N 134 - 31/03/2026 - „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ბრძანებაში ცვლილება 31.03.2026
№ დოკუმენტი 134
სტატუსი მოქმედი
მიმღები სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილი პირი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №134

2026 წლის 31 მარტი

ქ. თბილისი

„ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №32 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/01/2014, 300160070.10.003.017613) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის“ მე-13 მუხლის:

1. მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. ამ მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული მატერიალური სახის დოკუმენტები უნდა ინახებოდეს ავტოსატრანსპორტო საშუალებაში და მოთხოვნისთანავე წარედგინოს შესაბამისი მაკონტროლებელი ორგანოს წარმომადგენელს, გარდა ამავე მუხლის 23-ე პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“.

2. 22-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 23-ე პუნქტი:

„23. ამ მუხლით გათვალისწინებული სპეციალური ნებართვის/ სანებართვო დოკუმენტის/ავტორიზაციის ბლანკის მატერიალურად წარდგენის ვალდებულება არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, როდესაც შესაბამისი სპეციალური ნებართვა/სანებართვო დოკუმენტი/ავტორიზაციის ბლანკი გაცემულია ელექტრონული ფორმით, ატვირთულია ერთიან ელექტრონულ სისტემაში და საბაჟო ორგანოსთვის მიწოდებულია ასეთი სპეციალური ნებართვის/სანებართვო დოკუმენტის/ავტორიზაციის ბლანკის ელექტრონულად მოძიებისათვის საჭირო ინფორმაცია.“.

 

მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე

 

წყარო: საქართველოს საკანონმდელო მაცნე