გადაწყვეტილება №23946/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 30.12.2024
№ დოკუმენტი 23946/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№23946/2/2024

30 დეკემბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ი/მ "-------" (ს/ნ "-------")

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,22.11.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ "--------" 17.09.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23946/2/2024).

 

დავის საგანი:

საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 11 ივლისის №007-187 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 23 აგვისტოს №19241 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 66 690,2 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 47 227

დღგ - 38 393

საშემოსავლო გადასახადი - 8 834

ჯარიმა - 14 763

საურავი - 4 700,2

 

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ავტონაწილების რეალიზაცია თბილისში. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის 2 აპრილამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის შემოწმდა 2024 წლის 13 მაისის ჩათვლით პერიოდი. შემოწმების შედეგები აისახა 2024 წლის 28 ივნისის შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები, განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 13 მაისის №10978 ბრძანების საფუძველზე გადასახადის გადამხდელის ობიექტში ჩატარდა სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა. მეწარმეს ინვენტარიზაციის შედეგად სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი/აღურიცხველობა არ გამოუვლინდა, თუმცა ინვენტარიზაციის შედეგებზე დაყრდნობით დადგინდა საქონლის ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს. შესამოწმებელი პერიოდის თვეებში ჩაიშალა შეძენილი სასაქონლომატერიალური ფასეულობები კატეგორიებად, დადგინდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება წლების და კატეგორიების მიხედვით. ინვენტარიზაციის შედეგების მიხედვით განისაზღვრა თითოეული კატეგორიის სარეალიზაციო და საშუალო ფასნამატები, რაც გავრცელდა არადოკუმენტურ რეალიზაციაზე. მიღებული შემოსავალი განაწილდა საანგარიშო პერიოდებში შემოსავლის პროპორციულად. შედეგად, გადამხდელს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება წარმოეშვა 2024 წლის 21 იანვარს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და გაიზარდა პერიოდების მიხედვით ერთობლივი შემოსავალი. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275-ე და 282-ე მუხლებით გათვალისწინებული ჯარიმები.

შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა 2024 წლის 10 ივლისს გამოსცა №16409 ბრძანება და 11 ივლისის №007-187 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული დარიცხვა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 23 აგვისტოს №19241 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 165-ე მუხლზე, ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 80-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე-100 მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი მიუთითებს სადავო დარიცხვის საფუძვლებზე და აღნიშნავს, რომ დარიცხვა 2024 წლის 7 აგვისტოს გასაჩივრებული იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოში. თხოვნის მიუხედავად, საჩივარი განხილულიყო მისი წარმომადგენლის თანდასწრებით, საჩივარი განიხილეს მომჩივნის მონაწილეობის გარეშე და არგუმენტად აფიქსირებენ, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო დავის პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.“

საინვენტარიზაციო კომისიის მიერ აღწერილ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებზე იყო გამოკრული სარეალიზაციო ფასები. სამართალდარღვევა არ დაფიქსირდა. აღწერის მომენტში საქონელზე გამოკრული გასაყიდი ფასების მიხედვით, სრული საქონლის საბაზრო ფასის შეფარდება, სრული საქონლის თვითღირებულებასთან შეადგენს 40,1%. შემოწმებამ სარეალიზაციო ფასების განსაზღვრისას არ იხელმძღვანელა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტიური აღწერის მასალებიდან.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 23 აგვისტოს №19241 ბრძანება და შემცირდეს საგადასახადო შემოწმების აქტის და აღნიშნული აქტის საფუძველზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 11 ივლისის №007-187 „საგადასახადო მოთხოვნის“ საფუძველზე დარიცხული თანხები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლო მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად: დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:

ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;

ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა.

საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა – იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.

შემოწმების პროცესში დადგინდა, რომ მომჩივანს არ გააჩნია სრულყოფილი ბუღალტრული პროგრამა. სმფ-ების აღრიცხვა არასრულყოფილია, საქონელი ჩამოიწერება ჯამურად წლის ბოლოს. ამასთან, მომჩივანს დოკუმენტური ფასნამატი არ გააჩნია. აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.

მომჩივანი აღნიშნავს, რომ სარეალიზაციო ფასების განსაზღვრისას გამოყენებული უნდა ყოფილიყო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტიური აღწერის მონაცემები, ამასთან გაუგებარია, რა პრინციპი დაედო საფუძვლად საბაზრო ფასების განსაზღვრას, საიდანაა აღებული გასაყიდი ფასები.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას განაცხადა, რომ სარეალიზაციო ფასები, რაც გამოყენებულ იქნა ფასნამატის დადგენისას, აღებულ იქნა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივი აღწერის მასალებიდან. კერძოდ, ინვენტარიზაციის დროს აღიწერა საქონლის რაოდენობა და მომჩივნის თანდასწრებით მიეთითა სარეალიზაციო ფასები. მომჩივანმა მოგვიანებით მიაწოდა აუდიტორს ინვოისები, თუმცა მანამდე გადაგზავნილი ჰქონდა იმპორტირებული საქონლის საინვოისო ღირებულებები ექსელში. შესაბამისად, ფასნამატის დადგენა განხორციელდა სმფ-ების ინვენტარიზაციისას საქონლის ფაქტობრივი აღწერის მასალებში მითითებული სარეალიზაციო ფასებისა და უახლოესი შესყიდვის ღირებულების მიხედვით, რაც გავლილ იქნა გადასახადის გადამხდელთან ერთად.

საქმეში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივანს უნდა მიეცეს შესაძლებლობა აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში დასახელებული არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. მომჩივნის მიერ მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს მომჩივნის მონაწილეობით შეისწავლოს აღნიშნული მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 23 აგვისტოს №19241 ბრძანება;

3. მომჩივანს მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში დასახელებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

4.მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს მომჩივნის მონაწილეობით შეისწავლოს აღნიშნული მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი მიიჩნევს ,რომ ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 23 აგვისტოს №19241 ბრძანება და შემცირდეს საგადასახადო შემოწმების აქტის და აღნიშნული აქტის საფუძველზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 11 ივლისის №007-187 „საგადასახადო მოთხოვნის“ საფუძველზე დარიცხული თანხები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მეწარმეს ინვენტარიზაციის შედეგად სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი/აღურიცხველობა არ გამოუვლინდა, თუმცა ინვენტარიზაციის შედეგებზე დაყრდნობით დადგინდა საქონლის ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს. შესამოწმებელი პერიოდის თვეებში ჩაიშალა შეძენილი სასაქონლომატერიალური ფასეულობები კატეგორიებად, დადგინდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება წლების და კატეგორიების მიხედვით. ინვენტარიზაციის შედეგების მიხედვით განისაზღვრა თითოეული კატეგორიის სარეალიზაციო და საშუალო ფასნამატები, რაც გავრცელდა არადოკუმენტურ რეალიზაციაზე. მიღებული შემოსავალი განაწილდა საანგარიშო პერიოდებში შემოსავლის პროპორციულად. შედეგად, გადამხდელს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება წარმოეშვა 2024 წლის 21 იანვარს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და გაიზარდა პერიოდების მიხედვით ერთობლივი შემოსავალი. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და შეეფარდა ჯარიმები.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივანს უნდა მიეცეს შესაძლებლობა აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში დასახელებული არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. მომჩივნის მიერ მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს მომჩივნის მონაწილეობით შეისწავლოს აღნიშნული მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

73(5),282.