გადაწყვეტილება №22280/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22280/2/2024
16 მაისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ --------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 14.03.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „--------“-ის 17.02.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22280/2/2024).
დავის საგანი:
უარი ახლად აღმოჩენილი (გამოვლენილი) გარემოებების გამო საგადასახადო დავის განახლებაზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 12.06.2023 წლის №086-37 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 12.02.2024 წლის №2641 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 598 872.37 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 369 090
დღგ - 144 927
საშემოსავლო გადასახადი - 224 163
ჯარიმა - 192 028
საურავი - 37 754.37
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სურსათით და შერეული საქონლით ვაჭრობა (ძირითადად საკონდიტრო ნაწარმით, ალკოჰოლური სასმელებით, სიგარეტებით და სხვა).
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა 3.06.2021 წლიდან 1.01.2023 წლამდე, ხოლო სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისათვის 23.03.2023 წლის ჩათვლით საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 7.06.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ:
გადასახადის გადამხდელი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შეძენას ახორციელებს ადგილობრივ ბაზარზე. გადამხდელს ბუღალტრული აღრიცხვის ჩანაწერები ნაწარმოები არ აქვს.შემოწმების პროცესში შესწავლილია საბანკო ამონაწერი და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები.
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 22.03.2023 წლის №5613 ბრძანების საფუძველზე გადამხდელის ობიექტზე ჩატარებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რომლის შედეგების თანახმად, აღრიცხული საქონლის ნაშთის საბაზრო ღირებულებამ 22.03.2023 წლის მდგომარეობით შეადგინა 196 552 ლარი. ვინაიდან გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებულ ეკონომიკურ ოპერაციებზე ნაწარმოები არ აქვს ბუღალტრული აღრიცხვის ჩანაწერები და საქონლის რეალიზაციას ახორციელებდა ძირითადად დოკუმენტის გარეშე, ხოლო დღგ-ის დეკლარაციებში არასრულად არის აღრიცხული გადამხდელის მიერ მიღებული შემოსავლები (კერძოდ, სმფ-ის ინვენტარიზაციამდე საანგარიშო პერიოდებში გადამხდელს დეკლარირებული აქვს 1 717 296 ლარის 18%-ით დასაბეგრი ბრუნვა, როცა მის მიერ შეძენილია დაახლოებით 2 213 140 ლარის სმფ, ხოლო ინვენტარიზაციით ნაშთად აღრიცხულია სულ 166 569 ლარის თვითღირებულების სმფ) შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, დადგენილია შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული საქონლის თვითღირებულება საქონლის ჯგუფების მიხედვით, რომელთაც განესაზღვრა ინვენტარიზაციის ფასნამატი და გაანგარიშებულია დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლიდან მიღებული შემოსავალი. აღნიშნული შემოსავალი საანგარიშო პერიოდების მიხედვით დოკუმენტურ რეალიზაციასთან ერთად ჩართულია შესაბამისი პერიოდების დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
ასევე, გაანგარიშებულია კომპანიის მიერ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული ფულადი სახსრების ოდენობა, რა დროსაც გათვალისწინებულ იქნა შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაცია გაწეული ხარჯების შესახებ, ასევე, განსაზღვრულია შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სალაროში არსებული ნაღდი ფულის გონივრული ნაშთი. აღნიშნული ანალიზის შედეგად გამოვლენილი სხვაობა, საგადასახადო კოდექსის 73-ე და 101-ე მუხლების თანახმად, ჩათვლილია შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს მოქმედ დირექტორზე მიღებულ ხელფასად. გადამხდელს ამ ნაწილში დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 12.06.2023 წლის №13045 ბრძანება და ამავე თარიღის №086-37 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 2023 წლის 2 და 20 ივლისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 26.07.2023 წლის №18075 ბრძანებით საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დარჩა განუხილველი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 5.10.2023 წლის №20546/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 26.07.2023 წლის №18075 ბრძანება და საჩივარი არსებითად განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
შემოსავლების სამსახურის 26.12.2023 წლის №32962 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც 2024 წლის 8 და 17 იანვარს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
23.01.2024 წელს გადამხდელმა კვლავ მიმართა შემოსავლების სამსახურს აუდიტის დეპარტამენტის 12.07.2023 წლის №086-37 საგადასახადო მოთხოვნაზე და ახლად აღმოჩენილ/ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო დავის განახლებაზე.
შემოსავლების სამსახურის 12.02.2024 წლის №2641 ბრძანებით საჩივარი ახლად აღმოჩენილი/ახლად გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით დავის განახლების ნაწილში არ დაკმაყოფილდა, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის 12.06.2023 წლის №086-37 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დარჩა განუხილველი.
შემოსავლების სამსახურის 12.02.2024 წლის №2641 ბრძანება ახლად აღმოჩენილი/ახლად გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით დავის განახლების ნაწილში გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანი ვალდებულია, დაამტკიცოს, რომ კონკრეტული გარემოება, რომელსაც იგი ემყარება დავის განახლების მოთხოვნისას, ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებაა და აღნიშნული გარემოების შესახებ არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე.
აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ წარდგენილ საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებას, რომელიც შეიძლება გახდეს დავის განახლების საფუძველი. ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საჩივარი ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით დავის განახლების მოთხოვნის ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
ახლად აღმოჩენილი გარემოების საფუძველზე ითხოვს გასაჩივრების უფლებას შემდეგ გარემოებათა გამო:
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ბრუნვა დაფიქსირებულია - შეძენა 2213,140 ლარი, რეალიზაცია 1717,296 ლარი, ადგილზე შემოწმებული ნაშთი 166,563 ლარი ანუ დანაკლისი დარჩა 329,275 ლარი, როგორ მოხდა გაანგარიშება დღგ-ის 144 927 ლარის, საშემოსავლო გადასახადის 144,927 ლარის და ჯარიმის 224,163 ლარის გაუგებარია, რადგან ორჯერ აღემატება დანაკლის საქონელს დაჯარიმებული თანხა. გათვალისწინებული არ არის, რომ კომპანია მალფუჭებად პროდუქციაზე მუშაობდა და თან გარშემო ბევრი მაღაზიაა.
დარიცხვებს არ ეთანხმება და სადავოდ ტოვებს, რადგან უნდა მოხდეს რეალური ფასნამატის მაქსიმუმ 8%-ის არაპირდაპირი მეთოდით გამოყენება. საგადასახადო ორგანომ რა ფასნამატი გამოიყენა არ არის ცნობილი, დაკისრებული ჯარიმების მიხედვით კი, რაც დანაკლისი იყო ორჯერ მეტი ჯარიმა დაეკისრა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განახლება დასაშვებია მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებიდან 6 წლის ვადაში.
3. მომჩივანი ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებით მიმართავს დავის განმხილველ ბოლო ორგანოს, რომელმაც არსებითად იმსჯელა მომჩივნის მიერ მითითებულ დავის საგანზე.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ახლად აღმოჩენილად ან ახლად გამოვლენილად ჩაითვლება ისეთი გარემოებები ან მტკიცებულებები, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.
მომჩივანი განმარტავს, რომ არ ეთანხმება შემოწმების შედეგად გავრცელებულ ფასნამატს ვინაიდან, პროდუქცია მალფუჭებადია და მაღაზია მდებარეობს მაღალ კონკურენტულ გარემოში.
საბჭო განმარტავს, რომ საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებას, რომელიც შეიძლება გახდეს დავის განახლების საფუძველი საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას, რომ არ არსებობს ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით დავის განახლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
უარი ახლად აღმოჩენილი (გამოვლენილი) გარემოებების გამო საგადასახადო დავის განახლებაზე.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა 3.06.2021 წლიდან 1.01.2023 წლამდე, ხოლო სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისათვის 23.03.2023 წლის ჩათვლით საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 7.06.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ,გადამხდელს ბუღალტრული აღრიცხვის ჩანაწერები ნაწარმოები არ აქვს.შემოწმების პროცესში შესწავლილია საბანკო ამონაწერი და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №13045 ბრძანება და №086-37 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის №18075 ბრძანებით საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დარჩა განუხილველი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს №20546/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის №18075 ბრძანება და საჩივარი არსებითად განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
შემოსავლების სამსახურის №32962 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. გადამხდელმა კვლავ მიმართა შემოსავლების სამსახურს აუდიტის დეპარტამენტის №086-37 საგადასახადო მოთხოვნაზე და ახლად აღმოჩენილ/ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო დავის განახლებაზე.
შემოსავლების სამსახურის №2641 ბრძანებით საჩივარი ახლად აღმოჩენილი/ახლად გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით დავის განახლების ნაწილში არ დაკმაყოფილდა, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის №086-37 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დარჩა განუხილველი.
შემოსავლების სამსახურის №2641 ბრძანება ახლად აღმოჩენილი/ახლად გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით დავის განახლების ნაწილში გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას, რომ არ არსებობს ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით დავის განახლების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 299(7); 308(1.3);