ბრძანება N 8708

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 15.04.2024
№ დოკუმენტი 8708
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

N 8708

15 აპრილი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2024 წლის 3 აპრილის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 11 აპრილის სხდომაზე (ოქმი №39) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2024 წლის 3 აპრილის №88866/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 25 მარტის ID: ------- შესაგებელთან დაკავშირებით.

 

მომჩივნის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ შესაგებელს უარის თქმის თაობაზე. აცხადებს, რომ რამდენჯერმე მიმართა შემოსავლების სამსახურს ზედმეტობის დაბრუნების მოთხოვნით, რაზეც დაუდგინდა ხარვეზები და დადგენილ ვადაში ხარვეზის სრულად აღმოუფხვრელობის გამო ეთქვა უარი. მიუთითებს, რომ აღნიშნული ხარვეზები სრულად გამოასწორა და 2024 წლის 23 თებერვალს ისევ მიმართა აუდიტის დეპარტამენტს ზედმეტობის დაბრუნების მიზნით, რაზეც დაუდგინდა ხარვეზი. აღნიშნულთან დაკავშირებით, კომპანიამ 2024 წლის 19 მარტს წარადგინა 2024 წლის 18 მარტის მდგომარეობით სალაროს ანგარიშზე არსებული ნაღდი ფულის ინვენტარიზაციის აქტი, ბუღალტრული პროგრამის ასლი, რომლის მიხედვით სალაროს ანგარიშზე არსებული თანხა ემთხვეოდა ინვენტარიზაციით დაფიქსირებულ ოდენობას. ასევე, წარადგინა ახსნა-განმარტება, რომლის თანახმად, ზედმეტობის წარმოშობის ნაწილი (50 000 ლარი) დაკავშირებული იყო ბანანის განადგურებასთან. კერძოდ, იმპორტირებული 586 934 კგ ბანანიდან განადგურდა 122 100 კგ საქონელი, რაც დასტურდებოდა შემოსავლების სამსახურის მიერ, ხოლო ზედმეტობის წარმოშობის ნაწილი გამოწვეული იყო სახედაკარგული საქონლის თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად რეალიზაციით. მიუთითებს, რომ თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად რეალიზაციის ძირითადი ნაწილი დასტურდება დოკუმენტურად.

გადასახადის გადამხდელი დამატებით აღნიშნავს, რომ კომპანიამ 2023 წლის ოქტომბრიდან სრულად შეაჩერა ეკონომიკური საქმიანობა და აღნიშნული პერიოდიდან სალაროში არსებული თანხიდან ყოველთვიურად იფარება კომპანიის სასესხო ვალდებულება, რაც ფიქსირდება საბანკო ამონაწერებითა და ბუღალტრული აღრიცხვით.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ „ბიუჯეტის შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად, განხორციელდა შპს „-------“ (ს/ნ -------) მიერ 2024 წლის 23 თებერვალს წარდგენილი გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის (ID: -------) შესწავლა, რომლის მიხედვითაც გადამხდელი ითხოვს წარმოშობილი ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას. გადამხდელის განმარტებით, ზედმეტობის წარმოშობის მიზეზი არის საქონლის ჩამოწერა და თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად რეალიზაცია.

გადამხდელის მოთხოვნაზე შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ „ბიუჯეტის შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის VI1 თავის 135 -ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით, 2024 წლის 12 მარტს განისაზღვრა ხარვეზი: (ID: -------), კერძოდ:

● წარმოსადგენია დეტალური განმარტება ზედმეტობის წარმოშობის შესახებ;

● წარმოსადგენია საწარმოს სალაროში არსებული ნაღდი ფულის ინვენტარიზაციის აქტი მიმდინარე თარიღით, რათა დადასტურდეს შესაბამისობა სააღრიცხვო დოკუმენტაციაში არსებულ მონაცემებთან;

● წარმოსადგენია ბუღალტრული აღრიცხვა/ანგარიშგების შესახებ ინფორმაცია, 2021 წლიდან ნაღდი ფულის ინვენტარიზაციის თარიღამდე.

გადასახადის გადამხდელს დადგენილი ხარვეზის აღმოსაფხვრელად განესაზღვრა ვადა 5 სამუშაო დღე.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით, გადასახადის გადამხდელმა ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით 2024 წლის 19 მარტს წარადგინა „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა“, რომლის საპასუხოდ 2024 წლის 25 მარტს, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგა შესაგებელი (ID: -------) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტის შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ 135 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს ეთქვა უარი ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებაზე, ვინაიდან, საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში, საწარმომ სრულყოფილად არ გამოასწორა ხარვეზი.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

ამავე კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არის პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი მოთხოვნა გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების შესახებ, რომლის შესრულებაც სავალდებულოა საგადასახადო ორგანოსათვის ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

2. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის საფუძველია გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) ზედმეტად გადახდილი თანხა.

3. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა შესრულებულად ითვლება მოთხოვნილი თანხის გადახდის მომენტიდან.

4. თუ საგადასახადო ორგანო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უსაფუძვლოა, იგი ვალდებულია მოთხოვნის მიღებიდან 20 დღის ვადაში გადასახადის გადამხდელს წარუდგინოს დასაბუთებული შესაგებელი.

5. პირს უფლება აქვს, საგადასახადო ორგანოს შესაგებელი გაასაჩივროს ამ კოდექსით დადგენილი წესით.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური, თვითმმართველი ერთეულების, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირების და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების შემოსულობათა აღრიცხვა-ანგარიშგება და ანგარიშსწორების შესახებ“ ინსტრუქციის VI1 თავით დადგენილია ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნების დამატებითი პროცედურები და „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნაზე“ წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა.

ამავე ინსტრუქციის 131 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნების მიზნით გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია მიმართოს საგადასახადო ორგანოს და წარადგინოს „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა“ (შემდგომში - „მოთხოვნა“), რომელსაც უნდა დაურთოს ამ თავით გათვალისწინებული დოკუმენტები.

ამავე ინსტრუქციის 134 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხაზე „მოთხოვნის“ რეგისტრაციის მომდევნო დღიდან 11 კალენდარული დღის ვადაში, მოთხოვნის რეგისტრაციის თარიღიდან წინა პერიოდზე, ხანდაზმულობის ვადის გათვალისწინებით (გარდა იმ პერიოდისა, რომელიც უკვე შემოწმებულია შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ან/და შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ ან ის პერიოდი, რომელიც უკვე გადამოწმებულია ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებისას) მოწმდება:

ა) „მოთხოვნის“ შევსების და მასზე თანდართული დოკუმენტების სისრულე;

ბ) ზედმეტად გადახდილი გადასახადის წარმოშობის თარიღი, დადგენილი წესის შესაბამისად შევსებული, საგადასახადო ორგანოში წარმოდგენილი საგადასახადო დეკლარაციების და ანგარიშგების ფორმების პირადი აღრიცხვის ბარათზე სრულად ასახვა (პროცედურა არ გულისხმობს დეკლარაციაში/ანგარიშგებაში ასახული მონაცემების სისწორის კონტროლს/დადგენას)

ამავე ინსტრუქციის 135 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, „მოთხოვნაზე“ უარის თქმის საფუძველია, თუ გადასახადის გადამხდელმა ხარვეზი არ გამოასწორა საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ დადგენილ ვადაში გადამხდელმა სრულად არ გამოასწორა ხარვეზი და არ წარადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია/ინფორმაცია.

აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ ინსტრუქციის 135 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი. შესაბამისად, მართლზომიერია წარდგენილ მოთხოვნაზე უარის თქმა

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო შესაგებელი აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ შესაგებელს უარის თქმის თაობაზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმის მასალებით დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა მომჩივანის მიერ წარდგენილი გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის შესწავლა, რომლის მიხედვითაც გადამხდელი ითხოვს წარმოშობილი ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას. გადამხდელის განმარტებით, ზედმეტობის წარმოშობის მიზეზი არის საქონლის ჩამოწერა და თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად რეალიზაცია.

გადამხდელის მოთხოვნაზე შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ განისაზღვრა ხარვეზი, რომლის აღმოსაფხვრელად განესაზღვრა ვადა 5 სამუშაო დღე.

შგადასახადის გადამხდელმა ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით წარადგინა „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა“, რომლის საპასუხოდ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგა შესაგებელი საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტის შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ 135 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს ეთქვა უარი ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებაზე, ვინაიდან, საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში, საწარმომ სრულყოფილად არ გამოასწორა ხარვეზი.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო შესაგებელი აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 63(1)