გადაწყვეტილება №22409/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 17.07.2024
№ დოკუმენტი 22409/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№22409/2/2024

17 ივლისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: "-------" (ს/ნ "-------")

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,13.06.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება "-------"-ს 28.02.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22409/2/2024).

 

დავის საგანი:

1. ქონების გადასახადის ოდენობა;

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 22.12.2023 წლის №999-23 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 14.02.2024 წლის №3139 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 136 405,24 ლარი.

მათ შორის:

ქონების გადასახადი - 69 110

ჯარიმა - 34 555

საურავი - 32 740,24

 

პროცედურული გარემოებები:

აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 16 ივნისის №13209 ბრძანების საფუძველზე შემოწმდა მომჩივნის 2020, 2021 და 2022 წლების ქონების (გარდა მიწისა) გადასახადის დაბეგვრის სისწორე. შემოწმების შედეგები აისახა 18.12.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 22.12.2023 წლის №32506 ბრძანება და №999-23 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 14.02.2024 წლის №3139 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. ქონების გადასახადის ოდენობა

ფაქტების აღწერა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, მომჩივანს 2019, 2020 და 2021 წლების საანგარიშო პერიოდებში უფიქსირდება 100 000 ლარზე მეტი შემოსავალი, რის მიხედვითაც დაუდგინდა 2020, 2021 და 2022 წლების საანგარიშო პერიოდის ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება.

დასაბეგრი ქონების ღირებულება განისაზღვრა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციისა (მომჩივნის სახელზე რეგისტრირებულია უძრავი ქონება - ბინები, შენობანაგებობა, ავტოსადგომები) და შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს №58520/07/23-ის დასკვნის საფუძველზე დადგენილი საბაზრო ფასით. შესამოწმებელ პერიოდზე, მომჩივნის ქონების გადასახადის თანხამ შეადგინა 71 810 ლარი.

იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს წარდგენილი ჰქონდა 2020-ის და 2021-ის წლების ქონების გადასახადის დეკლარაციები, რომლის მიხედვით ქონების გადასახადი ჯამში შეადგენდა 2700 ლარს. მომჩივანს დაერიცხა ქონების გადასახადი 69 110 ლარი და შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 201-ე, 202-ე, 43-ე მუხლებზე და შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელს 2019, 2020, 2021 წლების პერიოდებში უფიქსირდება 100 000 ლარზე მეტი შემოსავალი, რის მიხედვითაც დაუდგინდა 2020-ის, 2021-ის და 2022-ი წლების საანგარიშო პერიოდის ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება უძრავი ქონება (ბინები, შენობა-ნაგებობა, ავტოსადგომები). შემოწმებით, გადამხდელის დასაბეგრი ქონების ღირებულება განისაზღვრა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციისა და შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს დასკვნის საფუძველზე დადგენილი საბაზრო ღირებულების მიხედვით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოწმების მიერ ქონების ღირებულება გამოთვლილია საბაზრო ფასზე მაღალი შეფასებით, რაზეც დამატებით წარმოადგენს დასკვნას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია ფიზიკური პირი:

გ.ა) მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მათ შორის, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, შენობა-ნაგებობაზე ან მათ ნაწილზე), იახტებზე (კატარღებზე), შვეულმფრენებზე, თვითმფრინავებსა და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდით განსაზღვრულ მსუბუქ ავტომობილებზე;

გ.ბ) არარეზიდენტისაგან ლიზინგით მიღებულ ქონებაზე;

გ.გ) ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.

საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:

ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.05 პროცენტისა და არა უმეტეს 0.2 პროცენტისა;

ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.8 პროცენტისა და არა უმეტეს 1 პროცენტისა.

საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-12 ნაწილის მიხედვით, ფიზიკური პირი ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.

საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასის განსაზღვრისას გამოიყენება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასების შესახებ ინფორმაციის ოფიციალური წყაროები, აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების საინფორმაციო ბაზა, საგადასახადო ორგანოებისათვის გადასახადის გადამხდელთა მიერ მიწოდებული ინფორმაცია, აგრეთვე სხვა სარწმუნო ინფორმაცია.

სადავო საკითხთან დაკავშირებით დადგენილია, რომ მომჩივანს 2019 წლიდან - 2021 წლის საგადასახადო პერიოდებში უფიქსირდება 100 000 ლარზე მეტი შემოსავალი, რის მიხედვითაც დაუდგინდა 2020, 2021 და 2022 წლების საანგარიშო პერიოდის ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება. შედეგად, შემოწმებით, დასაბეგრი ქონების ღირებულება განისაზღვრა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციისა და შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს დასკვნის საფუძველზე დადგენილი საბაზრო ღირებულების შესაბამისად.

მომჩივანს დავის არც ერთ ეტაპზე არ წარმოუდგენია ალტერნატიული დასკვნა ან სხვა, რაიმე მტკიცებულება, რომელიც ეჭვქვეშ დააყენებდა შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის დასკვნას, ქონების ღირებულების განსაზღვრის შესახებ და შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება

ფაქტების აღწერა

 

მომჩივანს აუდიტის დეპარტამენტის 22.12.2023 წლის №999-23 საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე დაეკისრა ჯარიმა - 34 555 და საურავი - 32 740,24 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე, 270-ე, 275-ე, 275-ე მუხლებზე და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში.

შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ მიზანშეწონილად არ მიიჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ დააკმაყოფილა.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეული იყო არცოდნით და არა გადასახადისგან თავის არიდების მიზნით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

საბჭო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.მომჩივანი მიიჩნევს,რომ შემოწმების მიერ ქონების ღირებულება გამოთვლილია საბაზრო ფასზე მაღალი შეფასებით, რაზეც დამატებით წარმოადგენს დასკვნას.

2.მომჩივანი აღნიშნავს,რომ სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეული იყო არცოდნით და არა გადასახადისგან თავის არიდების მიზნით.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.მომჩივანს 2019, 2020 და 2021 წლების საანგარიშო პერიოდებში უფიქსირდება 100 000 ლარზე მეტი შემოსავალი, რის მიხედვითაც დაუდგინდა 2020, 2021 და 2022 წლების საანგარიშო პერიოდის ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება. დასაბეგრი ქონების ღირებულება განისაზღვრა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციისა და შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს №58520/07/23-ის დასკვნის საფუძველზე დადგენილი საბაზრო ფასით. შესამოწმებელ პერიოდზე, მომჩივნის ქონების გადასახადის თანხამ შეადგინა 71 810 ლარი. იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს წარდგენილი ჰქონდა 2020-ის და 2021-ის წლების ქონების გადასახადის დეკლარაციები.მომჩივანს დაერიცხა ქონების გადასახადი და ჯარიმა.

2.მომჩივანს აუდიტის დეპარტამენტის 22.12.2023 წლის №999-23 საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე დაეკისრა ჯარიმა - 34 555 და საურავი - 32 740,24 ლარის ოდენობით.

 

გადაწყვეტილება

1.საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

2.საბჭო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

201,202,205,269(7).