გადაწყვეტილება №19156/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19156/2/2023
27.04.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 27.04.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------------- 17.03.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19156/2/2023).
დავის საგანი:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით;
2. უძრავი ქონების შესაძენად გადახდილი თანხის დირექტორის ხელფასად განხილვა;
3. ფიზიკური პირისთვის გადახდილი იჯარის თანხის გადახდის წყაროსთან დაბეგვრა;
4. კორექტირებული დღგ-ის ჩასათვლელი თანხის გაანგარიშება;
5. სატრანსპორტო მომსახურების დაბეგვრა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 19.07.2022 წლის №075-5 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 20.02.2023 წლის №3112 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 285 211,9 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 158 670
დღგ - 30 954
საშემოსავლო გადასახადი - 127 716
ჯარიმა - 78 527,4
საურავი - 48 014,5
პროცედურული გარემოებები
მომჩივნის საქმიანობაა სამშენებლო მასალებით ვაჭრობა.
აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2019 წლიდან 1.02.2022 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 19.07.2022 წლის №075-5 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 20.02.2023 წლის №3112 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
კომპანია გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2.11.2017 წელს. შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. კომპანიის წარმომადგენლის მიერ შემოწმების პროცესში წარმოდგენილია სმფ-ების საწყისი და საბოლოო ნაშთები შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისა და ბოლოსათვის. გადასახადის გადამხდელის მიერ 31.01.2022 წლის მდგომარეობით, სმფ-ების საბოლოო ნაშთის სახით განსაზღვრულია 269 247 ლარის საქონელი. მომჩივნის მიერ შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებულმა ფასნამატმა შეადგინა საშუალოდ 14 %. დოკუმენტური რეალიზაცია შეადგენს საქონლის მთლიანი რეალიზაციის 20 %-ს.
საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მონაცემებით შეუძლებელია ოპერაციების მიმდინარეობაზე (დაწყებაზე/დასრულებაზე) კონტროლი და შესაბამისად სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის და 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, მომჩივნის შემოსავლები გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, გაანგარიშდა იდენტიფიცირებადი საქონლის დოკუმენტური ფასნამატი. გაანგარიშებული საშუალო შეწონილი ფასნამატი გავრცელდა საცალოდ რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე, რომელიც გაანგარიშდა ასევე არაპირდაპირი მეთოდით, დეკლარირებული ბრუნვის პროპორციის გათვალისწინებით.
ამგვარად გაანგარიშებულმა საერთო ფასნამატმა წლების მიხედვით საშუალოდ შეადგინა: 2019 წელს - 26,67 %, 2020 წელს - 24,12 % და 2021 წელს 19 %. 2022 წელთან მიმართებაში გამოყენებულ იქნა 2019, 2020 და 2021 წლების საშუალო ფასნამატი, რომელმაც შეადგინა 20,29 %. შესაბამისად დაკორექტირდა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, შედეგად გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49- ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე და აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა საგადასახადო ორგანოში ჩაინიშნა მომჩივნის მონაწილეობით 18.01.2023 წელს, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საკითხის განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია საჩივრის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით. გადამხდელს შემოწმების პროცესში არ წარუდგენია ბუღალტრული პროგრამა და საქონლის მოძრაობის ამსახველი გაანგარიშების ცხრილები და შეუძლებელი იყო ოპერაციების მიმდინარეობაზე კონტროლი. ამდენად, შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა მართლზომიერად. ასევე, მართლზომიერად გაანგარიშდა დოკუმენტური ფასნამატი იდენტიფიცირებადი საქონლის მიხედვით.
გაანგარიშებული საშუალო შეწონილი ფასნამატი (2019 წელს - 26,67%, 2020 წელს - 24,12% და 2021 წელს 19%) შემოწმებით გავრცელდა საცალოდ რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე. 2022 წელთან მიმართებაში გამოყენებულ იქნა 2019, 2020 და 2021 წლების საშუალო ფასნამატი, რომელმაც შეადგინა 20.29%. წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2022 წელს შესამოწმებლად განსაზღვრული იყო მხოლოდ ერთი თვე, სადაც იდენტიფიცირებადი დოკუმენტური ფასნამატი არ ფიქსირდებოდა.
მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული პრინციპით ფასნამატის განსაზღვრა/გავრცელება და თანხების გაანგარიშება მართლზომიერია. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით დამატებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
წარდგენილი იყო კომპანიის მიერ შეძენილი სასაქონლო მარაგების დოკუმენტები, საქონლის სარეალიზაციო ფასები და სხვა დოკუმენტაცია, რომელთა ბაზაზეც შესაძლებელი იყო სწორად გაეანგარიშებინათ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შემოწმების აქტის მიხედვით, აუდიტორები აფიქსირებენ, რომ მათ მიერ 2022 წლის ფასნამატის გაანგარიშების დროს გამოყენებული იქნა 2019-2021 წლების საშუალო ფასნამატი, რაც არ არის სწორი და სამართლიანი. აუდიტორების მიერ გაანგარიშებული ფასნამატის მიხედვით თვალსაჩინოა, რომ ყოველწლიურად იკლებს ფასნამატი და ამ გარემოების გამო 2022 წლის ფასნამატის გაანგარიშება 3 წლის საშუალო ფასნამატის შესაბამისად არასწორია. ამ გარემოების გათვალისწინებით აუდიტორებს დამატებით დასაბეგრი ბრუნვა არასწორად, უსაფუძვლოდ აქვთ გაანგარიშებული.
აუდიტორებმა წარმოდგენილი პროდუქციის რეალიზაციის მასალების საფუძველზე უნდა გადაიანგარიშონ დამატებით, უსაფუძვლოდ არასწორად გაანგარიშებული დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვა და დარიცხული დღგ
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებულმა ფასნამატმა შეადგინა საშუალოდ 14 %. დოკუმენტური რეალიზაცია შეადგენს საქონლის მთლიანი რეალიზაციის 20 %-ს. შემოწმებით გაანგარიშებული ფასნამატი საშუალოდ შეადგენს 2019 წელს - 26,67 %-ს, 2020 წელს - 24,12 %-ს და 2021 წელს 19 %-ს.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია დოკუმენტაცია, გარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყისი და საბოლოო ნაშთების შესახებ ინფორმაციისა, მათ შორის საწყისი ნაშთი იყო მხოლოდ თანხობრივად, ჯამურად.
2022 წლიდან შესამოწმებელი პერიოდი მოიცავდა ერთ თვეს, სადაც საქონლის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა და გამოყენებულია საშუალო ფასნამატი.
საქმეში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულია მართლზომიერად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიუთითებს, რომ არ არსებობს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების და ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. უძრავი ქონების შესაძენად გადახდილი თანხის დირექტორის ხელფასად განხილვა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საბანკო ანგარიშების ამონაწერის მიხედვით 2020 წლის ნოემბერში შპს ----------- ანგარიშიდან შპს -------- ანგარიშზე უძრავი ქონების შეძენის საფუძვლით გადარიცხულია 427 500 ლარი, ამასთან ამავე პერიოდში ანგარიშიდან გატანილია ფულადი სახსრები უძრავი ქონების შეძენის დანიშნულებით.
გადასახადის გადამხდელმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განმარტა, რომ უძრავ ქონება შეძენილი იყო დირექტორის (დამფუძნებელი 100%) პირადი ქონების სახით. მომჩივნის მიერ წარმოდგენილ საკადასტრო კოდზე (-------------) დაფიქსირებული ქონება საჯარო რეესტრის ბაზების მიხედვით 2020 წლის ნოემბრიდან წარმოადგენს შპს --------- დირექტორის საკუთრებას.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის და მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის და ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, კომპანიის ანგარიშიდან ანაზღაურებული უძრავი ქონების ღირებულება მიჩნეულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და ამავე კოდექსის 79-ე, მე-80, 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე და მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტზე და 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე, რომლის თანახმად, საწარმოს მიერ გადახდილი თანხები რეალურად წარმოადგენს დივიდენდს და მიიჩნევს, რომ აღნიშნული საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საწარმოს მიერ დირექტორისთვის უძრავი ქონების შესაძენად გადახდილი თანხის გაცემულ ხელფასად განხილვის საკითხი შეისწავლოს შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანიის ანგარიშიდან ანაზღაურებული უძრავი ქონების ღირებულება, 427 500 ლარი წარმოადგენს კომპანიის მიერ აღებულ სესხს, რომელიც დირექტორის მიერ გამოყენებული იქნა უძრავი ქონების შესაძენად. ამ გარემოების გამო, აღნიშნული თანხა განხილული უნდა იქნას, როგორც სესხი და უნდა დაიბეგროს როგორც სესხი და არა ხელფასი.
აღნიშნულს ადასტურებს ის გარემოება, რომ დირექტორი საკუთარი ფინანსური რესურსებით აწარმოებს კომპანიაზე რიცხული საბანკო სესხის დაფარვას. ეს ფაქტობრივი გარემოება ადასტურებს აღნიშნული მოთხოვნის სისწორეს.
დავების განხილვის საბჭო
დავების განხილვის საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს:
ა) მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა;
ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად ითვლება დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის ხარჯების ანაზღაურებისას – ანაზღაურების თანხა, რომელიც მცირდება დაქირავებულის მიერ ამ სარგებლის მიღებისას დამქირავებლისათვის გადახდილი თანხით. ამავე კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. დადგენილია, რომ 2020 წლის ნოემბერში კომპანიის ანგარიშიდან შპს ----------- ანგარიშზე უძრავი ქონების შეძენის საფუძვლით გადარიცხულია 427 500 ლარი. ამავე პერიოდში ანგარიშიდან გატანილია ფულადი სახსრები უძრავი ქონების შეძენის დანიშნულებით. გადასახადის გადამხდელმა განმარტა, რომ უძრავ ქონება შეძენილი იყო დირექტორის (დამფუძნებელი 100%) პირადი ქონების სახით.
წარმოდგენილ საკადასტრო კოდზე (-----------) დაფიქსირებული ქონება საჯარო რეესტრის ბაზების მიხედვით 2020 წლის ნოემბრიდან წარმოადგენს შპს --------- დირექტორის საკუთრებას. აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, კომპანიის ანგარიშიდან გადარიცხულია თანხა დირექტორის ბინის შესაძენად, რაც დარეგისტრირდა პირდაპირ კომპანიის დირექტორის საკუთრებად. შემოსავლების სამსახურში გადასახადის გადამხდელი ითხოვდა ამ თანხის დივიდენდად განხილვას, ხოლო შემოწმების პროცესში პოზიცია წარმოდგენილი არ ყოფილა.
შემოსავლების სამსახურის 20.02.2023 წლის №3112 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საწარმოს მიერ დირექტორისთვის უძრავი ქონების შესაძენად გადახდილი თანხის გაცემულ ხელფასად განხილვის საკითხი შეისწავლოს შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება). აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 20.02.2023 წლის №3112 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
3. ფიზიკური პირისთვის გადახდილი იჯარის თანხის გადახდის წყაროსთან დაბეგვრა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში ახორციელებს სამშენებლო მასალების შეძენა/რეალიზაციას. მომჩივანს ფიზიკური პირისგან იჯარით აქვს მიღებული 200 კვ. მ ფართი, რომელშიც ახორციელებს აღნიშნულ საქმიანობას. საიჯარო ღირებულება ანაზღაურებულია საბანკო გადარიცხვების გზით. აღნიშნულ მომსახურებაზე ჯამურად გადარიცხული თანხა შეადგენს 39 600 ლარს.
შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზების მიხედვით, ------------ (პ/ნ ------------) არ არის ინდივიდუალური მეწარმე, ამდენად, საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, შპს ----------- ჰქონდა განაცემის გადახდის წყაროსთან დაკავების ვალდებულება. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით. ამასთან, საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის და „გადასახადის ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 37-ე მუხლის თანახმად საანგარიშო თვის მიხედვით განაცემებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობისთვის ან არასრულად წარდგენისთვის მომჩივანი დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს ფიზიკური პირისგან იჯარით აქვს მიღებული 200 კვ.მ. ფართი. ამასთან, საიჯარო ღირებულება ანაზღაურებულია საბანკო გადარიცხვების გზით, რომელმაც შეადგინა 39 600 ლარი. ხოლო, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, მეიჯარე ფიზიკური პირი არ არის ინდივიდუალური მეწარმე.
აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით დამატებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
აუდიტორმა არასწორად გაიანგარიშეს გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადი, რადგანაც შემოწმების პერიოდში ფიზიკურ პირზე სრულად არ იყო გადახდილი 39 600 ლარი. წარმოდგენილი მასალების საფუძველზე აუდიტორებმა უნდა გადაიანგარიშონ დამატებით უსაფუძვლოდ, არასწორად დარიცხული საშემოსავლო გადასახადი 9 900 ლარი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის.
შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ მომჩივანს იჯარით აქვს მიღებული 200 კვ. მ ფართი. საიჯარო ღირებულება ანაზღაურებულია საბანკო გადარიცხვების გზით. აღნიშნულ მომსახურებაზე ჯამურად გადარიცხული თანხა შეადგენს 39 600 ლარს. შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზების მიხედვით, -------------- (პ/ნ -----------) არ არის ინდივიდუალური მეწარმე.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, იჯარის თანხის გაანგარიშებაში უზუსტობები არ არის, საკითხი შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელთან ერთადაც არის შესწავლილი.
საბჭო მიიჩნევს, რომ ვინაიდან არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები, არ არსებობს ამ ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
4. კორექტირებული დღგ-ის ჩასათვლელი თანხის გაანგარიშება
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლის მიხედვით დღგ-ით დასაბეგრი თანხა და შესაბამისად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა კორექტირდება, თუ შეიცვალა ის გარემოებები/ფაქტორები, რომელთა საფუძველზეც დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი თანხა.
შემოწმებით, აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით შპს ------------- მიერ დეკლარირებული დღგ-ის ჩასათვლელი თანხა დაექვემდებარა შემცირებას. შედეგად მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, შესაბამის საანგარიშო პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველ ნაწილზე და მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტზე, 179-ე მუხლის პირველ და მე-4 ნაწილებზე, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებზე, 179-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და „გადასახადის ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 733 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებზე.
შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ საწარმოს მიღებული კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე დღგ-ის დეკლარაციაში არ აქვს ასახული და შემცირებული ჩათვლილი დღგ-ის თანხა. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით დამატებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
ამ საკითხში დღგ 1 915 ლარის ოდენობით დარიცხულია არასწორად. საკითხი შესწავლილი უნდა იქნას გადასახადის გადამხდელთან ერთად და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში სადავო არ იქნება ამ საფუძვლით განხორციელებული დარიცხვა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე. ამავე კოდექსის 179-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით:
1. დასაბეგრი ოპერაციის თანხა კორექტირდება შემდეგი გარემოებების დადგომისას:
ა) გაუქმებულია დასაბეგრი ოპერაცია, მათ შორის, ხელახალი რეგისტრაციის დროს დღგ-ის გადამხდელად წინა რეგისტრაციის გაუქმებისას მიწოდებად განხილული საქონლის არსებულ ნაშთზე;
ბ) შეცვლილია დასაბეგრი ოპერაციის სახე;
გ) ფასების შემცირების ან სხვა მიზეზით შეცვლილია ოპერაციაზე ადრე შეთანხმებული კომპენსაციის თანხა, გარდა ვალუტის კურსის ცვლილებით გამოწვეული ცვლილებისა;
დ) საქონელი/მომსახურება სრულად ან ნაწილობრივ უბრუნდება დღგ-ის გადამხდელს.
4. დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირების დროს, თუ კორექტირების გამომწვევი გარემოების დადგომის შედეგად დასაბეგრი ოპერაციის თანხა იცვლება, შესაბამისი კორექტირება უნდა განხორციელდეს კორექტირების გამომწვევი გარემოების დადგომის საანგარიშო პერიოდში. საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ;
ბ) ამ კარის შესაბამისად საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ; გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ;
დ) უკუდაბეგვრის წესით დაბეგვრის შემთხვევაში დარიცხული დღგ. ამავე კოდექსის 179-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. დღგ-ით დასაბეგრი თანხა და, შესაბამისად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა კორექტირდება, თუ შეიცვალა ის გარემოებები/ფაქტორები, რომელთა საფუძველზეც დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი თანხა.
2. დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირება ხორციელდება კორექტირების გამომწვევი გარემოების დადგომის საანგარიშო პერიოდში. შემოწმებით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხის კორექტირების გათვალისწინებით, დეკლარირებული დღგ-ის ჩასათვლელი თანხა დაექვემდებარა შემცირებას. აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, კორექტირება განხორციელდა კორექტირების ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე. საბჭო მიიჩნევს, რომ ვინაიდან არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები, არ არსებობს ამ ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
5. სატრანსპორტო მომსახურების დაბეგვრა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზებში შპს ----------- საკუთრებაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების ანალიზით ირკვევა, რომ ცალკეულ პერიოდებში გადასახადის გადამხდელის ავტომანქანებზე გამოწერილია სასაქონლო ზედნადებები, სადაც მყიდველისა და გამყიდველის გრაფაში მითითებულია სხვა იურიდიული პირები.
აღნიშნული სასაქონლო ზედნადებებით გადაზიდვები ჩაითვალა გადამხდელის მიერ გაწეულ სატრანსპორტო მომსახურებად და საგადასახადო კოდექსის 1.01.2021 წლამდე რედაქციის 161-ე მუხლის და 1.01.2021 წლიდან მოქმედი რედაქციის 159-ე მუხლის გათვალისწინებით საწარმოს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73- ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, შესაბამის საანგარიშო პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე და 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
შემოწმებით დადგინდა, შპს ---------- საკუთრებაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების ანალიზით ირკვევა, რომ ცალკეულ პერიოდებში გადასახადის გადამხდელის ავტომანქანებზე გამოწერილია ზედნადებები, სადაც მყიდველისა და გამყიდველის გრაფაში მითითებულია სხვა იურიდიული პირები. შემოწმებამ, აღნიშნული სასაქონლო ზედნადებებით გადაზიდვები განიხილა გადამხდელის მიერ გაწეულ სატრანსპორტო მომსახურებად. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ შემოწმების პროცესში საკითხი განხილული იყო გადასახადის გადამხდელთან და მის მიერ წარმოდგენილია პოზიცია განხორციელებული რეისების ტარიფებთან დაკავშირებით. შემოწმების პროცესში პირს განემარტა, რომ მითითებული ტარიფების გამოყენება განხორციელდებოდა სწორედ ამ რეისებთან მიმართებაში.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
ამ საკითხში დღგ 2 477 ლარის ოდენობით დარიცხულია არასწორად. საკითხი შესწავლილი უნდა იქნას გადასახადის გადამხდელთან ერთად და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში სადავო არ იქნება ამ საფუძვლით განხორციელებული დარიცხვა.
დავების განხილვის საბჭო
დავების განხილვის საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაში ფიქსირდება სასაქონლო ზედნადებები, სადაც მითითებულია მომჩივნის საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები, ხოლო მყიდველის და გამყიდველის გრაფაში მითითებულია სხვა იურიდიული პირები. აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, შემოწმების პროცესში საკითხი შესწავლილი იყო გადასახადის გადამხდელთან ერთად.
საკითხთან დაკავშირებით გადაზიდვის ტარიფებზე ინფორმაცია წარმოდგენილი იყო გადასახადის გადამხდელის მიერ. საქმეში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულია მართლზომიერად. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიუთითებს, რომ არ არსებობს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების და ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“
ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით;
2. უძრავი ქონების შესაძენად გადახდილი თანხის დირექტორის ხელფასად განხილვა;
3. ფიზიკური პირისთვის გადახდილი იჯარის თანხის გადახდის წყაროსთან დაბეგვრა;
4. კორექტირებული დღგ-ის ჩასათვლელი თანხის გაანგარიშება;
5. სატრანსპორტო მომსახურების დაბეგვრა.
ფაქტობრივი გარემოებები
1.მომჩივნის საქმიანობაა სამშენებლო მასალებით ვაჭრობა.შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას.გაანგარიშდა იდენტიფიცირებადი საქონლის დოკუმენტური ფასნამატი. გაანგარიშებული საშუალო შეწონილი ფასნამატი გავრცელდა საცალოდ რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე, რომელიც გაანგარიშდა ასევე არაპირდაპირი მეთოდით, დეკლარირებული ბრუნვის პროპორციის გათვალისწინებით.შესაბამისად დაკორექტირდა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, შედეგად გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.
2.საბანკო ანგარიშების ამონაწერის მიხედვით მომჩივანის ანგარიშიდან შპს-ს ანგარიშზე უძრავი ქონების შეძენის საფუძვლით გადარიცხულია თანხა.ასევე ანგარიშიდან გატანილია ფულადი სახსრები უძრავი ქონების შეძენის დანიშნულებით.აღნიშნული ოპერაცია მიჩნეულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ასევე ჯარიმა.
3.გადასახადის გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში ახორციელებს სამშენებლო მასალების შეძენა/რეალიზაციას.მომჩივანს ფიზიკური პირისგან იჯარით აქვს მიღებული 200 კვ. მ ფართი, რომელშიც ახორციელებს აღნიშნულ საქმიანობას. საიჯარო ღირებულება ანაზღაურებულია საბანკო გადარიცხვების გზით.ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა რადგან მომჩივანს ჰქონდა განაცემის გადახდის წყაროსთან დაკავების ვალდებულება.
4.შემოწმებით,შპს-ს მიერ დეკლარირებული დღგ-ის ჩასათვლელი თანხა დაექვემდებარა შემცირებას. შედეგად მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა .
5.შპს-ს საკუთრებაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების ანალიზით ირკვევა, რომ ცალკეულ პერიოდებში გადასახადის გადამხდელის ავტომანქანებზე გამოწერილია სასაქონლო ზედნადებები, სადაც მყიდველისა და გამყიდველის გრაფაში მითითებულია სხვა იურიდიული პირები,გადაწყვეტილება
1.მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2.აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საწარმოს მიერ დირექტორისთვის უძრავი ქონების შესაძენად გადახდილი თანხის გაცემულ ხელფასად განხილვის საკითხი შეისწავლოს შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
3.საბჭო მიიჩნევს, რომ ვინაიდან არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები, არ არსებობს ამ ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
4.საბჭო მიიჩნევს, რომ ვინაიდან არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები, არ არსებობს ამ ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
5.საქმეში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულია მართლზომიერად. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიუთითებს, რომ არ არსებობს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების და ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
136(3);73(5ა,9);101(1);154(1ა,დ);174(1დ);179(1,4);175(1);179(1,2)161(1ა);159(1);