ბრძანება N 27856
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 27856
13 ნოემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „------“ (ს/ნ ------)
(მის.: -------)
2023 წლის 18 იანვრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 26 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №111) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 27 სექტემბრის №20355/2/2023 გადაწყვეტილებით განსახილველად დაბრუნებული შპს „------ს“ (ს/ნ -----) 2023 წლის 18 იანვრის №78209/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 21 დეკემბრის №006-581 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდას;
2. არ ეთანხმება საქონლის რეალიზაციასა და №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს გათვალისწინებით განსაზღვრულ ხარჯს შორის სხვაობის თანხის ხელფასად განხილვას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 19 ვლისის №19130 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „-----ს“ (ს/ნ -----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 ივლისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 12 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 20 დეკემბრის №32092 ბრძანება და 21 დეკემბრის №006-581 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 388 711 ლარი, მათ შორის: გადასახადი 199 548 ლარი, ჯარიმა 101 112 ლარი, საურავი 88 051 ლარი.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 21 ივნისის №14334 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2023 წლის 27 სექტემბრის №20355/2/2023 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 21 ივნისის №14334 ბრძანება და საჩივარი მომჩივანის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებაში სადავო საკითხებთან მიმართებაში მითითებულია შემდეგი:
„საბჭო განმარტავს, რომ აღნიშნული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა, თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხებთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები, რის გამოც საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“
საჩივარში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
1. გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს სურსათითა და სხვადასხვა პროდუქტებით სარესტორნო ქსელების მომარაგება. შემოწმების მიმდინარეობისას გადამხდელის წარმოდგენილი ინფორმაციის, დეკლარირებული მონაცემებისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების ანალიზის შედეგად გამოვლინდა სხვაობა გადამხდელის მიერ დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვასა და შემოწმების შედეგად დადგენილ ბრუნვას შორის, კერძოდ, შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ანალიზით დგინდება, რომ გადამხდელს გამოწერილი აქვს საგადასახადო ანაგარიშ-ფაქტურები, რომლებშიც დასაბეგრი საქონელი, რომელიც არ წარმოადგენს ადგილობრივი წარმოების სასოფლო-სამეურნეო პროდუქტს (შაქარი; ბრინჯი; ზეთი და ა.შ.) შეყვანილი აქვს ჩათვლის უფლებით განთავისუფლებული საქონლის ბრუნვაში, რის შედეგადაც შემცირებულია 18%- ით დასაბეგრი ბრუნვა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის გათვალისწინებით, შემოწმების შედეგად დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები, კერძოდ, 18%-ით დასაბეგრი ბრუნვა გაიზარდა 310 054 ლარით. საწარმოს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
2. შემოწმებით განისაზღვრა გადამხდელის ფულადი ნაკადების მოძრაობა. ანალიზისას შემოწმება დაეყრდნო დეკლარირებული მონაცემების და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებს, ასევე, გადამხდელის მიერ წარმოდგენილ საბანკო ამონაწერებს. შემოწმების დროს გადამხდელის მიერ წარმოდგენილი იყო ასევე შესყიდვის აქტების რეესტრები. შემოწმების მიერ მოხდა შესყიდვის აქტების რეესტრში მითითებულ ფიზიკურ პირებთან დაკავშირება და ახსნა-განმარტებების ჩამორთმევა, საიდანაც დადგინდა, რომ აღნიშნულ ფიზიკურ პირებს შპს „------თვის“ არ მიუწოდებიათ შესყიდვის აქტში მითითებული რაოდენობის საქონელი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე და 136-ე მუხლების გათვალისწინებით, ვინაიდან გადამხდელს არ ჰქონდა სრულყოფილად წარმოდგენილი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები, იმ ნაწილში, სადაც არ დგინდებოდა დოკუმენტური ხარჯის გაწევა, შემოწმებამ გამოიყენა №0256 სიტუაციური სახელმძღვანელო. შემოწმებით გამოვლენილი შემოსავლები ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
2021 წლის 1 იანვრამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
ამავე კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი. მაგრამ:
ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის გარეშე ამ კოდექსის მე-18 მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 167-ე მუხლის მე-4 ნაწილის „უ“ და „ფ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულია:
უ) საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის (გარდა სეს ესნ-ის 0407 11 000 00 და 0407 21 000 00 კოდებით გათვალისწინებული საქონლისა (კვერცხისა) და 0207 11 სუბპოზიციაში მითითებული საქონლისა (შინაური ქათამი აუქნელი, ახალი ან გაცივებული)) მიწოდება მის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე);
ფ) საქართველოში მთლიანად წარმოებული საქონლისაგან მიღებული სეს ესნ-ის 0201, 0203 11–0203 19, 0204 10 000 00–0204 23 000 00, 0204 50 110 00–0204 50 390 00 კოდებით გათვალისწინებული საქონლის (მათ შორის, გატარებული/დაკეპილი ფორმით არსებულის (ფარშის)), საქართველოს ბინადარი ცხოველისგან მიღებული პროდუქტის სამრეწველო გადამუშავების შედეგად წარმოებული ყველის, აგრეთვე სეს ესნ-ის 0802 22 000 00 კოდით გათვალისწინებული საქონლის (ნაჭუჭგაცლილი თხილი) მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
ხოლო საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „უ“ და „ფ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით, ასევე გათავისუფლებულია:
უ) საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის (გარდა სეს ესნ-ის 0407 11 000 00 და 0407 21 000 00 კოდებით გათვალისწინებული საქონლისა (კვერცხისა) და 0207 11 სუბპოზიციაში მითითებული საქონლისა (შინაური ქათამი აუქნელი, ახალი ან გაცივებული)) მიწოდება მის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე);
ფ) საქართველოში მთლიანად წარმოებული საქონლისაგან მიღებული სეს ესნ-ის 0201, 0203 11–0203 19, 0204 10 000 00–0204 23 000 00, 0204 50 110 00–0204 50 390 00 კოდებით გათვალისწინებული საქონლის (მათ შორის, გატარებული/დაკეპილი ფორმით არსებულის (ფარშის)), საქართველოს ბინადარი ცხოველისგან მიღებული პროდუქტის სამრეწველო გადამუშავების შედეგად წარმოებული ყველის, აგრეთვე სეს ესნ-ის 0802 22 000 00 კოდით გათვალისწინებული საქონლის (ნაჭუჭგაცლილი თხილი) მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს გამოწერილი აქვს საგადასახადო ანაგარიშ-ფაქტურები, რომლებშიც დასაბეგრი საქონელი, რომელიც არ წარმოადგენს ადგილობრივი წარმოების სასოფლო-სამეურნეო პროდუქტს (შაქარი, ბრინჯი, ზეთი და ა.შ) შეყვანილი აქვს ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული საქონლის ბრუნვაში, რის შედეგადაც შემცირებულია 18%-ით დასაბეგრი ბრუნვა. შემოწმებით დაკორექტირდა დღგ-ის 18%-ით დასაბეგრი ბრუნვა და საწარმოს განესაზღვრა კუთვნილი საგადასახადო ვალდებულება.
მომჩივნის განმარტებით, შემოწმების მიერ დღგ-ით დაიბეგრა ყველი, თაფლი, ბოსტნეული, ხორცი და ა. შ. სხვადასხვა საქონელი, რაც გათავისუფლებულია დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით. ზემოაღნიშნული პოზიციის დასადასტურებლად საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში წარადგინა აუდიტორის მიერ მიწოდებული დამატებით დარიცხული დღგის გაანგარიშების ცხრილი და აღნიშნავს, რომ ცხრილიდან ნათლად ჩანს, რომ შემოწმების შედეგად დღგ-ით დაბეგრილი იქნა ისეთი საქონელი, რაც გათავისუფლებულია დღგ-ისაგან. შესაბამისად, ითხოვს არასწორად დარიცხული დღგ-ის შემცირებას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ დამატებული ღირებულების გადასახადის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს ადგილობრივი წარმოების საქონლის დღგ-ით დაბეგვრი საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
ამავე კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
ხოლო ამ მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, შემოწმების დროს გადამხდელის მიერ წარმოდგენილი იყო შესყიდვის აქტების რეესტრები. შემოწმების მიერ მოხდა შესყიდვის აქტების რეესტრში მითითებულ ფიზიკურ პირებთან დაკავშირება და ახსნა-განმარტებების ჩამორთმევა, საიდანაც დადგინდა, რომ აღნიშნულ ფიზიკურ პირებს შპს „------თვის“ არ მიუწოდებიათ შესყიდვის აქტში მითითებული რაოდენობის საქონელი. იმ ნაწილში, სადაც არ დგინდებოდა დოკუმენტური ხარჯის გაწევა, შემოწმებამ გამოიყენა №0256 სიტუაციური სახელმძღვანელო. შემოწმებით გამოვლენილი შემოსავლები ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საწარმოს განესაზღვრა კუთვნილი საგადასახადო ვალდებულება.
მომჩივანი არ ეთანხმება საქონლის რეალიზაციასა და №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს გათვალისწინებით განსაზღვრულ ხარჯს შორის სხვაობის თანხის ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხულ საგადასახადო ვალდებულებების ოდენობას და მიუთითებს, რომ არ არის გათვალისწინებული დებიტორ-კრედიტორების შესახებ ინფორმაცია, ბანკიდან განხორციელებული ისეთი გადახდები, რომელზეც არ არის გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და ასევე, სესხისთვის გადახდილი თანხები. მომჩივანი ასევე არ ეთანხმება შემოწმებით დადგენილ ფასნამატს და ითხოვს ისეთ საქონელზე, რომელზეც არ არის წარმოდგენილი შესყიდვის აქტები, ხარჯებში გათვალისწინებული იქნეს კომპანიის მიერ დაფიქსირებული დოკუმენტური ფასნამატი.
საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივანმა აღნიშნა, რომ შესამოწმებელი პერიოდი მოიცავდა 1.01.2019-წლიდან 1.07.2022 წლამდე პერიოდს, აღნიშნული პერიოდის შემდეგ საწარმოს შემოსავლები აღარ უფიქსირდება, თუმცა გააჩნდა საბანკო სესხი, რომელზეც გადახდილია თანხები და სესხი სრულად არის დაფარული, ჯამში 224 228 ლარის ოდენობით, რაც დასტურდება ბანკის ამონაწერით. ფულის მოძრაობის დროს აღნიშნული თანხები უნდა იქნას გათვალისწინებული. რადგან საწარმო შესყიდვებს ძირითადად ახორციელებდა სალაროდან საქვეანგარიშო პირების მეშვეობით, შესამოწმებელი პერიოდის შემდეგ, მაშინ, როდესაც საწარმოს აღარ უფიქსირდება შემოსავლები, საქვეანგარიშო პირების მიერ დაბრუნებულია თანხები ბანკის სესხების დასაფარად, რაც ადასტურებს სალაროში თანხების არსებობას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმებით დარიცხულ თანხებს და ითხოვს დარიცხული თანხების კორექტირებას/შემცირებას. ამასთან, გადამხდელმა მოითხოვა რეალიზაციასა და ხარჯს შორის შემოწმებით გამოვლენილი სხვაობის საწარმოს დირექტორზე გაცემულ სესხად განხილვა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, კერძოდ, ინფორმაცია სესხის დასაფარად გადახდილი თანხების შესახებ (მათ შორის, საბანკო ამონაწერი). თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სესხის/ვალდებულებების დასაფარად გადახდილი თანხები მიიჩნიოს საწარმოს მიერ ანგარიშვალდებულ პირზე შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გაცემულ სესხად და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „------“ (ს/ნ -----) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დამატებული ღირებულების გადასახადის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს ადგილობრივი წარმოების საქონლის დღგ-ით დაბეგვრი საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, კერძოდ, ინფორმაცია სესხის დასაფარად გადახდილი თანხების შესახებ (მათ შორის, საბანკო ამონაწერი);
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სესხის/ვალდებულებების დასაფარად გადახდილი თანხები მიიჩნიოს საწარმოს მიერ ანგარიშვალდებულ პირზე შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გაცემულ სესხად და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქუჩა №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდას;
2. არ ეთანხმება საქონლის რეალიზაციასა და №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს გათვალისწინებით განსაზღვრულ ხარჯს შორის სხვაობის თანხის ხელფასად განხილვას.
ფაქტობრივი გარემოებები
1. გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს სურსათითა და სხვადასხვა პროდუქტებით სარესტორნო ქსელების მომარაგება. შემოწმების მიმდინარეობისას მონაცემების ანალიზის შედეგად გამოვლინდა სხვაობა გადამხდელის მიერ დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვასა და შემოწმების შედეგად დადგენილ ბრუნვას შორის, კერძოდ, შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს გამოწერილი აქვს საგადასახადო ანაგარიშ-ფაქტურები, რომლებშიც დასაბეგრი საქონელი, რომელიც არ წარმოადგენს ადგილობრივი წარმოების სასოფლო-სამეურნეო პროდუქტს (შაქარი; ბრინჯი; ზეთი და ა.შ.) შეყვანილი აქვს ჩათვლის უფლებით განთავისუფლებული საქონლის ბრუნვაში, რის შედეგადაც შემცირებულია 18%- ით დასაბეგრი ბრუნვა. შემოწმების შედეგად დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები, კერძოდ, 18%-ით დასაბეგრი ბრუნვა გაიზარდა 310 054 ლარით. საწარმოს დაერიცხა გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.
2. შემოწმებით განისაზღვრა გადამხდელის ფულადი ნაკადების მოძრაობა. შემოწმების მიერ მოხდა შესყიდვის აქტების რეესტრში მითითებულ ფიზიკურ პირებთან დაკავშირება და ახსნა-განმარტებების ჩამორთმევა, საიდანაც დადგინდა, რომ აღნიშნულ ფიზიკურ პირებს მომჩივნისთვის არ მიუწოდებიათ შესყიდვის აქტში მითითებული რაოდენობის საქონელი. ვინაიდან გადამხდელს არ ჰქონდა სრულყოფილად წარმოდგენილი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები, იმ ნაწილში, სადაც არ დგინდებოდა დოკუმენტური ხარჯის გაწევა, შემოწმებამ გამოიყენა №0256 სიტუაციური სახელმძღვანელო. შემოწმებით გამოვლენილი შემოსავლები ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ დამატებული ღირებულების გადასახადის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს ადგილობრივი წარმოების საქონლის დღგ-ით დაბეგვრი საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურმა მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, კერძოდ, ინფორმაცია სესხის დასაფარად გადახდილი თანხების შესახებ (მათ შორის, საბანკო ამონაწერი). თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სესხის/ვალდებულებების დასაფარად გადახდილი თანხები მიიჩნიოს საწარმოს მიერ ანგარიშვალდებულ პირზე შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გაცემულ სესხად და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159(1"ა""ბ"), 163(1)(2), 164(1), 172(4"უ""ფ"), 43(4), 136(3), 73(4)(5"ა")(9"ბ"), 49(1"ე"), 61(3), 101(1), 154(1"ა")(2"ა""ბ")(3"ა").
2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსი: 160"ა", 161(1"ა"), 167(4"უ""ფ").