ბრძანება N 18202

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 06.08.2024
№ დოკუმენტი 18202
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 18202

06 აგვისტო 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „--------ის“ (ს/ნ --------------)

(ფაქტ. -------------------------------;

იურ. მის.: -------------------------)

2024 წლის 23 ივლისის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის პირველ აგვისტოს გამართულ სხდომაზე (ოქმი №83) განიხილა შპს „--------ის“ (ს/ნ --------------) 2024 წლის 23 ივლისის №90901/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 9 ივლისის №021-54 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირების მიერ გაწეული მომსახურების დაკვალიფიცირებას დაქირავებული თანამშრომლის მიერ სამუშაოს შესრულებად და მათთვის გადახდილი თანხების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. აცხადებს, რომ აღნიშნული პირები წარმოადგენენ მეწარმე ფიზიკურ პირებს, შესაბამისად, ისინი არიან ვალდებულნი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 67-ე, 93-ე, და 153-ე მუხლების შესაბამისად მოახდინონ შესაბამის პერიოდებში მათზე ჩარიცხული მომსახურების თანხების დეკლარირება და შესაბამისი წესის/განაკვეთის მიხედვით ბიუჯეტში გადასახადის თანხის გადახდა.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 9 თებერვლის №2579 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „--------ის“ (ს/ნ --------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 28 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 8 ივლისის №16165 ბრძანება და 9 ივლისის №021-54 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 49 315 ლარი, მათ შორის, გადასახადი 27 699 ლარი, ჯარიმა 13 812 ლარი და საურავი 7 804 ლარი.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს სახელმწიფო ტენდერების ფარგლებში გზების მშენებლობა და ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები. აღნიშნულ პერიოდში გადამხდელის სააღრიცხვო პროგრამის ანალიზით დგინდება, რომ საწარმოს უფიქსირდება სამშენლო მომსახურების გაწევა ფიზიკური პირებისგან, რომლებიც რეგისტრირებულები არიან ინდ. მეწარმეებად და მიღებული აქვთ მცირე ბიზნესის სტატუსი. კომპანიის მიერ წარმოდგენილი ცხრილისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების შესწავლისა და ანალიზის შედეგად იმ ფიზიკურ პირებზე, რომელთაც არ გააჩნიათ მცირე ბიზნესის სტატუსი და საწარმოს გადახდილი აქვს თანხები, ჩაითვალა აღნიშნულ პირებზე გადახდილ ხელფასად. შედეგად, აღნიშნული თანხა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით და პირს დაეკისრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ:

ა) პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

დ) საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო/მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის;

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, შემოწმების შედეგად იმ ფიზიკურ პირებზე, რომელთაც არ გააჩნიათ მცირე ბიზნესის სტატუსი და საწარმოს გადახდილი აქვს თანხები, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად, დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ შემოწმების მიერ დადგენილი ფიზიკური პირები, რომლებსაც გაწეული მომსახურების სანაცვლოდ გადახდილი თანხა დაუკავდათ გადახდის წყაროსთან, წარმოადგენენ მეწარმე ფიზიკურ პირებს (გადამოწმებულ იქნა სამეწარმეო და საგადასახადო მონაცემთა ბაზებში) და ემსახურებიან სხვადასხვა ორგანიზაციებს. მომჩივანს საჩივარზე თანდართული აქვს გარკვეული დოკუმენტაცია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მ.შ საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია) და ინდივიდუალური მეწარმების მიერ გაწეული მომსახურების ნაწილში, საშემოსავლო გადასახადში, განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „--------ის“ (ს/ნ --------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მ.შ საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია) და ინდივიდუალური მეწარმების მიერ გაწეული მომსახურების ნაწილში, საშემოსავლო გადასახადში, განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას;

3.დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირების მიერ გაწეული მომსახურების დაკვალიფიცირებას დაქირავებული თანამშრომლის მიერ სამუშაოს შესრულებად და მათთვის გადახდილი თანხების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №2579 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №16165 ბრძანება და №021-54 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 49 315 ლარი.

სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს სახელმწიფო ტენდერების ფარგლებში გზების მშენებლობა და ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები. აღნიშნულ პერიოდში გადამხდელის სააღრიცხვო პროგრამის ანალიზით დგინდება, რომ საწარმოს უფიქსირდება სამშენლო მომსახურების გაწევა ფიზიკური პირებისგან, რომლებიც რეგისტრირებულები არიან ინდ. მეწარმეებად და მიღებული აქვთ მცირე ბიზნესის სტატუსი. კომპანიის მიერ წარმოდგენილი ცხრილისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების შესწავლისა და ანალიზის შედეგად იმ ფიზიკურ პირებზე, რომელთაც არ გააჩნიათ მცირე ბიზნესის სტატუსი და საწარმოს გადახდილი აქვს თანხები, ჩაითვალა აღნიშნულ პირებზე გადახდილ ხელფასად. შედეგად, აღნიშნული თანხა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით და პირს დაეკისრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მ.შ საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია) და ინდივიდუალური მეწარმების მიერ გაწეული მომსახურების ნაწილში, საშემოსავლო გადასახადში, განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9 „ბ“); 101(1); 154(1 „ა“ და ,,დ“);