სავალუტო ოპერაციები, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული პირისათვის ავანსად გადახდილი თანხა N 2627
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
სავალუტო ოპერაციები, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული პირისათვის ავანსად გადახდილი თანხა N 2627
ფაქტობრივი გარემოებები
· 2017 წლის იანვრის თვეში შპს „X“-მა გააფორმა ხელშეკრულება შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებულ კომპანიასთან 100 000 აშშ დოლარის ღირებულების საქონლის შეძენასთან დაკავშირებით. ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე, შპს „X“-მა კომპანიას 2017 წლის თებერვლის თვეში გადაუხადა აღნიშნული თანხა 100 000 დოლარი ავანსის სახით, როდესაც გაცვლითი კურსი იყო 2,0. საქონლის ნაწილის - 70 000 აშშ დოლარის ღირებულების საქონლის მოწოდება განხორციელდა 2017 წლის 15 აპრილს, როდესაც ვალუტის კურსი ლართან მიმართებაში იყო 2,3. საწარმოს 30 000 აშშ დოლარის მოთხოვნა კომპანიასთან კვლავ ერიცხება. საწარმოს აღნიშნულ ოპერაციებზე საგადასახადო ანგარიშგება მოგების გადასახადში არ მოუხდენია.
შეფასება
· სსკ-ის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „მოგების გადასახადით იბეგრება შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული პირისათვის, აგრეთვე ამ კოდექსის შესაბამისად მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებული პირისათვის (გარდა საბიუჯეტო ორგანიზაციისა) ავანსის გადახდა“. ასევე, სსკ-ის 73-ე მუხლის მე-10 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „უცხოური ვალუტით განხორციელებული ოპერაცია, რომელიც ექვემდებარება დაბეგვრას უცხოური ვალუტა გადაიანგარიშება ლარებში ოპერაციის დღისათვის არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით“. ამავე კოდექსის 982 მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, „თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა“.
· მოცემულ შემთხვევაში, საწარმო 2017 წლის თებერვლის თვის საანგარიშო პერიოდზე ვალდებული იყო, კომპანიისთვის ავანსად გადახდილი თანხა 200 000 ლარი (100 000 აშშ დოლარი*2,0) დაებეგრა მოგების გადასახადით და ბიუჯეტში გადაეხადა 35 294 ლარი (200 000/0,85*15%=35 294). 2. აპრილის თვის საანგარიშო პერიოდზე, მაშინ როდესაც საწარმომ მიიღო საქონლის ნაწილი, უფლება აქვს, ჩაითვალოს მიღებული საქონლის ღირებულების პროპორციულად გამოანგარიშებული დარიცხული მოგების გადასახადი. ამასთან, ჩასათვლელი თანხის ოდენობა გამოანგარიშებული უნდა იქნას იმ კურსით, როდესაც მოხდა დასაბეგრი ოპერაცია, ავანსის გადახდა. საწარმოს აპრილის თვეში შეუძლია, ჩაითვალოს 24 705 ლარი მოგების გადასახადი (70 000*2,0/0,85*15%=24 705).
ღონისძიებები
· საწარმოს დაერიცხება კუთვნილი მოგების გადასახადი და დაჯარიმდება სსკ-ის 275-ე მუხლის შესაბამისად, მოგების გადასახადის დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისათვის.
სიტუაციური სახელმძღვანელო ეხება შემთხვევას, როდესაც შპს „X“ მოგების გადასახადით იბეგრება სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით