გადაწყვეტილება №21047/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 20.12.2023
№ დოკუმენტი 21047/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული მომსახურების დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№21047/2/2023

20 დეკემბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: --------- (ს/ნ -------- )

მოპასუხე: მომსახურების დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 9.11.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება --------ას 11.10.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21047/2/2023). დავის საგანი: დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. მომსახურების დეპარტამენტის 27.09.2023 წლის №011-278 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 5.10.2023 წლის №24571 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: ჯარიმა - 29 556,29 ლარი.

 

ფაქტების აღწერა

მომსახურების დეპარტამენტის 27.09.2023 წლის №011-278 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმიდან ირკვევა, რომ მომჩივანი 13.09.2023 წელს დაგვიანებით დარეგისტრირდა დღგ-ის გადამხდელად და 1.01.2021-13.09.2023 წწ. პერიოდში განახორციელა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა, რაზეც შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქცია, რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით (29 556,29 ლარი).

საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 5.10.2023 წლის №24571 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე 282-ე მუხლის პირველ ნაწილზე და შემოსავლების სამსახურის უფროსის 11.04.2022 წლის №9021 ბრძანებაზე „საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენების შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“, რომლითაც განსაზღვრულია საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად შეფარდებული ჯარიმისგან ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე პირის გათავისუფლების ღონისძიებები.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში უნდა დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს,ს გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული ჯარიმის კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი მიუთითებს, რომ რეგისტრირებულია როგორც ფიზიკური პირი, რომელიც თბილისში ფლობს რამდენიმე კომერციულ ფართს. ამ ეტაპზე გაქირავებული აქვს 4 უძრავი ქონება, საიდანაც ნაწილი გაქირავებულია სს --------ზე (ს/ნ -------) და შპს -------ზე (ს/ნ -------), რომლის შესაბამისადაც ყოველთვიურად აღნიშნული კომპანიები უხდიან საიჯარო ქირას პირად ანგარიშზე. შპს -------ის მიერ ჩარიცხული თანხის ნაწილი წარმოადგენს ძმების თანასაკუთრებაში არსებული კომერციული ფართების გაქირავებიდან მიღებულ შემოსავალს, რომელსაც შესაბამისი მინდობილობის საფუძველზე იღებს მათთვის გადასაცემად. კომერციული ფართი მდებარეობს ქ. თბილისში, --------- №------- (საკადასტრო კოდები: -----------).

არ არის საქართველოში მუდმივად მცხოვრები და აქამდეც მოცემულ ქონებას ოჯახის ახლობელი აქირავებდა, მიცემული მინდობილობის საფუძველზე. ასევე, აღნიშნული ქონების გაქირავების საგადასახადო ანგარიშსწორებასაც ოჯახის ახლობელის მიერ დაქირავებული ბუღალტერი ახდენდა. სწორედ ამ ბუღალტრის შეცდომის შედეგად მოხდა ის, რომ არც დროულად აცნობა და არც მის შემდგომ იმ საგადასახადო ვალდებულების შესახებ, რომელიც ეხება ერთი კალენდარული წლის განმავლობაში 100 000 ლარის ბრუნვის ქონის შემთხვევაში დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციას.

ვინაიდან არ ცხოვრობს საქართველოში, დაბრუნების შემდგომ აღმოაჩინა, რომ საგადასახადო კოდექსში არსებობდა მოცემული რეგულაცია და იგი ვრცელდებოდა როგორც იურიდიულ, ისე ფიზიკურ პირებზე, რის შემდგომაც დაიქირავა კვალიფიციური ბუღალტერი. მასთან კონსულტაციის შემდგომ ნებაყოფლობით 2023 წლის სექტემბერში დარეგისტრირდა დღგ-ის გადამხდელად და მიმართა შემოსავლების სამსახურს კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით. შემდგომ დაადეკლარირა გასული 2021-2023 წლების პერიოდის შემოსავლები, გადაიხადა 100 101 ლარზე დარიცხული გადასახადი 23 512 ლარი და მასზედ დარიცხული საურავი, ხოლო კვალიფიციური სტატუსის მინიჭების შემდგომ გამოუწერა კონტრაჰენტებს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები.

გადასახადის გადამხდელის ბართიდანაც ჩანს, რომ პირნათლად აქვს შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები და არც არასოდეს ყოფილა მისი მიზანი თავი აერიდებინა გადასახადის გადახდისთვის ან რაიმე ფორმით შეემცირებინა ის.

სწორედ ამის გამო, უნდა გაუქმდეს დაკისრებული ჯარიმა 29 555,99 ლარის ოდენობით. ვინაიდან არის სრული საფუძველი საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენებისთვის და შემოსავლების სამსახურის უფროსის 11.04.2022 წლის №9021 ბრძანების დანართი №2-ის საფუძველზე უნდა მოხდეს დაკისრებული ჯარიმის ჩამოწერა, რადგანაც სრულად მოხდა დავალიანების აღიარება, ამ ეტაპზე სრულად აქვს გამოწერილი კონტრაჰენტებისთის ანგარიშ-ფაქტურები და გადახდილი აქვს დარიცხული დღგ და საურავი.

ყოველი ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლით სრულად უნდა გაუქმდეს 27.09.2023 წლის №011-278 ოქმი, რათა კვლავაც პირნათლად შეძლოს მის მიერ ნაკისრი საგადასახადო ვალდებულებების შესრულება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის.

საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა – იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.

მომჩივანი საჩივარში განმარტავს, რომ დაიქირავა კვალიფიციური ბუღალტერი და მასთან კონსულტაციის შემდგომ ნებაყოფლობით 2023 წლის სექტემბერში დარეგისტრირდა დღგ-ის გადამხდელად და მიმართა შემოსავლების სამსახურს კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით. შემდგომ დაადეკლარირა გასული 2021-2023 წლების პერიოდის შემოსავლები, გადაიხადა 100 101 ლარზე დარიცხული გადასახადი 23 512 ლარი და მასზე დარიცხული საურავი, ხოლო კვალიფიციური სტატუსის მინიჭების შემდგომ გამოუწერა კონტრაჰენტებს საგადასახადო ანგარიშფაქტურები. გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბართით ჩანს, რომ მიზანი არ ყოფილა განზრახ აერიდებინა თავი გადასახადის გადახდისგან, რასაც პირნათლად გადახდილი საგადასახადო ვალდებულებები მოწმობს და არც არასოდეს ყოფილა მისი მიზანი თავი აერიდებინა გადასახადის გადახდისგან ან რაიმე ფორმით შემემცირებინა ის.

მომჩივნის არგუმენტთან დაკავშირებით, საბჭო აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის 5.10.2023 წლის №24571 ბრძანებით მომსახურების დეპარტამენტს დაევალა, შემოსავლების სამსახურის უფროსის 11.04.2022 წლის №9021 ბრძანების გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული ჯარიმის კორექტირება (შემცირება).

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას და მიაჩნია, რომ არ არსებობს სადავო საკითხზე განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. მომსახურების დეპარტამენტის 27.09.2023 წლის №011-278 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 5.10.2023 წლის №24571 ბრძანება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომსახურების დეპარტამენტის 27.09.2023 წლის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმიდან ირკვევა, რომ მომჩივანი 13.09.2023 წელს დაგვიანებით დარეგისტრირდა დღგ-ის გადამხდელად და 1.01.2021-13.09.2023 წწ. პერიოდში განახორციელა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა, რაზეც შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქცია, რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით (29 556,29 ლარი).

საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 5.10.2023 წლის №24571 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის 5.10.2023 წლის №24571 ბრძანებით მომსახურების დეპარტამენტს დაევალა, შემოსავლების სამსახურის უფროსის 11.04.2022 წლის №9021 ბრძანების გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული ჯარიმის კორექტირება (შემცირება).

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას და მიაჩნია, რომ არ არსებობს სადავო საკითხზე განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 282(1);

შემოსავლების სამსახურის უფროსის 11.04.2022 წლის №9021 ბრძანება