გადაწყვეტილება №18478/2/2022
📄 სრული ტექსტი
№18478/2/2022
9.02.2023
გადაწყვეტილება
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“ )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 9.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „--------“-ის 20.12.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18478/2/2022).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 10.05.2022 წლის №11733 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 26.10.2022 წლის №094-93 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 14.12.2022 წლის №31490 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 5 131,47 ლარი.
მათ შორის:
ბუნებ. რესურ. სარგ. მოსაკრებელი - 2 564,98
ჯარიმა - 1 840,5
საურავი - 725,99
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგენილია 20.12.2021 წლის შემოწმების აქტი. შემოწმებულია 1.01.2018 წლიდან 1.10.2021 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 24.12.2021 წლის №094-167 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 10.05.2022 წლის №11733 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, განსაზღვრულ ვადაში გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებებისა და შემოსავლების სამსახურის უფროსის 12.08.2010 წლის №1475 ბრძანებით დამტკიცებული №2546 სიტუაციური სახელმძღვანელოს გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 10.05.2022 წლის №11733 ბრძანების აღსრულების შედეგებზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 4.10.2022 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 26.10.2022 წლის №094-93 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 14.12.2022 წლის №31490 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. შემოწმების მიერ გადაწყვეტილების შესაბამისად შესწავლილ იქნა წარმოდგენილი მონაცემები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით განხორციელდა დარიცხული თანხების კორექტირება. ამასთან, გადამხდელს საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც 13.01.2022 წლის საჩივრით სადავოდ არ გაუხდია და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მოთხოვნილი იყო საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათების გავრცელება და როგორც კეთილსინდისიერი გადამხდელები დაკისრებული სანქციისაგან (ჯარიმა-საურავი) გათავისუფლება, თუმცა შემოსავლების სამსახურს აღნიშნულზე საერთოდ არ უმსჯელია გასაჩივრებულ ბრძანებაში, ამდენად მოცემული გარემოება გამოცემული ბრძანების ბათილობის საფუძველს წარმოადგენს. საბჭომ უნდა გაითვალისწინოს კომპანიის კეთილსინდისიერება, აგრეთვე ის გარემოება, რომ არანაირი განზრახვა კომპანიის მხრიდან არ ყოფილა მოსაკრებლის შემცირების და დეკლარირებისას გარკვეული უსწორობა გამოწვეული იყო მხოლოდ საკითხის მარეგულირებელი ნორმების გარკვეული სირთულითა და ბუნდოვანებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ბათილად უნდა იქნას ცნობილი შემოსავლების სამსახურის 14.12.2022 წლის №31490 ბრძანება და კომპანია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად გათავისუფლდეს დაკისრებული სანქციისგან (ჯარიმა-საურავი).
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის 10.05.2022 წლის №11733 ბრძანებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, განსაზღვრულ ვადაში გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებებისა და შემოსავლების სამსახურის უფროსის 12.08.2010 წლის №1475 ბრძანებით დამტკიცებული №2546 სიტუაციური სახელმძღვანელოს გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტის 4.10.2022 წლის დასკვნიდან ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება ბუნებრივი რესურსების, კერძოდ ქვიშა-ხრეშის მოპოვების შემდეგი ლიცენზიები: 1) №1003461 – 17.03.2016 წლიდან, რომლის მიხედვით გადამხდელს უფლება ჰქონდა"------" მუნიციპალიტეტში, სოფ. "-------" მიმდებარე ტერიტორიაზე მოეპოვებინა 118 500 კუბური მეტრი ქვიშა-ხრეში; 2) №1001850 – 1.10.2014 წლიდან, რომლის მიხედვით გადამხდელს უფლება ჰქონდა "------" მუნიციპალიტეტში, სოფ. "--------" მიმდებარე ტერიტორიაზე მოეპოვებინა 122 400 კუბური მეტრი ქვიშა-ხრეში. ზემოთაღნიშნული ლიცენზიების გაუქმდა განხორციელდა 3.06.2019 წელს. გადაანგარიშების ეტაპზე გადამხდელმა დამატებით წარმოადგინა წინა წლებში წარდგენილი ბუნებრივი რესურსების მოსაკრებლის გაანგარიშებები და ასევე მონაცემები ბუნებრივი და ტექნოგენური საბადოებით (მყარი სასარგებლო წიაღისეული) სარგებლობის და საქმიანობის შედეგების შესახებ (ფორმა №1-01).
წარმოდგენილი მტკიცებულების ანალიზით დადგინდა, რომ გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდამდე (2018 წლამდე) ჯამურად მოსაპოვებელი 240 900 მეტრ კუბი ქვიშა-ხრეშიდან უკვე მოპოვებული ჰქონდა 234 233 მეტრ კუბი ქვიშა-ხრეში, შესაბამისად 2018 წლის მაისის საანგარიშო პერიოდისთვის გადამხდელს ჰქონდა ვალდებულება დაედეკლარირებინა დარჩენილი 6 377 მეტრ კუბი ქვიშა-ხრეშის მოსაკრებელი და გადაეხადა. გარდა ზემოაღნიშნული საკითხისა გადამხდელს 20.07.2018 წელს აღებული აქვს №10000085 ლიცენზია, რომლის მიხედვით უფლება ჰქონდა "-------" -ის მუნიციპალიტეტში სოფ. "------" მიმდებარე ტერიტორიაზე მოეპოვებინა 51 795 კუბური მეტრი ქვიშა-ხრეში. 2018 წლის ოქტომბრიდან 2019 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდამდე გადამხდელს არ აქვს წარდგენილი ბუნებრივი რესურსების მოსაკრებლის გაანგარიშება, თუმცა 2019 წლის აგვისტოს თვის საანგარიშო პერიოდში დაბეგვრას ექვემდებარებოდა ლიცენზიის გეგმის მიხედვით გათვალისწინებული რაოდენობა (6 474 მეტრ კუბი). ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით დაკორექტირდა (შემცირდა) აქტით დარიცხული მოსაკრებლის თანხა და ჯარიმა.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანი არ წარმოადგენს არგუმენტებს შემოსავლების სამსახურის 10.05.2022 წლის №11733 ბრძანების არამართლზომიერად აღსრულების თაობაზე, ითხოვს შემოსავლების სამსახურის 14.12.2022 წლის №31490 ბრძანების ბათილად ცნობას და კომპანიის დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
საბჭო მიუთითებს, რომ ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 10.05.2022 წლის №11733 ბრძანების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 4.10.2022 წლის დასკვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 10.05.2022 წლის №11733 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს გასაჩივრებული აქტების გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.