ბრძანება N 15383-2
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 15383
16/05/2019
შპს -----
(მის: ქ. -------)
2019 წლის 01 თებერვლის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ 2019 წლის 11 აპრილს გამართულ სხდომაზე (ოქმი N22) განიხილა შპს -----ს საჩივარი, რომლითაც გადამხდელი ითხოვს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 31 დეკემბრის №094-322 „საგადასახადო მოთხოვნის“ გაუქმებას.
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში გამოყოფს შემდეგ სადავო საკითხებს:
სამედიცინო საქმიანობაში გამოყენებული დაუმთავრებელი მშენებლობის ქონების გადასახადით დაბეგვრა.
ექსპლოატაციაში შეუსვლელი ძირითადი საშუალებების ქონების გადასახადით დაბეგვრა.
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 11 აპრილის N8234 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს ----- ს საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე დაყრდნობით 2018 წლის 27 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რის საფუძველზეც გამოიცა 2018 წლის 31 დეკემბრის N39635 ბრძანება და ამავე თარიღის N094-322 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის თანახმად გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრა სულ 277783,18 ლარით, მათ შორის: ძირითადი გადასახადი 159689 ლარი, ჯარიმა 83232 ლარი, ხოლო საურავი 34862,18 ლარი.
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საჩივარში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ: "გადასახადის გადამხდელმა შესამოწმებელ პერიოდში ააშენა საკუთარი წარმოების შენობა ნაგებობა (ქ. -------), რომლის დასრულების შემდეგ 2016 წლის დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდიდან იყენებს ეკონომიკურ საქმიანობაში (საავადმყოფო). ასევე 2015 წლის საანგარიშო პერიოდში შეძენილია კომერციული ფართი ქ. ------ში შავი კარკასის მდგომარეობაში. საწარმომ აღნიშნული ფართი გაარემონტა და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება დაიწყო 2016 წლის მარტის თვის საანგარიშო პერიოდიდან.
შპს ----- მ ისარგებლა სსკ-ის 206-ე მუხლის შეღავათით და აღნიშნულ შენობა ნაგებობების ღირებულება, სამედიცინო საქმიანობაში გამოყენებამდე, 2016 წელს არ დაბეგრა ქონების გადასახადით (2015 წელს მის მიერ დეკლარირებულია როგორც დაუმათვრებელი მშენებლობა და გადახდილია ქონების გადასახადი)."
"სსკ-ის 201-ე მუხლის თანახმად ქონების გადასახადის გადამხდელია:
ა) რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია – მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე; სსკ-ის 206-ე მუხლის მიხედვით შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებულია:
წ) სამედიცინო საქმიანობისათვის გამოყენებული ქონება, გარდა მიწისა, რომელიც სამედიცინო დაწესებულებათა საკუთრებაშია ან ასეთ დაწესებულებებზე ლიზინგით არის გაცემული;
სსკ-ის 206-ე მუხლის 1 ნაწილის ,,წ“ ქვეპუნქტის თანახმად "შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან განთავისუფლებულია, სამედიცინო საქმიანობისათვის გამოყენებული ქონება, გარდა მიწისა, რომელიც სამედიცინო დაწესებულებათა საკუთრებაშია ან ასეთ დაწესებულებებზე ლიზინგით არის გაცემული".
შემოწმებით, სსკ-ის 201-ე და 206-ე მუხებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხება ქონების გადასახადი აღნიშნული შენობა ნაგებობების სამედიცინო საქმიანობაში გამოყენებამდე (პროპორციულად).“
ამასთან, ,,გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი აქვს ძირითადი საშუალებები რომელთა ექსპლუატაციის პერიოდი განსხვავდება შეძენის პერიოდისაგან.
შპს ----- ისარგებლა სსკ-ის 206-ე მუხლის შეღავათით და აღნიშნული ძირითადი საშუალებების ღირებულება, სამედიცინო საქმიანობაში გამოყენებამდე, არ დაბეგრა ქონების გადასახადით.
(2015 წელს შეძენილიდან ნაწილს იყენებს 2016 წელს, ხოლო 2016 წელს შეძენილიდან 2017 წელს).""სსკ-ის 201-ე მუხლის თანახმად ქონების გადასახადის გადამხდელია:
ა) რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია – მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე; სსკ-ის 206-ე მუხლის მიხედვით შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებულია:
წ) სამედიცინო საქმიანობისათვის გამოყენებული ქონება, გარდა მიწისა, რომელიც სამედიცინო დაწესებულებათა საკუთრებაშია ან ასეთ დაწესებულებებზე ლიზინგით არის გაცემული;
სსკ-ის 206-ე მუხლის 1 ნაწილის ,,წ“ ქვეპუნქტის თანახმად ,,შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან განთავისუფლებულია, სამედიცინო საქმიანობისათვის გამოყენებული ქონება, გარდა მიწისა, რომელიც სამედიცინო დაწესებულებათა საკუთრებაშია ან ასეთ დაწესებულებებზე ლიზინგით არის გაცემული“.
შემოწმებით, სსკ-ის 201-ე და 206-ე მუხლებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი აღნიშნული ძირითადი საშუალებების სამედიცინო საქმიანობაში გამოყენებამდე (პროპორციულად).“
საკითხების განხილვისას შემოსავლების სამსახური მიუთითებს, სსკ-ის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია: ა) რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია – მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე;
ამავე კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „წ“ ქვეპუნქტის თანახმად, ქონების გადასახადისგან გათავისუფლებულია სამედიცინო საქმიანობისათვის გამოყენებული ქონება, გარდა მიწისა, რომელიც სამედიცინო დაწესებულებათა საკუთრებაშია ან ასეთ დაწესებულებებზე ლიზინგით არის გაცემული.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს სსკ-ის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, სადაც განმარტებულია, რომ საგადასახადო შეღავათად ითვლება სხვა გადასახადის გადამხდელებთან შედარებით ცალკეული კატეგორიის გადასახადის გადამხდელებისათვის მინიჭებული უპირატესობა, კერძოდ, შესაძლებლობა, გადაიხადონ გადასახადი ნაკლები ოდენობით ან გათავისუფლდნენ გადასახადის გადახდისაგან.
საბჭოს სხდომაზე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის მიერ განმარტებულ იქნა, რომ გადასახადის გადამხდელმა კერძო პირებისგან შეიძინა შემოწმების აქტში მოხსენიებული ქონებები. შესყიდვა განხორციელდა ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე, ამ ობიექტების გამოყენების მიზნობრიობა შეძენის მომენტისთვის არ იყო განსაზღვრული.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმების აქტში მოხსენიებული ქონებების სამედიცინო საქმიანობაში გამოყენების პერიოდამდე საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების შესაძლებლობა, ვერ იქნა დასაბუთებული გადასახადის გადამხდელის მიერ. ხოლო, იმ შემთხვევაში, როდესაც გადამხდელი მშენებლობა-რეკონსტრუქციის დასრულების შემდეგ ქონებას იყენებს სამედიცინო საქმიანობაში, შესაძლებელია საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „წ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათის გამოყენება (სამედიცინო საქმიანობისათვის გამოყენების პერიოდის გათვალისწინებით). ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში შემოწმების აქტით განხორციელებული დარიცხვა შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან და არ ექვემდებარება კორექტირებას.
რაც შეეხება ქონების გადასახადის გაანგარიშების მეთოდს, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად:
1. საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით), რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში მხოლოდ უძრავ ქონებასთან მიმართებით უნდა გაიზარდოს:
ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ;
ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ; გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1.5-ჯერ;
დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს, – ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ოდენობით.
მომჩივანმა საკითხის ზეპირი განხილვისას განმარტა, რომ ქონების გადასახადის გაანგარიშების მეთოდი არასწორია და არ შეესაბამება საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებს.
შემოსავლების სამსახურმა მიუთითა ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის № 996 ბრძანების მე-5 კარზე, სადაც განმარტებულია ქონების გადასახადის ადმინისტრირების წესი.
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს ქონების გადასახადის გაანგარიშების საკითხი და საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით (მათ შორის ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის № 996 ბრძანება) მოახდინოს ქონების გადასახადის გაანგარიშების მეთოდის განსაზღვრა და შემოწმების აქტით განხორციელებული დარიცხვის კორექტირება (შემცირება).
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს ----- ს საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს ქონების გადასახადის გაანგარიშების საკითხი და საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით (მათ შორის ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის № 996 ბრძანება) მოახდინოს ქონების გადასახადის გაანგარიშების მეთოდის განსაზღვრა და შემოწმების აქტით განხორციელებული დარიცხვის კორექტირება (შემცირება).
3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირების განხორციელება;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. N16) ან სასამართლოში (მის. ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხვ. მე-12 კმ. N6), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება:
-სამედიცინო საქმიანობაში გამოყენებული დაუმთავრებელი მშენებლობის ქონების გადასახადით დაბეგვრას;
-ექსპლუატაციაში შეუსვლელი ძირითადი საშუალებების ქონების გადასახადით დაბეგვრას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ: გადამხდელმა ააშენა საკუთარი წარმოების შენობა ნაგებობა, რომელსაც 2016 წლის დეკემბრიდან იყენებს ეკონომიკურ საქმიანობაში (საავადმყოფო). ასევე 2015 წელს შეძენილია კომერციული ფართი შავი კარკასის მდგომარეობაში. რომელსაც ეკონომიკურ საქმიანობაში იყენებს 2016 წლის მარტიდან. საწარმოს ასევე შეძენილი აქვს ძირითადი საშუალებები. საწარმომ ისარგებლა სსკ-ის 206-ე მუხლის შეღავათით და აღნიშნული ქონების ღირებულება, სამედიცინო საქმიანობაში გამოყენებამდე არ დაბეგრა ქონების გადასახადით
შემოწმებით, სსკ-ის 201-ე და 206-ე მუხებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხება ქონების გადასახადი აღნიშნული შენობა ნაგებობების სამედიცინო საქმიანობაში გამოყენებამდე (პროპორციულად).“
გადაწყვეტილება
საბჭოს გადაწყვეტილებით ქონების სამედიცინო საქმიანობაში გამოყენების პერიოდამდე შეღავათის გამოყენების შესაძლებლობა, ვერ იქნა დასაბუთებული გადამხდელის მიერ. ამდენად, ამ ნაწილში განხორციელებული დარიცხვა შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან და არ ექვემდებარება კორექტირებას.
ამასთან აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეისწავლოს ქონების გადასახადის გაანგარიშების საკითხი და საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით მოახდინოს ქონების გადასახადის გაანგარიშების მეთოდის განსაზღვრა და შემოწმების აქტით განხორციელებული დარიცხვის კორექტირება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 201(1,,ა“); 202(1); 206(1,,წ“)