პარტნიორ ფიზიკურ პირზე დივიდენდის განაწილება და მოგების გადასახადის თანხის ჩათვლა N 2630
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
პარტნიორ ფიზიკურ პირზე დივიდენდის განაწილება და მოგების გადასახადის თანხის ჩათვლა N 2630
ფაქტობრივი გარემოებები
· შპს „X“ დაფუძნებულია 2017 წლის 1 იანვრამდე ორი ფიზიკური პირის მიერ. დაფუძნებიდან 2017 წლამდე საანგარიშო პერიოდში შპს „X“-მა მიიღო 400 000 ლარის წმინდა მოგება, რომელიც არ გაუნაწილებია. საგადასახადო მიზნებისთვის დეკლარირებულმა დასაბეგრმა მოგებამ შეადგინა 300 000 ლარი, ხოლო დარიცხულმა და გადახდილმა მოგების გადასახადმა - 45 000 ლარი. 2017 წლის განმავლობაში შპს X-მა დამატებით მიიღო წმინდა მოგება 100 000 ლარის ოდენობით. 2018 წლის აპრილში გადაწყდა 350 000 ლარის გაუნაწილებელი მოგების განაწილება.
· შპს „X"-ს საგადასახადო ანგარიშგება მოგების გადასახადში 2018 წლის აპრილის თვის საანგარიშო პერიოდზე არ მოუხდენია.
შეფასება
· სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება. სსკ-ის 981 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.
· სსკ-ის 309-ე მუხლის 92-ე ნაწილის შესაბამისად, თუ რეზიდენტი საწარმო დივიდენდს გაანაწილებს 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან, მას უფლება აქვს, ჩაითვალოს ამ პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხა, მაგრამ არაუმეტეს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტის მიხედვით გადასახდელი თანხისა. ჩასათვლელი თანხა გამოიანგარიშება ფორმულით − A×B / (C-D), სადაც: A არის დივიდენდის სახით გასანაწილებელი თანხის ოდენობა; B არის 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხა; C არის 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგების ოდენობა; D არის 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგების ხარჯზე დივიდენდის სანაცვლოდ საწარმოს მიერ პარტნიორისთვის გადაცემული ამ საწარმოს აქციების/წილის ღირებულება.
· 2018 წლის აპრილის თვის საანგარიშო პერიოდში შპს „X“ ვალდებული იყო, მოგების გადასახადით დასაბეგრ ბაზაში აესახა 350 000 ლარი და დაერიცხა მოგების გადასახადი 61 764 ლარი (350 000/0,85*15%). ამასთან, საწარმოს სსკ-ის 309-ე მუხლის 92-ე ნაწილის გათვალისწინებით, უფლება აქვს ჩაითვალოს 2017 წლამდე დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადი, ვინაიდან მოგების განაწილება ხდება 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან (350 000 ლარის ოდენობის გასანაწილებელი მოგებიდან ითვლება, რომ 350 000 ლარი არის წინა წლებში მიღებული მოგება). ამდენად, ჩასათვლელი თანხაა 39 375 ლარი (A - 350 000 ლარი, B – 45 000 ლარი, C – 400 000 ლარი, D – 0 ლარი). შპს „X“-ის მიერ გადასახდელი მოგების გადასახადი შეადგენს 22 389 ლარს.
ღონისძიებები
· პირს დაერიცხება კუთვნილი მოგების გადასახადი და დეკლარაციაში თანხის შემცირებისათვის, დაეკისრება ჯარიმა სსკ-ის 275-ე მუხლის შესაბამისად.
სიტუაციური სახელმძღვანელო ეხება შემთხვევას, როდესაც შპს „X“ მოგების გადასახადით იბეგრება სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით