გადაწყვეტილება №18711/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 24.02.2023
№ დოკუმენტი 18711/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№18711/2/2023

24.02.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ „------“ )

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 24.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------“ -ის 23.01.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18711/2/2023).

 

დავის საგანი:

ვირტუალური ზონის პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე საინფორმაციო ტექნოლოგიების შექმნის (საქმიანობის) დაუდასტურებლობის გამო მოგების გადასახადისგან გათავისუფლებაზე უარი.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 21.07.2022 წლის №007-214 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 29.12.2022 წლის №33619 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 27 189 ლარი.

მათ შორის:

მოგების გადასახადი - 17 372

ჯარიმა - 8 686

საურავი - 1 131

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 4.07.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2019 წლიდან 1.01.2022 წლამდე პერიოდი.

კომპანია წარმოადგენს ვირტუალური ზონის საწარმოს, რომელიც გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 26.04.2018 წლიდან, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 14.05.2018 წლიდან, ხოლო ვირტუალური ზონის სტატუსი მინიჭებული აქვს 25.10.2019 წლიდან. გადამხდელის საქმიანობის სფეროა საინფორმაციო ტექნოლოგიების შექმნა. კომპანიის დამფუძნებელი 100%-იანი წილით და ამავდროულად დირექტორი დაფუძნებიდან დღემდე არის უკრაინის მოქალაქე „------“ (პ/ნ „------“ ), რომელზეც გაიცემა დივიდენდი. შესამოწმებელ პერიოდში მოქმედი საბანკო ანგარიშები გააჩნია სს საქართველოს ბანკში, სს ლიბერთი ბანკში და სს ვითიბი ბანკში. რეგისტრირებული საკონტროლო სალარო აპარატი და ჩგდ არ გააჩნია.

შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული საინფორმაციო ბაზების მიხედვით გადასახადის გადამხდელის მიერ ვირტუალური ზონის მინიჭებამდე განაწილებულია დივიდენდი 153 400 ლარი, რაც დაბეგრილია მოგების და საშემოსავლო გადასახადებით. ვირტუალური ზონის სტატუსის მინიჭების შემდეგ გადამხდელის მიერ დივიდენდი განაწილებულია მხოლოდ 2021 წლის ოქტომბრის საანგარიშო პერიოდში 98 442 ლარის ოდენობით, რომელიც დაბეგრილია საშემოსავლო გადასახადით და ასევე ასახულია მოგების გადასახადით გათავისუფლებულ მოგების განაწილების „22-ე“ გრაფაში და შესაბამისად არ არის დაბეგრილი მოგების გადასახადით. აღნიშნულთან დაკავშირებით გადამხდელმა განმარტა, რომ ის სარგებლობს საგადასახადო კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეღავათით და შესაბამისად გაცემულ დივიდენდს არ ბეგრავს მოგების გადასახადით.

გადასახადის გადამხდელის განმარტებით და მის მიერ წარმოდგენილი სააღრიცხვო ინფორმაციის საფუძველზე ირკვევა, რომ კომპანია ფაქტობრივად არ საქმიანობს საქართველოში. პროდუქცია იქმნება ქვეყნის გარეთ, არარეზიდენტი პირების მეშვეობით და რეალიზდება საზღვარგარეთ რამდენიმე დამკვეთზე. კერძოდ, სააღრიცხვო ინფორმაციით და ასევე პირველადი დოკუმენტებით დადგინდა, რომ 25.10.2019-1.01.2022 წწ (სტატუსის მინიჭებიდან) პერიოდში, გადამხდელის მიერ არარეზიდენტი იურიდიული პირებისგან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 7 079 996 ლარი, საიდანაც 6 412 069 ლარი გადარიცხულია არარეზიდენტ პირებზე გაწეული მომსახურების (საინფორმაციო ტექნოლოგიების შექმნა) ანაზღაურებისთვის. კომპანიის მიერ საქართველოში გაწეული სხვა ხარჯები (გარდა ხელფასებისა) არ აღემატება 400 000 ლარს. პროგრამისტებისთვის სხვადასხვა პერიოდში გადახდილია საშუალოდ 1 500-2 000 ლარი. მიუხედავად იმისა, რომ მომჩივანს სხვადასხვა პერიოდში დაქირავებული ჰყავდა 3 პროგრამისტი, რომლებსაც უხდიდა ხელფასს, კომპანიის მიერ მიღებული შემოსავლებისთვის გაწეული დანახარჯების 90%-ზე მეტი გადახდილია არარეზიდენტი კომპანიებისთვის. აქედან გამომდინარე არ დასტურდება პროდუქტის საქართველოში შექმნის ფაქტი, შესაბამისად შემოწმებით საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის თანახმად მოგების გადასახადით დაიბეგრა 2021 წლის ოქტომბრის საანგარიშო პერიოდში 98 442 ლარის ოდენობით განაწილებული მოგება.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 21.07.2022 წლის №007-214 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 29.12.2022 წლის №33619 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, მე-8 მუხლის 35-ე ნაწილზე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 981 მუხლის პირველ ნაწილზე, 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, „საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, მე-3 მუხლის პირველ პუნქტზე და მე-6 მუხლზე და ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით დგინდება, რომ გადამხდელის საქმიანობის სფეროა საინფორმაციო ტექნოლოგიების შექმნა. კომპანიის 100%-იანი დამფუძნებელი და ამავდროულად დირექტორი დაფუძნებიდან დღემდე არის უკრაინის მოქალაქე. ვირტუალური ზონის საწარმოს სტატუსის მინიჭების შემდეგ გადამხდელის მიერ დივიდენდი განაწილებულია მხოლოდ 2021 წლის ოქტომბრის საანგარიშო პერიოდში 98 442 ლარის ოდენობით, რომელიც დაბეგრილია საშემოსავლო გადასახადით და არ არის დაბეგრილი მოგების გადასახადით. გადასახადის გადამხდელის განმარტებით და მის მიერ წარმოდგენილი სააღრიცხვო ინფორმაციის საფუძველზე ირკვევა, რომ კომპანია ფაქტობრივად არ საქმიანობს საქართველოში. პროდუქცია იქმნება ქვეყნის გარეთ, არარეზიდენტი პირების მეშვეობით და რეალიზდება საზღვარგარეთ რამდენიმე დამკვეთზე. ასევე, შემოწმებით დადგინდა, რომ 25.10.2019 წლიდან (სტატუსის მინიჭებიდან) 1.01.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდში, გადამხდელის მიერ არარეზიდენტი იურიდიული პირებისგან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 7 079 996 ლარი, საიდანაც 6 412 069 ლარი გადარიცხულია არარეზიდენტ პირებზე გაწეული მომსახურების (საინფორმაციო ტექნოლოგიების შექმნა) ანაზღაურებისთვის. კომპანიის მიერ საქართველოში გაწეული სხვა ხარჯები (გარდა ხელფასებისა) არ აღემატება 400 000 ლარს. პროგრამისტებისთვის სხვადასხვა პერიოდში გადახდილია საშუალოდ 1 500-2 000 ლარი. მიუხედავად იმისა, რომ საწარმოს სხვადასხვა პერიოდში დაქირავებული ჰყავდა 3 პროგრამისტი, რომლებსაც უხდიდა ხელფასს, კომპანიის მიერ მიღებული შემოსავლებისთვის გაწეული დანახარჯების 90%-ზე მეტი გადახდილია არარეზიდენტი კომპანიებისთვის. შესაბამისად, არ დასტურდება საინფორმაციო ტექნოლოგიების საქართველოში შექმნის ფაქტი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან კომპანიის მიერ მიღებული შემოსავლების მისაღებად გაწეული დანახარჯების 90%-ზე მეტი გადახდილია არარეზიდენტი კომპანიებისთვის და შემოწმებით არ დასტურდება გადამხდელის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე საინფორმაციო ტექნოლოგიების შექმნის ფაქტი, მასზე ვერ გავრცელდება კანონმდებლობით დადგენილი შეღავათი. შესაბამისად, გაცემული დივიდენდის მოგების გადასახადით დაბეგვრა მართლზომიერია.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანიამ 2021 წლის ოქტომბრის საანგარიშო პერიოდში დივიდენდის სახით გაანაწილა 98 442 ლარი, რომელიც დაბეგრა საშემოსავლო გადასახადით და ასახა მოგების გადასახადით გათავისუფლებულ მოგების განაწილების 22-ე გრაფაში, იმ საფუძვლით, რომ კომპანია სარგებლობს საგადასახადო კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეღავათით და შესაბამისად გაცემულ დივიდენდს არ ბეგრავს მოგების გადასახადით. აუდიტორის განმარტებით კომპანიის მიერ შექმნილი პროდუქცია არ ჩაითვლება საქართველოში შექმნილ პროდუქციად, ვინაიდან კომპანიის მიერ მიღებული შემოსავლებისთვის გაწეული დანახარჯების 90%-ზე მეტი გადახდილია არარეზიდენტი კომპანიებისთვის და ამ არგუმენტით კომპანიას გადასახდელად დაარიცხა მოგების გადასახადი, რასაც კომპანია არ ეთანხმება, ვინაიდან მსგავსი ჩანაწერი საქართველოს საგადასახადო კოდექსში არ არსებობს და კომპანია ხელმძღვანელობს საგადასახადო კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტის მიხედვით.

ზემოაღნიშნული ფაქტორიდან გამომდინარე, სრულად უნდა გაუქმდეს აუდიტის დეპარტამენტის ბრძანების (№19361) საფუძველზე დარიცხული გადასახადები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 35-ე ნაწილის თანახმად, ვირტუალური ზონის პირი არის იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს საინფორმაციო ტექნოლოგიურ საქმიანობას და მინიჭებული აქვს შესაბამისი სტატუსი.

„საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად, ვირტუალურ ზონაში საქმიანობას მიეკუთვნება იურიდიული პირის მიერ განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მიმართული იქნება საინფორმაციო ტექნოლოგიების შექმნასთან.

საგადასახადო კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მოგების გადასახადისაგან თავისუფლდება ვირტუალური ზონის იურიდიული პირის მიერ შექმნილი საინფორმაციო ტექნოლოგიების საქართველოს ფარგლების გარეთ მიწოდებით მიღებული მოგება (მოგების განაწილება).

საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის უფროსი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის აღსრულების მიზნით გამოსცემს ბრძანებებს, შიდა ინსტრუქციებსა და მეთოდურ მითითებებს საგადასახადო ორგანოების მიერ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენების თაობაზე.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ საჩივრის განხილვის შემდეგ, შემოსავლების სამსახურის უფროსის 29.12.2022 წლის №33544 ბრძანებით დამტკიცდა მეთოდური მითითება „ვირტუალური ზონის პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის თაობაზე“.

ვინაიდან მომჩივანს მინიჭებული აქვს ვირტუალური ზონის სტატუსი და საქართველოს ფინანსთა სამინიტროს სისტემაში დავის ეტაპზე შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის აღსრულების მიზნით დამტკიცებულია „ვირტუალური ზონის პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის თაობაზე“ მეთოდური მითითება, საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხები საჭიროებს საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი გარემოებების დამატებით შესწავლას ხსენებული მეთოდური მითითების გათვალისწინებით. ამ მიზნით, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 29.12.2022 წლის №33619 ბრძანება;

3. საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.