შემოსავლებისა და ხარჯების გამიჯვნა შეღავათით სარგებლობის მიზნით N 0511
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
შემოსავლებისა და ხარჯების გამიჯვნა შეღავათით სარგებლობის მიზნით N 0511
ფაქტობრივი გარემოებები
· საწარმოს ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა, რომელთან ერთადაც ასევე ახორციელებს სხვა სახის საქმიანობასაც. საწარმო ორივე სახის საქმიანობიდან იღებს შემოსავალს. ამასთან, საწარმოს უფიქსირდება ხარჯები: ა) რომლებიც გაწეულია სასოფლო-სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებით და ბ) რომლებიც გაწეულია არასასოფლო-სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებით
· საწარმომ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული ფინანსური და საგადასახადო მოგება, 150 000 ლარის ოდენობით, სრულად მიმართა შემდგომ წლებში რეინვესტირებისთვის და არ დაბეგრა მოგების გადასახადით
შეფასება
· საქართველოს საგადასახადო კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ" ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება სასოფლო-სამეურნეო საქმიანობიდან მიღებული მოგების ის ნაწილი, რომლის რეინვესტირებაც ხორციელდება შესაბამისი საგადასახადო წლის დასრულებიდან 3 წლის განმავლობაში
· სსკ-ის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ" ქვეპუნქტით დადგენილი საგადასახადო შეღავათით მოგების გადასახადისაგან თავისუფლდება მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით მიღებული დასაბეგრი მოგება, რომლის რეინვესტირებაც განხორციელდება შესაბამისი საგადასახადო წლის დასრულებიდან 3 წლის განმავლობაში. აქედან გამომდინარე, საწარმომ ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ ერთობლივ შემოსავალში ერთმანეთისაგან უნდა გამიჯნოს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობითა და სხვა სახის საქმიანობით მიღებული შემოსავლები. ასევე, ერთმანეთისაგან უნდა გაიმიჯნოს ხარჯები, რომლებიც გაწეულია სასოფლო-სამეურნეო საქმიანობასა და სხვა სახის საქმიანობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით მიღებული შემოსავალი უნდა შემცირდეს მის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯით და სწორედ აღნიშნული მოგება უნდა გათავისუფლდეს მოგების გადასახადით დაბეგვრისაგან
ღონისძიებები
· პირი, დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირების შემთხვევაში, დაჯარიმდება სსკ-ის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმით
სიტუაციურ სახელმძღვანელოში გათვალისწინებული მიდგომა ვრცელდება ასევე სსკ-ის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „რ“ ქვეპუნქტით დადგენილ შეღავათზე
სიტუაციური სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2015 წლის 3 ნოემბრისთვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით