ბრძანება N 20837
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 20837
24 სექტემბერი 2025
ბრძანება
შპს „-------“ (ს/ნ „-------“)
(ფაქტ. მის.: „-------“)
2025 წლის 9 აგვისტოს საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 10 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №74) განიხილა შპს „--------“ (ს/ნ „--------“) 2025 წლის 9 აგვისტოს №97450/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 9 ივლისის №005-132 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება 2017 წლამდე მიღებული მოგების შემოწმების მიერ უსაფუძვლოდ მიჩნევას. განმარტავს, რომ კომპანიას 2017 წლამდე დაგროვილი მოგება სრულად არ აქვს დივიდენდის სახით გატანილი, კერძოდ, ჯამში 71 000 ლარი არის 2017 წლამდე მოგებიდან გატანილი, საიდანაც გასანაწილებელი აქვს 54 456 ლარი. აცხადებს, რომ 2023 წლის სექტემბრიდან გაცემული ყველა დივიდენდი გატანის დროს დაბეგრილი აქვს მოგების გადასახადით. ითხოვს 2023 წლის სექტემბრიდან გაცემული მოგების 2017 წლამდე გაუნაწილებელი მოგებიდან გაცემას.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას, კერძოდ, იმპორტირებული საქონლის საინვოისო ღირებულების 25%-ის ხელფასად განხილვას. აცხადებს, რომ შემოწმების პროცესში შემმოწმებელს მიაწოდა ყველა ხელთ არსებული დოკუმენტი, მათ შორის, ზოგიერთი არაორიგინალი. განმარტავს, რომ ამჟამად შეუძლია ყველა ორიგინალი დოკუმენტაციის წარდგენა.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 18 თებერვლის №2857 და 10 აპრილის №6813 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „--------“ (ს/ნ „--------“) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2025 წლის 12 მარტის ჩათვლით. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 10 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 8 ივლისის №15440 ბრძანება და 9 ივლისის №005-132 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 75 464 ლარი, მათ შორის, გადასახადი 45 781 ლარი, ჯარიმა 23 463 ლარი, საურავი 6 220 ლარი.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
1. შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილი მოგების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციების მიხედვით განაწილებული მოგება შეადგენს ჯამში 96 947 ლარს, მოგების გადასახადი 17 108 ლარს, ხოლო მიღებული მოგების გადასახადის ჩათვლა 9 543 ლარს. მოგების გადასახადის ჩათვლის სისწორის დადგენის მიზნით, შემოწმების პროცესში ჩატარდა 2022 წლამდე საანგარიშო პერიოდების ანალიზი, რისთვისაც გამოყენებულ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები, გადამხდელის მიერ შემოწმების პროცესში წარდგენილი და ასევე, saras.gov.ge-ზე არსებული ინფორმაცია და დადგინდა, რომ 2022 წლის პირველი იანვრისთვის კომპანიის საბუღალტრო პროგრამაში არსებულ გაუნაწილებელ მოგების ნაშთში 2017 წლამდე მიღებული მოგების არსებობა არის უსაფუძვლო. შემოწმების მიერ მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზის ნაწილში, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის მიხედვით, სხვაობები არ გამოვლინდა, თუმცა, დადგინა, რომ გადამხდელს არ ეკუთვნის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 92-ე და 93-ე ნაწილებით გათვალისწინებული მოგების გადასახადის ჩათვლა. ამასთან, შემოწმებით, დივიდენდის ნაწილში გამოვლინდა პერიოდის ცვლილება, კერძოდ, გადამხდელს 5 000 ლარის დივიდენდი უნდა დაებეგრა 2024 წლის იანვარში, ნაცვლად 2024 წლის მაისისა. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოგების გადასახადის დასაბეგრი ბაზა გაიზარდა 9 542 ლარით. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
2. საწარმოს საქმიანობის სახეა საბითუმო და საცალო ვაჭრობა ავტომობილების ნაწილებით და აქსესუარებით. კომპანია საბანკო ანგარიშებს ფლობს სხვადასხვა ბანკებში.შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის სახელზე ფიქსირდება ორი საკონტროლო-სალარო აპარატი და სამი საბანკო ტერმინალი. სარეალიზაციო საქონლის შეძენა ხორციელდება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე უცხოეთიდან იმპორტით. გადამხდელის მიერ ჯამში შეძენილია 628 941 ლარის თვითღირებულების საქონელი, საიდანაც 98% არის იმპორტის წილი. გადამხდელს ჰყავს ერთი ძირითადი მომწოდებელი.გადასახადის გადამხდელი არარეზიდენტებთან ანგარიშსწორებას ახორციელებს ანგარიშვალდებული პირის მეშვეობით. შემოწმების პროცესში წარმოდგენილი შედარების აქტები და უცხოური ჩარიცხვის ქვითრები შემოწმების მიერ სარწმუნოდ და სანდოდ არ იქნა მიჩნეული. გადამხდელმა ასევე წარმოადგინა ანგარიშვალდებული პირის მიერ უცხოეთში სხვადასხვა ფიზიკურ პირებთან განხორციელებული გზავნილის დოკუმენტები როგორც დასკანერებული ვერსია, ისე მატერიალური ფორმით, რომელიც არ ასახავდა საინვოისო ღირებულებების სრული ოდენობის გადახდას და ამავე დროს გზავნილის მიმღები იყო სხვადასხვა პირი, ხოლო უცხოურ კომპანიასთან მათი კავშირის დამადასტურებელი დამატებითი მტკიცებულება შემოწმების ეტაპზე ვერ იქნა მოპოვებული. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ საფუძველზე, ინვოისის მიხედვით არსებული საქონლის ღირებულების 75% ჩაითვალა ანაზღაურებულად, ხოლო საინვოისო ღირებულების ექვივალენტის (572 841 ლარი) 25%, კერძოდ, 143 210 ლარი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, გადასახადის გადამხდელს,საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის საფუძველზე, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8-91 და 93 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 92-ე ნაწილის მიხედვით, თუ რეზიდენტი საწარმო (გარდა ამ მუხლის 142-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) დივიდენდს გაანაწილებს 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან, მას უფლება აქვს, ჩაითვალოს ამ პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხა, მაგრამ არაუმეტეს ამ კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტის მიხედვით გადასახდელი თანხისა.
ამავე მუხლის 93-ე ნაწილის თანახმად, ამ მუხლის 92-ე ნაწილით გათვალისწინებული ჩასათვლელი თანხა გამოიანგარიშება ფორმულით − A×B / (C-D), სადაც: A არის დივიდენდის სახით გასანაწილებელი თანხის ოდენობა; B არის 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხა; C არის 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგების ოდენობა; D არის 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგების ხარჯზე დივიდენდის სანაცვლოდ საწარმოს მიერ პარტნიორისთვის გადაცემული ამ საწარმოს აქციების/წილის ღირებულება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ მოგების გადასახადის ჩათვლის სისწორის დადგენის მიზნით, შემოწმების პროცესში ჩატარდა 2022 წლამდე საანგარიშო პერიოდების ანალიზი და დადგინდა, რომ 2022 წლის პირველი იანვრისთვის კომპანიის საბუღალტრო პროგრამაში არსებულ გაუნაწილებელ მოგების ნაშთში 2017 წლამდე მიღებული მოგების არსებობა არის უსაფუძვლო. შემოწმების მიერ მოგების გადასახადით დასაბეგრი ბრუნვის ნაწილში სხვაობები არ გამოვლინდა, თუმცა დადგინა, რომ გადამხდელს არ ეკუთვნის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 92-ე და 93-ე ნაწილებით გათვალისწინებული, მოგების გადასახადის ჩათვლა. შედეგად, გაიზარდა მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ საჩივარში მითითებულ არგუმენტაციაზე, რომლის თანახმად, გადამხდელმა შემოწმების პროცესში წარადგინა 2017 წლის მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზის გაანგარიშება, საიდანაც ირკვევა, რომ 2017 წლამდე დაგროვილი მოგება შეადგენს 128 508 ლარს, ხოლო 2017 წლიდან 2020 წლის ჩათვლით 324 467 ლარს. განმარტავს, რომ კომპანიას 2017 წლამდე დაგროვილი მოგება სრულად არ აქვს დივიდენდის სახით გატანილი, კერძოდ, ჯამში 71 000 ლარი არის 2017 წლამდე მოგებიდან გატანილი, საიდანაც გასანაწილებელი აქვს 54 456 ლარი. აცხადებს, რომ 2023 წლის სექტემბრიდან გაცემული ყველა დივიდენდი გატანის დროს დაბეგრილი აქვს მოგების გადასახადით. ითხოვს 2023 წლის სექტემბრიდან გაცემული მოგების 2017 წლამდე გაუნაწილებელი მოგებიდან გაცემას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაქირავებით მუშაობად ითვლება ფიზიკური პირის მიერ საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელად (დირექტორად) ყოფნა ან ხელმძღვანელის (დირექტორის) მოვალეობის შესრულება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ სარეალიზაციო საქონლის შეძენა ხორციელდება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე იმპორტით. გადამხდელს ჯამში შეძენილი აქვს 628 941 ლარის თვითღირებულების საქონელი, საიდანაც 98% არის იმპორტის წილი. გადასახადის გადამხდელი არარეზიდენტებთან ანგარიშსწორებას ახორციელებს ანგარიშვალდებული პირის მეშვეობით. შემოწმების პროცესში წარდგენილი შედარების აქტები და უცხოური ჩარიცხვის ქვითრები შემოწმების მიერ სარწმუნოდ და სანდოდ არ იქნა მიჩნეული. გადამხდელმა ასევე წარადგინა ანგარიშვალდებული პირის მიერ უცხოეთშ სხვადასხვა ფიზიკურ პირებთან განხორციელებული გზავნილის დოკუმენტები როგორც დასკანერებული ვერსია, ისე მატერიალური ფორმით, რომელიც არ ასახავდა საინვოისო ღირებულებების სრული ოდენობის გადახდას და ამავე დროს გზავნილის მიმღები იყო სხვადასხვა პირი, ხოლო უცხოურ კომპანიასთან მათი კავშირის დამადასტურებელი დამატებითი მტკიცებულება შემოწმების ეტაპზე ვერ იქნა მოპოვებული. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ საფუძველზე, ინვოისის მიხედვით არსებული საქონლის ღირებულების 75% ჩაითვალა ანაზღაურებულად, ხოლო საინვოისო ღირებულების ექვივალენტის 25% ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებულ არგუმენტაციაზე, რომლის თანახმად, გადამხდელმა შემოწმების პროცესში წარადგინა ყველა მის ხელთ არსებული დოკუმენტი, მათ შორის, ზოგიერთი არაორიგინალი (შედარების აქტები, გადახდის ქვითრები, ჩეკები), თუმცა აღნიშნული დოკუმენტაცია არასაკმარისად იქნა მიჩნეული. მიუთითებს, რომ ამჟამად შეუძლია ყველა ორიგინალი დოკუმენტაციის წარდგენა.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებზე, ფაქტობრივ გარემოებებსა და მხარეთა არგუმენტაციაზე დაყრდნობით, იმპორტირებული საქონლის ღირებულების გათვალისწინებით, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საქონლის საინვოისო ღირებულება სრულად გაითვალისწინოს ხარჯებში და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------“ (ს/ნ „--------“) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები; ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, იმპორტირებული საქონლის ღირებულების გათვალისწინებით, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრის მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საქონლის საინვოისო ღირებულება სრულად გაითვალისწინოს ხარჯებში და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადამხდელი არ ეთანხმება 2017 წლამდე მიღებული მოგების შემოწმების მიერ უსაფუძვლოდ მიჩნევას. ითხოვს 2023 წლის სექტემბრიდან გაცემული მოგების 2017 წლამდე გაუნაწილებელი მოგებიდან გაცემას.
2. გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას, კერძოდ, იმპორტირებული საქონლის საინვოისო ღირებულების 25%-ის ხელფასად განხილვას.
ფაქტობრივი გარემოებები
1. შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილი მოგების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციების მიხედვით განაწილებული მოგება შეადგენს ჯამში 96 947 ლარს, მოგების გადასახადი 17 108 ლარს, ხოლო მიღებული მოგების გადასახადის ჩათვლა 9 543 ლარს. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ 2022 წლის პირველი იანვრისთვის კომპანიის საბუღალტრო პროგრამაში არსებულ გაუნაწილებელ მოგების ნაშთში 2017 წლამდე მიღებული მოგების არსებობა არის უსაფუძვლო. შემოწმების მიერ მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზის ნაწილში,სსკ-ის 97-ე მუხლის მიხედვით, სხვაობები არ გამოვლინდა,თუმცა,დადგინა, რომ გადამხდელს არ ეკუთვნის მოგების გადასახადის ჩათვლა.მოგების გადასახადის დასაბეგრი ბაზა გაიზარდა.შედეგად, გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და ჯარიმა.
2. საწარმოს საქმიანობის სახეა საბითუმო და საცალო ვაჭრობა ავტომობილების ნაწილებით და აქსესუარებით.გადამხდელის მიერ ჯამში შეძენილია 628 941 ლარის თვითღირებულების საქონელი, საიდანაც 98% არის იმპორტის წილიინვოისის მიხედვით არსებული საქონლის ღირებულების 75% ჩაითვალა ანაზღაურებულად, ხოლო საინვოისო ღირებულების ექვივალენტის 25%, კერძოდ, 143 210 ლარი,სსკ-ის 73-ე მუხლის საფუძველზე, ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, გადამხდელს,სსკ-ის 101-ე მუხლის საფუძველზე, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
1.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
2.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საქონლის საინვოისო ღირებულება სრულად გაითვალისწინოს ხარჯებში და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
97,101,154,309(92).