გადაწყვეტილება №20420/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 20.11.2023
№ დოკუმენტი 20420/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20420/2/2023

20 ნოემბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ "-----")

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 27.10.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "-----" - ის 31.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20420/2/2023).

 

დავის საგანი:

1. ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელი (დოკუმენტურად დაუდასტურებელი) ხარჯის მოგების გადასახადით დაბეგვრა;

2. შემოწმებით დადგენილ გაცემულ და სააღრიცხვო დოკუმენტაციაში დაფიქსირებულ ხელფასებს შორის სხვაობის გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა;

3. შემოწმებისას დადგენილი ნაღდი ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 5.04.2023 წლის №127-10 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 11.07.2023 წლის №16728 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 1 886 823 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 1 083 936

დღგ - 458 540

მოგების გადასახადი - 240 761

საშემოსავლო გადასახადი - 384 285

ქონების გადასახადი - 350

ჯარიმა - 541 965

საურავი - 260 922

 

პროცედურული გარემოებები

საწარმოს საქმიანობაა გზების მშენებლობა/რეაბილიტაცია.

 

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.05.2021 წლიდან 18.06.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 27.03.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 5.04.2023 წლის №7399 ბრძანება და №127-10 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 11.07.2023 წლის №16728 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელი (დოკუმენტურად დაუდასტურებელი) ხარჯის მოგების გადასახადით დაბეგვრა

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში საბანკო ანგარიშიდან სხვადასხვა პირებზე გადარიცხული აქვს თანხები, თუმცა გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაციის არ არსებობის გამო ვერ დადგინდა გაწეული ხარჯის მიზნობრიობა და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი.

საგადასახადო კოდექსის 97-ე და 982 მუხლების საფუძველზე, გაანგარიშდა მოგების გადასახადით დასაბეგრი თანხა შესაბამისი პერიოდების მიხედვით. საწარმოს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლით, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 72-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიიჩნია, რომ შემოწმებით, განხორციელებული დარიცხვა შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანიის მიერ ეკონომიკურ საქმიანობაში გაწეული ხარჯების დოკუმენტურად დადასტურება ვერ ხერხდება, თუმცა რეალურად ხარჯი გაწეულია და სამუშაოები ჩატარებული, რაც დასტურდება ფორმა 2- ებით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია ამ კოდექსის შესაბამისად.

საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

დადგენილია, რომ მომჩივანს შესამოწმებელ პერიოდში საბანკო ანგარიშიდან სხვადასხვა პირებზე გადარიცხულ თანხებზე არ გააჩნია მისი მიზნობრიობის და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. შემოწმების შედეგად აღნიშნული ხარჯი ჩაითვალა დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად და დაიბეგრა მოგების გადასახადით.

მომჩივანი არ წარმოადგენს მტკიცებულებებს, რაც საწარმოს მიერ ეკონომიკურ საქმიანობაში დასახელებული ხარჯის გაწევას დაადასტურებდა და შესაბამისად, შემოწმებისას დადგენილი გარემოებების შეცვლის და ამ ნაწილში შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. შემოწმებით დადგენილ გაცემულ და სააღრიცხვო დოკუმენტაციაში დაფიქსირებულ ხელფასებს შორის სხვაობის გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა

ფაქტების აღწერა

საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების შესახებ დეკლარაციაში სრულად არ იყო ასახული შესამოწმებელ პერიოდში გაცემული ხელფასები. შესაბამისად, შემოწმების მიერ დადგენილ გაცემულ ხელფასებსა და გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციაში ასახულ ხელფასებს შორის სხვაობა საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით, მომჩივანს ასევე, დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურს ამ საკითხზე არ უმსჯელია, ვინაიდან მომჩივანს აღნიშნული საკითხი შემოსავლების სამსახურში საჩივრის წარდგენისას სადავოდ არ გაუხდია, თუმცა აუდიტის დეპარტამენტის 5.04.2023 წლის №127-10 საგადასახადო მოთხოვნას ასაჩივრებდა.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი ფიზიკურ პირებზე საქვეანგარიშოდ გაცემულ თანხებზე განმარტავს, რომ თანხის ნაწილით დაიფარა შპს N1-ის მიმართ მისი ვალდებულება, ხოლო ნაწილით მოხდა ანაზღაურება შეძენილ საქონელზე და მასალებზე.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ: პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

დადგენილია, რომ გადამხდელს გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების შესახებ დეკლარაციაში სრულად არ იყო ასახული შესამოწმებელ პერიოდში გაცემული ხელფასები. შესაბამისად, შემოწმების მიერ დადგენილ გაცემულ ხელფასებსა და გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციაში ასახულ ხელფასებს შორის სხვაობა საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად დაბეგრილ იქნა საშემოსავლო გადასახადით.

მომჩივანი ზოგადად საუბრობს და არ წარმოადგენს დასახელებული არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებულ მტკიცებულებებს, რაც შემოწმებისას დადგენილი გარემოებების შეცვლის და ამ ნაწილში შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოწმებით დადგენილ გაცემულ და სააღრიცხვო დოკუმენტაციაში დაფიქსირებულ ხელფასებს შორის სხვაობის გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა მართებულია და საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. შემოწმებისას დადგენილი ნაღდი ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 27.03.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს შემოწმების პროცესში არ წარუდგენია ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემები. მათ შორის, შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები, შესყიდვის აქტები, ინფორმაცია დებიტორულ-კრედიტორული დავალიანების შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაციის (მათ შორის საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლით მე-3 პირებისაგან გამოთხოვილი ინფორმაციების) შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე გაანგარიშდა კომპანიის ნაღდი ფულის მოძრაობა. დეკლარირებული შემოსავალი ჩაითვალა სრულად მიღებულად, ხოლო დოკუმენტური ხარჯი სრულად ანაზღაურებულად. შედეგად დადგინდა დეკლარირებულისაგან განსხვავებული (მეტი) შემოსავლები.

შემოწმებით დადგენილი ნაღდი ფულის ნაშთი პერიოდის ბოლოს განხილულ იქნა პასუხისმგებელ პირზე, დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით, მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურს ამ საკითხზე არ უმსჯელია, ვინაიდან მომჩივანს აღნიშნული საკითხი შემოსავლების სამსახურში საჩივრის წარდგენისას სადავოდ არ გაუხდია, თუმცა აუდიტის დეპარტამენტის 5.04.2023 წლის №127-10 საგადასახადო მოთხოვნას ასაჩივრებდა.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივნის განცხადებით, თანხის ნაწილით დაიფარა შპს N1-ისმიმართ მისი ვალდებულება, ხოლო ნაწილით მოხდა ანაზღაურება შეძენილ საქონელზე და მასალებზე. ითხოვს ყოველივე ზემოთაღნიშნულის გათვალისწინებას და ობიექტური გადაწყვეტილების მიღებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ: პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

დადგენილია, რომ შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაციის (მათ შორის საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლით მე-3 პირებისაგან გამოთხოვილი ინფორმაციების) შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე გაანგარიშდა კომპანიის ნაღდი ფულის მოძრაობა. შემოწმებით, დეკლარირებული შემოსავალი ჩაითვალა სრულად მიღებულად, ხოლო დოკუმენტური ხარჯი სრულად ანაზღაურებულად. ამასთან, გადასახადის გადამხდელს შემოწმებით დადგინდა დეკლარირებულისაგან განსხვავებული (მეტი) შემოსავლები. შესაბამისად, შემოწმებით დადგენილი ნაღდი ფულის ნაშთი პერიოდის ბოლოს განხილულ იქნა პასუხისმგებელ პირზე, დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

მომჩივანი ზოგადად საუბრობს და არ წარმოადგენს დასახელებული არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებულ მტკიცებულებებს, რაც შემოწმებისას დადგენილი გარემოებების შეცვლის და ამ ნაწილში შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ სალაროს ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა მართებულია და საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.მომჩივანი აღნიშნავს რომ კომპანიის მიერ ეკონომიკურ საქმიანობაში გაწეული ხარჯების დოკუმენტურად დადასტურება ვერ ხერხდება, თუმცა რეალურად ხარჯი გაწეულია და სამუშაოები ჩატარებული.

2.მომჩივანი ფიზიკურ პირებზე საქვეანგარიშოდ გაცემულ თანხებზე განმარტავს, რომ თანხის ნაწილით დაიფარა სხვა საწარმოს მიმართ მისი ვალდებულება, ხოლო ნაწილით მოხდა ანაზღაურება შეძენილ საქონელზე და მასალებზე.

3.მომჩივნის განცხადებით, თანხის ნაწილით დაიფარა შპს-ს მიმართ მისი ვალდებულება, ხოლო ნაწილით მოხდა ანაზღაურება შეძენილ საქონელზე და მასალებზე. ითხოვს ყოველივე ზემოთაღნიშნულის გათვალისწინებას და ობიექტური გადაწყვეტილების მიღებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში საბანკო ანგარიშიდან სხვადასხვა პირებზე გადარიცხული აქვს თანხები, თუმცა გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაციის არ არსებობის გამო ვერ დადგინდა გაწეული ხარჯის მიზნობრიობა და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი. შესაბამისად,საწარმოს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.

2.საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების შესახებ დეკლარაციაში სრულად არ იყო ასახული შესამოწმებელ პერიოდში გაცემული ხელფასები. გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციაში ასახულ ხელფასებს შორის სხვაობა დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით, მომჩივანს ასევე, დაეკისრა ჯარიმა.

3.შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაციის შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე გაანგარიშდა კომპანიის ნაღდი ფულის მოძრაობა. დეკლარირებული შემოსავალი ჩაითვალა სრულად მიღებულად, ხოლო დოკუმენტური ხარჯი სრულად ანაზღაურებულად. შედეგად დადგინდა დეკლარირებულისაგან განსხვავებული (მეტი) შემოსავლები. შემოწმებით დადგენილი ნაღდი ფულის ნაშთი პერიოდის ბოლოს განხილულ იქნა პასუხისმგებელ პირზე, დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით, მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

1.საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

2.საბჭოს მიაჩნია, რომ შემოწმებით დადგენილ გაცემულ და სააღრიცხვო დოკუმენტაციაში დაფიქსირებულ ხელფასებს შორის სხვაობის გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა მართებულია და საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.

3.საბჭოს მიაჩნია, რომ სალაროს ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა მართებულია და საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

97,982,101,105,154.