თანამშრომლებისთვის უსასყიდლოდ გაწეული ტრანსპორტირების მომსახურების დაბეგვრა
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
#assignedTableId-1674200487416 {border: none; margin: 0 auto !important; }წევრი სახელმწიფო:
გერმანია
საქმის ნომერი:
C-258/95
მხარეები:
Julius Fillibeck Söhne GmbH & Co. KG v. Finanzamt Neustadt
თარიღი:
16/10/1997
სამართლებრივი საფუძველი:
· 1977 წლის 17 მაისის დღგ-ის მე-6 დირექტივის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილი(2006 წლის 28 ნოემბრის დირექტივის მე-2 მუხლის პირველინაწილის „გ“ პუნქტი)
· 1977 წლის 17 მაისის დღგ-ის მე-6 დირექტივის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის„ბ“ პუნქტი (2006 წლის 28 ნოემბრის დირექტივის 26-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტი)
შესაბამისი ნორმებისაქართველოს საგადასახადო კოდექსიდან:
· 159-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ პუნქტი
· 1601 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტი
თანამშრომლებისთვის უსასყიდლოდ გაწეული ტრანსპორტირების მომსახურების დაბეგვრა
ფაქტობრივი გარემოება
Julius Fillibeck Söhne (შემდეგში „კომპანია“) არის სამშენებლო კომპანია. იგი ახორციელებდა საკუთარი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით დაქირავებულების უსასყიდლოდ ტრანსპორტირებას საცხოვრებელი სახლებიდან სხვადასხვა სამშენებლო ობიექტამდე. რიგ შემთხვევებში თანამშრომელთა ტრანსპორტირებას ასევე ახდენდა საწარმოს ერთ-ერთი დაქირავებული საკუთარი კერძო ავტომობილით, მაგრამ კომპანიის ხარჯით. დაქირავებულებს ტრანსპორტირების მომსახურების სანაცვლოდ ხელფასიდან თანხა არ ექვითებოდათ.
გერმანიის შიდა რეგულაციებით სამშენებლო კომპანიებისთვის განსაზღვრულია ვალდებულება, უზრუნველყონ თანამშრომლების საცხოვრებელი ადგილიდან სამშენებლო ობიექტებამდე ტრანსპორტირება იმ შემთხვევაში, თუ მათ შორის მანძილი აღემატება დადგენილ ნორმას. სწორედ ამ რეგულაციებთან შესაბამისობაში ახორციელებდა კომპანია დაქირავებულების ტრანსპორტირებას ზემოაღნიშნულ პუნქტებს შორის.
გერმანიის საგადასახადო ორგანომ საწარმოს მიერ თანამშრომლების ტრანსპორტით უზრუნველყოფა დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად მიიჩნია, რასაც არ დაეთანხმა კომპანია. შესაბამისი ინსტანციების გავლის შემდეგ საგადასახადო დავამ გერმანიის სასამართლოში გადაინაცვლა, რომელმაც ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს მიმართა.
დასმული კითხვები
1)2006 წლის 28 ნოემბრის დირექტივის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ პუნქტის მიხედვით, დგინდება თუ არა ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევის ფაქტი, როცა ადგილი აქვს დამსაქმებლის მიერ დასაქმებულების უსასყიდლოდ ტრანსპორტირებას სახლიდან სამუშაო ადგილამდე, როცა ეს ორი პუნქტი განსაზღვრულზე დიდი მანძილით არის ერთმანეთისგან დაშორებული და აღნიშნულს არ აქვს რეალური კავშირი დაქირავებულის მიერ შესრულებულ სამუშაოსთან ან მის მიერ მიღებულ ხელფასთან?
2)დამქირავებლის მიერ კომპანიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით დაქირავებულების უსასყიდლოდ ტრანსპორტირება სახლიდან სამუშაო ადგილამდე, რაც არ სცილდება კომპანიის საკუთარი საქმიანობის მიზანს, მაგრამ რაც ამავდროულად დაქირავებულების კერძო ინტერესებსაც ემსახურება, განიხილება თუ არა ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევად 2006 წლის დირექტივის 26-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტის მიზნებისთვის?
3)მეორე კითხვაზე პასუხი იგივე დარჩება თუ არა იმ შემთხვევაში, როცა თანამშრომელთა ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს ერთ-ერთი დასაქმებული საკუთარი კერძო ავტომობილით, მაგრამ დამსაქმებლის ხარჯით?
სასამართლოს გადაწყვეტილება
2006 წლის 28 ნოემბრის დირექტივის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ პუნქტის მიხედვით, დღგ-ით იბეგრება დასაბეგრი პირის მიერ ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, იმისათვის, რომ მომსახურება ანაზღაურების სანაცვლოდ გაწეულად ჩაითვალოს ზემოაღნიშნული ნორმის მიზნებისთვის, უნდა არსებობდეს პირდაპირი კავშირი გაწეულ მომსახურებასა და მიღებულ ანაზღაურებას შორის, რომელშიც, თავის მხრივ, იგულისხმება ფაქტობრივად მიღებული ფულადი გამოხატულების მქონე ანაზღაურება.
როგორც აღინიშნა, დაქირავებულები არ იხდიდნენ მიღებული ტრანსპორტირების მომსახურების სანაცვლოდ კომპენსაციას და არც მათი ხელფასიდან ხორციელდებოდა რაიმე თანხის დაქვითვა დამქირავებლის მიერ. შესაბამისად, მიჩნეულ იქნა, რომ თანამშრომლების დაქირავებით მუშაობა და სანაცვლოდ ანაზღაურების (ხელფასი) მიღება არ უკავშირდება მათი ტრანსპორტირებით უზრუნველყოფას. მათ მიერ გაწეული შრომა (სამშენებლო სამუშაოები) არ წარმოადგენს სატრანსპორტო მომსახურების კომპენსაციას. შესაბამისად, პირველ კითხვაზე პასუხად, სასამართლომ დაადგინა, რომ ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევის ფაქტს ადგილი არ აქვს.
2006 წლის დირექტივის 26-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტის თანახმად, ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევად ითვლება მომსახურების უსასყიდლოდ გაწევა დასაბეგრი პირის მიერ თავისი ან დაქირავებულების პირადი სარგებლობის მიზნებისთვის, ან ზოგადად საკუთარი საქმიანობის მიზნისგან განსხვავებული მიზნით.
სასამართლომ მიიჩნია, რომ კონკრეტულ გარემოებებში შეიძლება აუცილებლობად იქცეს დამქირავებლის მიერ თანამშრომელთა ტრანსპორტირებით უზრუნველყოფა. თუ მხოლოდ დამსაქმებელს შეუძლია თანამშრომლის სატრანსპორტო მომსახურებით უზრუნველყოფა და თან დასაქმებულის სამუშაო ადგილიც ცვალებადია, მაშინ შესაძლოა, დამსაქმებლის ვალდებულებად იქცეს დაქირავებულისთვის აღნიშნული მომსახურების გაწევა. ასეთ დროს გაწეული მომსახურება უკავშირდება დასაბეგრი პირის საკუთარი საქმიანობის მიზანს, ხოლო ის სარგებელი, რომელსაც თანამშრომელი ტრანსპორტირებით უზრუნველყოფის შედეგად იღებს, უმნიშვნელო და მეორეხარისხოვანია კომპანიის ეკონომიკური საქმიანობის ინტერესებთან შედარებით.
როგორც აღნიშნულია, თანამშრომელთა ტრანსპორტირებით უზრუნველყოფა ხორციელდება ადგილობრივი რეგულაციებით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით. ეს ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ თანამშრომელთა ტრანსპორტირებით უზრუნველყოფა განპირობებულია კომპანიის სამეწარმეო მიზნებით.
მეორე კითხვის პასუხად, ევროსასამართლომ მიიჩნია, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ეროვნულმა სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს, რამდენად აქვს ადგილი დამსაქმებლის მიერ ტრანსპორტირების უზრუნველყოფის საჭიროებას და აუცილებლობას. ასეთი საჭიროების და აუცილებლობის არარსებობის შემთხვევაში კი, ანუ როცა თანამშრომელს აქვს ალტერნატიული შესაძლებლობა საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის, დგინდება დასაბეგრი პირის მიერ დაქირავებულის პირადი სარგებლობისთვის ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევის ფაქტი.
რაც შეეხება მესამე შეკითხვას, სასამართლოს შეფასებით, ის, თუ ვისი სატრანსპორტო საშუალებით ხორციელდება მომსახურების გაწევა, არ განსაზღვრავს უსასყიდლოდ მომსახურების გაწევის ფაქტის არსებობას. შესაბამისად, მეორე კითხვაზე პასუხი ამ შემთხვევაში უცვლელია.