N421 -07/09/2017 - „საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 4 აპრილის №275 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მთავრობის დადგენილებაში ცვლილება 07.09.2017
№ დოკუმენტი 421
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს მთავრობა

📄 სრული ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №421

2017 წლის 7 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 4 აპრილის №275 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 4 აპრილის №275 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/04/2014, 200030000 10 003.017895) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესის“:

1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესი

1. საგადასახადო შეთანხმება შესაძლებელია გაფორმდეს შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის, გადასახადის გადამხდელის:

ა) საგადასახადო დავალიანების/საგადასახადო დავალიანების ნაწილის შემცირების მიზნით;

ბ) იმ მოსაკრებლის თანხის ან/და მასთან დაკავშირებული ჯარიმისა და საურავის შემცირების მიზნით, რომლის ადმინისტრირებასაც საგადასახადო ორგანო ახორციელებს.

2. საგადასახადო შეთანხმება არ ფორმდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 155-ე და 205-ე მუხლების შესაბამისად დარიცხულ მიმდინარე გადასახდელებზე.“.

2. მე-3 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – გადასახადის გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურში განცხადების შეტანის თარიღამდე არსებული საგადასახადო დავალიანების/საგადასახადო დავალიანების ნაწილის ოდენობას, მათ შორის: ძირითადი გადასახადის, მიმდინარე გადასახდელების, ჯარიმისა და საურავის ოდენობებს; საგადასახადო შეთანხმების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ გადასახდელად შეთავაზებული თანხის ოდენობასა და გადახდის ვადას, ხოლო ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – გადასახადის გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურში განცხადების შეტანის თარიღამდე არსებული მოსაკრებლის თანხის ოდენობას, მათ შორის: ძირითადი ნაწილის, ჯარიმისა და საურავის ოდენობებს; საგადასახადო შეთანხმების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ გადასახდელად შეთავაზებული თანხის ოდენობასა და გადახდის ვადას.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. თუ განცხადება არ შეესაბამება ამ მუხლის მოთხოვნებს, გადასახადის გადამხდელს წერილობითი ფორმით ეცნობება ხარვეზის შესახებ.“;

გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. თუ გადასახადის გადამხდელი შემოსავლების სამსახურის მიერ განსაზღვრულ ვადაში არ წარადგენს დამატებით მოთხოვნილ დოკუმენტაციას, წარდგენილი განცხადება აღარ განიხილება.“.

3. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია, საგადასახადო შეთანხმების აქტით გათვალისწინებული ვალდებულება შეასრულოს ამ შეთანხმებით განსაზღვრულ ვადაში. ამასთან, საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში საგადასახადო შეთანხმების თაობაზე გადასახადის გადამხდელის მიერ შეტანილ განცხადებაში მითითებული თარიღის (საგადასახადო დავალიანების/საგადასახადო დავალიანების ნაწილის/მოსაკრებლის თანხების თარიღი) შემდეგ გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი, იძულებითი ღონისძიებების განხორციელებით ან გადასახადის გადამხდელის სასარგებლოდ, მესამე პირის მიერ ბიუჯეტში/მოსაკრებლების შესაბამის სახაზინო კოდზე ჩარიცხული თანხები ითვლება საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებად.“.

4. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7. საგადასახადო დავალიანების/მოსაკრებლის თანხების შემცირება

1. საგადასახადო შეთანხმების პირობების შესრულების შემდეგ შემოსავლების სამსახური გადასახადის გადამხდელს უმცირებს საგადასახადო დავალიანებას/მოსაკრებლის თანხებს.

2. გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების/მოსაკრებლის თანხების შემცირება მისი პირადი აღრიცხვის ბარათებზე ხორციელდება შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.

 

მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე