ბრძანება N 6024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 6024
20 მარტი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
--------- (პ/ნ -------)
(მის.: --------)
2024 წლის 28 თებერვლის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 15 მარტის სხდომაზე (ოქმი №28) განიხილა -------ს (პ/ნ -----) №33637/21-11 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 31 იანვრის №EL240193 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმში დაფიქსირებულ ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ გამოიწერა 2 ცალი ამორტიზატორი, თუმცა აღმოჩნდა რომ არ იყო იდენტური ზომის და შეცდომის გამოსწორების მიზნით გამყიდველმა გამოუგზავნა მესამე ამორტიზატორი უფასოდ, როგორც საჩუქარი. აღნიშნული საჩუქრის საქართველოში ჩამოსვლა დაემთხვა სხვა გამოწერილი ნივთის ჩამოსვლას, რომელიც ღირდა 77 აშშ დოლარი და მან საკუთარი ნებით დაადეკლარირა ეს ორი ნივთი ჯამურად 104 აშშ დოლარის ღირებულების საქონლად (უფასოდ გამოგზავნილ ნივთს თავად მიანიჭა ღირებულება 30 აშშ დოლარი).
მას შემდეგ რაც საბაჟოს თანამშრომელმა განახორციელა გზავნილების შემოწმება შესთავაზეს ექსპერტიზის დანიშვნა ნივთების ღირებულების დადგენის მიზნით თუმცა მან ზედმეტი ხარჯების თავიდან არიდების მიზნით უარი განაცხადა ექსპერტიზაზე და შეუთანხმდა საბაჟოს თანამშრომელს, რომ მეორე დღეს მიუტანდა საჩუქრად გამოგზავნილი ამორტიზატორის ნულოვან დეკლარაციას. აღნიშნული შეთანხმების მიუხედავად მეორე დღეს უკვე დაწერილი დახვდა ჯარიმა და საბაჟოს თანამშრომელმა აღარ მიიღო წარდგენილი ნულოვანი დეკლარაცია. მომჩივანი საქონლის ღირებულების განსაზღვრასთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ მისთვის გაუგებარია რის საფუძველზე იქნა ნივთის ღირებულება დადგენილი.
აღნიშნულზე მითითებით არამართლზომიერად მიაჩნია დაჯარიმება და ითხოვს სადავო ოქმის ბათილად ცნობას, ჯარიმის სახით გადახდილი თანხის დაბრუნებას და დეკლარირების ვალდებულების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2024 წლის 17 იანვარს, საფოსტო გზავნილების გადამზიდავის – შპს „-------ს“ მიერ განხორციელდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ფიზიკური პირი -------ს (პ/ნ ------) სახელზე შემოტანილი, ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი №------- და №------ საფოსტო გზავნილების (გაცხადებული საერთო ღირებულებით 104 აშშ დოლარი) ზოგადი დეკლარირება, იმპორტის გადასახდელისაგან გათავისუფლებული საქონლისათვის განკუთვნილი საფოსტო გზავნილების დეკლარაციის წარდგენით.
საბაჟო კონტროლის განხორციელებისას გამოვლინდა, რომ აღნიშნულ საფოსტო გზავნილებზე დეკლარანტის (საფოსტო გზავნილის მიმღების) მიერ წარდგენილი იყო ღირებულების შესახებ არასწორი მონაცემები, კერძოდ, 104 აშშ დოლარის ნაცვლად, მიმღების მიერ წარდგენილი საქონლის ნასყიდობის დოკუმენტების (ინვოისები) მიხედვით საფოსტო გზავნილებში განთავსებული საქონლის საერთო ღირებულებამ შეადგინა 178.99 აშშ დოლარი.
ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში -------ს (პ/ნ ------) მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის 121.6 ლარის ოდენობის შემცირებას, გაფორმების ეკონომიკური ზონა „-------ს“ უფლებამოსილი პირის მიერ 2024 წლის 31 იანვარს შედგენილი №EL240193 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით სამართალდამრღვევ პირს დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის – 121.6 ლარის ოდენობით.
აღნიშნულთან ერთად, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) 25-ე და 31-ე მუხლების გათვალისწინებით, 2024 წლის 1 თებერვალს საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევის მიზნით შევსებულ იქნა №20010/1709889 საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4, რომელშიც მითითებული მონაცემების სისწორეს დეკლარანტი დაეთანხმა ხელმოწერით და საფოსტო გზავნილები გაიტანა საბაჟო კონტროლის ზონიდან.
საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ დეკლარანტისათვის შეთავაზებულ იქნა სასაქონლო ექსპერტიზის ჩატარება და საქონლის საბაჟო ღირებულების ამის საფუძველზე განსაზღვრა, თუმცა, დეკლარანტმა უარი განაცხადა აღნიშნული სერვისით სარგებლობაზე და საქონლის დეკლარირება ითხოვა მის მიერ წარმოდგენილი ინვოისების (სადაც საქონლის საერთო ღირებულება შეადგენდა 178.99 აშშ დოლარს) საფუძველზე.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი საქონლის საფოსტო გზავნილით შემოტანისას.
ამავე ინსტრუქციის (დანართი №8) 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი, საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის მიმღები (დეკლარანტი) ვალდებულია, გადამზიდველს ელექტრონული ფორმით მიაწოდოს „საფოსტო გზავნილის ღირებულების დეკლარაცია“ (დანართი №8-VIII-05).
ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით „საფოსტო გზავნილის ღირებულების დეკლარაციას“ დეკლარანტი ავსებს საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის ნასყიდობის დოკუმენტის (ინვოისის) საფუძველზე.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლით დადგენილია, რომ პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:
ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;
ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;
გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე საკანონმდებლო აქტის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება (გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა)– იწვევს დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
დადგენილია, რომ მომჩივნის მიერ ადგილი ჰქონდა წარდგენილ საბაჟო დეკლარაციაში არასწორი მონაცემის შეტანის ფაქტს, რამაც გამოიწვია იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება. რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით (167-ე მუხლი) გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ან/და კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. -------ს (პ/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 31 იანვრის №EL240193 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.
ფაქტობრივი გარემოებები
2024 წლის 17 იანვარს, საფოსტო გზავნილების გადამზიდავის მიერ განხორციელდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ფიზიკური პირის სახელზე შემოტანილი, ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი საფოსტო გზავნილების (გაცხადებული საერთო ღირებულებით 104 აშშ დოლარი) ზოგადი დეკლარირება, იმპორტის გადასახდელისაგან გათავისუფლებული საქონლისათვის განკუთვნილი საფოსტო გზავნილების დეკლარაციის წარდგენით. საბაჟო კონტროლის განხორციელებისას გამოვლინდა, რომ აღნიშნულ საფოსტო გზავნილებზე დეკლარანტის (საფოსტო გზავნილის მიმღების) მიერ წარდგენილი იყო ღირებულების შესახებ არასწორი მონაცემები, კერძოდ, 104 აშშ დოლარის ნაცვლად, მიმღების მიერ წარდგენილი საქონლის ნასყიდობის დოკუმენტების (ინვოისები) მიხედვით საფოსტო გზავნილებში განთავსებული საქონლის საერთო ღირებულებამ შეადგინა 178.99 აშშ დოლარი. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის 121.6 ლარის ოდენობის შემცირებას, გაფორმების ეკონომიკური ზონის უფლებამოსილი პირის მიერ 2024 წლის 31 იანვარს შედგენილი №EL240193 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით სამართალდამრღვევ პირს დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის – 121.6 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 167(1).
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის N257 ბრძანება.