გადაწყვეტილება №21638/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21638/2/2023
25 მარტი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ------- (ს/ნ ------)
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ---------ს 15.12.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21638/2/2023).
დავის საგანი:
საქონლის (ოქროს ნაკეთობები) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 3.11.2023 წლის №EL229903 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 28.11.2023 წლის №29371 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 14 741,485 ლარი.
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
10.10.2023 წელს საფოსტო გადამზიდავ შპს „------ს“ (ს/ნ -----) მიერ, 4.10.2023 წლის ინვოისის საფუძველზე, მომჩივნის კუთვნილ №------- საფოსტო გზავნილზე, დარეგისტრირდა №------ საბაჟო დეკლარაცია ფორმა-4. საფოსტო გზავნილის დათვალიერების შედეგად გამოვლინდა არადეკლარირებული საქონელი - დეკლარირებული ბიჟუტერიის ნაცვლად, აღმოჩნდა ოქროს საიუველირო ნაკეთობები.
საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს 18.10.2023 წლის №009601/2023 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, არადეკლარირებული საქონლის (122.56 გრ. ოქრო - ყელსაბამი 2 ცალი, სამაჯური 2 ცალი, კულონი 1 ცალი) საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 5 526.33 აშშ დოლარი.
საბაჟო ორგანომ მიიჩნია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანას, რაზეც მომჩივანს, 3.11.2023 წლის №EL229903 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 14 741.485 ლარის ოდენობით.
№------ საბაჟო დეკლარაცია ფორმა-4-ში განხორციელდა შესაბამისი ცვლილება, თუმცა აღნიშნული თანხა მომჩივანს არ გადაუხდია და შესაბამისად, საბაჟო ფორმალობები არ დასრულებულა.
საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 28.11.2023 წლის №29371 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილზე, მე-6 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებზე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, საბაჟო კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 168-ე მუხლის პირველ ნაწილზე, დადგენილ გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ფაქტს, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო აქტით საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
საქონლის საბაჟო ღირებულება განისაზღვრა საქართველოს საბაჟო კოდექსის თავი VI საქონლის საბაჟო ღირებულების შესაბამისად, კერძოდ საბაჟო კოდექსის 43-ე მუხლის - სარეზერვო მეთოდის მიხედვით. ღირებულების განსაზღვრისას გამოყენებული იქნა სასაქონლო საბაჟო დეკლარაციათა მონაცემთა ბაზა, პრაქტიკის განზოგადებისა და ინფორმაციის ღია წყაროებზე განთავსებული მონაცემების ანალიზის შედეგად მიღებული მონაცემები. შესაბამისად, წარდგენილი საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 5586,33 აშშ დოლარი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრა, სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მიიღო გზავნილი, რომელიც ექვემდებარებოდა დეკლარირებას. ამ ყოველივეს შესახებ შეიტყო მოგვიანებით, ხოლო როდესაც შეადგინა დეკლარაცია უკვე გვიანი იყო, რადგან გამოწერილი იყო ჯარიმა.
დეკლარაციის შეუვსებლობა უკავშირდება გაუგებრობას გამოგზავნილ ნივთთან დაკავშირებით, არავითარი სურვილი დაერღვია საქართველოს კანონმდებლობა არ ჰქონია. როდესაც მიმართა შემოსავლების სამსახურს ეს ყოველივე აუხსნა მათ მაგრამ მათ არ მიიღეს მხედველობაში შეცდომით ფაქტი, რომ მომხდარი არ უკავშირდებოდა მომჩივნის რაიმე სახის განზრახვას დაერღვია კანონი.
შემოსავლების სამსახურს მხედველობაში უნდა მიეღო ფაქტი, რომ ფაქტი უკავშირდებოდა გაუგებრობას და მიეცა შანსი დოკუმენტაცია მოეყვანა წესრიგში და არ უნდა გამოეყენებინათ სასანქციო ზომები, მით უფრო ამ ოდენობით, როდესაც არის სტუდენტი და ჰყავს მცირეწლოვანი შვილი.
ითხოვს გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული 28.11.2023 წლის №29371 ბრძანება, გაუქმდეს საბაჟო დეპარტამენტის 3.11.2023 წლის №EL229903 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, მიღებულ იქნას გადაწყვეტილება რითაც ჯარიმის სახით დაეკისრება 7370 ლარი, ალტერნატივის სახით, თუ ბრძანების და საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმება არ მოხდება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:
ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;
ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;
გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან, საქონლის რეექსპორტთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა თუ მის მიერ შემოტანილი საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება აღემატება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ა“, „დ.ბ“, „დ.გ“, „დ.გ1 “, „დ.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებას, ან თუ საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელი იბეგრება/არ არის გათავისუფლებული იმპორტის გადასახდელისაგან, ან/და საქონლის შემოტანა შეზღუდულია ან/და საქონლის შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა ან ლიცენზია.
საბაჟო კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქონლის დეკლარირებისას საქონლის საბაჟო ღირებულებას განსაზღვრავს დეკლარანტი, ხოლო დეკლარანტის მიერ განსაზღვრული საქონლის საბაჟო ღირებულების სისწორეს აკონტროლებს საბაჟო ორგანო.
საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა (გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით ან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.
მომჩივნის განმარტებით, მიიღო გზავნილი, რომელიც ექვემდებარებოდა დეკლარირებას. აღნიშნულს შესახებ შეიტყო მოგვიანებით, დეკლარაციის შეუვსებლობა უკავშირდება გაუგებრობას გამოგზავნილ ნივთთან დაკავშირებით, რაც შემოსავლების სამსახურს მხედველობაში უნდა მიეღო და მიეცა დოკუმენტაციის წესრიგში მოყვანის შანსი და არ გამოეყენებინა სასანქციო ზომები, მითუმეტეს რომ არის სტუდენტი და ჰყავს მცირეწლოვანი შვილი.
საქმეზე წარმოდგენილი მასალებიდან დგინდება, რომ 10.10.2023 წელს მომჩივნის კუთვნილი საფოსტო გზავნილში ნაცვლად დეკლარირებული ბიჟუტერიისა, აღმოჩნდა ოქროს საიუველირო ნაკეთობები (122.56 გრ. ოქროს: ყელსაბამი 2 ცალი, სამაჯური 2 ცალი, კულონი 1 ცალი), რომლის საბაჟო ღირებულებამ, №009601/2023 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შეადგინა 5 526.33 აშშ დოლარი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მომჩივანის კუთვნილ საფოსტო გზავნილზე დეკლარირებული ბიჟუტერიის ნაცვლად, აღმოჩნდა ოქროს საიუველირო ნაკეთობები, დასტურდება, რომ მომჩივანი ცდილობდა დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის შემოტანას საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად.
საბჭოს მიაჩნია, რომ ჩადენილი საბაჟო სამართალდარღვევისთვის სანქცია შეფარდებულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. საბანკო ანგარიშიდან სამეურნეო ხარჯებისთვის გატანილი თანხების ნაწილის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;
2. მცირე მეწარმედ რეგისტრირებული ფიზიკური პირებისთვის გადარიცხული თანხების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა.
ფაქტობრივი გარემოებები
1. საბანკო ამონაწერების შესწავლით დადგინდა, რომ დირექტორის მიერ ანგარიშიდან გატანილი იყო თანხები სამეურნეო ხარჯებისთვის. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2023 წლის 5 აპრილს განხორციელდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრა. გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილი იყო ახსნა-განმარტება, რომლის თანახმადაც ნაღდი ფულის ნაშთი არ გააჩნდა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებამ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით და საბანკო ანგარიშიდან გატანილი თანხების ის ნაწილი, რომელთა ხარჯვაც არ დადასტურდა დოკუმენტურად, ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. ამასთან, მომჩივანს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
2. 2021 წლიდან კომპანია არ გასცემდა ხელფასებს და სამუშაოს შესრულების მიზნით ხელშეკრულებას აფორმებდა მცირე მეწარმედ რეგისტრირებულ პირებთან, რომელთა მიერ დეკლარირებული შემოსავალი არ აღემატებოდა გადასახადის გადამხდელის მიერ ჩარიცხულ თანხას. ასევე, ზოგიერთ მათგანს მცირე მეწარმედ რეგისტრაციამდე ერიცხებოდა ხელფასი კომპანიიდან. საგადასახადო ორგანომ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით და აღნიშნული განაცემები დაკვალიფიცირდა როგორც გაცემული ხელფასი და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. ამასთან, მომჩივანს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 168(1).
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის N257 ბრძანება.