გადაწყვეტილება №21768/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21768/2/2023
30 აპრილი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 29.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -------ის 30.12.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21768/2/2023).
დავის საგანი:
1. დღგ-ის დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისათვის დაკისრებული ჯარიმის გაანგარიშების მართლზომიერება და სანქციებისაგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე;
2. გაწეული ხარჯების 75%-ის გათვალისწინება საგადასახადო ვალდებულებების და სანქციების განსაზღვრისას;
3. საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშების და დარიცხვის მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 10.10.2023 წლის №085-18 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 29.12.2023 წლის №33870 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 405 700 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 150 302
დღგ - 147 316
საშემოსავლო გადასახადი - 4 533
ქონების გადასახადი - (- 1 547)
ჯარიმა - 132 035
საურავი - 123 363
პროცედურული გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 2022 წლის პირველი ივნისიდან 2023 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 29.09.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 9.10.2023 წლის №24989 ბრძანება და 10.10.2023 წლის №085-18 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 29.12.2023 წლის №33870 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. დღგ-ის დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისათვის დაკისრებული ჯარიმის გაანგარიშების მართლზომიერება და სანქციებისაგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
ფაქტების აღწერა
2019 წლის ნოემბრის საანგარიშო პერიოდში მომჩივანს სატენდერო ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული ავანსი არ აქვს დაბეგრილი, თუმცა ამავე ოპერაციის ფარგლებში შემდგომ პერიოდში შესრულებული სამუშაოების მიხედვით გამოწერილ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებს სრულად ასახავს შესაბამისი პერიოდების დეკლარაციებში. ასევე რიგ შემთხვევებში, სატენდერო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ავანსის თანხების პერიოდული განაშთვის ნაცვლად პირი ერთიანად ახორციელებს ავანსის თანხის განაშთვას. 2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლისა და 2021 წლის პირველი იანვრიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე და 163-ე მუხლების გათვალისწინებით, ასევე ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების მიხედვით, შემოწმების შედეგად, განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა სატენდერო ხელშეკრულებების პერიოდების მიხედვით, რაც ითვალისწინებს ერთის მხრივ ავანსის გაცემას და ასევე მიუთითებს, რომ აღნიშნული ავანსები უკავშირდება კომპანიის მიერ შემდგომ პერიოდებში გაწეულ მომსახურებებს წინასწარ განსაზღვრული პროპორციის მიხედვით. შესაბამისად, შემოწმებით აღნიშნულ საკითხში განხორციელდა დასაბეგრი ბრუნვის ცვლილება და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით, ასევე, მიუთითა ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურმა მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი განმარტავს, რომ საჩივარი განხილულია მომჩივნის დასწრების გარეშე. აუდიტის დეპარტამენტში წარდგენილი ხელშეკრულების შესაბამისად სხვადასხვა პროექტების ფარგლებში ერიცხებოდა ავანსები, რაზეც წერდა ავანსის ანგარიშფაქტურას, აღნიშნული ავანსები გადასახადის გადამხდელის მიერ დაბეგრილია და საბოლოო მომსახურების მიწოდების ანგარიშ-ფაქტურებით გაქვითულია წინასწარ სრულად ჩარიცხვის მიხედვით, 2021 და 2022 წლებში მაგრამ ეს ავანსები უნდა განაშთულიყო ხელშეკრულების შესაბამისად (და არა ჩარიცხვებიდან გამომდინარე), პროპორციულად და ეტაპობრივად. ამასთან მართალია მიღებული ავანსები ნაადრევად გაინაშთა და საწარმომ არასწორ საანგარიშო პერიოდში მოახდინა მის მიერ გამოწერილი ავანსების ანგარიშ-ფაქტურების ჩათვლა/განაშთვა, მაგრამ შემდეგ პერიოდში ხორციელდებოდა მიწოდებული მომსახურების სრულად დაბეგვრა, ანუ ნაადრევად ჩათვლილი/განაშთული ავანსების ანგარიშ-ფაქტურების გამოყენება ხდებოდა მხოლოდ ერთხელ, არასწორ საანგარიშო პერიოდში. აღნიშნულის თაობაზე არა ერთხელ მიმართა, როგორც მომსახურების დეპარტამენტს, ასევე აუდიტის დეპარტამენტს, თხოვნით რათა მიეცათ უფლება არასწორად მიბმული ავანსის ანგარიშ-ფაქტურების ჩაეხსნა შესაბამისი თვის დეკლარაციებიდან, ვინაიდან სხვანაირად ვერ ხდებოდა დეკლარაციების დაზუსტება. ვინაიდან დეკლარაციები მოიცავდა შემოწმების პერიოდს, აუცილებელი იყო აუდიტის დეპარტამენტის შესაბამისი წერილი, რათა მომსახურების დეპარტამენტს შესაბამისი დეკლარაციებიდან ჩაეხსნა შესამოწმებელ პერიოდზე არასწორად მიბმული ავანსის ფაქტურები. საბოლოოდ მომსახურების დეპარტამენტის მიერ მოხდა ფაქტურების ჩახსნა და გადასახადის გადამხდელის მიერ დაზუსტდა დღგ-ის შესაბამისი თვის დეკლარაციები, მოხდა ავანსების ჩათვლა/განაშთვა სწორ საანგარიშო პერიოდზე და შესაბამისად შემცირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვებიც და დღგ-ის გადასახადიც.
აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული არასწორად ჩათვლილ ავანსის ანგარიშ-ფაქტურებზე საგადასახადო შემოწმებამ დაარიცხა სსკ-ის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტი, რაც არასწორია, ვინაიდან სადავო შემთხვევაში ადგილი აქვს სსკ-ის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ჯარიმას.
ასევე ითხოვს აღნიშნულ ნაწილში გამოყენებული იქნას სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილი, ვინაიდან, გადამხდელმა შეცდომით არასწორ საანგარიშო პერიოდში მოახდინა მის მიერ გამოწერილი ავანსის ფაქტურების ჩათვლა/განაშთვა, რომელიც შემდგომ პერიოდში არ გამოუყენებია და ფაქტობრივად დასტურდება ის გარემოება, რომ აღნიშნულ სამართალდარღვევის ნაწილში ადგილი აქვს მხოლოდ საგადასახადო ვალდებულების პერიოდის ცვლილებასთან, შესაბამისად აღნიშნულით დასტურდება, რომ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით, მის განზრახვას არ წარმოადგენდა გადასახადის შემცირება და აღნიშნულ სამართალდარღვევას არ უმოქმედია ძირითად გადასახადზე. აუდიტის დეპარტამენტის და მომსახურების დეპარტამენტის გადაწყვეტილებების საფუძველზე, მოხდა შემოწმებულ პერიოდზე არასწორად მიბმული დღგ-ის დეკლარაციებიდან ანგარიშფაქტურების ჩახსნა. აღნიშნულის საფუძველზე მიეცა უფლება, რომ მომეხდინა შესაბამისი თვის დღგ-ის დეკლარაციების დაზუსტება. შესაბამისად დღეის მდგომარეობით, საწარმოს არ გააჩნია გადასახადის ნაწილში დავალიანება, რაც ასევე მიუთითებს მის კეთილსინდისიერებაზე ჩადენილი სამართალდარღვევის მიმართ. შესაბამისად ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე კომპანია განთავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისაგან და საურავისაგან.
2. გაწეული ხარჯების 75%-ის გათვალისწინება საგადასახადო ვალდებულებების და სანქციების განსაზღვრისას
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 18.05.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, ამ სადავო საკითხთან დაკავშირებით, ინფორმაცია არ არის მითითებული.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილით, 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 72-ე მუხლის პირველი ნაწილით, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 981 მუხლის პირველი ნაწილით, მე-8 მუხლის მე-12 ნაწილით, 130-ე მუხლის პირველი ნაწილით, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით.
საქმეში არსებულ მასალებზე და ზემოაღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიუთითა გადასახადის გადამხდელის პოზიციაზე და განმარტა, რომ იმ შესყიდული მასალების ღირებულების გადასახადებით დაბეგვრა/დეკლარირება, რომელზეც კომპანიას არ გააჩნდა პირველადი საგადასახადო დოკუმენტები მართებულია, შესაბამისად საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოწმების მიერ არ იქნა გათვალისწინებული გადამხდელის მიერ წარდგენილი ახსნა-განმარტება, (იხ. დანართი), სადაც ითხოვს ფაქტობრივად გაწეული ხარჯის, რომელზედაც არ არსებობს შეძენის დოკუმენტი, თუმცა სხვა დოკუმენტაციით დასტურდება ხარჯის ფაქტობრივი გაწევა, კერძოდ, ჯამში საუბარი არის ოთხ მილიონზე მეტი ღირებულების მასალაზე, ვინაიდან ხშირად მიმწოდებელი კომპანიები არ უწერდნენ საგადასახადო დოკუმენტებს სასაქონლო ზედნადებებს და ანგარიშ-ფაქტურებს, ამავდროულად სამუშაოების სპეციფიკიდან გამოდინარე სჭირდებოდა ისეთი მასალები, რაც ბაზარზე ძნელად საშოვნია ის მხოლოდ ფიზიკურ პირებს მოეპოვებოდა, ამიტომ მათგან კერძო საკუთრებაში ხდებოდა შესყიდვა მაგრამ ისინი უარს აცხადებდნენ შესყიდვის აქტების გაფორმებაზე ან ხშირად შესყიდვის აქტი დგებოდა, მაგრამ ობიექტების სიშორიდან გამომდინარე დროთა განმავლობაში იკარგებოდა და არ აისახებოდა ბუღალტრულ მონაცემებში არ მოდიოდა ოფისში, ან და ოფისში მოვიდა მაგრამ რამდენიმე ოფისის ცვლილების გამო გაიბნა-დაიკარგა, ასევე აქვს სამუშაოების შესრულებისთვის გაწერილი ვადები გეგმა გრაფიკი, თუ ვადებში ვერ ჩაეტევა და არ შეასრულებს შესაბამის სამუშაოებს ის დაჯარიმდება დაერიცხება საურავები, ჯარიმები და პირგასამტეხლოები, ამიტომ დირექტორი იძულებული იყო დაჩქარებული წესით ფიზიკური პირებისგან შეესყიდა მასალები და იმპორტით არ შემოეტანა ის, ან ხანგრძლივად არ ეძებნა ბაზარზე, რადგან ელექტრონულად rs.ge-ს საშუალებით პირველად დოკუმენტს ფიზიკური პირები ვერ გვიწერდნენ, შესაბამისად მატერიალურად შექმნილი შეძენის დამადასტურებელი პირველადი საგადასახადო დოკუმენტების უმეტესი ნაწილი დაკარგულია და ვერ მოიძებნა, ამასთან, აღნიშნული მასალების შესყიდვა ფიქსირდება მხოლოდ შესრულებული სამუშაოების ფორმა 2-ებში, რაც ექსპერტიზითაც დასტურდება, ასეთი დოკუმენტალურად დაუდასტურებელი ხარჯები, რომლის შეძენის პირველადი დამადასტურებელი საგადასახადო დოკუმენტი გადასახადის გადამხდელმა ვერ მოიპოვა არ არის ბუღალტერიაში პროგრამაში ფინასურ აღრიცხვისას ცალკე კრედიტორულ ვალდებულებებში 3110-ზე ასახული, ეს თანხები აისახებოდა 1430-ზე ან 144- ზე, როგორც ანგარიშვალდებულ პირზე გაცემული თანხები მხოლოდ თანხობრივად შესყიდული მასალების გარეშე, ის თანხები რითაც განხორციელდა მასალების საქონლის შესყიდვა და რაზეც გარკვეული მიზეზების გამო არ მოგვეპოვება პირველადი დოკუმენტების უმეტესი ნაწილი დოკუმენტების არ ქონის გამო, გადასახადის გადამხდელმა დაბეგრა დივიდენდით (იხ. დანართი) და გადაიხადა შესაბამისი გადასახადი ბიუჯეტში, საგადასახადო კოდექსის შესაბამისად როგორც მოგების 15 პროცენტი ასევე 5 პროცენტი დივიდენდის გადასახადი.
ითხოვს შემოსავლების სამსახურის უფროსის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების დანართი №6-ის (სააღრიცხვო დოკუმენტაციასთან შედარებით, შემოწმების არაპირდაპირი მეთოდით გამოვლენილ ხარჯებში სხვაობის დაბეგვრის შესახებ) მიხედვით, დაევალოს აუდიტის დეპარატმენტს იმ ხარჯებთან მიმართებით, რომლის ხარჯის ფაქტობრივად გაწევის ნამდვილობა და ამ ხარჯის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება არ არის სადავო და რომელთა შეძენის დამადასტურებელი პირველადი საგადასახადო დოკუმენტი კომპანიას არ გააჩნია, მაგრამ ეს მასალები ასახულია გადასახადის გადამხდელის სამუშაოების გაწევის ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტში ფორმა ორებში და მათი ნამდვილობა ექსპერტიზით და მიღება-ჩაბარებით დასტურდება, რომელიც ასევე წარდგენილი იქნა შემმოწმებელთან, ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულ ხარჯად დაკვალიფიცირდეს გადამხდელის მიერ გაცხადებული ხარჯის 75% და აღნიშნულის შესაბამისად შემცირდეს გადასახადის გადამხდელის მიერ ზედმეტად დარიცხული დივიდენდის თანხები, ასევე შემცირდეს 25%-ზე მეტი დაბეგრილი უსაბუთო ხარჯებზე გადახდილი მოგების 15% და ძველი პერიოდის დაზუსტებით დარიცხული საურავი.
3. საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშების და დარიცხვის მართლზომიერება
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 29.09.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, 2020 წლის საანგარიშო პერიოდში გადამხდელის მიერ გაცემული სახელფასო განაცემები განსხვავდება მის მიერ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში ასახული განაცემებისგან. წარდგენილი სახელფასო უწყისების მიხედვით, დასაქმებულებზე გასცემს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 112-ე ნაწილით გათვალისწინებულ შეღავათს, რომლის მიხედვითაც რიგ შემთხვევაში ზოგიერთ პირზე დარიცხული ხელფასი აღემატება 1500 ლარს, შესაბამისად არ აკმაყოფილებს შეღავათით სარგებლობის პირობებს. ამასთან შემოწმების მიერ, იმ პირებზე გაცემული საშეღავათო თანხა, ვინც აკმაყოფილებს შეღავათით სარგებლობის პირობებს, დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების მოთხოვნების საფუძველზე, შემოწმების მიერ აღნიშნულ საკითხში განხორციელდა შესაბამისი საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა და ჯარიმის დაკისრება.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილით და 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 309-ე მუხლის 112-ე ნაწილით.
შემოსავლების სამსახურმა მიუთითა საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, სახელფასო უწყისების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს დასაქმებულებზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 112-ე ნაწილით გათვალისწინებული შეღავათი გამოყენებული აქვს ისეთ შემთხვევებზე, როდესაც დარიცხული ხელფასი აღემატება 1500 ლარს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი განმარტავს, რომ საშემოსავლო გადასახადით იქნა დაბეგრილი ის თანხები, რომლებიც ე.წ „კოვიდის“ პერიოდში იქნა საშემოსავლო გადასახადისაგან განთავისუფლებული, კერძოდ მაგალითად როცა კომპანიის თანამშრომელს ჰქონდა დარიცხული ხელფასი 1500 ლარი და იქნა განთავისუფლებული საშემოსავლო გადასახადისაგან, კომპანიას უნდა გადაეხადა ბიუჯეტში 300 ლარი საშემოსავლო, აქედან 150 ლარი იყო საშემოსავლო გადასახადისაგან განთავისუფლებული და რჩებოდა საწარმოში, შემმოწმებელმა აღნიშნული თანხა მიუმატა თანამშრომელს ხელფასს, რითაც ხელოვნურად გამოვიდა, რომ თანამშრომლის ხელფასი აცდა 1500 ლარს, სინამდვილეში კი თანამშრომელმა მიიღო სწორედ ხელზე ასაღები 1200 ლარი. შესაბამისად აღნიშნულ ნაწილში დარიცხული საშემოსავლო გადასახადი ექვემდებარება სრულად გაუქმებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები, რის გამოც საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 29.12.2023 წლის №33870 ბრძანება;
3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
მომჩივანი ითხოვს დღგ-ის დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისათვის დაკისრებული ჯარიმის გაანგარიშების მართლზომიერება და სანქციებისაგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე;
არ ეთანხმება გაწეული ხარჯების 75%-ის გათვალისწინება საგადასახადო ვალდებულებების და სანქციების განსაზღვრისას; საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშების და დარიცხვის მართლზომიერებას.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 29.12.2023 წლის №33870 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები, რის გამოც საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 981(1); 982(1-ა); 101; 130;154; 269(7); 309(112);