზუსტებული აქვს 2018 წლის სექტემბრის თვის დეკლარაცია, საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მე-5 და მე-7 ნაწილების შესაბამისად აუდიტის დეპარტამენტს უფლება ჰქონდა სრულად ჩაეტარებინა 2018 წლის საგადასახადო შემოწმება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, აუდიტის დეპარტამენტის ქმედება მართებულია და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელმა შესამოწმებელ პერიოდში წარადგინა ახსნა-განმარტებები, საბანკო ამონაწერები და საქონლის საწარმოებლად საჭირო კალკულაციები. პირი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას (არ გააჩნია სააღრიცხვო დოკუმენტაცია), რის გამოც შემოწმებით საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.
დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებისას გათვალისწინებულია გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი სასაქონლო ზედნადებები და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, ასევე ბანკში ჩარიცხული ის თანხები, რომლებზეც არ იყო გამოწერილი სასაქონლო ზედნადებები და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. სასაქონლო ზედნადებებითა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით რეალიზებულ საქონელზე გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული კალკულაციების მიხედვით ჩამოწერილია სასაქონლო ნედლეულები. აღნიშნულის შემდეგ გადასახადის გადამხდელს.
ნედლეულებიდან დარჩა ცემენტი, რომლის რეალიზებაც შემოწმების შედეგად განხორციელდა შემოწმების პროცესში. ცემენტის სარეალიზაციო ფასი განსაზღვრულია შეძენის ფასს დამატებული 5% ფასნამატი.
შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელმა ვერ წარადგინა 2019 და 2020 წლების საბოლოო ნაშთების გაშიფვრა, რის გამოც აღნიშნულ წლებში ცემენტის საბოლოო ნაშთი დადგინდა შემდეგნაირად: წლების მიხედვით განისაზღვრა ცემენტის ღირებულების წილი მთლიან შეძენებში და დეკლარირებული საბოლოო ნაშთიდან ცემენტის ღირებულებად ჩაითვალა აღნიშნული წილის პროპორციული თანხა. შემდეგ მიღებული თანხის გაყოფა მოხდა 1 კგ. ცემენტის შეძენის ღირებულებაზე და მიღებულია ცემენტის საბოლოო რაოდენობა კილოგრამებში. ცემენტის საწყის ნაშთს დაემატა შეძენილი ცემენტის რაოდენობა, ხოლო გამოაკლდა წარმოებაში გახარჯული ცემენტისა და საბოლოო ნაშთში დარჩენილი ცემენტის რაოდენობა. აღნიშნული სხვაობა რეალიზებულია წლების მიხედვით.
შესამოწმებელ პერიოდში, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, მეწარმე მძღოლად ფიქსირდება 200-ზე მეტ ისეთ სასაქონლო-ზედნადებში, რომლებშიც მყიდველი და გამყიდველი სხვა პირები არიან. გადაზიდვებში მონაწილე ავტოსატრანსპორტო საშუალება რეგისტრირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის წევრზე. აღნიშნულ ოპერაციაზე, შემოწმების მიერ დათვლილია გადამხდელის მიერ საშუალოდ გავლილი მანძილი წლების მიხედვით და გადამხდელს გაუვრცელდა 1 კილომეტრზე აუდირებული ღირებულება, რითაც გაიზარდა დასაბეგრი შემოსავალი/ბრუნვა.
2020 წელს გადამხდელს ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითული ჰქონდა ელექტროენერგიის ხარჯი. აღნიშნული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები გადამხდელმა ვერ წარადგინა, რის გამოც შემოწმებით შემცირდა გამოქვითული ხარჯის რაოდენობა. ასევე, 2020 წელს ხელფასის სახით განაცემებში გამოქვითული ჰქონდა 2 200 ლარი, ხოლო მის მიერ წარდგენილი დოკუმენტებით განაცემი ფიქსირდება 800 ლარი.
შემოწმების შედეგად გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის ბრუნვა და ერთობლივი შემოსავალი. ასევე, გადამხდელს 2020 წელს შეუმცირდა ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითული თანხები. შედეგად დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი, დღგ და დაეკისრა ამავე კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
ვინაიდან გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებდა კანონმდებლობით დადგენილი წესით, შემოწმების მიერ გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან.
შემოწმებით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის/ერთობლივი შემოსავლის განსაზღვრა გამოწერილი სასაქონლო ზედნადებებით და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, ასევე ბანკში ჩარიცხული იმ თანხებით, რომლებზეც არ იყო გამოწერილი საგადასახადო დოკუმენტები, ასევე, შემოწმებით დადგენილი სმფ-ების საწყისი-საბოლოო ნაშთების, შეძენილი საქონლისა და გადამხდელის მიერ მიწოდებული კალკულაციების მიხედვით ჩამოწერილი საქონლის შემდეგ დარჩენილი ნედლეულის შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულად განხილვა მართლზომიერია.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, კერძოდ, მეწარმე მძღოლად ფიქსირდება 200-ზე მეტ ისეთ სასაქონლო ზედნადებში, რომლებშიც მყიდველი და გამყიდველი სხვა პირები არიან. ამასთან, გადაზიდვებში მონაწილე ავტოსატრანსპორტო საშუალება რეგისტრირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის წევრზე. აღნიშნულ ოპერაციაზე, გადამხდელს, შემოწმების მიერ, საშუალოდ გავლილ მანძილზე წლების მიხედვით, გაუვრცელდა 1 კილომეტრის აუდირებული ღირებულება.
შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადამხდელს 2020 წელს ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითული ჰქონდა ელექტროენერგიის ხარჯი, რომლის დამადასტურებელი დოკუმენტები შემოწმებას ვერ წარუდგინა, რის გამოც შემოწმებით შემცირდა გამოქვითული ხარჯის რაოდენობა.
ასევე, 2020 წელს ხელფასის სახით განაცემებში გამოქვითული ჰქონდა 2 200 ლარი, ხოლო მის მიერ წარდგენილი დოკუმენტებით განაცემად ფიქსირდებოდა მხოლოდ 800 ლარი.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და მიაჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ სადავო საკითხთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემმოწმებლემა „გამოავლინეს“ დამატებით გარემოება, კერძოდ შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით ცხრილის სახით ამოიღეს ელექტრონული - სასაქონლო ზედნადებების ცხრილი, სადაც „მყიდველები“ და „გამყიდველები“ წარმოადგენენ ი/მ --------- დამოუკიდებელ პირებს, ხოლო ამ ზედნადებებში მძღოლად მითითებულია თავად ი/მ -----------. შედეგად შემმოწმებლებმა ცალსახად მიიჩნიეს, რომ გადასახადის გადამხდელი, როგორც მძღოლი, ისე ემსახურებოდა „მყიდველებს“ ან „გამყიდველებს“, უცნობი და გაურკვეველი მეთოდით გაიანგარიშეს ტრანსპორტირების დაწყების და დასრულების მანძილებს შორის კილომეტრაჟები და მათი ღირებულება, შედეგად გადამხდელს განუსაზღვრეს დამატებითი შემოსავალი, რასაც კატეგორიულად არ ეთანხმება, რადგან გადასახადის გადამხდელი არ ეწევა სხვა რაიმე სახის მომსახურებას, ამასთან აუდიტორებს არ გამოუთხოვიათ ინფორმაცია (შემოწმების აქტის მონაცემებით აღნიშნული არ ირკვევა) ე.წ. ცხრილში დაფიქსირებული მესამე პირებისაგან, რომ დანამდვილებით თუ არსებობდა ამ პირებსა და გადასახადის გადამხდელს შორის რაიმე ხელშეკრულებები ან სხვა ფორმის გარიგებები, ანაზღაურებები, მიღება-ჩაბარებები ან რაიმე სხვა დოკუმენტაცია, რომელიც ცალსახად მიანიშნებს იმაზე, რომ ი/მ ---------- ეწეოდა სატრანსპორტო მომსახურებებს.
საინტერესოა თუ რატომ არ გაითვალისწინა მაშინ შემოწმებამ აღნიშნული სატრანსპორტო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯები თუნდაც საწვავის, საცხებ-საპოხი მასალის, იჯარით აღებული სატრანსპორტო საშუალების ხარჯი და სხვა მიწოდების ხარჯები. ისიც გასათვალისწინებელია რომ შესაძლოა მყიდველის და გამყიდველის მიერ შეცდომით იყოს მითითებული ი/მ ---------- პირადი ნომერი აღნიშნულ სასაქონლო ზედნადებებში.
საყურადღებოა, რომ შემოწმების აქტის თარიღია 30.06.2022 წელი, ხოლო შემმოწმებლებს არ შეუმოწმებიათ 2021 წლის წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია, რაც აუცილებლად უნდა მოხვედრილიყო შემოწმების აქტში, რადგან დეკლარაციის წარდგენის სავადო თარიღი გასული იყო და აუდიტორები ვალდებულნი იყვნენ შეემოწმებინათ 2021 წელი. ამასთან, 2019 და 2020 წლების საშემოსავლო გადასახადების წლიური დეკლარაციებიდან გამოქვითვებში არ გაითვალისწინეს სხვადასხვა ხარჯები დოკუმენტების წარუდგენლობის მიზეზით, თუმცა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლისა და შემოსავლების სამსახურის ბრძანებით დამტკიცებული სიტუაციური სახელმძღვანელო №0256-ის საფუძველზე ითხოვს შემოწმებით ხარჯების აღიარებას, ვინაიდან ძირითადად ეს ხარჯებია კომუნალური ხარჯები და საბანკო მომსახურების ხარჯები, რაც ლოგიკურად ყველა გადასახადის გადამხდელს გააჩნია და შემოწმებას მართებდა გამოეყენებინა არაპირდაპირი მეთოდით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება და მოცემული გარემოებები.
შემოწმების პროცესში შემმოწმებლებისათვის სრულად იქნა მიწოდებული შემოსავლების და ხარჯების შესახებ ინფორმაცია, ასევე ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემები რაც შემოწმების მიერ არ იქნა გათვალისწინებული. ითხოვს წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის გათვალისწინებას. ამასთან არ ეთანხმება არაპირდაპირ მეთოდს რომლის მიხედვითაც გაანგარიშებულია საწარმოს ხარჯები და შემოსავლები.
აღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვს დაევალოს დავების დეპარტამენტს გამოსცეს კორექტირებული გადაწყვეტილება, რის თანახმადაც აუდიტის დეპარტამენტს დაევალება საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების გადაანგარიშება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით:
4. თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
9. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
ამავე კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
ამავე კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.
მოქმედი საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
ამავე კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად:
1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.
2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
ამავე კოდექსის 106-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ერთობლივი შემოსავლიდან არ გამოიქვითება ის ხარჯები, რომლებიც არ არის დაკავშირებული ეკონომიკურ საქმიანობასთან.
ამავე კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.
დადგენილია, რომ მომჩივანი შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას (არ გააჩნია სააღრიცხვო დოკუმენტაცია), შედეგად საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.
გადასახადის გადამხდელმა წარადგინა ახსნა-განმარტებები, საბანკო ამონაწერები და საქონლის საწარმოებლად საჭირო კალკულაციები. ასევე, გათვალისწინებულია გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი სასაქონლო ზედნადებები და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, ასევე ბანკში ჩარიცხული თანხები, რომლებზეც არ იყო გამოწერილი სასაქონლო ზედნადებები და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები.
მომჩივანმა საჩივრის ზეპირი განხილვისას საბჭოს სხდომაზე აღნიშნა, რომ საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დარიცხვა გამოწვეულია თითქოს მომჩივნის მიერ გაწეული მომსახურებით. აღსანიშნია, რომ შემმოწმებლების მიერ არ არის გამოთხოვილი ინფორმაცია იმ პირებისგან, რომლებიც მითითებულია სასაქონლო ზედნადებებში. სატრანსპორტო საშუალება რომლითაც თითქოს ხორციელდებოდა გადაზიდვები ეკუთვნის მის მეუღლეს, ასევე ფიქსირდება სხვა სატრანსპორტო საშუალებები, რაზეც აღსანიშნია რომ საქონელი მოჰქონდა თავისთვის ან მომხმარებელს მიუტანა შესაბამის ადგილზე ან ახლობელმა სთხოვა გადაზიდვა, თუმცა ამ მომსახურებაში შემოსავალი არ მიუღია. თუ მიიჩნევა, რომ შემოსავლის მიღება მოხადა უნდა დაფიქსირდეს ხარჯიც, არაპირდაპირი მეთოდით.
ამასთან, მომჩივანს წარმოებასთან დაკავშირებით წარდგენილი აქვს გაანგარიშებები (კალკულაციები), ინფორმაცია ჩამოწერებზე, ნაშთებზე და ფასნამატებზე, აღნიშნულის გათვალისწინებით არ ეთანხმება აუდიტის გაანგარიშებას და ითხოვს მის გაანგარიშებებზე დაყრდნობით შემცირდეს დარიცხული თანხა. ასევე, ხარჯის გაწევის (იჯარის და კომუნალურის (თანხას ერთ მრიცხველზე იხდიდა და ინაწილებდა რამდენიმე მეწარმე, გადახდის ქვითრები არ აქვს, შენობა დანგრეულია და შენდება ახალი ობიექტი)) დამადასტურებელი დოკუმენტი ვერ წარადგინა და ითხოვს ხარჯებიც ამ ნაწილში გათვალისწინებულ იქნას არაპირდაპირი მეთოდით.
საყურადღებოა, რომ შემოწმების აქტის თარიღია 30.06.2022 წელი, ხოლო შემმოწმებლებს არ შეუმოწმებიათ 2021 წლის წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია, რაც აუცილებლად უნდა მოხვედრილიყო შემოწმების აქტში, რადგან დეკლარაციის წარდგენის სავადო თარიღი გასული იყო და აუდიტორები ვალდებულნი იყვნენ შეემოწმებინათ 2021 წელი.
აღნიშნულზე მოპასუხე ორგანოს წარმომადგენლის განმარტებით:
მეწარმე მძღოლად ფიქსირდება 200-ზე მეტ სასაქონლო ზედნადებში, რომლებშიც მყიდველი და გამყიდველი სხვა პირები არიან. გადაზიდვებში მონაწილე ავტოსატრანსპორტო საშუალება რეგისტრირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის წევრზე. ჩაითვალა რომ პირი ეწეოდა სატრანსპორტო მომსახურებას და იღებდა შემოსავალს. სასაქონლო ზედნადებებში საქონლად ძირითადად დაფიქსირებულია სამშენებლო მასალები, ასევე ზოგიერთ ზედნადებში ფიქსირდებოდა ხელფასის ოდენობაც და რიგ შემთხვევაში ზედნადების მიხედვით კომპანიის მიერ წყაროსთან იყო დაბეგრილი გაცემული ხელფასი და ასეთი შემთხვევები არ დაბეგრილა შემოწმებით.
გრილი გაცემული ხელფასი და ასეთი შემთხვევები არ დაბეგრილა შემოწმებით. რაც შეეხება კალკულაციას, შემმოწმებელი სრულად დაეყრდნო გადამხდელის მიერ წარდგენილ კალკულაციას. აღნიშნულის შემდეგ გადასახადის გადამხდელს ნედლეულებიდან დარჩა ცემენტი, რომელიც შემოწმებით მიჩნეულია რეალიზებულად.
ასევე, გადამხდელის მიერ წარდგენილი ხარჯის ყველა დოკუმენტი გათვალისწინებულია. რაც შეეხება, 2020 წელს გადამხდელს ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითულ ელექტროენერგიის ხარჯს, აღნიშნული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები გადამხდელმა ვერ წარადგინა, რის გამოც შემოწმებით შემცირდა გამოქვითული ხარჯის ოდენობა. არაპირდაპირი მეთოდით კომუნალური ხარჯების დადგენა ვერ მოხერხდა. ხოლო, ამავე წელს ხელფასის სახით განაცემებში გამოქვითული ჰქონდა 2 200 ლარი და მის მიერ წარდგენილი დოკუმენტებით განაცემი ფიქსირდებოდა 800 ლარი.
რაც შეეხება 2021 წლის წლიური საშემოსავლო გადასახადის შემოწმებას, ბრძანებით შესამოწმებელი პერიოდი განსაზღვრულ იყო 1.01.2018 წლიდან 01.01.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდები და აღნიშნული ბრძანებიდან გამომდინარე არ ჰქონდა საგადასახადო ორგანოს ვალდებულება შეემოწმებინა აღნიშნული პერიოდი.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
3. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტით გადასახადის გადამხდელს ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად დაეკისრა 50 835 ლარის ოდენობით, მათ შორის დღგ-ში 33 600 ლარი და საშემოსავლო გადასახადში (ყოველწლიური) 17 234 ლარი. ასევე, აუდიტის დეპარტამენტის 20.07.2022 წლის №002-139 საგადასახადო მოთხოვნით დაეკისრა საურავი 34 244 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს. შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი ითხოვს საბჭომ გამოიყენოს მასზე დელეგირებული უფლებამოსილება და საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელი გაათავისუფლოს საგადასახადო შემოწმების აქტით დამატებით დარიცხული სანქციებისაგან, ასევე დამატებით დარიცხული გადასახადების გადაანგარიშების შემდგომ დამატებით დასარიცხი სანქციებისგან.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:
1. საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
2. საურავი ერიცხება გადასახადის თანხას, რომელიც არის სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ შეუსრულებელ საგადასახადო ვალდებულებებსა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ჯამს შორის. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საურავის დარიცხვა ხორციელდება თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის, გადასახადის გადახდის ვადის ამოწურვის დღის მომდევნო დღიდან.
ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მე-2, 21 და 22 ნაწილების თანახმად:
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით. 2 1 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
გადასახადი გადამხდელს სამეწარმეო საქმიანობაში აკისრია გულისხმიერების ვალდებულება და ეს ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და სრულად. ნებისმიერი შეცდომა არ წარმოადგენს სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველს. მხარემ უნდა დაამტკიცოს, რომ შეცდომა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობის და უხეში გაუფრთხილებლობით არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას სადავო საკითხთან მიმართებით და მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით.
ამგვარად, არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე7 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.